... ... hotnews.ge - საზოგადოება

პროტესტი გრძელდება - "ევოლუშენ ჯორჯიას" გაფიცული თანამშრომელები მე-16 დღეა ღამეებს კარვებში ათენებენ

უწყვეტი პროტესტი გრძელდება - "ევოლუშენ ჯორჯიას" ათობით თანამშრომელი მე-16 დღეა ღამეებს კომპანიის შესასვლელთან ისევ კარვებში ათენებს. თანამშრომლები ღირსეულ სამუშაო პირობებს და ანაზღაურებას ითხოვენ. 

კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიუხედავად, გაფიცული თანამშრომლები აცხადებენ, რომ ყველა მენეჯერი თანამდებობიდან არ გათავისუფლებულა და ეს განცხადება მხოლოდ თვალის ასახვევად გაკეთდა. 

არავინ, არცერთ საკითხთან დაკავშირებით ჩვენთან კონტაქტზე არ გამოსულა. კი კომპანიამ გააკეთა განცხადება, რომ გაათავისუფლეს ის ბულინგში მონაწილე მენეჯერები, მაგრამ ყველა არ გაუთავისუფლებიათ, ნაწილი ისევ მუშაობს. ჩვენი მოთხოვნები ისევ უცვლელი რჩება, ვითხოვთ ისევ შრომის ადამიანურ პირობებს, მენეჯერების გათავისუფლებას და ყველა იმ გაგდებული თანამშრომლების უკან დაბრუნება", - ამბობს გაფიცული თანამშრომელი.

სამეგრელოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 09:45 საათზე, საქართველოში 4.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. 

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი დაბა ჩხოროწყუსთან, სოფელ თაიასთან 3 კილომეტრში მდებარეობდა.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს. სააგენტოს ცნობით, უახლოესი ორი დღის განმავლობაში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.

28 ივლისს სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება და 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

წვიმამ რიკოთზე ისევ პრობლემები შექმნა - გზების დეპარტამენტის განცხადება

წვიმამ რიკოთზე ისევ პრობლემები შექმნა, რამაც ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, რაც მოძრაობა აღდგა: 

"ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მშენებარე მონაკვეთთან გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყალი და ტალახი მყისიერად გაიწმინდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს" ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

უამინდობის გამო, ლარსზე საზღვარი ჩაიკეტა

უამინდობის გამო საქართველოსა და რუსეთს შორის სახმელეთო საზღვარი დაიკეტა - ინფორმაცია ამის შესახებ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება. 

წერენ, რომ ხეობაში მდინარის დონის მატება, გზის ერთ მონაკვეთზე კი ღვარცოფი დაფიქსირდა. ამავე ინფორმაციებით, საზღვარი ხვალ დილამდე ჩაიკეტა. 

ოფიციალურ უწყებებს ჯერჯერობით განცხადებები არ გაუვრცელებიათ. 

ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. დღეს, 26 ივლისს, აბიტურიენტებმა ფიზიკის გამოცდა წერეს. ცენტრის ცნობით, გამოცდაზე დარეგისტრირებულთაგან გამოცხადდა 86%-ზე მეტი. არ ყოფილა დაგვიანების არც ერთი შემთხვევა.

ცენტრი წერს, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებდა.

შედეგები რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

ქედით გადმოსვლა გადავიფიქრეთ დათვის გამო, ჩვენი ფეხით ჩამოვედით ბოლომდე - გიორგი გვიჩიანის პირველი კომენტარი

გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი, რომლებიც 21 ივლისის შემდეგ დაკარგულებად მიიჩნეოდნენ ლენტეხის ცენტრში ჩავიდნენ. გიორგი გვირჩიანმა "მთავარ არხთან" გაიხსენა როგორ განვითარდა მოვლენები. ბიჭები ქვემო სვანეთის სოფელ მწდიმდე ფეხით აპირებდნენ ჩასვლას. გვიჩიანი ყვება, რომ გზაზე დათვი შეხვდათ, რის გამოც მარშრუტი შეცვლას და ქედზე გადასვლის ნაცვლად ტყეში სიარული გააგრძელეს. 

"ძალიან მარტივად, ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, სადაც დაახლოებით 200 მეტრში შეგვხდა დათვი, ქარი ჩვენსკენ უბერავდა, კიდევ კარგი, მაგას აღვნიშნავ, მაგის მერე წამოვყევით ტყეში და ვიარეთ 4 დღე, 5. ტელეფონი დაგვიჯდა ორივეს. [...] კვალი არ აგვრევია, უბრალოდ, ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, ქედით გადმოსვლა გადავიფიქრეთ დათვის გამო და ჩამოვედით ტყეებით, არაფერი არ აგვრევია მოკლედ, ჩვენი ფეხით ჩამოვედით ბოლომდე. ჩამოვედით ტყით, პირველივე ოჯახს ვკითხე მაღაზია და თქვენ გეძებენ სავარაუდოდო", - ყვება გიორგი გვიჩიანი.

სვანეთში დაკარგული ახალგაზრდების ძებნა გრძელდება

სვანეთში დაკარგული ორი კაცის ძებნა დილიდან განახლდა. ოპერაციაში ჩართულია საზღვრის დაცვის პოლიციის ვერტმფრენიც. 

ადგილობრივებმა გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი ბოლოს კვირა დღეს, 21 ივლისს ნახეს. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგანიდან, სადაც ბოლოს შენიშნეს დაკარგულები, ქვემო სვანეთის სოფელ მწდიმდე (სადაც ისინი უნდა ჩასულიყვნენ) გასავლელი ჯამში 28 კილომეტრია. ამ გზის ნახევარი, დაახლოებით 14 კილომეტრი ტყეა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ გაუვალ ტყეში დათვები ბინადრობენ.

სოფელ ზეგანში მცხოვრები თამარ მარგიანი ამბობს, რომ როცა გოგიტა ფარჯიანსა და გიორგი გვიჩიანს გამოელაპარაკნენ, მათ უთხრეს, რომ ქვემო სვანეთში შეხვედრაზე მიდიოდნენ. მარგიანი იხსენებს, რომ ამ გზაზე ახალგაზრდები სხვა დროსაც დაკარგულან, თუმცა ადგილობრივების დახმარებით, გამოუყვანიათ.

სოფელ ლატალის მცხოვრებლები გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი ზემო სვანეთიდან ლენტეხში ტყით, ფეხით მიდიოდნენ. დაკარგულის ახლობლების ცნობით, ახალგაზრდები სახლიდან კვირას, 21 ივლისს გავიდნენ. ორშაბათს ისინი ტელეფონით ოჯახს დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ გზას აცდენენ. ამის შემდეგ მათი კვალი ქრება.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

26 ივლისს ქუთაისში +32 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23. ბათუმში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.

ფოთში დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც წვიმს. დღე +30 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +15 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.

ბორჯომშიც ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი. დღისით +23 იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანია დღე ბაკურიანშიც, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +29 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში წვიმას ვარაუდობენ, დღის განმავლობაში +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +21, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.

გურჯაანშიც ანალოგიური ამინდია. დღე +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +28 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.

სვანეთში დაკარგული ორი ახალგაზრდის სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო

სვანეთში დაკარგული ორი ახალგაზრდის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, მოსახლეობის პროტესტის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავიაციის ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო. მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე დღეს დილიდან სამაშველო ვერტმფრენი მუშაობს. 

შეგახსენებთ, რომ მე-6 დღეა სვანეთში ორ დაკარგულ ახალგაზრდას გოგიტა ფარჯიანსა და გიორგი გვიჩიანს უშედეგოდ ეძებენ. ადგილობრივებმა გუშინ, სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენისა და სითბური დრონების ჩართვის მოთხოვნით, სოფელ ლატალში გზა გადაკეტეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის აფრენა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდებოდა.

ომბუდსმენი ევოლუშენის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, გაფიცულებთან აქტიური კომუნიკაცია აწარმოოს

სახალხო დამცველი ევოლუშენ ჯორჯიას თანანშრომელთა გაფიცვას ეხმაურება და დამსაქმებელს შრომითი უფლებების განუხრელი დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

აპარატის ცნობით, ომბუდსმენისთვის ცნობილი გახდა, რომ გაფიცულ თანამშრომლებს შრომით ურთიერთობასთან ერთად, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის უფლება შეუჩერდათ. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ გაფიცულთა შორის ორსულები, ონკოპაციენტები და სხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირები არიან, რომლებისთვისაც დაზღვევის სერვისით სარგებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

"საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ ონკოპაციენტებისთვის, ორსულებისთვის, შაქრიანი დიაბეტისა და სხვა სამედიცინო საჭიროების მქონე პირებისთვის, კერძო სადაზღვევო მომსახურებით სარგებლობის მიუხედავად, სახელმწიფო, ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო პროგრამის ფარგლებში, უზრუნველყოფს საბაზისო სამედიცინო სერვისებზე წვდომას. იმ შემთხვევაში, თუ ევოლუშენ ჯორჯიას გაფიცულ თანამშრომლებს შეეზღუდებათ საყოველთაო პროგრამის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა, საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას შეისწავლოს გაფიცული თანამშრომლების საკითხი, მათი მომართვის საფუძველზე.

ვინაიდან, ევოლუშენ ჯორჯიას თანამშრომელთა გაფიცვა თითქმის ორი კვირაა გრძელდება, არსებობს საფრთხე, რომ გაფიცვაში მონაწილე პირებს იმ აუცილებელი სამედიცინო მომსახურების საჭიროება წარმოეშვათ, რასაც ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის მოქმედების პირობებში მიიღებდნენ. ამან შესაძლოა, რისკის წინაშე დააყენოს გაფიცულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაბამისად, კიდევ უფრო გაზარდოს დამსაქმებლის პასუხისმგებლობა.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შპს ევოლუშენ ჯორჯიას ხელმძღვანელობას - აწარმოოს აქტიური კომუნიკაცია გაფიცვაში მონაწილე დასაქმებულებთან და მათ წარმომადგენლებთან; ასევე, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა კონსენსუსის მისაღწევად, რათა დროულად მოხდეს დასაქმებულთა შრომის ღირსეული პირობებით უზრუნველყოფა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისებზე წვდომის აღდგენა", – ნათქვამია განცხადებაში.

23 ივლისს ცნობილი გახდა, რომ კომპანია ევოლუშენი ათავისუფლებს თანამშრომლებს, რომლებიც მიმოწერებში ფიგურირებენ. გავრცელებულ სქრინებში ჩანს, რომ მენეჯერები დახურულ ჩათში თანამშრომლების მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებდნენ და მათ დასცინოდნენ.

ევოლუშენის 4000-ზე მეტი თანამშრომელი ამ დრომდე გაფიცულია. ისინი ხელფასის ზრდასა პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

"22 ივლისს გამოვიდნენ კონტაქტზე, თქვეს, რომ გზა აებნათ" - ერთ-ერთი დაკარგული ბიჭის ნათესავი

მეორე დღეა, სვანეთში ორ დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ძებნა-შველის ოპერაციას მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო-სამაშველო ძალებისა და დრონების საშუალებით ახორციელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ამ ეტაპზე, მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვერ ხერხდება სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა.

ამავე განცხადების თანახმად, 112-ში ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 24 ივლისს შევიდა, რის შემდეგაც ძებნა-შველის ოპერაცია დაიწყო.

"კურიერი" დღეს ერთ-ერთი დაკარგული ახალგაზრდის ნათესავს დაუკავშირდა. ანა წერედიანი ამბობს, რომ დაკარგულებთან ბოლო სატელეფონო კონტაქტი 22 ივლისს შედგა, მას მერე კი მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

"დაიძრნენ სოფელ ნაკიფარიდან, ანუ ზემო სვანეთიდან ქვემო სვანეთის მიმართულებით. დაახლოებით, ერთი დღის საფეხმავლო გზაა. 22 ივლისს გამოვიდნენ კონტაქტზე. თქვეს, რომ გზა აებნათ, ამიტომ დააგვიანეს, უკვე გამოაგნეს გზას და მალე იქნებოდნენ, მაგრამ იმის მერე არ მოსულან. კონტაქტზე არ არიან, ერთი და მეორე მხრიდანაც აიარეს ადგილობრივებმა, მაგრამ კვალი არსად არ არის, არც სამაშველოა კვალზე გასული", - განაცხადა ანა წერედიანმა.

ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა მესტიის მერმაც. მისი თქმით, მეხანძრე-მაშველების გარდა, ორი პირის სამძებრო სამუშაოებში, ადგილობრივებიც ჩაერთნენ.

"ჩართულია სამძებრო-სამაშველო სამსახური. ველოდებოდით ამინდის გამოსვლას. სამწუხაროდ, მაღალ მთაზე ვერტმფრენის მიღწევადობა შეუძლებელია, რადგან ბურუსი იყო, რაც ხილვადობას ზღუდავს. მოსახლეობისა და ჩვენი მხრიდან, ვინც მონადირეები არიან, იცნობენ გარემოს და ტერიტორიაზე გადაადგილება შეუძლიათ, იქნა გადაწყვეტილება მიღებული, დამატებით სამძებრო სამუშაოებში ჩართულიყვნენ", - განაცხადა კახა ჟორჟოლიანმა.