... ... hotnews.ge - პოლიტიკა

ყველა დაკავებული პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს და დაზიანებებიც აღენიშნებათ - ომბუდსმენი

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 13 მაისს პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული 23 პირი მოინახულეს -ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, თითქმის ყველა მათგანი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს:

"სამწუხაროდ, პრაქტიკულად ყველა მათგანი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს და დაზიანებებიც აღენიშნებათ. კერძოდ, 23-დან 22 დაკავებული პოლიციის მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს, მათგან 16 კი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

სახალხო დამცველის აპარატი მოახდენს გამოძიების მიმდინარეობის მონიტორინგს, გააგრძელებს დაკავებულთა მონახულებასა და საზოგადოების ინფორმირებას." ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

ევროკავშირის დელეგაცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ევროკავშირის დელეგაცია თბილისში შეხვედრებს განაგრძობს - ცოტა ხნის წინ ისინი გერმანიის საელჩოში მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. განხილვის მთავარი საკითხი იყო ის, თუ რა მექანიზმები უნდა ამოქმედდეს მას შემდეგ, რაც საბოლოოდ დაამტკიცებენ რუსულ კანონს.

"ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ჩამოვიდნენ აქ იმისათვის, რომ ქართველ ხალხს გამოუხატონ მხარდაჭერა. იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ თქვან, რომ ამ კანონით წარმოუდგენელია შემდგომი ნაბიჯების გადადგმა ევროინტეგრაციის გზაზე. მათ ისიც ახსენეს, რომ გასულ წელს კანდიდატის სტატუსი იყო ქართველი ხალხის დამსახურება და, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების ძალიან დიდი აქტიურობით. და თქვეს პირდაპირ, რომ თუკი "ქართული ოცნება" გააგრძელებს ამ კანონპროექტის კანონად ქცევას, საქართველოს ევროპული მომავალი ამ ეტაპზე გაჩერდება," - ამბობს სამართლიანი არჩევნების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე.

 

 

დღეს, ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს

დღეს, 13 მაისს, 20:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიფინგი გაიმართება.

„არა რუსულ კანონს! “- რუსთაველზე უწყვეტი პროტესტი გრძელდება

რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი გრძელდება - რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს, რომელსაც ნელ-ნელა უერთდებიან მოქალაქეები, ასევე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.

გასული ღამის 22 საათის შემდეგ, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. ღამისთევის შემდეგ, აქციის მონაწილეები პოლიციამ დაარბია, თუმცა პროტესტი არ შეწყვეტილა. 

“აქციების ამოცანა არის რომ ხიშტებზე მდგარ რეჟიმს ხიშტები გამოაცალოს”-ჩერგოლეიშვილი

„აქციების ამოცანა არის ის, რომ რეჟიმი არყიოს. 

არყიოს იქამდე, ვიდრე ღონეს არ დაკარგავს და მშვიდობიან, დემოკრატიულ ცვლილებას არ დათანხმდება, ისევ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.

აქციების ამოცანა არ არის, რომ კომიტეტის ერთი სხდომა ჩაშალოს (თუმცა ჩაშლა ქვია აბა რა ქვია 1 წუთში გატანას)

აქციების ამოცანა არის რომ რუსული რეჟიმი არყიოს იქამდე, სანამ არ შეაგნებინებს, რომ დემოკრატიული ცვლილება მათ პირად ინტერესშია  (თუ არ შეიგნებენ, საკუთარ თავს დააბრალონ).  

აქციების ამოცანა არის რომ ხიშტებზე მდგარ რეჟიმს ხიშტები გამოაცალოს - ერთი კაცის სამსახურში ჩამდგარი სისტემა ჩამოშალოს. 

ამ ამოცანას ეს აქციები ასრულებს. 

ასე რომ - კი, ღამის თენებაც სასარგებლო იყო, დღისით გამართული მარშებიც, საღამოს დანიშნული პროტესტიც და საერთოდ ყველაფერი - რაც რეჟიმს ღლის და არ აძლიერებს.

რეჟიმს მხოლოდ ჩვენი უსაფუძვლო სასოწარკვეთა გააძლიერებს!“

- წერს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი. 13 მაისს, 09:00 საათზე შეკრებილმა იურიდიულმა კომიტეტმა პროტესტის ფონზე რუსული კანონის III მოსმენით მიღებას 1 წუთში დაუჭირა მხარი.

"როგორ შეიძლება, მე ან ჩვენს თანაგუნდელებს გვინდოდეს რუსეთი" - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესებას არ ელოდება, რადგან ის საკუთარი ქვეყნის ინტერესს იცავს. როგორც კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ხელისუფლებისთვის მთავარი არა რომელიმე ევროპარლამენტარის თუ პოლიტიკოსის განცხადება, არამედ ქართველი ხალხის აზრია.

„არავის ეშინია სანქციების. რას გვაშანტაჟებთ ამ სანქციებით? საერთოდ არ მაქვს არანაირი პრობლემა თუ დამასანქცირებენ. ჯერ რატომ უნდა დამასანქცირონ, აბსოლუტურად გაუგებარია. იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის ინტერესს ვიცავ? ეს არის ევროპა და ევროპული მომავალი? ვინმეს დაჩაგვრა არის ევროპული მომავალი, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით აკეთებდნენ? ასეთი ევროპა გინდათ თქვენ? ჩემთვის ქართველი ხალხია პირველ რიგში მნიშვნელოვანი. ქართველი ხალხი არის უპირველეს ყოვლისა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი ცხრაპუნქტიანი გეგმა ზედმიწევნით შეასრულოს, რათა ქვეყნის ევროპულ მომავალს ხელი არაფერმა შეუშალოს.

„ამ ქვეყნის მომავალი არის ევროპული და აუცილებლად შევალთ იმ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია. ამ გზაზე წარმოუდგენილია ცხრაპუნქტიანი გეგმა და მზად ვართ, ეს ყველაფერი შევასრულოთ. როგორც ეს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების დროს მოხდა და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ახლაც მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ და ევროინტეგრაციის გზას ვერავინ და არაფერმა შეუშალოს ხელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ქვეყნის საგარეო კურსი ევროკავშირის წევრობისკენაა მიმართული და მოქმედი ხელისუფლება ამ გზიდან გადახვევას არ აპირებს.

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს საკუთარი მოსაზრება, მაგრამ პარლამენტის პიკეტირება, ბლოკირება, კატეგორიულად მიუღებელია. არ არის სწორი ფორმა. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ამ ახალგაზრდებს: უბრალოდ, გაუგებარია, რას ვაპროტესტებთ. ჩვენი კურსი და მომავალი არის ევროპა, ევროპული მომავალი. სხვა შეუძლებელია. როგორ შეიძლება, მე, ჩვენს თანაგუნდელებს გვინდოდეს რუსეთი ან რუსული მომავალი? წარსულში გვინდა დაბრუნება? წარსულში მინდა, დავაბრუნო ჩემი შვილები, ჩვენი მომავალი? არ არის ეს სწორი დამოკიდებულება. პირიქით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. გავა დრო, მერწმუნეთ, ძალიან მალე, ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს აღიშნულ კანონპროექტს აპროტესტებს, დარწმუნდება, რომ ცდებოდნენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით, ბორელს ერთობლივი წერილით მიმართავენ

12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოს შესახებ წერილით მიმართავენ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს:

"ძალიან ვწუხვართ, რადგან საქართველოს მთავრობა როგორც ჩანს, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაძლებლობებს" ნათქვამია წერილში.

წერილს ხელს აწერენ: ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ირლანდიის, ლიეტუვის, პოლონეთის, დანიის, ფინეთის, გერმანიის, ლატვიის, ნიდერლანდების და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

"არა რუსულ კანონს! ვერ შეგვაშინებთ! - თბილისში სტუდენტური მარში გაიმართება

სტუდენტური მარში - რუსული კანონის გასაპროტესტებლად დღეს, 7 საათზე, სტუდენტები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და პარლამენტთან მსვლელობით გადაინაცვლებენ. 

"დღეს, საქართველოში არსებული, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის სტუდენტები, ვიკრიბებით 7 საათზე რუსთაველის მეტროსთან, საიდანაც გადავინაცვლებთ პარლამენტთან მსვლელობით, რათა ხელისუფლებას კვლავ დავანახოთ ახალგაზრდების ძალა.

ვიკრიბებით, რომ:

1. ვუთხრათ - არა რუსულ კანონს!
2. ვუთხრათ - არა რუსულ რეჟიმს!
3. ვუთხრათ - არა ძალადობას!
4. ვუთხრათ - კი ევროპას! 

ქართველი სტუდენტები/ახალგაზრდები არ დავუშვებთ საქართველოს გარუსებას, არ გაპატიებთ ჩვენს მეგობრებსა თუ ქვეყნის მოქალაქეებზე ძალადობრივი გზებით თავდასხმას!!

პასუხი ისევ ერთია - ვერ შეგვაშინებთ!" - წერენ სტუდენტები.

 

ბათუმსა და ქუთაისში სტუდენტები აქციას მართავენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის სტუდენტები შეუერთდნენ.

ისინი სასწავლებლების ადმინისტრაციასა და ყველა სტუდენტს გაფიცვისკენ მოუწოდებენ.

„ყველა აუდიტორიის კარს გავაღებთ და მოვუწოდებთ გამოვიდნენ! დღეს წყდება საქართველოს თავისუფლების ბედი. გამოდით, შემოგვიერთდით!“,- ამბობს აქციის ერთერთი ორგანიზატორი.

აქციას მართავენ ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებიც.

ამ წუთებში სტუდენტები უნივერსიტეტის ეზოში დგანან და აცხადებენ, რომ ლექციებზე შესვლას იქამდე არ გეგმავენ, ვიდრე მმართველი გუნდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს არ გაიწვევს.

სტუდენტები ამბობენ, რომ „მათ არ ეშინიათ და არასოდეს შეეგუებიან რუსული გავლენის დაბრუნებას საქართველოში“.

 

ევროკავშირის დელეგაცია თბილისშია - ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს

ევროკავშირის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც EU-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები არიან, თბილისში იმყოფება - ამ წუთებში ისინი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან, თუმცა მედიასთან კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. დახურულ კარს მიღმა ისინი რუსულ კანონსა და მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ. 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რუსული კანონის განხილვის გამო, ის ევროკავშირის დელეგაციას არ შეხვდება. უცნობია შეხვდება თუ არა მათ პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ან მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლები.

ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტს გამართავს ჯეიმს ო'ბრაიენიც, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.

პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე ისევ საპოლიციო ძალები განლაგდნენ

პარლამენტის მიმდებარე ქუჩებს 1 საათიანი შესვენების შემდეგ, ისევ საპოლიციო ძალები იკავებენ. ადგილზე ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. პოლიცია მომიტინგეებისგან გზის სავალი ნაწილის გახსნას მოითხოვს.

სამართალდამცავებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაახლოებით 1 საათის წინ, მას შემდეგ დატოვეს, რაც რუსული კანონის მესამე მოსმენით მიმღებმა დეპუტატებმა კომიტეტის 1 წუთიანი სხდომა დაასრულეს და პარლამენტიდან სწორედ საპოლიციო ძალების დახმარებით გაიყვანეს. 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შსს-ს, იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შსს-ს, იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ძალის გამოყენება უნდა იყოს აუცილებელი და პროპორციული, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი.

„სახალხო დამცველი და აპარატის წარმომადგენლები აკვირდებიან პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს. სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ძალის გამოყენება უნდა იყოს აუცილებელი და პროპორციული, მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული სამართლებრივი ღონისძიების გატარებას და არცერთ შემთხვევაში არ უნდა გადაიზარდოს მოქალაქეზე მიზანმიმართულ ძალადობაზე/ანგარიშსწორებაზე.

ასევე, სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მყისიერი რეაგირება მოახდინოს მოცემულ ფაქტებზე; უკვე მიმდინარე გამოძიებები კი ჩაატაროს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, რათა არ გაჩნდეს დაუსჯელობის განცდა, რომელიც წაახალისებს ცალკეულ პოლიციელებს შემდგომი არასამართლებრივი ქმედებებისკენ“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.