... ... hotnews.ge - პოლიტიკა

პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეუთო-ს თავმჯდომარეს, მალტის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს და წერს, რომ შეხვედრაზე რუსულ კანონზე, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე იმსჯელეს. 

"შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს და  “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონს. საქართველოს პრეზიდენტმა ევროინტეგრაციასთან მიმართებით ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის ურყევ არჩევანს და აღნიშნა, რომ ბოლომდე დაიცავს ქართული საზოგადოების უმრავლესობის ამ არჩევანს. 

შეხვედრისას ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის გზაზე ინსტიტუციური რეფორმების კუთხით, როგორც საერთაშორისო ინსტიტუტების, ისე ევროპული ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას. 

საუბარი ასევე შეეხო 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობას. ამ კუთხით, ხაზი გაესვა გრძელვადიანი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების მოვლინების აუცილებლობას. 

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება, ადამიანის უფლებების მუდმივი და უხეში დარღვევა. 

საუბარი ასევე შეეხო რეგიონული უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებს", - წერია განცხადებაში.

პარლამენტის მიმართულებით სტუდენტების მსვლელობა მიმდინარეობს

თსუ-ს პირველი კორპუსიდან პარლამენტის შენობისკენ სტუდენტების მსვლელობა იმართება. ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე მივლენ და აქციას გამართავენ - "არა რუსულ კანონს", "არა რუსულ მთავრობას", "წინ ევროპისკენ" - სკანდირებენ სტუდენტები.

მსვლელობის დაწყებამდე სტუდენტებმა საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულეს.

"არ მიიღოთ კანონი, უამრავ მიუსაფარ ცხოველს დახმარების გარეშე დატოვებს"- ცხოველთა დამცველები

ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ ქართულ ოცნებას, არ მიიღონ საბოლოოდ რუსული კანონი.

გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობა მათ ფინანსურად არ ეხმარება, ამიტომ ისინი დამოკიდებულები არიან მცირე საერთაშორისო გრანტებზე.

ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ კანონის მიღების შემდეგ მათ საქმიანობის შეწყვეტა მოუწევთ. განცხადებაში ასევე ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ ორგანიზაციების ფინანსები სრულად გამჭვირვალეა.

"ჩვენ, ხელისმომწერი არაკომერციული ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციები საქართველოში, მთავრობას მოვუწოდებთ, ძალაში არ მიიღონ კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" (რომელსაც „რუსულ კანონად" მოიხსენიებენ). ჩვენ, ასევე, მოვითხოვთ გამჭვირვალობას ყველა მუნიციპალური თუ ეროვნული სახელმწიფო ინსტიტუტისგან, რომელიც ამ სექტორში მუშაობს.

ბოლო ოცი წელია, ვერცერთმა მთავრობამ ვერ შექმნა ჰუმანური და ეფექტური პროგრამები ქვეყანაში მიუსაფარ ცხოველთა უზარმაზარ პოპულაციასთან გასამკლავებლად.
მთავრობის მუდმივი მარცხის ფონზე ჩვენ, არაკომერციული ორგანიზაციები, დაუღალავად ვშრომობთ, რომ შევამსუბუქოთ ქუჩაში მცხოვრები ცხოველების ტანჯვა.
ჩვენ არ ვიღებთ მხარდაჭერას მთავრობისგან. საქართველოში ძალიან რთულია ჩვენი საქმისთვის დაფინანსების სხვა წყაროების მოპოვება. ამიტომ, დამოკიდებული ვართ უცხო ქვეყნების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებზე და მცირე საერთაშორისო გრანტებზე.
ჩვენთვის მიუღებელია, რომ ამის გამო უნდა დაგვესვას უცხოური გავლენი აგენტის დაღი.
რასაც არ უნდა გვიმტკიცებდეს სამთავრობო პროპაგანდა, არაკომერციული ორგანიზაციების სექტორი გამჭვირვალეა. როგორც სხვა ნებისმიერი ორგანიზაცია, ეს ორგანიზაციებიც ვალდებული არიან, შეავსონ ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციები და შემოსავლების სამსახურის შესაბამის საიტებზე აღრიცხონ საკუთარი ხარჯი და შემოსავალი.
ჩვენ, ასევე, ვიხდით დიდი ოდენობით გადასახადებს ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სექტორი. კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ამ ყველაფერს არ ცვლის. ის გამჭვირვალობას არ აუმჯობესებს. სანაცვლოდ, ეს კანონი ორგანიზაციებს დააკისრებს იმხელა ადმინისტრაციულ ხარჯს, რომ მოგვიწევს, შევწყვიტოთ მუშაობა.
ამის საპირისპიროდ, ჩვენს სფეროში გაუმჭვირვალობის პრობლემა უკავშირდება სამთავრობო სექტორს. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რამდენს და როგორ ხარჯავენ მუნიციპალური პროგრამები მიუსაფარ ცხოველთა პრობლემის ჰუმანურად გადაჭრაში. ეს პროგრამები არაეფექტურია, ამასობაში კი დიდი ოდენობით იხარჯება გადასახადის გადამხდელთა ფული.
გამჭვირვალე არაა, თუ ვინ, როგორ და რა რეგულაციებით მართავს რამდენიმე მუნიციპალურ თავშესაფარს, სადაც ცხოველები არ იღებენ საბაზისო საჭიროებებს, საკვებსა და ვეტერინარულ დახმარებას.
ეს ორმაგი სტანდარტი მხოლოდ ჩვენს სექტორში არ არის. იგივე მდგომარეობაა ონკოპაციენტებზე, შშმ პირებზე, ოჯახური ძალადობის მსხვერპლებსა თუ უსახლკარო ადამიანებზე მზრუნველ ორგანიზაციებშიც. დღეს ეს ორგანიზაციები გასცემენ სერვისებს, რომლებსაც ვერ უზრუნველყოფს მთავრობა.
ჩვენ ვმუშაობთ პრობლემებზე, რომლებიც მთავრობის სისტემატიური კრახის შედეგად ჩნდება. ჩვენ ვემსახურებით საქართველოს მოსახლეობას, ამ კანონით კი მთავრობა უცხოური გავლენის აგენტებად გვაცხადებს.
შემაშფოთებელია, რომ დაკისრებული საქმის შესრულებისა და ამ უმნიშვნელოვანესი სოციალური პრობლემების გადაჭრის ნაცვლად მთავრობა თავს ესხმის და დაღს ასვამს ორგანიზაციებს, რომლებიც ზრუნავენ ქვეყნის მოსახლეობაზე.
სოლიდარობას ვუცხადებთ სხვა არაკომერციულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც მთავრობა განუწყვეტლივ უტევს. მოვუწოდებთ თითოეულ ცხოველმოყვარულს, აიმაღლოს ხმა კანონის წინაშე, რომელიც არამხოლოდ ამორალურია, არამედ შეუძლებელს გახდის ჩვენს მუშაობას და უამრავ მიუსაფარ ცხოველს დახმარების გარეშე დატოვებს. მოვუწოდებთ ქალბატონ პრეზიდენტს, დაადოს ვეტო რუსულ კანონს. დამოვუწოდებთ მთავრობას, არ დაძლიოს ვეტო"- ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები:

Dog Organization Georgia (დოგ ორგანიზეიშენ გეორგია)

Animal Project (პროექტი ცხოველებისთვის)

Peteasy (ფეთიზი)

ფისომოყვარულთა კლუბი

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი

უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება

მიუსაფარ ცხოველთა კლუბი

ცხოველთა უფლებების კომიტეტი

Animal Rescue Georgia (ენიმალ რესქიუ ჯორჯია)

ერთად მიუსაფარი ცხოველებისთვის

"სერიოზული ხალხი არ იყენებს ისეთ იარლიყებს, როგორიც რუსული კანონია" - შალვა პაპუაშვილი

სერიოზული ხალხი არ იყენებს ისეთ იარლიყებს, როგორიც რუსული კანონია. ვინც იყენებს, ჩავთვალოთ, რომ არასერიოზული ხალხია, რადგან საკითხის მიმართ იარლიყებით მსჯელობა არაევროპული და არადასავლური მიდგომაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, ის კანონში ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობდა, თუმცა „რუსულ კანონად“ არ მოუხსენიებია.

„კონსტრუქციული და საინტერესო, ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა ო’ბრაიენთან. მიხარია, რომ მან რამდენიმე საკითხი ახსენა, რომელზეც გვქონდა საუბარი. ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ინტერესის საკითხია საქართველოსთვის უცხოური გავლენის გამჭვირვალობა. ამ მხრივ ვთანხმდებით, რომ ყველა ქვეყანას, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, სხვა ქვეყნებს, ასევე საქართველოს ეროვნული ინტერესის საკითხია უცხოური გავლენის გამჭვირვალობა საზოგადოებისთვის. მოხარული ვარ, რომ ეს ბრიფინგზეც ახსენა, ხაზი გაუსვა და აღიარებულია. ამავე დროს, საუბარი გვქონდა, მათ შორის ამერიკული დაფინანსების მიმართ ჩვენს კითხვებთან დაკავშირებით, რაზეც საჯაროდ ვსაუბრობთ, ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდის დაფინანსებებზე. აქაც სხვადასხვა აქტორთან გვაქვს თანხმობა, რომ დაფინანსება ნამდვილად არის ნაწილობრივ გაუმჭვირვალე და ზოგიერთ პროექტთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნებია. ამიტომ, ჩვენი წუხილი გავაცანით საკითხთან დაკავშირებით. თავისთავად, ეს კანონი ეხება ბევრ საკითხს. რთულ რეგიონში ვართ და ეს ეხება გავლენას სხვადასხვა მხრიდან, იქნება ეს რუსეთი თუ სხვა მიმართულებები, თუმცა ვინაიდან, ამ შემთხვევაში, დასავლელი პარტნიორები გამოთქვამენ წუხილს, მათთან ვსაუბრობთ და მაგალითებითაც ვესაუბრებით, სად ვხედავთ მათი სივრციდან წამოსულ გამოწვევებს, რომ არის ფონდები, რომლებიც საქართველოში არაგამჭვირვალედ იხარჯება. არაერთხელ მითქვამს, ერთი წელი დავხარჯე შარშან, რომ დამერწმუნებინა ეს ფონდები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საელჩოები, თავად უზრუნველყოთ გამჭვირვალობა. სამწუხაროდ, შედეგს ვერ მივაღწიე, მათ შორის ამერიკულ ფონდებთან დაკავშირებით. ამიტომ, კანონმდებლის ვალდებულებაა, ქართველი ხალხის სახელით მოაწესრიგოს ეს საკითხი, რომელზეც გუშინ ო’ბრაიენმაც აღნიშნა, რომ ეროვნული ინტერესის საკითხებია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას აშორებს - NATO-ს პრესსპიკერი "რუსულ კანონზე"

ნატო-ს პრესსპიკერი, ფარა დახლალა განცხადებას ავრცელებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და წერს, რომ "რუსული კანონის" მიღება კიდევ უფრო აშორებს ქვეყანას ევროატლანტიკურ ინტეგრაციისგან.

"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ე.წ „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მიღების შესახებ არის არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი და საქართველოს უფრო აშორებს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას", - წერს ის სოციალურ ქსელში.

დღეს დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი, უთუოდ გავიმარჯვებთ - ზურაბიშვილი

დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი, ამისთვის მე ასევე გავაცანი ჩვენს მეგობრებს ჩვენი სამომავლო გეგმები - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

 

"მე არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც არის დღეს ამ ქვეყანაში და რომელსაც სჭირდება რომ გზა გაეხსნას. მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი და არა გზიდან გადასვლის ერთ-ერთი ფორმა. ეს გზავნილი იქნება მიტანილი ჩვენი მეგობრებისგან ყველგან სადაც საჭიროა, რომ არავინ არ იფიქროს, რომ შეიძლება გამოიყენო საქართველოს პრეზიდენტი იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას რაღაც სახე გადავურჩინო.

დღეს ეს საკითხი არ დგას, დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი, ამისთვის მე ასევე გავაცანი ჩვენს მეგობრებს ჩვენი სამომავლო გეგმები, როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზეც ვმუშაობ რამდენიმე კვირაა და რომელიც ჩამოყალიბებულია და რომელსაც ოფიციალურად წარვუდგენ ჩვენს მოსახლეობას. მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს არის ის გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რომელიც საქართველოს მიიყვანს არჩევნებამდე ერთობით და მობილიზებულად და რომელიც ამ არჩევნებით დააბრუნებს თავის გზაზე საქართველოს.

ჩვენი უახლოესი მომავალი არის მობილიზაცია არჩევნებისთვის, მშვიდობიანი გზისთვის, სადაც ჩვენ ყველანი ერთად უთუოდ გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ გავიყვანოთ საქართველო სამშვიდობოზე და ევროპულ გზაზე", - თქვა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

„ვეტოთი არ შევალ ყალბ მოლაპარაკებებში, არა და არასოდეს“- სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეხვდა თბილისში მყოფ ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს: ბაიბა ბრაჟე, მარგუს ცაჰკნა, თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი და გაბრიელიუს ლანდსბერგისი ეწვევიან.

მისი განცხადებით, საქართველოს ევროპული მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი სიგნალია დღეს მათი აქ ყოფნა და მხარდაჭერა, რისთვისაც პრეზიდენტმა მინისტრებს მადლობა გადაუხადა.

"დღეს ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა მძიმე არის ის წერტილი დასმული, რაც დაისვა გუშინ გუშინდელი გადაწყვეტილებით, 84 ადამიანის მიერ კენჭისყრით. მძიმე წერტილი იმ ხელისუფლების განაცხადისთვის, რომელსაც ჰქონდა განაცხადი, რომ ევროპულ გზაზე მივდიოდით. ეს არის წერტილი რომელიც აჩვენებს რომ ხელისუფლებას არ მოისმინა არც თავისი ხალხის ხმა, არც თავისი მეგობრების რჩევები, არც არავის გაფრთხილება და თავის გზას შეუდგა, ეს არის გზა, მცდელობა ყოველ შემთხვევაში, რომ საქართველო რომელიც იდგა მყარად შუა გზაზე კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მოლოდინში, რომ ამ შუა გზიდან, ამ ძალიან სერიოზული გზიდან გადაყვანილი ყოფილიყო და დაბრუნებული ყოფილიყო წარსულში. ეს მცდელობა და ეს არის მცდელობა, რომელსაც ხალხმა, საქართველოს საზოგადოებამ უპასუხა 30 დღის, პრაქტიკულად, ყოველდღიური გამოსვლებით და თავისი პოზიციის დაფიქსირებით", - თქვა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ეს აჩვენებს, რომ კვლევებში არსებული ციფრები, რომ უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპულ მომავალს, არაა მხოლოდ ციფრები და რომ ეს საზოგადოება ნამდვილად დგას იმ ღირებულებებზე, რომლებიც ევროპული ღირებულებებია.

"მე ძალიან გარკვეულად ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს ავუხსენი, რომ არავითარ შემთხვევაში მე ჩემი ვეტოს დადებით არ შევიდოდი ყალბ, ხელოვნურ, მატყუარ მოლაპარაკებებში, არა და არასოდეს, იმიტომ, რომ მე არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც არის დღეს ამ ქვეყანაში და რომელსაც სჭირდება, რომ გზა გაეხსნას, მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი და არა ამ გზიდან გადასვლის ერთ-ერთი ფორმა", - თქვა ზურაბიშვილმა.

ლაზარე აცხადებს, რომ მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა და იყო სიტყვიერი შეურაცხყოფაც - ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი

თბილისის მთავარი სამმართველოს იზოლატორში მოთავსებული ლაზარე გრიგორიადისი, გვიან ღამით, ადვოკატმა მოინახულა.
 
ადვოკატის, ეკა ქობესაშვილის თქმით, დაკავებულს სპეცრაზმის თანამშრომლებმა სახისა და თავისი არეში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და მას ექიმის დახმარება დასჭირდა.
 
"როგორც დაკავების ოქმში წერია, მისი დაკავების საფუძველი იყო წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა. არადა, ვნახეთ კადრები, რომ არანაირი სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ლაზარე აცხადებს, რომ მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა და, ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან ერთად, მოხდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაც. მისი მხრიდან არ ჰქონია სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი და ის დაკავებული იყო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იყო აქციაზე", - განაცხადა ეკა ქობესაშვილმა.
 
ცნობისთვის, გრიგორიადისი პარლამენტთან, აქციაზე გუშინ დააკავეს. მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობაში ადანაშაულებენ.

ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არიან

ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები: ბაიბა ბრაჟე, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, მარგუს ცაჰკნა და თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი საქართველოში არიან. 

ფოტო სოციალურ ქსელში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმამ მარგუს ცაჰკნამ გაავრცელა. 

"რთულ დროს, შეგიძლიათ თქვენი მეგობრების იმედი გქონდეთ" - წერს ის.

მინისტრები დღეს შეხვდებიან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რის შემდეგაც განცხადებებს გააკეთებენ.

ცნობისთვის, 14 მაისს მასშტაბური პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად პარლამენტმტა მესამე მოსმენით მიიღო რუსული კანონი. გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ მოჰყვა კრიტიკული განცხადებები პარტნიორების მხრიდან.

აქვთ თუ არა ნიღბის ტარების უფლება პოლიციას - პრემიერის განმარტება

რაც შეეხება ინცინდენტებს, გამოძება არის დაწყებული, მათ შორის, პერსონალური გამოძიება, მთელ რიგ საქმეებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, დავით ქაცარავასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სამართალდამცავებს აქვთ ნიღბების ტარების უფლება, თუმცა ამის უფლება არ უნდა ჰქონდეთ მომიტინგეებს.

„რაც შეეხება ინცინდენტებს, გამოძება არის დაწყებული, მათ შორის, პერსონალური გამოძიება, მთელ რიგ საქმეებთან დაკავშირებით. ეს გამოძიება, ბუნებრივია, გრძელდება. რაც შეეხება ჩართულობას, სამართალდამცავები წყვეტენ ამას სტანდარტების მიხედვით, აგრძელებს თუ არა შესაბამისი პირი მონაწილეობას შესაბამის მოქმედებებში. რაც შეეხება ნიღბებს, ნიღბების ტარება სამართალდამცავების მიერ ეს არის საერთაშორისო სტანდარტი. საინტერესო ის არის, რომ ნიღბების არ ტარება მომიტინგეების მხრიდან არის ასევე ფართოდ გავრცელებული ევროპაში, ამერიკაში. ძალიან ბევრი ქვეყნის კანონმდებლობით, მომიტინგეების მიერ ნიღბების ტარება სისხლის სამართლებრივად ისჯება. წესით, სამართალდამცავებს აქვთ ნიღბების ტარების უფლება, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, თუმცა ამის უფლება არ უნდა ჰქონდეთ მომიტინგეებს, თუმცა, აქაც, საქართველოში მოქმედებს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტი.

პოლიციელები დღესაც უნიღბოდ გამოდიან, მაგრამ, როდესაც გამოდის სპეცრაზმი, აქ არის სტანდარტი. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და არის ევროპული და ამერიკული სტანდარტი. თავისი მიზეზი და ახსნა აქვს ამ ყველაფერს. ამოცნობადი არ უნდა იყოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი. უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე“, - განაცხადა პრემიერმა.

არჩევნებზე მე ვიქნები პროევროპული ფრონტის ლიდერი - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და მოახლოვებული არჩევნების შესახებ ისაუბრა.

"საქართველოს მოსახლეობამ უკვე ბევრი ტესტი ჩააბარა და ბევრი წინააღმდეგობა გასწია. ეს ძალიან მშვიდობიანი დემონსტრაციაა. ჩვენთან არჩევნებია და მე ვიქნები პროევროპული ფრონტის ლიდერი ამ არჩევნებზე, რომელიც იქნება ერთგვარი რეფერენდუმი. ამას გავაკეთებ არა უშუალო ჩართვით არჩევნებში, არამედ როგორც პროდასავლური, პროევროპული ფრონტის გარანტორი პოლიტიკური პარტიებისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვყავს ძალიან მოწიფული სამოქალაქო საზოგადოება, ძალიან მოწიფული ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მესამე კვირაა მართავენ დემონსტრაციებს ერთი ფანჯრის გატეხის ან მანქანის დაწვის გარეშე. და ეს იქნება ბევრისმეტყველი სხვა ქვეყნებისთვისაც, თუ რაოდენ მოწიფულია საქართველოს მოსახლეობა და რაოდენ მიზანმიმართულია თავისი ევროპული გზის შესანარჩუნებლად

ეს კრიტიკული [მომენტია] საქართველოსთვის, რადგან თქვენ იცით, რომ საქართველომ გასული წლის დეკემბერში მიიღო კანდიდატის სტატუსი და წლის ბოლომდე გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისკენ გზაზე იყო. ეს შუა წერტილია, ვინაიდან არსებობს ახალი ზეწოლა, რუსული კანონის ხელახლა წარდგენა. ეს სხვა არაფერია, თუ არა რუსული კანონი. გარდა ამისა, ხდება სხვა კანონების წარდგენაც, რომლებიც ძალიან შემაშფოთებელია, რადგან ევროკომისიის რეკომენდაციებსა და ზოგადად ევროპულ გზას გვაშორებს", - თქვა პრეზიდენტმა.

 

პარტია „მოქალაქეები“ საპარლამენტო ბოიკოტს აცხადებს

პარტია „მოქალაქეების“ საპარლამენტო ბოიკოტს აცხადებს - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მანამდე საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“.

ბოიკოტს არ უერთდება პარტია „გახარია საქართველოსთვის“. მისი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყველა პოლიტიკურ ბერკეტს გამოიყენებენ.