... ... hotnews.ge - აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაღუპული შსს-ს თანამშრომელია - შსს-ს განცხადება

აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაღუპული შსს-ს თანამშრომელია - შსს-ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია "ბეთლგრაუნდი"-ის სასროლეთში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყეს, რაც ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
 
შემთხვევის ადგილზე მუშაობას აგრძელებენ, ექსპერტ-კრიმინალისტები, გამნაღმველები და სხვა შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.
 
ასევე ადგილზე მუშაობენ, სხვადასხვა დარგის ექსპერტები-მათ შორის, სახანძრო და ფეთქებადსაშიში საგნების კვლევის სამსახურის ექსპერტები, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ენერგეტიკის მიმართულების ინჟინერექსპერტი.
 
აფეთქების მიზეზების დასადგენად, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
 
 
ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია "ბეთლგრაუნდი"-ის სასროლეთში მომხდარ აფეთქებაზე, შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ, მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.
 
 
მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან 2 გარდაცვლილი და 4 დაშავებული გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა.
 
გარდაცვლილთაგან 1 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. დაშავებული პირებიდან ორი მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, ხოლო ერთი, მაღაზია "ბეთლგრაუნდის" თანამშრომელია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

YOU MAY LIKE