... ... hotnews.ge - მსოფლიო

დამოუკიდებლად იქნას გამოძიებული ძალადობის შესახებ არსებული ინფორმაცია- აშშ-ის საელჩო

აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენლებს შეხვდა.

საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის აქტივისტებისა და ჟურნალისტების დევნისა და მათზე ფიზიკური თავდასხმების შესახებ გახშირებული ცნობები.

"ელჩი დანიგანი შეხვდა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს". განიხილეს ჩვენი ურყევი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და "გამჭვირვალობა საქართველოს"საქმიანობის მიმართ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად.

მათ ასევე განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიუღებელი დევნისა და მათზე ფიზიკური თავდასხმების შესახებ გახშირებული ცნობები. ჩვენ მოვუწოდებთ სრულად, დამოუკიდებლად და დროულად იქნას გამოძიებული ძალადობის შესახებ არსებული ინფორმაცია, განურჩევლად მსხვერპლისა", - წერია განცხადებაში.

უკვე რამდენიმე დღეა, ოპოზიციურად და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს თავს ესხმიან. 

ერევანსა და ვაიოცძორის რაიონში მიმდინარე აქციებზე რამდენიმე პირი დააკავეს

სომხური მედიის ინფორმაციით, ერევანსა და ვაიოცძორის რაიონში მიმდინარე აქციებზე რამდენიმე პირი დააკავეს.

პოლიციის განცხადებით, საპროტესტო აქციის დროს ერევანში რვა ადამიანი სხვადასხვა ბრალდებით დააკავეს. სომხური მედიის ცნობით, მათ შორის ორი პირი იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით, ერთი აკრძალული ნივთის ტარებისთვის დააკავეს.

რაც შეეხება ვაიოცძორის რაიონს, როგორც მედია წერს, დააკავეს ოთხი პირი. მათგან სამი პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის, ერთი კი, პოლიციაზე ძალადობისთვის.

შეგახსენებთ, სომხეთში აქციები 20 აპრილიდან დაიწყო. აქციის მონაწილები და როგანიზატორები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის ფარგლებში ცალმხრივ  დათმობებს აპროტესტებენ.

10 მაისის სომხეთში დაუმორჩილებლობის აქციები გაიმართება - ბაგრატ გალასტიანი

არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალასტიანი სომხეთში დაუმორჩილებლობის აქციებს აანონსებს. მისი თქმით, 10 მაისს, დილის 10:00 საათიდან დაუმორჩილებლობის აქცია ყველა შესაძლო ადგილას გაიმართება.

„მივმართავ სტუდენტებს, უნივერსიტეტებს, ყველა იმ ბიზნესმენს, ვისთვისაც ფული არ არის უმაღლესი ღირებულება, ძვირფასო ხალხო, ყველა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებას მივმართავ, გაიფიცონ. ყოველგვარი აგრესიის გარეშე, სულ რამდენიმე დღე, ორი-სამი დღე, მეტი არა. Მივმართავ ჩვენს რეგიონებში მცხოვრებლებს: ამ ღამით დაბრუნდით, იქაც დაიწყეთ აქციების სერია და ეს ზეწოლა უნდა იყოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე. ხალხს უნდა, რომ ასე მოხდეს, სახელმწიფო შოკში ჩავარდეს, სხვა გზა არ დატოვეს“, – განაცხადა არქიეპისკოპოსმა ბაგრატ გალასტიანმა.

შეგახსნებთ, სომხეთის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან წასვლისთვის ვადა დღეს, 20:00 საათამდე მისცეს. ეს მოთხოვნა აქციაზე არქიეპისკოპოსმა ბაგრატ გალასტიანმა გამოაცხადა. გალასტიანი არის მოძრაობის, „ტავუში სამშობლოს სახელით“ ხელმძღვანელი. ის და მისი მომხრეები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის ფარგლებში ცალმხრივი დათმობების წინააღმდეგ გამოდიან.

სომხეთში საპროტესტო გამოსვლები 20 აპრილიდან გრძელდება. საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებლები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის შეთანხმებასა და აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემას აპროტესტებენ.

ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს ქვეყნიდან გააძევებს

Reuters-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს ქვეყნიდან გააძევებს.  დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ აღნიშნა, რომ ასევე დიპლომატიური სტატუსი ჩამოერთმევა რამდენიმე შენობას, ხოლო დიპლომატიური ვიზების ხანგრძლივობა შეიზღუდება.

ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ აღნიშნული ზომები რუსეთის მავნე ქმედებებზე რეაქციაა.

„ჩვენ გავაძევებთ რუსეთის სამხედრო ატაშეს, რომელიც სამხედრო დაზვერვის ოფიცერია“, - აღნიშნა მან.

ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა

ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე ოპოზიციამ გაიმარჯვა. ქვეყანამ კი პირველი ქალი ლიდერი, გორდანა სილიანოვსკა აირჩია, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი, სტევო პენდაროვსკი დაამარცხა და ხმების 42% მიიღო.

როგორც „როიტერი“ წერს, ოპოზიციის გამარჯვების მიზეზი კი გახდა ის, რომ მმართველმა პარტიამ ვერ შეძლო ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა და ქვეყანაში კორუფციის აღმოფხვრა.

ჩრდილოეთ მაკედონია ნატო-ს წევრი 2020 წელს გახდა, თუმცა ევროკავშირში გაწევრიანებაზე დაბრკოლებას საბერძნეთისა და ბულგარეთის მხრიდან შეხვდა

შოტლანდიის მთავრობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

შოტლანდიის მთავრობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ქვეყნის პირველი მინისტრის პოსტზე პარლამენტმა ჯონ სუინი აირჩია.

პოლიტიკოსი შოტლანდიის სრულ დამოუკიდებლობას ემხრობა და მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გასვლა ეტაპობრივად, ყოველგვარი ხისტი მოქმედებების გარეშე უნდა მოხდეს.

ახლად არჩეული მინისტრი, მოვალეობის შესრულებას დღეიდან, ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ შეუდგება.

ზელენსკის მკვლელობა აღკვეთეს, დაკავებულია სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ორი პოლკოვნიკი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ქვეყნის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის და ქვეყნის სხვა ხელმძღვანელების მკვლელობის გეგმა გახსნეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინული მხარე თავდასხმის მომზადებაში რუსეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს. უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ზელენსკისთან ერთად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ივან მალიუკის მკვლელობა იგეგმებოდა.

ოპერაციის ფარგლებში დაკავებულია უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ორი პოლკოვნიკი, რომლებიც პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე აგებდნენ პასუხს.

უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, რომ „ეფ ეს ბეს“ აგენტების ქსელის ერთ-ერთი დავალება პრეზიდენტის დაცვასთან მიახლოებულ სამხედროებს შორის ისეთი შემსრულებლების პოვნა იყო, ვისაც შეეძლო ზელენსკის ჯერ მძევლად აყვანა, შემდეგ კი მოკვლა. მათივე ცნობით, ბუდანოვის მკვლელობა აღდგომამდე იგეგმებოდა. არსებული ინფორმაციით, იგეგმებოდა სარაკეტო დარტყმა იმ შენობაზე, სადაც ბუდანოვი უნდა ყოფილიყო.

რუსეთის მთავრობას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

გერმანიის კანცლერს მოუწოდებენ, ქვეყანაში შაურმების ფასი დაარეგულიროს

გერმანიის კანცლერს მოუწოდებენ, შაურმების ფასი დაარეგულიროს. როგორც ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერს, გერმანიის მოქალაქეები სულ უფრო მეტად არიან უკმაყოფილო სწრაფი კვების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ფართოდ გავრცელებული საჭმელის გაძვირებით.

გერმანიის კანცლერს შაურმების ფასის მატების შესახებ იმდენად ხშირად ეკითხებიან, რომ მთავრობამ სოციალური მედიით სპეციალური განცხადებაც კი გაავრცელა, სადაც მოქალაქეებს განუმარტა, რომ შაურმის გაძვირება ნაწილობრივ ხელფასების ზრდას და ენერგომატარებლების ფასის მატებას უკავშირდება.

ამ ფონზე გერმანელი მემარცხენე პარტიის წევრები გამოდიან ინიციატივით, რომ შაურმებზე ზღვრული ფასი დაწესდეს. შესაბამისი ინიციატივით პარტია პარლამენტისთვის მიმართვას აპირებს.

როგორც მემარცხენეები ამბობენ, გერმანიაში შაურმის ფასი ორი წლის წინ 4 ევრო იყო, ხოლო წელს ის 10 ევროა. მათი ინიციატივით, შაურმის ზღვრული ფასი 4,90 ევრო უნდა იყოს, ხოლო ახალგაზრდებისა და დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის 2,90 ევრო უნდა ღირდეს. მათივე რეკომენდაციაა, რომ მოქალაქეებს შაურმის შესაძენად ვაუჩერები გადაეცეს.

„გარდიანის“ ცნობით, შაურმის გაყიდვები გერმანიაში წელიწადში დაახლოებით 7 მილიარდ ევროს აღწევს. ყოველ წელს ქვეყანაში 1,3 მილიარდი შაურმა იყიდება. მემარცხენეთა გათვლით, შაურმის ფასების სახელმწიფო სუბსიდიით დარეგულირება გერმანიას წელიწადში 4 მილიარდი ევრო დაუჯდება.

როგორც „გარდიანი“ წერს, გერმანიის კანცლერი ფასების დარეგულირების წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ ასეთი მიდგომა თავისუფალი ბაზრის პირობებში არ იმუშავებს.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ სოციალურ მედიაში ზოგიერთი ახალ კანცლერად ანგელა მერკელის დაბრუნებას ითხოვს, რადგან „ის შაურმის ფასს კარგად აკონტროლებდა“.

სი ძინპინი სერბეთში ჩავიდა

სი ძინპინი საფრანგეთიდან სერბეთში ჩავიდა.

სერბეთის აეროპორტში მას ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და მთავრობის წარმომადგენლები დახვდნენ.

სი ძინპინის ბელგრადში ვიზიტი, ნატო-ს მიერ ბელგარდში ჩინეთის საელჩოს დაბომბვის 25-ე წლისთავს ეძღვნება. ამ დაბომბვის დროს სამი ჩინელი ჟურნალისტი დაიღუპა.

შეგახსენებთ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩინეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ევროპაში. სი ძინპინი ბელგარდიდან უნგრეთში მიემგზავრება.

კიშინეუს სააპელაციო სასამართლოს ოცმა მოსამართლემ თანამდებობა დატოვა

კიშინეუს სააპელაციო სასამართლოს ოცმა მოსამართლემ, რომელმაც ე.წ. ვეტინგის პროცედურაში მონაწილეობაზე უარი თქვა, თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვური მედია ავრცელებს.

12 აპრილს ვეტინგის კომისიამ კიშინეუს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პროფესიული ეთიკისა და კეთილსინდისიერების შეფასების დაწყება გამოაცხადა.

კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ექსპერტები 40 მოსამართლეს შეამოწმებენ.

მოსამართლეებმა უნდა შეავსონ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შემოსავლების შესახებ ანგარიში და მიაწოდონ ახლო ნათესავების სია, რომლებიც მუშაობენ სასამართლო სისტემაში ან საჯარო თანამდებობა უკავიათ.

გარდა ამისა, მოსამართლეებმა უნდა შეავსონ პროფესიული ეთიკის კითხვარი.

პუტინის ინაუგურაციამდე 1 დღით ადრე, გერმანიამ რუსეთიდან ელჩი გაიწვია

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციამდე 1 დღით ადრე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში გერმანიის ელჩი ალექსანდრ გრაფ ლამბსდორფი კონსულტაციებისთვის ქვეყნიდან გაიწვია. ის გერმანიაში 1 კვირის განმავლობაში იქნება, შესაბამისად, ვერ დაესწრება ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას.

გადაწყვეტილება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, ბერლინმა მოსკოვი ჰაკერულ თავდასხმების წარმოებაში დაადანაშაულა.

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მონაცემებზე ჰაკერული შეტევის განხორციელებაში ბერლინმა რუსეთი 3 მაისს დაადანაშაულა. საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ამბობდა, რომ მოსკოვის ნაბიჯები "მიუღებელია და არ დარჩება უშედეგოდ".

ბერლინის ბრალდებებს მოსკოვი უარყოფს.

ხვალ, 7 მაისს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია გაიმართება. ღონისძიებაზე მოსაწვევები მიიღეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა. მონაწილეობაზე უარი ღიად თქვეს ბალტიის ქვეყნებმა, ჩეხეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ.

 

„ჰამასმა“ განაცხადა, რომ გადაწყვიტა, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას - მედია

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ორშაბათს საღამოს განაცხადა, რომ გადაწყვიტა, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას.

ტერორისტული ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანია ესაუბრა კატარის პრემიერ-მინისტრსა და ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელს და აცნობა მათ „ჰამასის“ თანხმობის შესახებ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე“.

განცხადებაში არ არის ნათქვამი, თუ რა პირობებზეა საუბარი.