... ... hotnews.ge - პოლიტიკა

„ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს - კომიტეტს ვერ მიუსწრეს“ -მდინარაძე საპარლამენტო ოპოზიციაზე

ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს - კომიტეტს ვერ მიუსწრეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს - კომიტეტს ვერ მიუსწრეს. ოპოზიციადაც არ ვარგა არცერთი. რადიკალების როლსაც ვერ ასრულებენ, გააგიჟეს თავისივე ხალხი“, - აღნიშნავს მდინარაძე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. სხდომას საპარლამენტო ოპოზიცია არ დასწრებია. მათი მტკიცებით, სხდომა იმდენად სწრაფად ჩატარდა, რომ უმრავლესობის წარმომადგენლებმაც კი ვერ მოასწრეს შესვლა.

კომიტეტმა რუსულ კანონს III მოსმენით მხარი დაუჭირა - სხდომა 1 წუთს გაგრძელდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომა სულ 1 წუთს გაგრძელდა. ამ 1 წუთში შედის კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მისასალმებელი სიტყვაც. 

სხდომაზე მხოლოდ ერთი საკითხი განიხილეს. 

სხდომაზე მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატები იყვნენ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომაზე შესვლა ვერ მოასწრეს.

იმ პერიოდში სანამ უმრავლესობის დეპუტატები კომიტეტის დარბაზში იკრიბჯებოდნენ, ოპოზიციის დეპუტატები პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ. 

"ჩემი იმედი ნუ გექნებათ, რომ მე შევალ ამ თამაშში რომ გავაპატიოსნო ეს კანონი" - სალომე ზურაბიშვილის განცხადება

“გთავაზობთ, ამ კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ 1-ლი ნოემბრისთვის, არჩევნების შემდეგ, როცა ვინც მოვა ხელისუფლებაში ის გადაწყვეტს ეს კანონი არის რუსული, ეს კანონის არის რაღაცა სხვა კანონების გადამღერება, თუ რაც არის.

ჩემი იმედი ყოველ შემთხვევაში ნუ გექნებათ, რომ მე შევალ ამ თამაშში, რომ  გავაპატიოსნოთ ეს რაღაცა კანონი, არა, არის რუსული, დარჩება რუსული და სამწუხაროდ თქვენც ამ კანონთან ერთად”, - განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

“ვერანაირი კითხვა, რა არის რუსული ამ კანონში, ამას ვერ შეცვლის. თქვენ იკითხეთ და წერეთ: ეს კანონი არის რუსული, მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელი არის ის, რომ დღეს უკვე ეს კანონი სიმბოლო გახდა, წაიღებთ, არ წაიღებთ, შეცვლით, არ შეცვლით... რეალურად, თქვენივე ქმედებები, თქვენივე სიტყვები, თქვენივე ძალადობა საზოგადოებაზე არის რუსული. ეს არის ის მეთოდები, რომელიც გვეგონა, რომ წარსულს ჩაბარდა და რომელსაც აცოცხლებთ ამ წუთში, აი მე რომ დამასწრო პრემიერმა მისი გამოსვლა, არის რუსული და ამ რუსულ მდგომარეობაში არავინ ამ ქვეყანაში არ დაბრუნდება” - ამბობს ზურაბიშვილი.

მინდა, მადლობა გადავუხადო სამართალდამცავებს სახელმწიფო ინტერესებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის - პრემიერი

ქართული სახელმწიფო დღეს არის სუვერენული, როგორც არასდროს და ეს სუვერენიტეტი კიდევ უფრო განმტკიცდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 


ირაკლი კობახიძის თქმით, სუვერენიტეტთან ერთად, განმტკიცდება სამართლისა და კანონის უზენაესობაც საქართველოში.


„ქართული სახელმწიფო დღეს არის სუვერენული, როგორც არასდროს და ეს სუვერენიტეტი კიდევ უფრო განმტკიცდება. სუვერენიტეტთან ერთად, განმტკიცდება სამართლისა და კანონის უზენაესობაც საქართველოში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვპირდებით ყველას, რომ სახელმწიფოზე, სახელმწიფო ინსტიტუტზე და პოლიციელზე ხელის აღმართვისთვის კანონის წინაშე ყველა კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. დასასრულს, კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა სამართალდამცავებს სახელმწიფო ინტერესებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის და ვთხოვო, მომიტინგეების მხრიდან ძალადობასა და შეურაცხყოფას მაქსიმალური მოთმინებით უპასუხონ,“- განაცხადა პრემიერმა

სახელმწიფო კოლექტიურ ნაცმოძრაობას და მის უცხოელ პატრონებს ვერ და არ მისცემს იმის საშუალებას, რომ მშვიდობიანი პროტესტის ქართული კულტურა ძალადობრივი პროტესტის არაქართული უკულტურობით ჩაანაცვლოს - პრემიერი

თუ დისიდენტური და „ქართული ოცნების“ აქციების მთავარი შტრიხი გულწრფელი ლოცვა და სიმღერა იყო, ახლა რადიკალური ოპოზიციის მიტინგების მთავარი შტრიხი მოლოტოვის კოქტეილისა და ქვების სროლაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 


ირაკლი კობახიძის თქმით, კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომლის მმართველობის მთავარი საყრდენი 2004-2012 წლებში, სიცრუესთან ერთად, სწორედ ძალადობა იყო, ახლა ცდილობს ქართული კულტურის ეს ნიშანიც წაშალოს და ძალადობრივი პროტესტის ე.წ. კულტურა დაამკვიდროს.


„გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველო და ქართული საზოგადოება თავს იწონებდა მშვიდობიანი პროტესტის კულტურით. ძალადობრივი პოლიტიკური დაჯგუფება, კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომლის მმართველობის მთავარი საყრდენი 2004-2012 წლებში, სიცრუესთან ერთად, სწორედ ძალადობა იყო, ახლა ცდილობს ქართული კულტურის ეს ნიშანიც წაშალოს და ძალადობრივი პროტესტის ე.წ. კულტურა დაამკვიდროს. თუ დისიდენტური და „ქართული ოცნების“ აქციების მთავარი შტრიხი გულწრფელი ლოცვა და სიმღერა იყო, ახლა რადიკალური ოპოზიციის მიტინგების მთავარი შტრიხი მოლოტოვის კოქტეილისა და ქვების სროლაა. ნაცმოძრაობა, რომელიც თავის დროზე გარე ძალებმა ხელისუფლებაში ძალადობითა და ქვების სროლით მოიყვანეს და რომლის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ხელისუფლებაში ყოფნისას მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობა იყო, დღეს უკვე ოპოზიციის რიგებიდან ძალადობს. სახელმწიფო კოლექტიურ ნაცმოძრაობას და მის უცხოელ პატრონებს, ბუნებრივია, ვერ და არ მისცემს იმის საშუალებას, რომ მშვიდობიანი პროტესტის ქართული კულტურა ძალადობრივი პროტესტის არაქართული უკულტურობით ჩაანაცვლოს. ეს ძალადობა და უკულტურობა, რომლითაც ნაცმოძრაობა ჯერ ხელისუფლებაში გამოირჩეოდა და ახლა უკვე ოპოზიციაში გამოირჩევა, არ არის ქართული და სრულიად უცხოა ქართული კულტურისთვის. საქართველოში მისი დამკვიდრებაც სწორედ იმ შავ ფულს უკავშირდება, რომლის დამალვისთვისაც დღეს ასეთი გამალებით იბრძვიან რადიკალური ოპოზიცია და მისი უცხოელი მეგობრები,“- აღნიშნა პრემიერმა.

ვისაც ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვს ძალადობა, მათი დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი და დიდი ალბათობით, ვერც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან შეწყალებას ვეღარ დაექვემდებარება - ირაკლი კობახიძე

გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ და უცხოეთიდან დაფინანსებულ ძალადობრივ ახალგაზრდულ დაჯგუფებებს ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვთ ძალადობრივი მოქმედებები საქართველოს პარლამენტისა და პოლიციის წინააღმდეგ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 


ირაკლი კობახიძემ გააფრთხილა რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებების თითოეული წევრი, რომ ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს, სამართალდამცველებს კი მაქსიმალური მოთმინებისკენ მოუწოდა.


„მინდა, გავაფრთხილო რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებების თითოეული წევრი, რომ ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს. ამასთანავე, მინდა ვთხოვო სამართალდამცავებს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და ძალადობაზე და შეურაცხყოფაზე რეაგირებისას, იმოქმედონ ევროპულზე მაღალი სტანდარტით.  სამართალდამცავებს მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმისათვის, რომ ძალადობის დიდი მასშტაბისა და სრულიად მიუღებელი ხარისხის მიუხედავად, გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, არსებითად, ისინი სწორედ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტებით მოქმედებდნენ,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა. 

მისივე თქმით, მოძალადეების მიმართ რეაგირების ის უხეში ფორმები, რომლებიც ჩვეულებრივი მოვლენაა ამერიკული ან ფრანგული პოლიციისთვის, არ უნდა იყოს მისაღები ქართველი სამართალდამცავებისთვის.

„გასული კვირების განმავლობაში, იყო რამდენიმე გამონაკლისი ინციდენტი, რომელიც ვერავისთვის იქნება მოსაწონი და მისაღები. საქართველო არის პატარა ქვეყანა, სადაც ადამიანები ერთმანეთს განსაკუთრებულად უნდა მოვუფრთხილდეთ. შესაბამისად, მოძალადეების მიმართ რეაგირების ის უხეში ფორმები, რომლებიც ჩვეულებრივი მოვლენაა ამერიკული ან ფრანგული პოლიციისთვის, არ უნდა იყოს მისაღები ქართველი სამართალდამცავებისთვის. აქვე მინდა ყველას შევახსენო, რომ ნებისმიერი ინციდენტი რადიკალური ოპოზიციის მიერ მათ მიერ დაგეგმილი ძალადობის გადასაფარად იქნება გამოყენებული. მინდა გავაფრთხილო რადიკალური ოპოზიციის თითოეული წარმომადგენელი, ვისაც ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვს ძალადობა, რომ მათი დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი და დიდი ალბათობით, ვერც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან შეწყალებას ვეღარ დაექვემდებარება,“- განაცხადა პრემიერმა.

გარედან ხელოვნურად თავს მოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დაძლევა, ანუ რადიკალიზმის დასრულება ჩვენი პასუხისმგებლობაა ქართველი ხალხის წინაშე - პრემიერი

გარედან ხელოვნურად თავს მოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დაძლევა, ანუ რადიკალიზმის დასრულება არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი უკვე რვაჯერ მოგვანიჭა და ოქტომბერში მეცხრედაც მოგვანიჭებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
 
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ხვალ და ზეგ საქართველოს პარლამენტი გეგმავს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას მესამე მოსმენით.
 
„ხვალ დაგეგმილია კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა, ხოლო ზეგ - მისი მიღება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
 
პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ საქართველო არის საპარლამენტო დემოკრატია და ჩვენ ქვეყანაში გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად და არა პოლიტიკური უმცირესობის მოთხოვნების მიხედვით.
 
სოციოლოგიური კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ხოლო 60 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ხვალ და ზეგ აღასრულებს ქართული საზოგადოების ნებას, უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების შემოსავლებისა და ხარჯების გასაჯაროება და შესაბამისად, შექმნას უფრო მყარი გარანტიები საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
 
არ შეიძლება ქვეყანა მუდმივად ცხოვრობდეს ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში, რომელიც საქართველოსთვის ხელოვნურად არის გარედან თავს მოხვეული და რაშიც განსაკუთრებულ როლს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების გაუმჭვირვალე დაფინანსება ასრულებს. გარედან ხელოვნურად თავს მოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დაძლევა, ანუ რადიკალიზმის დასრულება არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი უკვე რვაჯერ მოგვანიჭა და ოქტომბერში მეცხრედაც მოგვანიჭებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სალომე ზურაბიშვილი 18:00 საათზე ბრიფინგს გამართავს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 18:00 საათზე განცხადებას გააკეთებს - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია, რა საკითხთან დაკავშირებით ისაუბრებს ზურაბიშვილი.

13 მაისიდან საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 13 მაისიდან მის მოხსნამდე, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“,- ნათქვამია განცხადებაში.

"ათობით ათასი მშვიდობიანი დემონსტრანტი შეიკრიბა, რათა მოსთხოვოს „ქართულ ოცნებას“ კანონის გაწვევა" - ჯეიკ სალივანი

ათობით ათასი მშვიდობიანი დემონსტრანტი შეიკრიბა წვიმიან თბილისში, რათა მოსთხოვოს „ქართულ ოცნებას“ კანონის გაწვევა, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი სოციალურ ქსელში წერს.

„ქართველი ხალხი თავის მოსაზრებას გამოთქვამს. არ შეუშინდა რა დაშინების ტაქტიკას, ათობით ათასი მშვიდობიანი დემონსტრანტი შეიკრიბა წვიმიან თბილისში, რათა მოსთხოვოს „ქართულ ოცნებას“ კანონის გაწვევა“, – წერს სალივანი.

თბილისში, 11 მაისს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ორგანიზებით, საპროტესტო მარში გაიმართა. თავდაპირველად, მარშის მონაწილეები მეტროსადგურ „300 არაგველთან“, მარჯანიშვილის მოედანზე, რესპუბლიკის მოედანსა და „ექსპო ჯორჯიასთან“ შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დღეს, პარლამენტთან ღამის გათენებას გეგმავენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დღეს, პარლამენტთან ღამის გათენებას აანონსებენ, რათა ორშაბათს, 13 მაისს დეპუტატებს პარლამენტში შესვლისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვის შესაძლებლობა არ მისცენ.

აღნიშნულის შესახებ ევროპის მოედანზე მიმდინარე პროტესტის მონაწილეებმა განაცხადეს. ამასთან, სოციალურ ქსელში ორგანიზატორების მიერ უკვე გამოქვეყნდა შესაბამისი ინფორმაციაც, სადაც აღნიშნულია, რომ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ, 12 მაისს, 22:00 საათზე შეკრება იგეგმება.

„ქვეყნის სიყვარულში ჩვენი დაუღალავი ერთობით - გავათენოთ ღამე ერთად და დილით, არ მივცეთ საშუალება ოცნების დეპუტატებს აუღელვებლად შევიდნენ პარლამენტის შენობაში და გააგრძელონ ხალხის ნების, ევროკავშირისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედება“,- აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით უნდა განიხილონ, 13 მაისს, 9:00 საათზეა ჩანიშნული.

„ისევ და ისევ, თბილისი არის ევროპის დედაქალაქი“ - როთი

ისევ და ისევ, თბილისი არის ევროპის დედაქალაქი - ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი X-ზე თილისში მიმდინარე მოვლენებს და ევროპულ მარშის ვიდეოს აქვეყნებს.

ისევ და ისევ თბილისი არის ევროპის დედაქალაქი. ძალიან ამაყი ვარ ქართველი ხალხის მშვიდობიანი დემონსტრაციით მშვიდობისა და დემოკრატიისთვის", - წერს როთი.