... ... hotnews.ge - პოლიტიკა

აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს - შსს

საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.
აქციის მონაწილეებმა დააზიანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული დამცავი ჯებირი.
სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ ემორჩილებიან პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.
საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს.

ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან მოყვება შესაბამისი რეაგირება - შსს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები, მობილიზებულები არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.
მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება.
ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან მოყვება შესაბამისი რეაგირება.

კანონი მიღებულია - პარლამენტთან ვითარება დაიძაბა

პარლამენტთან, შენობის წინ, სადაც ბარიკადები არის აღმართული ხმაურია. აქტივისტები ბარიკადებს ხელებსა და ფეხებს ურტყამენ.

აქციის მონაწილეები, ამ ფრომით, პარლამენტში "გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მესამე მოსმენით მიღებას აპროტესტებენ. გარდა ამისა, ისინი რამდენიმე წუთის წინ დაკავებული აქტივისტის გათავისუფლებას მოითხოვენ.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი" მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი პარლამენტის 84-მა წევრმა დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 30.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.
კანონპროექტს მესამე მოსმენით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი.

რეგისტრაცია გაიარა 116-მა დეპუტატმა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 84-მა, წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის 30-მა წევრმა.

ცვლილებები „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს კი აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.

ამავე დროს, ცვლილებებით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. კანონპროექტი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს, ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.

ამასთან, პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს“. მონიტორინგის განხორციელების მიზნით კი იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს უფლება ექნება, კანონის შესაბამისად, საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი მოიძიოს. ერთსა და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგის განხორციელება მხოლოდ ექვს თვეში ერთხელ იქნება დასაშვები.

„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის შეუვსებლობა გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან ათი სამუშაო დღის ვადაში თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას – 10 ათასი ლარი; თუ დოკუმენტებში ხარვეზები განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდება, ჯარიმა 10 ათასი ლარი იქნება; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ათასი ლარის ოდენობით.

29 აპრილს, იურიდიულ კომიტეტზე განხილვისას კანონპროექტის მეორე მუხლში გარკვეული ცვლილებები შევიდა. კერძოდ, მეორე მუხლის პირველი პუნქტის ბ, გ და დ ქვეპუნქტში სიტყვა „არაკომერციული“ ჩაემატა. “

ირაკლი კობახიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯიმ ო'ბრაიენს შეხვდა.

 

გაიმართა ხანგრძლივი შეხვედრა, სადაც შედგა გულწრფელი საუბარი  ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ყველა საკითხზე, მათ შორის საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულ პროცესებზე. მთავრობის მეთაურმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანის თანაშემწემ ამ პროცესებთან დაკავშირებით ერთმანეთს თავიანთი წუხილები გაუზიარეს.

 

ირაკლი კობახიძემ ჯიმ ო'ბრაიენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების საჭიროებაც განუმარტა და კიდევ ერთხელ გამოთქვა მმართველი გუნდის მზაობა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების ყველა სამართლებრივი შენიშვნა ყურადღებით განიხილოს.

 

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით, რაც ორმხრივ ძალისხმევას და სამართლიან ურთიერთდამოკიდებულებას მოითხოვს.

იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კოპენჰაგენში დემოკრატიის სამიტზე საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ გააკეთა კომენტარი:

"მინდა გულწრფელი ვიყო, მე პირადად იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება. რატომ? იმიტომ, რომ მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა როლი და დავხმარებოდი პოლიტიკური სისტემის განბლოკვაში, ეს ერთი. მეორეც, რამდენიმე თვის წინ, ევროპულ საბჭოში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უმრავლესობა არ იყო, მაგრამ ერთობლივად, რამდენიმე ევროპელი ლიდერი დარწმუნდა, რომ ბევრი მიზეზის გამო ეს სწორი გადაწყვეტილება იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. და ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, მათ შორის საქართველოს ოფიციალურ პირებთან ერთად, რომ დაგვერწმუნებინა რამდენიმე რეფორმის გატარებაში, რომლებიც აბსოლუტურად საჭირო იყო. და რამდენიმე კვირაში თვალს ვადევნებთ ამ კანონმდებლობის მიღების მცდელობებს. ვნახოთ, რას იზამს პრეზიდენტი, მან თქვა რომ ვეტოს უფლება აქვს. ამასთან, თვალს ვადევნებთ რიტორიკას, რომელიც არ არის პოზიტიური რიტორიკა, ასე ვიტყოდი. კონტაქტში ვართ საქართველოს ხელისუფლებასთან. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ნათელს მოჰფენს თავის განზრახვებს, მაგრამ თუ მათ ევროკავშირის წევრობა სურთ, პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს"

მოვუწოდებ პარლამენტს, უარი თქვას კანონის ასეთი ფორმით მიღებაზე - სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გამჭვირვალობის მიზნის მიღწევა განხორციელდეს წარმოდგენილ კანონპროექტში ან მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით და უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის ასეთი ფორმით მიღებაზე, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებაში.

ლევან იოსელიანის თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ყველა კანონი უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ მისწრაფებებს, ზიანს არ აყენებდეს პარტნიორებთან ურთიერთობებს.

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება დღეს საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მოსმენით მიღების პროცესს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ თუკი მიზანი არის საქართველოსთვის განკუთვნილი საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობისა და მიმღები ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გაზრდა, აღნიშნული მიზნის მიღწევა შესაძლებელია განხორციელდეს წარმოდგენილ კანონპროექტში ან მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით, რაზეც სახალხო დამცველმა საჯარო პოზიცია დეტალურად მიმდინარე წლის 11 აპრილს გააცნო საზოგადოებას.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ყველა კანონი უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს, ზიანს არ აყენებდეს პარტნიორებთან ურთიერთობებს და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.

როგორც კანონპროექტის სათაური, ასევე პროექტში არსებული არაერთი ჩანაწერი პრობლემურია, რაც კანონის ადრესატებისთვის ღირსების შემლახველი შეიძლება, გახდეს. ამასთან, პროექტი მოქალაქეთა შესახებ საკმაოდ დიდი მოცულობის პერსონალური მონაცემების შეგროვების და გასაჯაროების რისკის შემცველია, რაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის საფუძველს ქმნის.

აღსანიშნავია, რომ კანონის პროექტის განხილვა ჩვენი მოქალაქეების თითქმის ერთთვიანი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გამჭვირვალობის მიზნის მიღწევა განხორციელდეს წარმოდგენილ კანონპროექტში ან მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით და უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის ასეთი ფორმით მიღებაზე“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ო'ბრაიენმა კანცელარია დატოვა - კობახიძესთან შეხვედრა დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო'ბრაიენის და პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრამ პროტოკოლით გათვალისწინებულ დროს გადააჭარბა - ის 2 საათზე მეტხანს, დაგეგმილზე დიდხანს მიმდინარეობდა.

შეხვედრას ასევე აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი ესწრებოდა. მხარეებს შორის საუბრის დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არაა.

ო'ბრაიენმა კანცელარია უკვე დატოვა. ახლა ამერიკელი მაღალჩინოსანი ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდება. მოგვიანებით შეხვედრა დაგეგმილია არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან, საქართველოს პრეზიდენტთან და მედიის წარმომადგენლებთან.

ამერიკელი  მაღალჩინოსანი საჯარო განცხადებას 20:30 საათზე დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გააკეთებს.

„ადამიანსაც ვერ ვუწოდებ, ეს არის ქალი ალქაჯი“ - ნინო წილოსანი თინა ბოკუჩავაზე

„თინა ბოკუჩავა, მოძალადე პარტიის ნათელი მაგალითია, მარიამ ლაშზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა. თმებით მოქაჩა,სახეში გაარტყა, ამ ალქაჯმა, ეს ქალი კი არა  ალქაჯია, მოვითხოვ დაატოვებინოთ პარლამენტი“- ნინო წილოსანი თინა ბოკუჩავაზე. 

ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში

პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ვითარება მას შედმეგ დაიძაბა რაც სიტყვით ენმ-ს ლიდერი ლევან ხაბეიშვილი გამოვიდა. მას სიტყვიერად უმრავლესობის დეპუტატი დიტო სამხარაძე დაუპირისპირდა. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ოპოზიციის წევრს.

თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული

თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმი და ორი წყლის ჭავლის მანქანაა მობილიზებული. საავტომობილო მოძრაობა ამ დროისთვის ჩაკეტილი არაა. სპეცრაზმი მობილიზებულია პარლამენტის ეზოშიც.

პარალელურად, სამართალდამცავებმა ჩაკეტეს 9 აპრილის ქუჩა, სადაც პარლამენტის გვერდითა შესასვლელია. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებს დაატოვებინა პარლამენტის უკანა ტერიტორია და სკვერიც. 

დღეს "ოცნებამ" პლენარულ სხომდაზე საბოლოო, მესამე მოსმენით უნდა განიხილოს რუსული კანონი. აქცია სწორედ ამ კანონის გასაპროტესტებლად იმართება. 

ჯეიმს ო’ ბრაიენი მთავრობის ადმინისტრაციაშია

გამჭვირვალობის კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას დაემთხვა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ვიზიტი. ჯეიმს ო’ ბრაიენი თბილისში გამთენიისას ჩამოვიდა. ო’ ბრაიენი უკვე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაშია.

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე სამი დღის განმავლობაში შეხვედრებს გამართავს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ოპოზიციურ პარტიებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წევრებთან.

ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე ცნობილია ამერიკელი პარტნიორების პოზიცია, მათ რამდენჯერმე გამოხატეს შეშფოთება „გამჭვირვალობის’’ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებასთან დაკავშირებით.