„ტვ პირველის“ ექსკლუზივი: როგორ დაგეგმა 31 წლის კაცმა ყოფილი ცოლის გაუგონარი მკვლელობა - "ნოდარ მელაძის შაბათმა" რეზონანსული საქმის ჩანაწერები მოიპოვა. ფარულ აუდიო-ჩანაწერებით დგინდება, რომ მკვლელობაში ბრალდებული, ნიკა ლაჩაშვილი პოლიციას და სასტიკად მოკლული ცოლის ოჯახის წევრებს სამი დღის განმავლობაში არწმუნებდა, რომ ყოფილი მეუღლის გაუჩინარების და შემდეგ მკვლელობის შესახებ არაფერი იცოდა.
არადა საქმის მასალების თანახმად, 27 წლის მარიტას დასახიჩრებული გვამი ამ დროს ჯერ კიდევ ავტომობილის საბარგულში ჰქონდა გადამალული და მის საბოლოოდ მოშორებას გეგმავდა.
“შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებულ აუდიო ფაილებში ბრალდებული მოკლული ცოლის დას ელაპარაკება და არწმუნებს, რომ მარიტა ცოცხალია.
"გავისეირნეთ ღადაობით ჩამოვედით სახლამდე, ვიდეოშიც ჩანს როგორ ვტოვებ, სადარბაზოსთან დავტოვე, ოღონდ იმინა სადარბაზოსთან არა, ხომ იცი სადაც ვტოვებ ხოლმე, გვერდზე რა, ავიდა სახლში გოგო ცოცხალია და ესენი მე მაწვებიან შენ გააქრეო" - ისმის ჩანაწერში, რომელიც 4 ივნისით თარიღდება.
3 ივნისს მარიტა დილიდან სამსახურში იყო ის ერთ-ერთ სუპერმარკეტში კონსულტანტად მუშაობდა. სამსახურიდან გამოსული მეგობარს შეხვდა და საშოპინგოდ წავიდა. სახლში დაბრუნებულს კი ყოფილმა ქმარმა დაურეკა და შეხვედრა სთხოვა.
ნიკა ლაჩაშვილის ავტომობილი მარიტას სახლთან თემქაზე, საღამოს 11 საათზე გაჩერდა. 27 წლის ქალის დედამ მარიტას გაუჩინარების ამბავი 10 წლის შვილიშვილისგან 4 ივნისს დილით გაიგო. მას ბავშვმა დაურეკა და უთხრა რომ დედა ღამე სახლში არ მივიდა.
იტალიიდან დედა და ოჯახის წევრები მარიტასთან დაკავშირებას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ, არაერთი უპასუხო ზარის შემდეგ, დედას მოულოდნელად მარიტას ტელეფონზე უცხო მამაკაცმა უპასუხა, უთხრა, რომ ტელეფონი კუკიას სასაფლაოზე შემთხვევით მისმა ოჯახის წევრმა იპოვა.
სანამ მარიტას მეგობრები პოლიციაში მივიდოდნენ მოკლულის და ყოფილ სიძეს დაუკავშირდა. იცოდა, რომ ბოლოს მარიტა სახლიდან მასთან შესახვედრად გავიდა. ნიკა ლაჩაშვილმა ყოფილს ცოლთან ერთად კუკიაზე ყოფნა დაადასტურა და ცოლის დას აუდიო შეტყობინება გაუგზავნა, უთხრა, რომ მარიტა სახლში გვიან ღამით დატოვა, მობილური ტელეფონი კი სავარაუდოდ დაკარგა.
კუკიას სასაფლაოს ტერიტორიაზე იმ დღეს ნიკა ლაჩაშვილი და მარიტა მაზიაშვილი ნამდვილად იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, ყოფილმა ქმარმა მარიტა იქ შვილის საფლავზე აიყვანა. წყვილს 8 წლის წინ, ჩვილი ჰყავთ გარდაცვლილი და ის ამ სასაფლაოზეა დაკრძალული. არსებობს ვერსია, რომ დაპირისპირება თავდაპირველად ყოფილ ცოლ-ქმარს შორის სწორედ ბავშვის საფლავზე დაიწყო, თუმცა ეს არაოფიციალური ვერსიაა.
ყოფილ-ცოლ ქმარს შორის როგორც ჩანს ფიზიკური დაპირისპირება საბოლოდ ავტომობილში გაგრძელდა. მოკლულის დედა ამბობს, რომ ცხედარს მრავლობითი დამიზნებები აქვს. ნაკაწრები აქვს თავად დაკავებულსაც, რაც აჩენს ვარაუდს, რომ მარიტა თავს იცავდა და წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა.
ოჯახის ინფორმაციით, საბოლოოდ, ნიკა ლაჩაშვილმა საკუთარი შვილის დედა ავტომობილში ზონარით გაგუდა. მისი ცხედარი კი კუკიას სასაფლაოზე წყლის არხში ჩააგდო, მობილური მოშორებით გადააგდო და ტერიტორია დატოვა.
პოლიცია და ოჯახი კი მარიტას ამ დროს ყველგან ეძებდა. სამძებრო ღონისძიებაში ოჯახთან ერთად ჩაერთო ნიკა ლაჩაშვილიც. ის იმყოფებოდა გამოკითხვაზეც, თუმცა პირველი დაკითხვის დროს ის არ დაუკავებიათ. მეორე დღეს პოლიციიდან გამოსულმა კი როგორც ჩანს, ცხედრის უფრო საიმედოდ გადამალვა გადაწყვიტა, ამიტომ კუკიას სასაფლაოზე დაბრუნდა, ყოფილი ცოლის გვამი ავტომობილის საბარგულში ჩადო და გლდანის მიმართულებით წავიდა. პარალელურად კი მოკლულის დას შეტყობინებებს უგზავნიდა და უმტკიცებდა, რომ პოლიციაში მასზე ზეწოლა განხორციელდა.
საქმის პროკურორი, გიორგი შაიშმელაშვილი "შაბათის ეთერთან" ამბობს, გლდანში მისულმა ბრალდებულმა ყოფილი ცოლის ცხედარი წინასწარ ნაქირავებ ავტომობილში გადადო და გლდანის ხევის მიმართულებით წასვლა გადაწყვიტა. საბოლოოდ 31 წლის კაცმა 27 წლის ყოფილი ცოლი გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხევში გადააგდო.
ამის შემდეგ ახალგაზრდა კაცი თბილისში დაბრუნდა და ისევ ცოლის სამძებრო ოპერაციაში ჩაერთო. მარიტას დედა ვარაუდობს, რომ გვამის მოშორებაში ნიკას თანამზრახველი ჰყავდა. ირკვევა ისიც, რომ ჯერ კუკიიდან ცხედრის გადაყვანის დროს, შემდეგ კი ნაქირავები ავტომობილით გლდანის ხევისკენ მიმავალს ავარიაც კი მოუვიდა, თუმცა რატომღაც ეს ფაქტი საპატრულო პოლიციას არ გაუგია.
საბოლოოდ, ნიკა ლაჩაშვილი პოლიციამ მკვლელობიდან მესამე დღეს, განყოფილებაში დააკავა. მას გამოძიებამ პირდაპირ კითხვები დაუსვა და საბოლოოდ, ცოლის მკვლელობა აღიარა. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს კი ადგილი სადაც მარიტას ცხედარი გადააგდო სამართალდამცავებს თავად უჩვენა.
მკვლელობის მოტივად გამოძიება ცოლ-ქმარს შორის არსებულ კონფლიქტს ასახელებს - ყოფილ ქმართან რომ მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე მარიტას დაპირისპირება ჰქონდა, ამას "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული აუდიო ჩანაწერიც ადასტურებს. მოკლული ქალი მეგობრისთვის გაგზავნილ ჩანაწერში თავად ჰყვება, რომ ნიკა ლაჩაშვილი მას 8 წლის წინ მომხდარი შემთხვევის გამო ეჩხუბა. ამ ფაქტს კი მათი შვილიც ესწრებოდა.
დაკავებულის ოჯახი, პირველ ინტერვიუში ნიკა ლაჩაშვილის დედა ირწმუნება, რომ ცოლ-ქმარს ბოლო პერიოდში კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და შერიგებას აპირებდნენ.
აღიარებითი ჩვენების მიუხედავად დედას არ სჯერა, რომ მისმა შვილმა ყოფილი ცოლი მოკლა. ქალი ამბობს, რომ სამი დღის განმავლობაში სანამ მარიტას ცხედარს პოლიცია ხევში აღმოაჩენდა, ნიკა ლაჩაშვილი ცხოვრებას ჩვეულებრივად აგრძელებდა და ის ყოფილ ცოლს ყველგან ეძებდა. საეჭვო არაფერი შეუმჩნევია არც მკვლელობის დღეს, როდესაც ბრალდებული კუკიას სასაფლაოდან დაბრუნდა.
წყარო:ტვ პირველი