... ... hotnews.ge - საზოგადოება

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხეა - აიკრძალა ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უკრაინაში ქართველი მებრძოლი, თენგიზ ჭანია დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, თენგიზ ჭანია დაიღუპა. ჭანია აფხაზეთიდან დევნილია, იყო აფხაზეთისა და  2008 წლის აგვისტოს ომების მონაწილე. იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი. უკრაინაში იბრძოდა ომის დაწყების პირველივე დღიდან და ამ პერიოდის განმავლობაში ორჯერ დაიჭრა, თუმცა გამოჯანმრთელების შემდეგ, ორივეჯერ ბრძოლის წინა ხაზზე დაბრუნდა. 

ჭანია ავდეევკა-მარინკას მიმართულებაზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების "აზოვის" მესამე მოიერიშე ბრიგადის შემადგენლობაში იბრძოდა. შემთხვევა გუშინ მოხდა, როდესაც პერიმეტრზე რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს.

არსებული ინფორმაციით, შეტაკებების გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება ბრძოლის ველიდან ცხედრის გამოტანა.

რუსეთის სრულმასშტაბიან ომს, 2022 წლის შემდეგ, 62 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

 

ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრის მედიკოსები კლინიკის დახურვას აპროტესტებენ და დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ

ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრის მედიკოსები, კლინიკის დახურვას აპროტესტებენ და სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ. ექიმები დღეს კლინიკის ეზოში შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. 

მათი  მოთხოვნა ხელფასები, სამსახურის გაგრძელება და კლინიკის აღნიშნულ შენობაში ფუნქციონირებაა.

"არავინ არ გვეკონტაქტება, ნუ სამსახური დავკარგეთ. ზოგის ერთი წლის, ზოგის რვა თვის...ჩვენს უკან ოჯახები დგას და ალბათ ხვდებით, რა მდგომარეობაში ვართ...ვითხოვდით შეხვედრას, თუმცა ალბათ არ  ჩათვალეს საჭიროდ, რომ შეგვხვედროდნენ და ასეთ გაურკვევლობაში ვართ დღემდე"  - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ექიმი.

 

რა ვითარებაა გზებზე - დეპარტამენტის ინფორმაცია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით

 აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. 

 

24 და 25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

გვიახლოვდება ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისათვის გამორჩეული მნიშვნელობის თარიღები, 24 და 25 მარტი, ავტოკეფალიის აღდგენისა და მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის აღიარების დღეები, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაშია აღნიშნული.

„1917 წლის 25 მარტს, ღვთის შეწევნითა და გამორჩეულ სასულიერო და საერო პირთა ღვაწლით, ას წელზე მეტი ხნის წინ დაკარგული საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა. ეს იყო და არის უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული მონაპოვარი ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის, მაგრამ ავტოკეფალიააღდგენილი ეკლესიისთვის აუცილებელი იყო ადგილობრივ ეკლესიათა მხრიდანაც აღიარების მოპოვება. და აი, 1990 წელს, დიდმარხვის პირველ კვირა დღეს, მართლმადიდებლობის ზეიმზე (მაშინ ეს დღესასწაული 4 მარტს მოუწია), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დიდი ძალისხმევით, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა დიმიტრიოს I-მა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადმოსცა ჩვენი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების სიგელი, ტომოსი.

ამავე დღეს (1990 წლის 4 მარტს) მსოფლიო პატრიარქმა საქართველოს ეკლესიას უბოძა საპატრიარქო ღირსების დამადასტურებელი მეორე სიგელიც.

ასე რომ, მართლმადიდებლობის ზეიმზე დაგვირგვინდა სასიქადულო პატრიარქთა, კირიონის, ლეონიდეს, ამბროსისა და მათ თანამებრძოლ მამულიშვილთა მიერ დაწყებული განსაკუთრებული მნიშვნელობის საეკლესიო საქმე და მოციქულთა მიერ დაარსებულმა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უძველესი ავტოკეფალიის დამსახურებული საერთაშორისო აღიარება ჰპოვა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

სამძიმარი მოძღვარს

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - საინგილოში მოღვაწე ქართველ სასულიერო პირს - დეკანოზ პეტრე ხუმარაშვილს გარდაეცვალა და - მაია ხუმარაშვილი.

თბილისში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქე ქართველებს მამა პეტრესთვის მისამძიმრება საბურთალოზე, იოსებიძის ქუჩის #63-ში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეუძლიათ. გასვენება ხვალ, 23 მარტს, 14 საათზეა წმინდა გიორგის ტაძრიდან.

მამა პეტრეს მრავალრიცხოვანი მრევლი, ისევე როგორც საინგილოს საზოგადოება იზიარებენ მამა პეტრეს მწუხარებას და უსამძიმრებენ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

სერგო კერესელიძე, საინგილოს მკვლევარი, ჟურნალისტი

7-გზის ზეთისცხება ყოველ პარასკევს 21 საათზე იქნება შესაძლებელი

დღეს, 22 მარტს საღამოს 21 საათზე არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი თბილისში, ავლაბარში მდებარე წმინდა საბა განწმენდილის სახელობის ეკლესიაში 7-გზის ზეთის კურთხევის საიდუმლოს (შვიდგზის ზეთისცხებას) აღასრულებს.
მამა დემეტრე თეთრუაშვილი წლების მანძილზე მსახურობდა საინგილოში, კახის რაიონის სოფელ კახ-ინგილოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. მამა დემეტრე მოხარული იქნება, თუ თბილისში მყოფი აზერბაიჯანის მოქალაქე მართლმადიდებელი ქართველებიც (ისევე როგორც ნებისმიერი მორწმუნე) ესტუმრებიან ტაძარს და მონაწილეობას მიიღებენ ყოველი ქრისტიანისთვის მნიშვნელოვან ამ წმინდა საიდუმლოში.


წმინდა საბა განწმენდილის სახელობის ტაძარი თბილისში, ავლაბარში, ნიაბის ქუჩის ბოლოში მდებარეობს - აბულის ქუჩაზე. მეტრო ავლაბრიდან ტაძართან მისვლა ნომერ 525-ე მიკროავტობუსით შეგიძლიათ.
ვინც ვერ შეძლებს დღეს 7-გზის ზეთისცხებაზე მისვლას: მამა დემეტრე თეთრუაშვილი იმავე ტაძარში დიდი წმინდა (სააღდგომო) მარხვის განმავლობაში, ყოველ პარასკევს საღამოს 21 საათზე აღასრულებს.

ავტორი: სერგო კერესელიძე, საინგილოს მკვლევარი, ჟურნალისტი

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მგზავრთა მომსახურება შეწყდება - თბილისის სატრანსპორტო კომპანია

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროს პირველ ხაზზე მგზავრთა მომსახურება დროებით შეჩერდება. უწყების ცნობით, მიზეზი ტექნიკური ხარვეზია.

საბურთალოს ხაზზე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. უცნობია, რამდენ ხანში აღდგება მოძრაობა. 

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგურ "ახმეტელიდან" მეტროსადგურ "გურამიშვილამდე" მცირე ხნით შეწყდება მგზავრთა მომსახურება. მატარებლები იმოძრავებენ მეტროსადგურ "გურამიშვილიდან" მეტროსადგურ "ვარკეთილამდე" და პირიქით", - წერია განცხადებაში.

საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე გარკვეული ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. უწყების თქმით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

 

პრეზიდენტმა ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

ილია თოფურია საქართველოში შერეული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და წარმატებული სპორტული საქმიანობისთვის დაჯილდოვდა.

როგორც ილია თოფურიამ აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია ამ ტიტულის მიღება.

„ძალიან დიდი პატივია ჩემთვის ამ ტიტულის მიღება. წავედი საქართველოდან როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, დღეს აქ ვბრუნდები თქვენ წინაშე და ასეთი სახის ტიტულს რომ ვიღებ, სიამაყით ვივსები. მადლობა მინდა, გადაგიხადოთ ასეთი კარგი სიტყვებისთვის. ახლა წავალთ, საქართველოს ნაკრებს დავუჭერთ მხარს და გავამარჯვებინებთ აუცილებლად. უდიდესი მადლობა ყველას მოსვლისთვის, გაუმარჯოს საქართველოს“, – განაცხადა ილია თოფურიამ.

ამასთან, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ილია თოფურია და მისი მსგავსი ადამიანები არიან ცოცხალი მაგალითები ახალგაზრდებისთვის.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, ჯილდო გადავცე ილია თოფურიას. იგი ძალიან სამაგალითოა ბევრ ასპექტში, მათ შორის  ახალგაზრდებისთვის, თუ რა სიმაღლეებს შეიძლება მიაღწიო, იქნება ეს საქართველოში, საზღვარგარეთ. ილია თოფურია და მისი მსგავსი ადამიანები არიან ცოცხალი მაგალითები ახალგაზრდებისთვის. ზოგადად, ჩვენს საზოგადოებას აკლია მაგალითები, ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ მოისურვეთ, შეგინარჩუნდეთ საქართველოს მოქალაქეობა. ესეც არის  სერიოზული გზავნილი მათთვის, ვინც ცხოვრობს უცხოეთში, რათა დროულად გამოთქვან მოქალაქეობის  სურვილი. სხვადასხვა ფორმა არსებობს მოქალაქეობის შენარჩუნების, აღდგენის, მინიჭების,  მთავარია სურვილი, ნება და ეს ნება თქვენ გამოიჩინეთ. ეს არის ქართველობა, ერთგულება საკუთარი ქვეყნისადმი, სადაც არ უნდა იყო და როგორი წარმატებულიც არ უნდა იყო. ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა“, – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ილია თოფურიას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს.

UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწვევით 18 მარტს ჩამოვიდა.

ყოველწლიური კონფერენცია - „ქალები პოლიციაში“ დასრულდა

კონფერენცია - „ქალები პოლიციაში“ რომელიც ყოველწლიურად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით იმართება დასრულდა.
კონფერენციის გახსნით ღონისძიებაზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში - რობინ დანიგანმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) საქართველოს ოფისის დირექტორმა - სარა რუპერტმა.
ღონისძიების დახურვის ცერემონიაზე, ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, ხოლო რამდენიმე ქალი პოლიციელი, შინაგან საქმეთა სამინისტროში წარმატებული საქმიანობისთვის აშშ-ის ელჩის მოადგილემ - ალან პერსელმა დააჯილდოვა.
კონფერენციას წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფიდან 90 ქალი პოლიციელი ესწრებოდა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ქალ სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერებას და მათი მოტივაციის ამაღლებას.