... ... hotnews.ge - არჩევნები 2024

არის საფუძველი, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინსტიტუციას საარჩევნო უბნის შექმნაზე მომართოს - ცესკოს თავმჯდომარე

უცხოეთში, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 ათასი ამომრჩეველი არის საფუძველი იმის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინსტიტუციას მომართოს საარჩევნო უბნის შექმნასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო უბანი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე იქმნება.

„იმ ამომრჩევლებს, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, შესაძლებლობა აქვთ კენჭისყრის დღემდე, არაუგვიანეს მე-19 დღისა, მომართონ საარჩევნო ადმინისტრაციას, იმ უბნებს, რომელიც შექმნილი იქნება შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში და არჩევნებში მონაწილეობის მიზნით გაიარონ სათანადო რეგისტრაცია.

აუცილებელია შევახსენოთ უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო უბანი იქმნება დიპლომატიურ წარმომადგენლობაში. ასეთია ქართული გამოცდილება, ასეთია ქართული საკანონმდებლო მოწესრიგება და ასეთია გლობალურად საკითხთან დაკავშირებით მიდგომა იმ ქვეყნებში, რომლებიც ქმნიან საარჩევნო უბნებს უცხოეთში მათი თანამემამულეების არჩევნებში მონაწილეობის კუთხით.

მინდა ვთხოვო ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ ნუ შევიყვანთ ჩვენს თანამემამულეებს შეცდომაში. ჩვენ ვაკეთებთ მთელ საინფორმაციო კამპანიას, რომ მაქსიმალურად დიასპორებში განხორციელდეს სარეკლამო რგოლების განთავსება და წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო აქტიურები ვიქნებით, რადგან საზოგადოების სწორად ინფორმირება მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.

NDI 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გრძელვადიანი შეფასების მისიას იწყებს

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის გრძელვადიანი შეფასების მისია დაიწყო. NDI-ის გრძელვადიანი შემფასებლების გუნდი ხუთი ანალიტიკოსის, მისიის ხელმძღვანელისა და მათი თანაშემწეებისგან შედგება.

გრძელვადიანი ანალიტიკოსები თბილისში 22 ივლისის კვირაში ჩამოვიდნენ და საქართველოში ნოემბრის ჩათვლით დარჩებიან. გუნდი არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემატურ საკითხს შეისწავლის, მათ შორის: საარჩევნო კამპანიის პროცესს, საარჩევნო ადმინისტრაციას, მედიასა და საინფორმაციო გარემოს, აგრეთვე გენდერისა და ინკლუზიის საკითხებს.

გუნდი ასევე შეხვდება მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კერძო მედიის წარმომადგენლებს.

„აღნიშნული მისია არის NDI-ის წინასაარჩევნო შეფასების მისიის გაგრძელება და წარმოადგენს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ორგანიზებული ფართო საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო პროგრამის ნაწილს. მომავალი თვეების განმავლობაში NDI აქტიურად იქნება ჩართული საარჩევნო პროცესების გაძლიერებაში და რეკომენდაციების შემუშავებისას გრძელვადიანი ანალიტიკოსების მიგნებებს დაეყრდნობა.

NDI-ის გრძელვადიანი შეფასების მისია საქმიანობას მიუკერძოებლად და პროფესიონალურად, საქართველოს კანონმდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად განახორციელებს“, - ნათქვამია პრესრელიზში.

ტელეკომპანია „პირველის“ წამყვანმა და ჟურნალისტმა, ასევე ტელეკომპანია „მთავარის“ წამყვანმა ცესკო-ს თავმჯდომარის მიმართ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები დაარღვიეს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის წამყვანმა, ნოდარ მელაძემ, ჟურნალისტმა, მაკა ჩიხლაძემ და ტელეკომპანია „მთავარის“ წამყვანმა, ეკა კვესიტაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის მიმართ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები დაარღვიეს. ამის შესახებ აღნიშნულია ცესკო-ს განცხადებაში.

ცესკო-ს ცნობით, ქარტიის საბჭომ გიორგი კალანდარიშვილის მიმართვის საფუძველზე იმსჯელა.

„ტელეკომპანია „პირველის“ შემთხვევაში ქარტიის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ „საბჭომ იმსჯელა სიუჟეტში აღწერილ გარემოებებზე, გასაჯაროებულ ფაქტებზე და ის მიიჩნევს, რომ სიუჟეტი ერთობლიობაში არის მანიპულაციური და საზოგადოებისთვის ისეთი გზავნილების მიწოდებას ემსახურება, რომელთა ნაწილიც არ არის სათანადოდ გადამოწმებული და დადასტურებული“.

საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ დაირღვა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ისეთი მნიშვნელოვანი პრინციპები, რომლებიც შეეხება ინფორმაციის სიზუსტეს (პირველი), ინფორმაციის შესწორებას (მე-5), დისკრიმინაციის თავიდან აცილებას (მე-7) და ბავშვთა უფლებების დაცვას (მე-8).

აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, საბჭო მიიჩნევს, რომ მიკერძოებული ტექსტების, სიუჟეტის მანიპულაციური წყობით, სათანადოდ გადაუმოწმებელი ფაქტების ერთობლიობით, მასალის ავტორებმა პატივი არ სცეს აუდიტორიას, სათანადოდ არ გადაამოწმეს ფაქტები და ქარტიის პრინციპები დაარღვიეს. საგამოძიებო პროდუქტში მსგავსი საეჭვო და გადაუმოწმებელი ფაქტის ერთგვარ ბრალდებაზე მინიშნების ფორმით ჩვენება მაღალ ჟურნალისტურ სტანდარტს არ შეესაბამება და ისევ მანიპულაციას და საზოგადოების უპატივცემულობას წარმოადგენს.

სადავო სიუჟეტი ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ 2024 წლის 2 მარტს გავიდა და ეხებოდა გიორგი კალანდარიშვილისა და მისი ოჯახის ქონებას.

გადაწყვეტილება 2024 წლის 22 ივლისს გამოქვეყნდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დღეს გამოქვეყნდა ინფორმაცია ამავე თემაზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის კიდევ ერთი გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც, „მთავარი არხის” ჟურნალისტმა, ეკა კვესიტაძემ გიორგი კალანდარიშვილთან მიმართებაში ასევე დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5 და მე-8 პრინციპები. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის 2 აპრილს გადაცემაში „განსხვავებული აქცენტები“ ჟურნალისტმა ცესკო-ს თავმჯდომარის შესახებ ინფორმაცია მანიპულაციურად და არასწორად, გადამოწმების გარეშე გააშუქა, ასევე უგულებელყო ბავშვის უფლებების დაცვის პრინციპი.

აღსანიშნავია, რომ, გარდა ზემოაღნიშნულისა, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერში გასულ დეზინფორმაციულ რეპორტაჟებთან დაკავშირებით ცესკო-მ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“ რვაჯერ მიმართა. ექვს შემთხვევაში ორგანიზაციამ დაადგინა, რომ რეპორტაჟებში დარღვეული იყო ქარტიის პრინციპები“, – აღნიშნულია ცესკო-ს განცხადებაში.

ქართული ოცნება საარჩევნო სიას ცესკოში 2 თვეში, ბოლო დღეს წარადგენს - ირაკლი კობახიძე

„სამი თვე არის დარჩენილი არჩევნებამდე. სიის წარდგენამდე დარჩენილია ორი თვე და ტრადიციულად, ბოლო დღეს შეაქვთ ხოლმე პოლიტიკურ პარტიებს სიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში - ჩვენც ასე ვიმოქმედებთ -  სია შევა იურიდიულად გათვალისწინებულ ბოლო დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, თუმცა მანამდე სიის გარკვეული ნაწილი, ალბათ, საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.

სიას ადგენს პარტიის პოლიტიკური საბჭო, როგორც ეს არის გათვალისწინებული პარტიის წესდებით. როგორ შედგება ეს სია, ვინ რა ნომერზე იქნება წარდგენილი, ამას გადაწყვეტს პოლიტსაბჭო. ვიდრე არ მიიღებს პოლიტსაბჭო გადაწყვეტილებას, ჩვენ ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებთ

რაც შეეხება რეგიონებში გასვლას, ჩვენ ალბათ აგვისტოს დასაწყისიდან გავალთ რეგიონებში, გვექნება შეხვედრები მოსახლეობასთან. სხვადასხვა ფორმატში გაიმართება ეს შეხვედრები. წინასაარჩევნო პერიოდი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მჭიდრო, უშუალო კომუნიკაცია ჰქონდეთ ჩვენს წარმომადგენლებს მოსახლეობასთან და ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოვიყენებთ.

ჩვენი მთავარი დაპირება არის ჩვენი საარჩევნო სლოგანი - ჩვენ ღირსებით გავაგრძელებთ ევროპისკენ სვლას, მიუხედავად სერიოზული წნეხისა, რომელიც გაგრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. “

ამბობს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან.

ცესკომ მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა

ცესკომ უზენაესი, სააპელაციო, საქალაქო და რაიონული სასამართლოების ადმინისტრაციული საქმეების განმხილველ მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა. ღონისძიება სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილმა, ცესკოს თავმჯდომარემ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს საპარლამენტო და საარჩევნო თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა გახსნეს.

კენჭისყრის პროცესში საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების პროცესის შესახებ შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ესაუბრა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ყველა იმ აქტივობაზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების ადმინისტრირების მიზნით ახორციელებს. გაიმართა საარჩევნო ელექტრონული აპარატურის დემონსტრირებაც და მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მათი მუშაობა პრაქტიკაში ენახათ.

საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრირება ამჯერად თეატრებში მიმდინარეობს

საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრირება თეატრებშიც დაიწყო.

საარჩევნო სიახლეებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ პირველი საინფორმაციო შეხვედრა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში გაიმართა.

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა თეატრის დასსა და თანამშრომლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ.

გაიმართა ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.

ცესკოს თავმჯდომარე და მოადგილე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მოადგილე გიორგი შარაბიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობა იყო.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს და არაერთ საქმიანობას ახორციელებს იმისთვის, რომ პარლამენტის არჩევნები ელექტრონული აპარატების გამოყენებით მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო.

გიორგი კალანდარიშვილმა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ასევე გააცნო ინფორმაცია საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტის შესახებ, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

გიორგი კალანდარიშვილმა ასევე ისაუბრა კომპანია „სმარტმატიკთან“ თანამშრომლობის შესახებ, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას 26 ოქტომბრის არჩევნებზე საარჩევნო ელექტრონული აპარატებითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით მოემსახურება. აღნიშნულ კომპანიას 36 ქვეყანაში არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება აქვს.

ცესკოს თავმჯდომარემ სადამკვირვებლო მისიას დეტალურად გააცნო საარჩევნო ელექტრონული საშუალებების საერთაშორისო აუდიტის შედეგებიც. მისი თქმით, 2023 წლის 1-ელ ოქტომბერს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართული შუალედური/რიგგარეშე არჩევნების და აღნიშნულ არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტი საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანია „Pro V&V“-მ განახორციელა.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ელექტრონული აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა, საერთაშორისო სტანდარტებთან, საქართველოს კანონმდებლობასთან და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან შესაბამისობაში იყო.

შეხვედრაზე ისაუბრეს დეზინფორმაციაზე როგორც გლობალურ გამოწვევაზე და მასთან გამკლავების გზებზე. ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს ამ კუთხით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიდგომა და პრაქტიკა გააცნო, რითაც უწყება საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს.

შეხვედრის მიმდინარეობისას გაიმართა დისკუსია. მონაწილეებმა აქტუალურ საარჩევნო საკითხები განიხილეს და მოსაზრებები გაცვალეს. შეხვედრის დასასრულს, ცესკოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობას 26 ოქტომბრის არჩევნებში. მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციას, როგორც ღია და გამჭვირვალე უწყებას, ყოველთვის ჰქონდა და მომავალშიც ექნება მჭიდრო თანამშრომლობა სადამკვირვებლო მისიებთან, რაც არჩევნების მთლიანობის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია უკვე დაიწყო. IRI-ის 20 გრძელვადიანი დამკვირვებელი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაფარავს საარჩევნო ოლქებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ცესკომ ეროვნული ბანკის თანამშრომლებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნო

ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საარჩევნო სიახლეებსა და ელექტრონულ ტექნოლოგიებს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები გაეცნენ. საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა.

მან 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ისაუბრა. გაიმართა საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.

„ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას და აპარატის თანამშრომლებს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია იმ საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ, რომლებიც გამოყენებული იქნება 26 ოქტომბრის არჩევნებზე. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში განხორციელდა. იყო არაერთი კითხვა და მონაწილეებმა დეტალური და ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე. თეორიულ ინფორმაციასთან ერთად მათ, ასევე, ჰქონდათ შესაძლებლობა, პრაქტიკაში გამოეცადათ ტექნოლოგიური საშუალებები“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.
„ჩვენ ძალიან დიდი ინტერესით ვუსმენდით ცესკოს გუნდის მიერ ჩატარებულ პრეზენტაციას. მართლაც, უამრავი სამუშაოა ჩატარებული, საარჩევნო პროცესი სრულიად განახლებულია, ეყრდნობა ახალ ტექნოლოგიებს. ვფიქრობ, საკმაოდ მარტივია, ძალიან ლოგიკურად არის აწყობილი. ამასთან, გვეხმარებიან სპეციალურად მომზადებული ადამიანები. ვფიქრობ, საარჩევნო უბანზე მისული არცერთი ამომრჩეველი არ დარჩება ყურადღების გარეშე და საკმაოდ მარტივად შეასრულებს თავის მოქალაქეობრივ ვალს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. დღეის მდგომარეობით უკვე ინფორმირებულია 500 000-მდე ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში 6 ივლისიდან საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება მიმდინარეობს. ახალი პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში, წინასწარ განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე, ყოველ შაბათ-კვირას გამართულ შეხვედრებზე ამომრჩევლებს საშუალება აქვთ პირადად გაეცნონ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას.

არჩევნებში მონაწილეობისთვის, რეგისტრაციის მოთხოვნით 28 პოლიტიკურმა გაერთიანებამ მოგვმართა - ცესკოს განცხადება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.

ცესკოს რეგისტრაციის მოთხოვნით 28 პოლიტიკურმა გაერთიანებამ მომართა, საიდანაც უკვე რეგისტრირებულია 9 პოლიტიკური პარტია, ხოლო რეგისტრაციის პროცედურებს გადის 19.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად პარტია ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია.

გარდა ზემოაღნიშნული პოლიტიკური პარტიებისა, 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ პარტიებს რომლებიც აკმაყოფილებენ საარჩევნო კოდექსით დადგენილ პირობებს. კერძოდ, პარტიებს რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე და საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დროისათვის ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.

აღნიშნულ მოთხოვნას შემდეგი პარტიები აკმაყოფილებენ:

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
 ლელო საქართველოსთვის
ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი
ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი
კანონი და სამართალი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
საქართველოს ევროპელი დემოკრატები
საქართველოს რესპუბლიკური პარტია
მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის
პროგრესი და თავისუფლება.
 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ეზრა ზეია ცესკოს თავმჯდომარეს შეხვდა

ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, უზრა ზეიას შეხვდა.

ცესკოს ინფორმაციით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართული შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები იყო.

მათივე ცნობით, შეხვედრის განმავლობაში ცესკო-ს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით დანერგვის შესახებ. როგორც მან აღნიშნა საარჩევნო ადმინისტრაცია 2024 წლის პარლამენტის არჩევნების ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად ემზადება, შესაბამისად, აღნიშნული არჩევნების ადმინისტრირების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო პარტნიორებთან და არჩევნებში ჩართულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობა.

„თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიამ მოისმინა ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ. მხარეებმა ასევე განიხილეს პროცესზე ობიექტური და რეალურად ნეიტრალური სადამკვირვებლო მისიების არსებობის მნიშვნელობა და როლი“, – აღნიშნულია ცესკო-ს ინფორმაციაში.

იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრის იმიტირებული პროცესია მოწყობილი, 47 000-ზე მეტი პირი დარეგისტრირდა, რაც ამ სიახლის ფონზე მაღალი გამოხმაურებაა - გიორგი კალანდარიშვილი

საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, კონკრეტულ აქტივობებს ცენტრალური საარჩევნო კომისია განაგრძობს.  ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, მოსახლეობის ინტერესი ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით მაღალია:

„იმ საარჩევნო უბნებზე სადაც კენჭისყრის იმიტირებული პროცესია მოწყობილი, რეგისტრირებულ პირთა რაოდენობამ შეადგინა 47 000-ზე მეტი დაინტერესებული პირი, რაც ამ სიახლის ფონზე არის მაღალი გამოხმაურება. ამ პროექტის შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება მასშტაბები და არჩევნების დღემდე განხორციელდება ისეთი ფართომასშტაბიანი კამპანიები, რომლებიც ფაქტობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით დაფარავს ამომრჩევლების ძალიან დიდ რაოდენობას, რაც ქართული არჩევნების ისტორიაში უპრეცედენტო იქნება. მივმართავ ყველა ამომრჩეველს, პოლიტიკურ პარტიებს, სხვა ჩართულ მხარეებს, რომ ხელი შეუწყონ ინსტიტუციას ამომრჩევლებამდე ინფორმაციის მიტანაში“

საარჩევნო ადმინისტრაციამ დღეიდან საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება დაიწყო

ცესკომ დღეიდან საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება დაიწყო.

ერთ-ერთ იმიტირებულ საარჩევნო უბანზე დღეს ცესკოს თავმჯდომარე იმყოფებოდა. გიორგი კალანდარიშვილი პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და მონაწილეებს პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მან აღნიშნა ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი პროექტი.

„ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია დღეიდან ახალ ეტაპზე გადავიდა. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების ფარგლებში ნებისმიერ ამომრჩეველს აქვს საშუალება პირადად მიიღოს მონაწილეობა იმიტირებულ კენჭისყრაში და არჩევნებამდე გაეცნოს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. სასიხარულოა, რომ ჩვენი მოქალაქეები აქტიურად დაინტერესდნენ, დღეისათვის 47 000-ზე მეტ ამომრჩეველს აქვს გავლილი შესაბამისი რეგისტრაცია. აღნიშნული კამპანია მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მინდა მოვუწოდო ამომრჩევლებს, გაიარონ რეგისტრაცია სასურველ ლოკაციაზე და ისარგებლონ ამ შესაძლებლობით“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების მიზანია ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაა. პროექტი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს ითვალისწინებს და პასუხობს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) რეკომენდაციას საარჩევნო ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბით ტესტირების შესახებ.

პროექტი 6 - 28 ივლისის პერიოდში, ყოველ შაბათ-კვირას 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში, თბილისსა და რეგიონებში მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში მდებარე წინასწარ განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე ხორციელდება.

„მონაწილეობის მსურველებმა, 2024 წლის ელექტრონული წესით უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://calendly.com/d/ck3d-mpp-4v6 და აირჩიონ სასურველი თარიღი და დრო. დეტალური ინსტრუქცია განთავსებულია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში, კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით კონტაქტ - ჰაბის ნომერზე 2 51 00 51.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის შედეგად პარლამენტის მორიგი და ყველა შემდგომი არჩევნები საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება და მოახლოებული არჩევნებისთვის ამომრჩეველთა თითქმის 90% საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. იცვლება ამომრჩევლის ვერიფიკაციის (რეგისტრაციის) და ხმის მიცემის პროცედურები. ინფორმირების მასშტაბური კამპანია, რომელიც ასევე ეხმიანება საერთაშორისო სტანდარტებსაც და რეკომენდაციებს, საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთო არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო. საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. აღსანიშნავია რომ ამ დროისათვის 3 000-ზე მეტი შეხვედრა ჩატარდა და ინფორმირებულია 400 000-მდე ამომრჩეველი“, - აცხადებენ ცესკოში.