... ... hotnews.ge - მსოფლიო

აშშ უკრაინისთვის 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

აშშ უკრაინისთვის 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.

ეს იქნება უკრაინის სამხედრო დახმარების მეოთხე ტრანში მას შემდეგ, რაც კონგრესმა გასული თვის ბოლოს მიიღო საგარეო დახმარების შესახებ კანონპროექტი.

სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შედის HIMARS-ის სისტემები, ასევე 155 მმ და 105 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები.

ამჟამინდელი მთავრობა ევროკავშირთან მიმართებაში იუდად მიმაჩნია და გადავწყვიტე, მემოქმედა-ფიცოზე თავდამსხმელი

იურაი ცინტულამ, რომელმაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს გასულ კვირას ესროლა, დაკითხვისას განაცხადა, რომ არ სურდა ფიცოს მოკვლა, არამედ მხოლოდ ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, რადგან ის არ ეთანხმებოდა სლოვაკეთის პრემიერის პოლიტიკას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

სასამართლო დოკუმენტის მიხედვით, ცინტულამ განაცხადა, რომ ფიცოს მთავრობის გადაწყვეტილებების შემდეგ თავს უძლურად და იმედგაცრუებულად გრძნობდა საზოგადოების მდგომარეობის გამო და არ ეთანხმებოდა დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკას.

მისი თქმით, მას სურს, რომ სლოვაკეთის მიერ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევა აღდგეს, ხოლო დღევანდელ ხელისუფლებას ევროკავშირთან მიმართებაში იუდად მიიჩნევს და ამიტომ გადაწყვიტა, ემოქმედა.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდამსხმელი, სასამართლო მასალების მიხედვით, დამოუკიდებლად მოქმედებდა. მან ფიცოზე თავდასხმის დაგეგმვა 13 მაისს დაიწყო.

კადიროვის 18 წლის შვილი სპორტის მინისტრი და საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი გახდა

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 18 წლის შვილი, ახმატ კადიროვი საფეხბურთო კლუბ "ახმატის" პრეზიდენტად დაინიშნა. ორი დღის წინ ის რეგიონის სპორტის მინისტრი გახდა.

ახმატ კადიროვი რამზან კადიროვის უფროსი ვაჟია. მანამდე ის სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იყო.

საფეხბურთო კლუბ "ახმატის" პრეზიდენტის თანამდებობა ბოლო 13 წლის განმავლობაში კადიროვის ახლოს წრის წარმომადგენელს, მაგომედ დაუდოვს ეკავა. 15 მაისს დაუდოვმა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაც დატოვა, რომელიც 2015 წლიდან ეკავა. გარდა ამისა, თანამდებობიდან გადადგა ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარე, მუსლიმ ხუჩიევი.

ჩეჩნეთში სახელმწიფო თანამდებობებს კადიროვის შვილები, მისი დები, სიძეები და ნათესავები იკავებენ.

პოლონეთი ქმნის კომისიას, რომელიც ქვეყანაში რუსეთისა და ბელორუსის გავლენას შეისწავლის

პოლონეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ წუხელ სამართალდამცველებმა დააკავეს კიდევ სამი ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით დივერსიული აქტების მოწყობასა და საბოტაჟში. იმავე ბრალდებით ადრე ცხრა პირი დააკავეს.

„ევრონიუსის“ ცნობით, ამ ფონზე პოლონეთის მთავრობის მეთაურმა რუსეთი პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე ხელოვნური მიგრაციით გამოწვეული დაძაბულობის შექმნაშიც დაადანაშაულა.

"დღეს მივიღეთ დადასტურება, რომ პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვარზე დაძაბულობა არ არის გამოწეული არ არის სხვადასხვა ქვეყნიდან გაქცეული ადამიანების სპონტანური გადაადგილებით. ეს მონაცემები ახლა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. 90% - ზე მეტს, ვინც უკანონოდ კვეთს პოლონეთის საზღვარს, რუსული ვიზების მფლობელია“, - განაცხადა დოლანდ ტუსკმა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ასევე, რომ შეიქმნება კომისია, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში პოლონეთში რუსულ და ბელორუსულ გავლენას შეისწავლის. ამ კომისიის მიერ ჩატარებული სამუშაოს წინასწარი შედეგები ზაფხულში გახდება ცნობილი.

მანამდე პოლონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აპირებს 10 მილიარდი ზლოტი (დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარი) ჩადოს რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრების გასაძლიერებლად.

პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკის თქმით სამუშაოები პროექტ "ფარი-აღმოსავლეთის" ჩარჩოებში უკვე დაწყებულია. ტუსკმა აღნიშნა, რომ პოლონეთი, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარეობს, პასუხისმგებელია არა მხოლოდ საკუთარ, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებაზე - განსაკუთრებით ახლა, როცა ევროპის კონტინენტის აღმოსავლეთში სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს, ხოლო რუსეთი და ბელარუსი ევროპული სამყაროსთვის საფრთხედ აღიქმება. 

წყარო: რადიო თავისუფლება 

 

ტორნადოს შედეგად, აშშ-ში, აიოვას შტატში სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა

ტორნადოს შედეგად აშშ-ში აიოვას შტატში სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. სტიქიამ ქალაქ გრინფილდში არაერთი სახლი გაანადგურა.

ადგილობრივი ხელისუფლება ტორნადოს შედეგად ათასობით დაზარალებულს დახმარებას - თავშესაფარს, საკვებსა და წყალს სთავაზობს.

არ არის გამორიცხული დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდოს. სტიქიის ზონაში მობილიზებული არიან მაშველები.

ჯო ბაიდენი პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივ აღიარებას არ ეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ პალესტინის სახელმწიფოს მიღწევა უნდა მოხდეს მოლაპარაკებების გზით და არა ცალმხრივი აღიარებით.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განმარტებით, თითოეულ ქვეყანას შეუძლია მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ, მაგრამ ჯო ბაიდენის თვლის, რომ მხარეთა პირდაპირი მოლაპარაკება საუკეთესო მიდგომაა.

„პრეზიდენტ ბაიდენს მიაჩნია, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა, რომელიც უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას და ასევე პალესტინელი ხალხის ღირსებასა და უსაფრთხოებას, საუკეთესო გზაა რეგიონში ყველასთვის გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად“, - აღნიშნა სალივანმა.

შეგახსენებთ, ირლანდიამ, ესპანეთმა და ნორვეგიამ განაცხადეს, რომ ისინი, მიმდინარე თვეში, პალესტინის სახელმწიფოს აღიარებენ.

29 მაისიდან ნორვეგია რუს ტურისტებს ქვეყანაში აღარ მიიღებს

ნორვეგია რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვებს ამკაცრებს, - ინფორმაციას ნორვეგიის მთავრობა ავრცელებს.

„რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ნორვეგიაში ტურისტული და სხვა არააუცილებელი მიზნით ჩადიან, ნორვეგიაში შესვლა აეკრძალებათ", - ნათქვამია აღნიშნულია ნორვეგიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

„შესვლის წესების გამკაცრების გადაწყვეტილება თანხვედრაშია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიულ ომზე რეაგირებაში მოკავშირეებისა და პარტნიორების გვერდით დგომის მიმართ ნორვეგიის მიდგომასთან“, - აცხადებს ნორვეგიის იუსტიციის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი.

ემილი ენგერ მეჰლი. ახალი წესები 29 მაისიდან ამოქმედდება და შეზღუდვა ვრცელდება როგორც მათზე, ვისაც ნორვეგიის მიერ გაცემული ვიზა აქვს, ასევე შენგენის ზონის სხვა ქვეყნების მიერ გაცემულ ვიზებს.

ამასთან, გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია მათთვის, ვინც რუსეთში მცხოვრები ახლო ნათესავების მოსანახულებლად, სამუშაოდ ან სწავლისთვის მიდის.

„ნორვეგიის ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება სიტუაციას საზღვარზე და სტორსკოგის სასაზღვრო პუნქტზე და მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ზომები მიიღოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საფრანგეთის სენატმა უცხოური ჩარევის შესახებ კანონპროექტი მიიღო

საფრანგეთის სენატმა უცხოური ჩარევის შესახებ კანონპროექტი მიიღო. ინიციატივის მიზნად სპეციალური რეესტრის შექმნა სახელდება, რომელშიც უცხოური ინტერესების ლობისტები დარეგისტრირდებიან. განხილვა დისკუსიის ფონზე მიმდინარეობდა.

კანონპროექტის მომხსენებელმა, სენატორმა ანიეს კანაიემ სიტყვით გამოსვლის დროს აქცენტი საფრანგეთში უცხოური ჩარევის საფრთხეზე გააკეთა.

ფრანგი კანონმდებლები თვლიან, რომ უკვე მიღებული კანონი ხელს შეუწყობს ფრანგული დემოკრატიის შენარჩუნებას განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მტრულად განწყობილი ქვეყნების საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობები გაზრდილია.

გაერთიანებულ სამეფოში საყოველთაო არჩევნები 4 ივლისს გაიმართება

გაერთიანებულ სამეფოში საყოველთაო არჩევნები ნაადრევად, 4 ივლისს გაიმართება, - ამის შესახებ პრემიერმინისტრი რიში სუნაკი საუბრობს. ამბობს, რომ მეფე ჩარლზ მესამემ პარლამენტის დათხოვნის მოწოდება უკვე დააკმაყოფილა.

მას შემდეგ, რაც დღეს თემთა პალატაში მისულმა სუნაკმა არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ნაციონალური პარტიის წევრის, სტივენ ფლინის კითხვა მოისმინა, დაუნინგ სტრიტზე დაბრუნებულმა მინისტრთა კაბინეტის წევრები დაიბარა. სწორედ ამის შემდეგ მიმართა მან მონარქს. 

ცნობისთვის, საყოველთაო არჩევნები 2025 წლის იანვრის ბოლომდე უნდა გამართულიყო, თუმცა ჯერ კიდევ იანვარში, რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ არჩევნები 2024 წლის მეორე ნახევარში გაიმართებოდა, რაც პირველი ივლისის შემდგომ პერიოდს მოიცავს.

თავრიზში პრეზიდენტ რაისის ემშვიდობებიან

ირანში, ქალაქ თავრიზში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულებს ემშვიდობებიან. სამგლოვიარო ცერემონია ქალაქ თავრიზში მიმდინარეობს, სადაც პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ხსოვნას ათასობით ადამიანი აგებს პატივს.

ხვალ სამგლოვიარო ცერემონია დედაქალაქ თეირანში გაიმართება. 23 მაისს კი პრეზიდენტის ცხედარს მის მშობლიურ ქალაქ მეშჰედში გადაასვენებენ, სადაც დაკრძალავენ.

ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლახიანი იმყოფებოდნენ 19 მაისს ჩამოვარდა, როცა ირანის დელეგაცია აზერბაიჯანიდან ბრუნდებოდა. ჩამოვარდნილი ვერტმფრენი 20 მაისის დილას აღმოაჩინეს. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

ავიაკატასტროფაში პრეზიდენტის დაღუპვის გამო ირანში 5-დღიანი გლოვა გამოცხადდა

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ხამენეიმ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის დაღუპვასთან დაკავშირებით ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა.

რაისი საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპა. მათი ვერტმფრენი ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთში ჩამოვარდა, როდესაც ისინი აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციიდან ბრუნდებოდნენ.

როგორც BBC წერს, 63 წლის რაისი უზენაესი ლიდერის პოტენციურ მემკვიდრედ მიიჩნეოდა. 28 ივნისს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.

პრეზიდენტის მოვალეობებს ვიცე-პრეზიდენტი მოჰამედ მოხბერი შეასრულებს. ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი მინისტრის მოადგილე, ალი ბაგერი კანი იქნება.

პრეზიდენტის ვერტმფრენი ავიაკატასტროფაში 19 მაისს მოყვა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი ნისლის პირობებში "უხეშად დაეშვა". ავიაკატასტროფის ადგილი ახლოს მდებარეობს აზერბაიჯანის საზღვართან, სადაც რაისი პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ხვდებოდა. იქ რაისი კაშხლის გახსნაზე იმყოფებოდა. ნისლის, ქარისა და ძლიერის წვიმის გამო შემთხვევის ადგილამდე მაშველების მისვლას გარკვეული დრო დასჭირდა.

ორშაბათს ირანის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ პრეზიდენტისა და ბორტზე მყოფი სხვა პირების ცხედრები იპოვეს.

პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის სამშაბათს ქალაქ ტავრიზში დაკრძალავენ.

 

ნეთანიაჰუ ICC-ს პროკურორის მხრიდან მისი დაპატიმრების მოთხოვნას გმობს

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მკაცრად დაგმო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება, რადგან ჰამასის ლიდერებთან ერთად მისთვის დაპატიმრების ორდერს მოითხოვს.

ნეთანიაჰუს განცხადებით, ის "დემოკრატიული ისრაელის" "მასობრივ მკვლელებთან" შედარებას ზიზღით ეწინააღმდეგება.

ისრაელის ლიდერს მხარი დაუჭირა აშშ-ს პრეზიდენტმა, რომელმაც განაცხადა, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება.

ICC-ის პროკურორი კარიმ ხანი ამბობს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმისა რომ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს ღაზაში ომის შესაძლო დანაშაულებსა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

პროკურორი ასევე სამხედრო დანაშაულებისთვის ჰამასის ლიდერის დაპატიმრების ორდერს მოითხოვს.

ისრაელი და მისი მთავარი პარტნიორი აშშ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრები არ არიან.

ნეთანიაჰუმ, ისრაელის ყველაზე ხანგრძლივმა პრემიერმინისტრმა, დაგმო დაპატიმრების მოთხოვნა, როგორც "აბსურდული და ცრუ ბრძანება". საჯარო განცხადებაში, მან იკითხა ICC-მა "რა სითამამით" "გაბედა" ისრაელი ჰამასს შეადაროს. მან პროკურორი ხანი "მსოფლიოში მძვინვარე ანტისემიტიზმის ცეცხლზე ბენზინის დასხმაში" დაადანაშაულა.

გარდა ამისა, ჰამასი თვითონ მოითხოვს, რომ მათი ლიდერების წინააღმდეგ გაცემული დაპატიმრების ორდერები გაუქმდეს.

"ჰამასი კატეგორიულად გმობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მცდელობებს, გააიგივოს მსხვერპლი ჯალათთან", - ნათქვამია მათ განცხადებაში.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის ლიდერების დაკავების ორდერების გაცემას ითხოვს.

კარიმ ხანი მიიჩნევს, რომ ხსენებულ პირებს ომის დანაშაულები აქვთ ჩადენილი, მას შემდეგ რაც გასული წლის 7 ოქტომბერს ჰამასი ისრალეს თავს დაესხა. ხანი ასევე ითხოვს ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტისა და ჰამასის სამი ლიდერის - იაჰია სინვარის, მუჰამედ ალ-დიეფისა და ისმაილ ჰანიას დაკავების ორდერებს.

პროცედურულად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უნდა განიხილოს კარიმ ხანის მიმართვა, ასევე არსებობს თუ არა საკმარისი მტკიცებულებები, რათა მოხდეს დაკავების ორდერების გაცება, ამას კი კვირები ან თვეები სჭირდება.

კარიმ ხანი ამბობს, რომ ჰამასის ლიდერები დამნაშავეები არიან ადამიანების მკვლელობაში, განადგურებაში, ტყვეების აყვანაში, წამებასა და გაუპატიურებაში.