... ... კამალა ჰარისი შესაძლოა მომავალ კვირას ზელენსკის შეხვდეს

კამალა ჰარისი შესაძლოა მომავალ კვირას ზელენსკის შეხვდეს

CNN სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვიცე-პრეზიდენტი და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, კამალა ჰარისი შესაძლოა მომავალ კვირას, ვაშინგტონში, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს.

შეხვედრა ტარდება შეშფოთების ფონზე, თუ რა გავლენას მოახდენს ამერიკის არჩევნების შედეგები რუსეთ-უკრაინის ომზე და აშშ-ის პოლიტიკაზე უკრაინის მიმართ.

ოთხშაბათს კითხვაზე, შეხვდება თუ არა ჰარისი ზელენსკის მომავალ კვირას, ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ შესაძლოა, თუ შესაძლებლობა გაჩნდება.

"ვიცი, რომ ის რამდენიმეჯერ შეხვდა პრეზიდენტ ზელენსკის პირისპირ და ვიცი, რომ მას ტელეფონით ესაუბრა. მე ეჭვი არ მეპარება, რომ თუ შესაძლებლობა გამოჩნდება და ორივეს შეეძლება კიდევ ერთხელ ისაუბრონ, ისინი ამას გააკეთებენ", - თქვა კირბიმ.

ჰარისი, პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად, ორშაბათს თეთრ სახლში ასევე შეხვდება არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტს, რათა განიხილონ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულობა, სუდანის კრიზისი და ორმხრივი და რეგიონალური საკითხები, თქვა კირბიმ.

ჰარისის საპრეზიდენტო კონკურენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ის "ალბათ" მომავალ კვირას შეხვდება ზელენსკის. ზელენსკი მომავალ კვირას ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე ჩავა.