... ... hotnews.ge - პოლიტიკა

საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან

15 მაისს საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან. ამის შესახებ ინფორმაცია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვევა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მარგუს ცაჰკნასთან, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირსა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან ერთად.

ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილსა და პარლამენტის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ამასთან, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობითვე, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

როგორც ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

„ოფიციალური პირები ასევე აპირებენ აზრთა მიმოცვლას საქართველოს რეფორმების პროცესებზე ევროკავშირში მისი ინტეგრაციის პროგრესთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე.

„ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები პირველად ეწვევიან საქართველოს. ესტონეთი, ისლანდია, ლიეტუვა, ლატვია მოდიან, როგორც საქართველოს და მისი ევროპული მომავლის უახლოესი და ერთგული მეგობრები. ოფიციალურ პირებთან და საზოგადოებასთან განვიხილავთ შეშფოთებებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, – წერს ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავენ

დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავენ. დღესვე იგეგმება კენჭისყრა, რითაც კანონპროექტი საბოლოოდ დამტკიცდება.

მოსმენაში ოპოზიციის ჩართულობაზე, არაერთგვაროვანი აზრი აქვთ თავად ოპოზიციურ სპექტრში - ნაწილი სასესიო დარბაზში ყოფნის მნიშვნელობას ვერ ხვდება, ნაწილი კი, ოპოზიციონერ კოლეგებს სადისკუსიო სივრცის გახსნისკენ მოუწოდებს.

მმართველი გუნდიდან ოპონენტებს უთვლიან, რომ მათი მხრიდან ჩვეული არეულობის მცდელობა, ახლაც კრახით დასრულდება.

დღეს, 14:00 საათზე, „რუსული კანონის“ საწინააღმდეგოდ, კულტურის მარში გაიმართება

დღეს, 14 მაისს 14:00 საათზე თბილისში კულტურის მარში გაიმართება. კულტურის სფეროს წარმომადგენლები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთიანდებიან. მსვლელობა მწერალთა სახლიდან, ივანე მაჩაბლის #13-დან დაიწყება. 

ცნობისთვის, დღეს პლენარულ სხდომაზე საბოლოო, მესამე მოსმენით განიხილავენ რუსულ კანონს.

"მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები, ხელოვანები, მხატვრები, კინოს, თეატრსა და მუზეუმებში მომუშავე ადამიანები, კულტურის სფეროს ყველა წარმომადგენელი ვერთიანდებით, რომ მარშით გავიაროთ თბილისის ქუჩებში რუსული კანონის წინააღმდეგ.

თუ გაღელვებს „რუსული კანონი“ და სხვა კანონები, რომლებიც შეზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, გადააქცევს ქვეყანას ‘ოფშორული ფულის’ თავშესაფარად და დაუხშობს საქართველოს ევროპაში გაერთიანების გზას - შემოგვიერთდი!
ვიწყებთ 14 მაისს, 14:00-ზე მწერალთა სახლთან.

მარში ღიაა ყველა მოქალაქისათვის. ჩაიცვი კომფორტულად, ბევრს ვივლით ქალაქში.
არა რუსულ კანონს", - წერენ აქციის ორგანიზატორები.

"ვერავინ გადაადგმევინებს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს" - ირაკლი კობახიძე

ვერავინ ვერ გადაადგმევინებს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს, ვერავითარი შანტაჟის და მუქარის პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. 

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება პოტენციურად ხომ არ არ არის საფუძველი კანონპროექტის უკან გაწვევისთვის, რაზეც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თავად ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს დასანქცირების საკითხი. 

„პირველ რიგში, თავად ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს ეს საკითხი, გამომდინარე იქიდან, რომ მიიჩნევს ამ საკითხს არასერიოზულად მე ეს შემიძლია, გითხრათ. რაც შეეხება კონკრეტულად ო ბრაიანის ვიზიტს, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა, ამას ჰქონდა თავისი ახსნა და განმარტება. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ იყო გასული თვეების განმავლობაში შემთხვევები, როდესაც სხვა უცხოელ დიპლომატებსა და პოლიტიკოსებსაც უთხრა უარი ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრასთან დაკავშირებით. ამაზე მე მაქვს ინფორმაცია, გამომდინარე იქიდან, რომ მე მიწევდა გარკვეული საკითხების შეთანხმება, მე მთხოვდნენ, ხოლმე ამ საკითხების შეთანხმებას, ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი იყო ერთი და იგივე. ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა იმას, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი, რომელიც მან დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს, ეს არის მისი ძალიან მკაფიო პოზიცია.

„როგორც კი დასრულდება ეს შანტაჟი და დე ფაქტო სანქციები, მაშინვე რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეხვედრა შეიძლება, შედგეს, მაგრამ დღეს ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ასეთი შანტაჟი, მუქარები, როგორც არ ჭრიდა ეს შანტაჟი და მუქარა 2022 წლის მარტიდან, როცა მას გაუყინეს თანხები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ასევე ვერ გაჭრის მასზე ასეთი შანტაჟი და მუქარა ვერც ახლა, ანუ ვერავინ ვერ გადაადგმევინებს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს, ვერავითარი შანტაჟის და მუქარის პირობებში. სანქცია თავისთავად ხომ შანტაჟს ნიშნავს, თავისთავად სანქცია შეიცავს შანტაჟს და მუქარას, ამიტომ ეს არ არის სერიოზული თემა ამ ყველა გარემოების გათვალისწინებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"წაუკითხავი კანონის გაპროტესტება არის უდიდესი უპასუხისმგებლობა" - ირაკლი კობახიძე

ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიკური უმცირესობის დღის წესრიგს მიჰყვება, მინდა შევახსენო, რომ წაუკითხავი კანონის გაპროტესტება არის უდიდესი უპასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა

 

პრემიერის თქმით, გაუმართლებელი კომპრომისების და ამ კომპრომისების შედეგად სუვერენიტეტის დაკარგვის პირობებში საქართველო მარტივად გაიზიარებს უკრაინის ბედს.

 

„ ამასთან, არანაკლებ დიდი უპასუხისმგებლობაა იმის თქმა,  რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი კანონიც კი არ უნდა მიიღოს, თუ ამას გარედან აგვიკრძალავენ. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ თავს დავუხრით უარგუმენტო და სიცრუეზე დაფუძნებულ საბჭოური ტიპის  გარე დირექტივებს, მომავალში ასეთივე წარმატებით მოგვთხოვენ მაგალითად ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის არმიღებას, ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ნარკოტიკების ლეგალიზაციას, ქვეყანაში უკონტროლო იმიგრაციის დაშვებას და მრავალ სხვა მანკიერებას, რომელიც დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან სწრაფი ტემპით იკიდებს ფეხს. გარდა ამისა, არ შეიძლება, ქვეყანა მუდმივად ცხოვრობდეს გარედან თავსმოხვეული და უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული ე.წ. პოლარიზაციისა და რადიკალიზმის რეჟიმში. საქართველოს დამშვიდება და საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველყოფა არის ჩვენი პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე. გაუმართლებელი კომპრომისების და ამ კომპრომისების შედეგად სუვერენიტეტის დაკარგვის პირობებში საქართველო ძალიან მარტივად გაიზიარებს უკრაინის ბედს, რითაც, ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი გასულ დღეებში პირდაპირი ფორმითაც კი დაგვემუქრა. საქართველოს გარედან ვერავინ აუკრძალავს საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აპრილში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ჩვენი მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ხოლო 60%-ზე მეტი მხარს უჭერს უშუალოდ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. შესაბამისად, ხვალ საქართველოს პარლამენტი იმოქმედებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს.

 

დასასრულს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მომიტინგეებს, თავი შეიკავონ კანონის დარღვევისგან და ძალადობისგან, აგრეთვე, კიდევ ერთხელ ვთხოვ სამართალდამცველებს, მომიტინგეების მხრიდან ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას მაქსიმალური მოთმინებით უპასუხონ“, - განაცხადა პრემიერმა.

პროტესტი პარლამენტთან - აპირებენ თუ არა დემონსტრანტები ღამის გათენებას და რა გეგმა აქვთ ხვალ

პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გრძელდება. დემონსტრანტები ამაღამ, სავარაუდოდ, საკანონმდებლო ორგანოსთან აღარ გაათენებენ. როგორც, სიტყვით გამოსვლების დროს, აქციის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, პროტესტი ხვალ, დილის 10:00-საათიდან, საპარლამენტო სესიის პარალელურად განახლდება.

რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გადაკეტილია. მიმდინარეობს სიტყვით გამოსვლები.

"პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მთავარი პროკურატურის საერთო კანდიდატებზე უნდა შევთანხმდეთ" - მიხეილ სააკაშვილი

ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას სოციალურ ქსელში მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. 

"ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება. პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მთავარი პროკურატურის საერთო კანდიდატებზე უნდა შევთანხმდეთ", - წერს სააკაშვილი.

"ჩვენ საერთო მყარი გეგმა გვჭირდება, როგორც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ისე მომავალზე.

ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება. საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება და არა ჩვენი თანამდებობების.

პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მთავარი პროკურატურის საერთო კანდიდატებზე უნდა შევთანხმდეთ.

ძალა ერთობაშია!" - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ერთი მხრივ გმირად გყავთ გამოცხადებული ადამიანი, რომელიც ცოცხლად წვავდა პოლიციელს და მეორე მხრივ, თმის მოქაჩვაზე გაქვთ ამხელა რეაქცია - პრემიერი „ტვ პირველს“

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ - სადაც არის ძალადობა, გქონდეთ შესაბამისი რეაქცია, ნუ იმოქმედებთ ორმაგი სტანდარტით და დაელოდეთ სამართლის აღსრულებას ყველა მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვის პასუხად პრემიერმა აღნიშნა, რომ გასულ წელს მომხდარი საკმაოდ დიდი მასშტაბის ძალადობის მიუხედავად, მხოლოდ ერთი ადამიანი დააკავეს.

„შარშან რა მასშტაბის იყო ძალადობა, რომელსაც მათ შორის თქვენი ტელევიზიები, თქვენი პარტიები ახალისებდნენ და ამ უდიდესი მასშტაბის ძალადობის მიუხედავად, მხოლოდ ერთი ადამიანი იყო დაჭერილი. ჩვენ გვაქვს მათ შორის გამოძიების ძალიან მაღალი სტანდარტი. ამიტომ, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და დაიცადოს, ვიდრე სამართლებრივი პროცედურებით დადგინდება სიმართლე ყველა საქმესთან დაკავშირებით. სათანადო ვადებში გაკეთდება ყველაფერი. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ - სადაც არის ძალადობა, გქონდეთ შესაბამისი რეაქცია, ნუ იმოქმედებთ ორმაგი სტანდარტით და დაელოდეთ სამართლის აღსრულებას ყველა მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გამოძიება არის დაწყებული მთელ რიგ საქმეებზე, თუმცა დაკავებას თავისი საფუძვლები სჭირდება.

„რაც შეეხება დაკავებას, დაკავებას სჭირდება თავისი საფუძვლები და როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში დაკავების საფუძველი არ არსებობდა. გამოძიებას აქვს თავისი პროცედურები, ვადები და დაელოდეთ. ყველაფერი ხდება სამართლებრივი პროცედურების შესბამისად. ერთადერთი, რასაც მოგიწოდებდით, არის ის, რომ ორივე მიმართულებით გქონდეთ თანაბარი რეაგირება ძალადობაზე. ერთი მხრივ გმირად გყავთ გამოცხადებული ადამიანი, რომელიც ცოცხლად წვავდა პოლიციელს და მეორე მხრივ, თმის მოქაჩვაზე გაქვთ ამხელა რეაქცია. შეიძლება, იყო უფრო მძიმე ინციდენტებიც, მაგრამ ერთ მხარეს როცა არის პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა და ამას იწონებთ და მეორე მხარეს ათჯერ მცირე ხარისხის ინციდენტებზე გაქვთ ასეთი რეაგირება, ეს ნიშნავს იმას, რომ ხართ უკიდურესად მიკერძოებული“, - მიმართა პრემიერმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.

პარლამენტი, მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს - პრემიერი

ხვალ საქართველოს პარლამენტი იმოქმედებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა

 

პრემიერის თქმით, არ შეიძლება, ქვეყანა მუდმივად ცხოვრობდეს გარედან თავსმოხვეული და უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული ე.წ. პოლარიზაციისა და რადიკალიზმის რეჟიმში.

 

„მინდა კმაყოფილება გამოვხატო იმ ფაქტით, რომ გუშინ და დღეს მომიტინგეების მხრიდან ძალადობის ხარისხი იყო მნიშვნელოვნად შემცირებული იმ ძალადობასთან შედარებით, რომელიც მათი მხრიდან ორი და ოთხი კვირის წინ ვიხილეთ. ვფიქრობ, ამაში თავისი როლი ჩვენმა გუშინდელმა ბრიფინგებმა, გაფრთხილებებმა და მოწოდებებმა შეასრულა. შესაბამისად, მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, ძალადობისგან და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან თავი შეიკავონ. მადლობა მინდა გადავუხადო სამართალდამცველებს, მომიტინგეების ძალადობისა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ არსებითად ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით რეაგირებისათვის. დღესაც დაფიქსირდა რამდენიმე ინცინდენტი, რომელიც მართალია, სრულ შესატყვისობაში იყო ძალადობაზე რეაგირების ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებთან, თუმცა არ შეესატყვისებოდა იმ სტანდარტებს, რომელიც საქართველოში 2012 წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა. იმედი მაქვს, რომ მომავალში ამგვარი ცალკეული ინცინდენტებიც იქნება თავიდან აცილებული“, - განაცხადა პრემიერმა.

"სანქციების თემა არის აბსოლუტურად არასერიოზული" - პრემიერი

რაც შეეხება სანქციების თემას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ დღესაც მოქმედებს დე-ფაქტო სანქციები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

 

მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებები ვერ დაიგეგმება, ვინაიდან ხვალ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღება, თუმცა მმართველი გუნდი მზად არის ვეტოს ფარგლებში დისკუსიისთვის.

 

„ცვლილებები ჩვენი მხრიდან ბუნებრივია ვერ დაიგეგმება, გამომდინარე იქიდან, რომ ხვალ მესამე მოსმენით მიიღება უკვე ეს კანონი და მესამე მოსმენის ფარგლებში ვერავითარი არსებითი ცვლილება ვერ იქნება შეტანილი. თუმცა ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მზად ვართ, ღია ვართ დისკუსიისთვის ვეტოს ფარგლებში. მართალია, გუშინ გააკეთა არაკონსტრუქციული განცხადება სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა მე მას მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო, იმოქმედოს ისე, როგორც აქამდე მოქმედებდა. თქვენ ყველამ იცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ არასოდეს წერდა საკუთარ ვეტოს კანონპროექტებს, მას უწერდნენ ან NGO-ები, ან გარედან უწერდნენ, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ ეს ბერკეტი, ინსტრუმენტი გამოყენებული იყოს ახლაც და თუ ამის შესაძლებლობას არ მისცემს არც ხელისუფლებას, არც საერთაშორისო პარტნიორებს სალომე ზურაბიშვილი, ეს იქნება ბუნებრივია მისი პასუხისმგებლობა.

არის ორი კვირა 14 მაისიდან 28 მაისამდე, ამ ორი კვირის განმავლობაში შესაძლებელია პოზიციების შეჯერება და შემდეგ ამ პოზიციების ასახვა ვეტოს კანონპროექტში, თუმცა არ ვიცი, თუ სალომე ზურაბიშვილს ექნება დესტრუქციული პოზიცია, რაც გუშინ უკვე დააფიქსირა, ამ შემთხვევაში გართულდება ეს პროცესი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ მზაობას და ღიაობას დისკუსიისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.

იმედი მაქვს, მაქსიმალურად გათავისუფლდება, როგორც აშშ, ისე ევროკავშირი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან - პრემიერი

დიდი იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ ვითარება თვისებრივად შეიცვლება და მაქსიმალურად გათავისუფლდება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე ევროკავშირი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გლობალური ომის პარტიის ინტერესებს შეეხებოდა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გლობალური ომის პარტიას აქვს გადამწყვეტი, კრიტიკული გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირში. 

„რამდენიმე დღის წინ მე ვთქვი, რომ გამიჭირდება ამ სუბიექტების დაკონკრეტება, რა თქმა უნდა, დღესაც ვერ შევცვლი პოზიციას, გამომდინარე იქიდან, რომ ამ სუბიექტების დაკონკრეტებამ შეიძლება, უარყოფითი გავლენა იქონიოს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე. მე დავაკონკრეტე ასევე რომ აქ არ ვგულისხმობ ევროკავშირსა და აშშ-ს, პირიქით, ევროკავშირი არის სწორედ მთავარი მსხვერპლი, თუმცა აქვე ვიტყვით იმასაც, რომ გლობალური ომის პარტიას აქვს გადამწყვეტი, ასე ვთქვათ, კრიტიკული გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში, რაც არის სამწუხარო მოვლენა. განსაკუთრებით ადვილია ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებზე გავლენის მოპოვება, გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირში გადაწყვეტილებები არსებითად მიიღება სრული კონსენსუსით 27 ქვეყნის მიერ, შესაბამისად, იქ საკმარისია გლობალურმა ომის პარტიამ გავლენა მოახდინოს თუნდაც ერთ ქვეყანაზე და უკვე ის განაპირობებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შედის მის ინტერესებში. 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დაკონკრეტება გამიჭირდება, თუმცა გავლენების მასშტაბი არის ძალიან დიდი და ვიტყვი, რომ ოფიციალურ სტრუქტურებზე აქვთ სერიოზული გავლენა როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით, ანუ საუბარია აშშ-სა და ევროკავშირზე, რაც არის სამწუხარო მოვლენა. მე მაქვს დიდი იმედი, რომ სამომავლოდ ეს ვითარება თვისებრივად შეიცვლება და მაქსიმალურად გათავისუფლდება, როგორც აშშ, ისე ევროკავშირი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჩვენ არც ერთ მხარეს არ ვიწონებთ ძალადობას და აუცილებელია სათანადო სამართლებრივი რეაგირება - ირაკლი კობახიძე

საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი არ არის, რა არის სამართალდარღვევა და რა - არა; სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად მიიღება ყველა გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხელისუფლებას, ოპონენტებისგან განსხვავებით, აქვს ერთმაგი სტანდარტი და ძალადობას ყველა მხარეს.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სამწუხაროა ინციდენტები, რომელიც ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინციდენტებიც კი შეესატყვისება ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებს.

„შემიძლია, გაჩვენოთ ვიდეოები, რა ხდება ნიუ-იორკში, როტერდამში, ბერლინში, ან პარიზში. ამერიკული სტანდარტი არის ამაზე დაბალი, ჩვენ გვინდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტი. მე არ მომწონს ეს სტანდარტი, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში 2012 წლიდან დაამკვიდრა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტი. ამიტომ, ძალიან არ მომწონს ეს ინციდენტები და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალური მოთმინებით შეხვდნენ ნებისმიერ პროვოკაციას. მე ეს არ მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ შესატყვისობაშია ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებთან. სადაც იქნება სამართალდარღვევა, აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაგირებაც“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სამართალდარღვევის შეფასება მთავრობის კომპეტენცია არ არის და ამას შესაბამისი სტრუქტურები დაადგენენ.

„საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი არ არის, რა არის სამართალდარღვევა და რა - არა. სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად მიიღება ყველა გადაწყვეტილება. ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით ერთმაგი სტანდარტი და არა ორმაგი სტანდარტი. სადაც არის სამართალდარღვევა, ყველგან უნდა იყოს რეაგირება. ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით, რომლებიც ვერ ხედავენ ძალადობას, ან იწონებენ ძალადობას ერთ მხარეს, ჩვენ არც ერთ მხარეს არ ვიწონებთ ძალადობას და ყველა მიმართულებით აუცილებელია ძალადობაზე სათანადო სამართლებრივი რეაგირება“, - აღნიშნა პრემიერმა.