... ... hotnews.ge - პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალურ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ემანუელ მაკრონმა, მეუღლესთან ერთად, ელისეის სასახლეში უმასპინძლა.

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლდა

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლდა - ამის შესახებ 2024 წლის 24 ივლისით დათარიღებულ მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს პრემიერმა მოიწონა პრეზიდენტის განკარგულება ციხელაშვილის გათავისუფლების შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ციხელაშვილს როტაციის ვადა ამოეწურა.

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2020 წელს დაინიშნა. 

2016-დან 2020 წლამდე ის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრს პოსტს იკავებდა.

კახა კალაძემ „TV პირველის“ წინააღმდეგ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა

თბილისის მერი და მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე „TV პირველის“ წინააღმდეგ აღსრულების ბიუროს მიმართავს. მერი მოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებას.

2022 წლის 30 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დედაქალაქის მერის, კახა კალაძის სარჩელი ტელეკომპანია „TV პირველისა“ და ამ არხის გადაცემა „დღის ამბების“ წამყვან მაია მამულაშვილის წინააღმდეგ. მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მათ კალაძისთვის 15 ათასი ლარის გადახდა და ინფორმაციის უარყოფა დაევალათ. ეს გადაწყვეტილება ზედა ინსტანციის სასამართლოებმა არ შეცვალეს.

„დღეს ჩვენ დავიწყეთ აღსრულება. ალბათ, ხვალ ან ზეგ გაეგზავნება მეორე მხარეს მოთხოვნები და ისინი ვალდებული არიან, რომ მოცემული გადაწყვეტილება აღასრულონ. გადაწყვეტილების შეუსრულებლობა გულისხმობს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას“, - უთხრა ჟურნალისტებს თბილისის მერის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ.

„TV პირველში“, რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება 2023 წლის ნოემბერში მიიღო, მერმა კი აღსრულების ბიუროსთვის მიმართვა რვა თვის შემდეგ, ივლისში გადაწყვიტა. ტელეარხის მთავარი პროდიუსერი, ნოდარ მელაძე ამ პროცესს უკავშირებს კახა კალაძის ქონების შესახებ მასალაზე მუშაობას. სიუჟეტი ეთერში 27 ივლისს უნდა გავიდეს.

„სასამართლოს გადაწყვეტილებაში იკვეთება, რომ თბილისის მერის მიზანი არ ყოფილა ინფორმაციის გასწორება. ამ გადაწყვეტილების მიზანი იყო ფინანსური წნეხის განხორციელება... ტელევიზიას უჭირს საოპერაციო ხარჯების დაფარვაც კი. არხს არ აქვს თავისუფალი თანხა, რომლითაც მოახერხებს ამ ჯარიმის გადახდას“, - უთხრა ნოდარ მელაძემ რადიო თავისუფლებას.

კალაძემ სასამართლო დავა „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში ტელეწამყვან მაია მამულაშვილის გავრცელებული ინფორმაციის გამო დაიწყო. თბილისის მერის წარმომადგენელი ამბობდა, რომ 2022 წლის 5 ივნისს ტელეწამყვანმა წყაროს მითითების გარეშე, მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ კალაძემ ტენდერებიდან 60 მილიონი მიიღო.

კალაძე სასამართლოს სთხოვდა, მოპასუხე მხარეებისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 ათასი ლარის გადახდა და გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაევალებინა. თუმცა, მოსამართლემ არხს მხოლოდ 15 ათასის გადახდა დააკისრა.

პირდაპირი ძალისხმევა იყო, საქართველო ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში, რაც არ გავაკეთეთ, ბოლომდე უნდა დავდგეთ ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე - ირაკლი კობახიძე

იყო პირდაპირი ძალისხმევა, რათა საქართველო ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და ამის გამო კონკრეტული ძალები არიან გაღიზიანებული, თუმცა ჩვენ ბოლომდე უნდა დავდგეთ ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე სუს-ში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა ზომა იქნება მიღებული, რათა ასეთი აქტები არ და ვერ განხორციელდეს.

„როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით, არავის უკვირს რეალურად, რომ ასეთი გეგმები, შეიძლება, ჰქონდეს რადიკალურ ოპოზიციას. საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ გამოძიებას, მაგრამ გასაკვირი ეს ყველაფერი საერთოდ არ არის. მით უმეტეს, მათ შორის, იმ ფონზე, რომ ერთ-ერთი ევროკომისრის პირით ჩვენ გარკვეული მესიჯიც შემოგვითვალეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. პირდაპირი გაფრთხილება იყო, რაც შემდეგ ევროკომისარმა აღიარა კიდეც. ერთადერთი კორექტივი, რაც იყო, მან აღნიშნა, რომ ტყვიას ისროდა არა კონკრეტული მკვლელი, არამედ პოლარიზაცია, რაც გასაგებია, რასაც ნიშნავს. შესაბამისად, ყველაფრის გათვალისწინებით, ამ გზავნილის, საერთაშორისო და ადგილობრივი კონტექსტის და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელწერის გათვალისწინებით, ასეთი რამ არავის უკვირს. ჩვენთვის მთავარია, რომ ყველანაირი ზომა მივიღოთ ასეთი ტიპის აქტების პრევენციისთვის.

ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ ასეთი აქტები არ და ვერ განხორციელდეს. ეს არის სახელმწიფოს ამოცანა. სახელმწიფო სტრუქტურები საქართველოში მუშაობენ გამართულად, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ ასეთ გეგმებს თავიდან ბოლომდე დავუპირისპირდეთ. რაც შეეხება იმას, თუ ვის შეიძლება ჰქონდეს ასეთი ინტერესი, თქვენ ხედავთ, ზოგადად, ვის აქვს არასწორი, რბილად რომ ვთქვათ, ინტერესები საქართველოს მიმართ. იყო პირდაპირი ძალისხმევა იმისათვის, რომ საქართველო ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში, საქართველოში გახსნილიყო მე-2 ფრონტი, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და ამის გამო კონკრეტული ძალები არიან გაღიზიანებული, თუმცა ჩვენ ბოლომდე უნდა დავდგეთ ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძე.

ირაკლი კობახიძე ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

მთავრობის მეთაური ლევილში ვიცე-პრემიერთან, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, თეა წულუკიანთან ერთად იმყოფებოდა.

მინისტრმა პრემიერს მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ამჟამად მიმდინარეობს ლევილის მამულის შატოს რეაბილიტაცია, რომლის სახურავი მთლიანად შეიცვალა. შატოს პირველ სართულზე განთავსდება პირველი რესპუბლიკისა და საფრანგეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის მუზეუმი, მეორე სართულზე კი რვა საცხოვრებელი სივრცე მოეწყობა.

მამულში უკვე დასრულდა გუშაგის სახლის რეაბილიტაცია, სახელოვნებო საცხოვრებლების კეთილმოწყობა; აღდგა 4 ჰა ტერიტორიის გალავნის ავთენტიკური სახე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მომავალი თაობებისთვის მემკვიდრეობის შენარჩუნებას ემსახურება სამუშაოები, რომელიც ახლა ლევილში მიმდინარეობს.

„ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა. რა თქმა უნდა, მამულის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. 2026 წლის ბოლომდე დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენ უნდა შევუნახოთ მომავალ თაობებს ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა და ამას ემსახურება სამუშაოები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

2026 წლის სექტემბრამდე მამულის ტერიტორიაზე მოეწყობა: ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული კუთხე. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ლევილის ისტორიული მამული სრულად აღდგება და კულტურულ-საგანმანათლებლო კერად იქცევა.

პრემიერ-მინისტრმა, ვიცე-პრემიერსა და ლევილის მერთან ერთად, პატივი მიაგო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას ხსოვნას.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ოპოზიციამ გადაწყვიტა, წინასაარჩევნოდ გახდეს „პრორუსული“, ხალხს არაფერი ავიწყდება, მატყუარა პოლიტიკოსებს საზოგადოება მხარს არ დაუჭერს - ირაკლი კობახიძე

ოპოზიციამ გადაწყვიტა, წინასაარჩევნოდ გახდეს „პრორუსული“, ხალხს არაფერი ავიწყდება, მატყუარა პოლიტიკოსებს საზოგადოება მხარს არ დაუჭერს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ პრორუსები გახდნენ და გააკეთონ შესაბამისი განცხადებები, ეს ყველაფერი მეტყველებს ორმაგ სტანდარტებზე. 

„ოპოზიციამ გადაწყვიტა, წინასაარჩევნოდ გახდეს „პრორუსული“. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ პრორუსულ ხელისუფლებად გვაცხადებდნენ იმის გამო, რომ არ დავაწესეთ სანქციები, ვიღებდით რუს ტურისტებს საქართველოში და ა.შ. ახლა რის გამოც გვაცხადებდნენ ჩვენ პრორუსულ ხელისუფლებად, იმას საუბრობენ თავად. საუბრობენ, რომ უნდა ვიყოთ ხელგაშლილი რუსი ტურისტების მიმართ, არ უნდა დავაწესეთ სანქციები რუსეთის მიმართ და ა.შ. დღეს ალბათ ყველამ მოისმინა პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგი ამ თემასთან დაკავშირებით. შალვა პაპუაშვილმა დეტალურად გაიხსენა თითოეული თემა, რომელიც იყო მიმართული იქითკენ, რომ საქართველო გამხდარიყო არამხოლოდ რისკის ქვეშ მყოფი ქვეყანა, არამედ ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში, ეს არის განცხადებები, ეს არის არქივი, რომელსაც ვერ გაექცევიან ეს პოლიტიკური ძალები. დღეს ხედავენ ისინი როგორია საზოგადოების განწყობა. საზოგადოება აფასებს იმ მიდგომას, რომელიც ჰქონდა ჩვენს ხელისუფლებას ამ ორი წლის განმავლობაში, რის გამოც ჩვენ ოპოზიციამ და მათმა მეგობრებმა გამოგვაცხადეს პრორუსულ ძალად და ახლა თავად გადაწყვიტეს, რომ პრორუსები გახდნენ და გააკეთონ შესაბამისი განცხადებები. ეს ყველაფერი ერთი - მეტყველებს ორმაგ სტანდარტებზე და მეორე - ისინი გათვლებს აკეთებენ არასწორად, მათ ჰგონიათ, რომ ხალხი მარტივად შეიძლება, ხალხი მოატყუონ და ხალხს შეიძლება, დაავიწყდეს ის, რაც ხდებოდა გასული ორი წლის განმავლობაში. ხალხს არაფერი ავიწყდება, აქედან გამომდინარე, ისინი იმ 30 პროცენტამდე შედეგსაც ვერ მიიღებენ, მე ასე მგონია, რაც დღემდე ჰქონდათ რეიტინგების მიხედვით. რა თქმა უნდა, მატყუარა პოლიტიკოსებს საზოგადოება მხარს არ დაუჭერს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კეზერაშვილს აქვს მიღებული გარანტიები, იმის სანაცვლოდ, რომ უნდა დახარჯოს ფული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ საქართველოში, რაც არის შემაშფოთებელი მოვლენა - ირაკლი კობახიძე

კეზერაშვილს აქვს მიღებული გარანტიები, იმის სანაცვლოდ, რომ უნდა დახარჯოს ფული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ საქართველოში, რაც არის შემაშფოთებელი მოვლენა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ  ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, გლობალური ომის პარტია აძლევს თავისუფალი მიმოსვლის საშუალებას ევროპაში კეზერაშვილს, ამის სანაცვლოდ მას ევალება საქართველოში რადიკალური ოპოზიციის დაფინანსება.


„კეზერაშვილის მეშვეობით დიდი ხანია ფინანსდება პოლიტიკური პროცესების ოპოზიციური ნაწილი საქართველოში, მათ შორის, საარჩევნო პროცესები. ეს არ არის ახალი მოვლენა. მას აქვს მიღებული გარანტიები, იმის სანაცვლოდ, რომ უნდა დახარჯოს ფული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ საქართველოში, რაც არის ასევე საკმაოდ შემაშფოთებელი მოვლენა, თუმცა მასაც არ აქვს დიდი რესურსი, რომ რაიმე არსებითი გავლენა მოახდინოს საარჩევნო შედეგებზე ჩვენს ქვეყანაში. ვისაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალური ომის პარტიას, მათგან აქვს ეს დავალება მიღებული, ისინი აძლევენ თავისუფალი მიმოსვლის საშუალებას ევროპაში კეზერაშვილს, რომელიც დღემდე ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს, მანამდე ძარცვავდა ქართულ ჯარს, ქართველ ბიზნესმენებს, ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს და ამ პირობებშიც კი მას აქვს უზრუნველყოფილი თავისუფალი მიმოსვლა ევროპაში. ამის სანაცვლოდ მას ევალება საქართველოში რადიკალური ოპოზიციის დაფინანსება. დაახლოებით ერთი წლის წინ მას ჰქონდა შეხვედრა ვიწრო წრეში, სადაც საკუთარ თანამოაზრეებს გააცნო ასეთი გეგმა, ის გეგმავდა 15 მლნ დოლარის დახარჯვას არჩევნებზე. მას ჰქონდა ასევე იმედი, რომ 15 მლნ დოლარს თავს მოუყრიდა მისი მეგობარი „ნაცმოძრაობის“ მოკავშირე ბიზნესმენების დახმარებით და მან თქვა ასეთი რამ დამატებით, ეს არის განსაკუთრებით საინტერესო, რომ 15 მლნ დოლარი ჰქონდა მას მოაზრებული NGO-ების დაფინანსების ნაწილში. რომელ თანხაზე იყო საუბარი, ამაზე საზოგადოებას შეუძლია, იმსჯელოს. ეს იყო ის გაუმჭვირვალე თანხები, რომელიც საქართველოში ხმარდება არჩევნებს, NGO-ების  გავლით. რა თქმა უნდა, მას აქვს ასეთი დავალება, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვერც ეს გეგმა ვერ იქნება წარმატებული, გამომდინარე იქიდან, რომ ყველამ იცის, ვინ არის კეზერაშვილი, ყველამ იცის, ვინ არიან დანარჩენი რადიკალი ოპოზიციონერები, აქედან გამომდინარე, მათ დარჩებათ ის რეიტინგი, მაქსიმუმ, რაც აქვთ დღეს, თუმცა, ეს რეიტინგი მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. ჩვენი ამოცანა იცით, რაც არის - დღეისათვის გვაქვს დაახლოებით 60%, თუმცა გვინდა, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ ეს მაჩვენებელი, იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია.  მაღალი ლეგიტიმაცია გვჭირდება არა მხოლოდ იმისათვის, რომ შემდეგი ოთხი წელი გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა, არამედ, გჭირდება იმისათვის, რომ საქართველოში საბოლოოდ დამარცხდეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც არის გარედან, ხელოვნურად თავსმოხვეული მოვლენა“, - განაცხადა პრემიერმა.

არ შეიძლება, ერთი მხრივ, თუნდაც ფორმალურად გერქვას მიუკერძოებელი დამკვირვებელი და, მეორე მხრივ, პირდაპირ იყო ჩართული ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში-პრემიერი

არ შეიძლება, ერთი მხრივ, თუნდაც ფორმალურად გერქვას მიუკერძოებელი დამკვირვებელი და, მეორე მხრივ, პირდაპირ იყო ჩართული ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ვინც არ უნდა დააფინანსოს რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია, მათი რეიტინგი დარჩება ის, რაც არის.

„არ შეიძლება, ერთი მხრივ, თუნდაც ფორმალურად გერქვას მიუკერძოებელი დამკვირვებელი და, მეორე მხრივ, პირდაპირ იყო ჩართული ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში. ეს აბსოლუტური შეუთავსებლობაა, თუმცა ეს ყველაფერი არსებით გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებზე, მაგრამ დარღვევა რჩება დარღვევად და წინააღმდეგობა რჩება წინააღმდეგობად – არ შეიძლება, გერქვას დამკვირვებელი ფორმალურად მაინც და, ამავდროულად, იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. შედეგზე ეს გავლენას ვერ მოახდენს. ვინც არ უნდა დააფინანსოს რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია, მათი რეიტინგი დარჩება ის, რაც არის. არანაირი რესურსი დღეს შესაბამის ძალებს არ აქვთ იმისათვის, რომ რადიკალურ ოპოზიციას მოუმატონ რეიტინგი, თუმცა ვხედავთ ამის მცდელობას. ეს არის უსუსური მცდელობა, რომ ერთი პროცენტი მაინც მოუმატონ რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, თუმცა ესეც არის წარუმატებლობისთვის განწირული“, – განაცხადა პრემიერმა.

ზურა ჯაფარიძემ კოალიცია "ცვლილებისთვის" საარჩევნო პროგრამის 4 ძირითადი მიმართულება დაასახელა

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ კოალიციის საარჩევნო პროგრამის ოთხი ძირითადი მიმართულება დაასახელა. ქართული ქარტია, ეკონომიკის სწრაფი განვითარება, განათლება და რეგიონების გაძლიერება - ჯაფარიძის თქმით, სწორედ ამ მიმართულებებზე გააკეთებს კოალიცია აქცენტს:

"ჩვენი საარჩევნო პროგრამა არის ყველაფერზე. არის 4 მიმართულება, რომელზეც ჩვენ გავაკეთებთ აქცენტს.

პირველი, ეს არის ქართული ქარტია, რომელზეც ხელი მოვაწერეთ. ჩვენ ვცდილობთ, რომ რაღაც დაპირებას რომ გავცემთ და რაღაცაზე ხელს მოვაწერთ, ისევე, როგორც ვთქვით, რომ 8 ივლისამდე რაღაც ტიპის კონფიგურაციამდე შევჯერდებოდით და ვასრულებთ, მარტო ჩვენ გავაკეთეთ ეს და სხვა არავის გაუკეთებია. 

ქარტიაში გაწერილი ის რეფორმები, რომლებიც გამომდინარეობს ევროკომისიის 9 რეკომენდაციიდან, რომ საქართველომ გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან. 

მეორე მიმართულება - ეკონომიკის სწრაფ განვითარებაზე აქცენტი. უნდა მოხდეს ეკონომიკის გაორმაგება, რაც შემდგომ საფუძველი იქნება სხვა ცვლილებებისთვის ბიუჯეტთან მიმართებით. 

შემდეგი ნაწილი არის განათლების თემა - ჩვენ გვინდა მოვაწყოთ თანამედროვე განათლების სისტემა, სადაც რამდენიმე აქცენტი არის, ჩემთვის მნიშვნელოვანი რაც იყო, აქცენტი კეთდება კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების მაქსიმალურ დერეგულაციაზე. საჯარო რაც დარჩება, იქ თავისუფალი ბაზრის ელემენტების შემოტანაზე, რათა განათლების ხარისხი მუდმივად უმჯობესდებოდეს და ამას არ სჭირდებოდეს ჩარევა. 

ბოლო არის რეგიონების განვითარება, რაც გულისხმობს იმას, რომ ცენტრი არ იყოს ყველაფრის განმკარგავი და მმართველი, ადგილზე გაჩნდნენ მესაკუთრეები და ადამიანებს გაუჩნდეთ სტიმული, რომ ბაზარმა იმუშაოს, რეალურად ჩამოყალიბდეს თვითმმართველობა ადგილზე, რომელიც საკუთარ თავს მიხედავს" - განაცხადა ჯაფარიძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "ღამის მთავარში". 

ირაკლი კობახიძე პარიზში სპორტის სამიტს და ოლიმპიადის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარიზში, ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურებთან ერთად, დაესწრო სამიტს „სპორტი მდგრადი განვითარებისთვის“. 
საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ორგანიზებით გამართული ღონისძიება AFD-ის გენერალური დირექტორის, რემი რიუს სიტყვით გაიხსნა. სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
ღონისძიებამ 500-მდე მონაწილეს უმასპინძლა, რომელთა შორის, სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურებთან ერთად, იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები.
საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე დაესწრო საზეიმო მიღებას, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის სახელით, პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის სტუმარი სახელმწიფო ლიდერების პატივსაცემად, ლუვრში გაიმართა.

პრეზიდენტი საფრანგეთში, ოლიმპიადის გახსნით ღონისძიებაზე დასასწრებად გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში, ოლიმპიადის გახსნით ღონისძიებაზე დასასწრებად, სამუშაო ვიზიტით დღეს გაემგზავრა - ინფორმაციას ადმინისტრაცია ავრცელებს:

"ოლიმპიადის გახსნამდე საქართველოს პრეზიდენტი დღეს, ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო ლიდერებსა და მთავრობის მეთაურებთან ერთად, სპორტის სამიტს დაესწრება, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის მიერაა ორგანიზებული და რომელიც 500-მდე მონაწილეს უმასპინძლებს, მათ შორის სპორტსმენებს და სპორტული მოძრაობის წარმომადგენლებს.
დღესვე საქართველოს პრეზიდენტი ,,პარიზი - 2024" ოლიმპიური თამაშებში მონაწილე ქვეყნების პატივსაცემად გამართულ გალა ვახშამს დაესწრება, რომელიც ლუვრში გაიმართება.
,,პარიზი - 2024“ ოლიმპიადაზე 28 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ისტორიაში ოლიმპიურ თამაშებზე პირველად იასპარეზებს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი." ნათქვამია ინფორმაციაში.
ოლიმპიური თამაშები ხვალ, 26 ივლისს იხსნება.

ხაზარაძეს ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს, დაიმატა ვიღაცები და ეს შანსი მაინც არ გამოუჩნდა-მდინარაძე

არაფერი კონფიგურაცია არ არის, უბრალოდ რასაც დაავალებენ იმას ამბობენ, აკეთებენ, წვალობენ, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილისა და მამუკა ხაზარაძის შესაძლო გაერთიანებაზე დასმულ შეკითხვას.

„გამარჯვების ილუზია თავადვე არ აქვთ. სერიოზული შფოთვა და წვალება მიდის მათი მხრიდან, რომ როგორმე ბარიერი გადალახონ. ცდილობენ რამენაირად ორმა-სამმა პარტიამ გადალახოს საარჩევნო ბარიერი, რომ შემდეგ პარლამენტის შიგნიდანაც გააპროტესტოს არჩევნების შედეგები. გარედან ისედაც აპირებენ, გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ. აუცილებლად იქნება აქციები მათი მხრიდან ახალი, მოგონილი, ყალბი აფერით, რომელსაც ერქმევა დაფინანსებული პროექტი სახელად „არჩევნები გაყალბდა“. რაც შეიძლება მეტმა პარტიამ უნდა გააპროტესტოს არჩევნების შედეგები პარლამენტის შიგნიდან. მეტი მიზანი მათ არ გააჩნიათ. ხაზარაძეს ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს. დაიმატა ვიღაცები და ეს შანსი მაინც არ გამოუჩნდა. მეორე, გადალახავს თუ არა ესეც არ იციან ზუსტად და ახლა მიდის ზრუნვა იმაზე, რომ მესამე ოპოზიციურმა, აგენტურულმა პარტიამ რამენაირად იქნებ გადალახოს ბარიერი. მეტი ახალი ამბავი მათ კონფიგურაციებში არ ხდება, უბრალოდ ცდილობენ ბარიერის გადალახვას“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.