... ... hotnews.ge - მექსიკაში, შესაძლოა, BYD-ის ქარხანა აშენდეს

მექსიკაში, შესაძლოა, BYD-ის ქარხანა აშენდეს

ავტომობილების მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი, ჩინური BYD მექსიკაში ელექტრომობილების ქარხნის აშენებას გეგმავს, რისთვისაც შესაძლოა, $600 მილიონის ინვესტიცია განახორციელოს. ჩინური კომპანიის ოფიციალური დელეგაცია ქვეყანას უკვე ეწვია, სადაც მექსიკის შტატ ხალისკოს ხელისუფლებას შეხვდა, მაგრამ, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, დელეგაცია შეხვედრებს რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელთან მართავს.

მექსიკა, როგორც იცით, ბოლო დროს საავტომობილო ქარხნების ერთგვარ ჰაბად იქცა. მექსიკის ჩრდილოეთში, ქარხანას Tesla აშენებს, რომელსაც რამდენიმე ფაზის განმავლობაში $10 მილიარდის ინვესტიციის განხორციელება აქვს განზრახული. მექსიკაში ქარხნების აშენებას ჩინური Chery და JAC-იც გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ BYD ჩინეთის უდიდესი ავტომწარმოებელი და შესაბამისად, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $78 მილიარდს შეადგენს - ამ მაჩვენებლით BYD რიგით მე-6 უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანიაა მსოფლიოში. ჩინური კომპანიის მნიშვნელოვან წილს უორენ ბაფეტის საინვესტიციო ჰოლდინგი, Berkshire Hathaway-ი ფლობს.

 

YOU MAY LIKE