... ... hotnews.ge - ეკონომიკა

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 ივლისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 27 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7087 ლარი ეღირება, ევრო – 2.9406 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4864 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7160 ლარი ღირდა, ევრო – 2.9469 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4979 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 27 ივლისს ამოქმედდება.

სემეკმა ელექტროენერგიის ბაზრის ყოველთვიური ანგარიშების გამოქვეყნება დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის შესახებ ყოველთვიური ანგარიშების გამოქვეყნება დაიწყო.

ანგარიშების გამოქვეყნების მიზანია საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის  ფუნქციონირების ყოველთვიური შედეგებისა და მაჩვენებლების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირებულობა.

კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშებში წარმოდგენილია ინფორმაცია საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მოხმარების, ელექტროენერგიის საბითუმო, ტრანსსასაზღვრო, საცალო ბაზრების მიმდინარე ტენდენციებისა და მაჩვენებლების შესახებ.

  ამ ეტაპზე, ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშები მოიცავს მიმდინარე წლის 4 თვეს. სემეკი გეგმავს ანგარიშების ყოველთვიურად გამოქვეყნებას.

ელექტროენერგიის ბაზრის ანგარიშები მოცემულია შემდეგ ბმულზე: ელექტროენერგიის ბაზრის ანგარიშები

 

 

 

მინერალური წყლების ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა - სად ვყიდით წყალს?

მინერალური და მტკნარი წლების ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეს სასაქონლო ჯგუფი საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი ადგილობრივი წარმოების პროდუქტია, რომელიც წლების განმავლობაში უმსხვილეს საექსპორტო პროდუქტების ათეულში შედის. წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, მთლიან ექსპორტში მინერალური წყლები ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეულში 2.8%-იანი წილით მეექვსე ადგილს იკავებს.

იანვარ-ივნისში საქართველომ მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებზე ამ დასახელების საქონლის რეალიზებით 80 მილიონ 755 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 23.4%-ით მეტია. ჯამში ექსპორტზე 127 354 ტონა მინერალური წყალი გავიდა, რაც ასევე აღემატება გასული წლის მოცულობებს (2023 წლის 6 თვე - 103 676 ტონა, $65.4 მლნ).

ქართული მინერალური წყლების მთავარ ბაზრად წლების განმავლობაში რუსეთი რჩება. იანვარ-ივნისშიც პროდუქტის ყველაზე დიდი მოცულობები რუსეთში გავყიდეთ. მინერალური წყლის ექსპორტი თითქმის ყველა მთავარ სარეალიზაციო ბაზარზე გაიზარდა.

უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების TOP-10-ეული:

  1. რუსეთი - $40.7 მლნ, 74 845 ტონა;
  2. ყაზახეთი - $12.6 მლნ, 16 404 ტონა;
  3. უკრაინა - $9.4 მლნ, 12 436 ტონა;
  4. უზბეკეთი - $3.8 მლნ, 4 533 ტონა;
  5. ლიეტუვა - $3.3 მლნ, 4 779 ტონა;
  6. მოლდოვა - $1.4 მლნ, 1 364 ტონა;
  7. გერმანია - $1.4 მლნ, 1 147 ტონა;
  8. ბელარუსი - $1 მლნ, 2 233 ტონა;
  9. აშშ - $951 ათასი, 1 693 ტონა;
  10. ყირგიზეთი - $905 ათასი, 1 015 ტონა;

უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში მინერალური და მტკნარი წყლების იმპორტი მინიმალურია. წლის პირველ ნახევარში საქართველოში მხოლოდ 110 ათასი დოლარის ღირებულების 143 ტონა პროდუქტი შემოვიდა. 2023 წლის ამავე პერიოდში კი 74 ათასი დოლარის, 171 ტონა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმპორტი გაძვირდა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7152 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7152 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7152 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7242 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0090 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9446 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9579 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ ლარი შეადგინა.0.0133.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 ივლისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 23 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7104 ლარი ეღირება, ევრო – 2.9516 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5064 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6996 ლარი ღირდა, ევრო – 2.9382 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4871 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 23 ივლისს ამოქმედდება.

გადასახადების ზრდის გამო, წელს საქართველოში 7 კაზინო დაიხურა - ასოციაცია

საქართველოში ბოლო ორ თვეში 3 კაზინო დაიხურა. წლის დასაწყისიდან დღემდე კი, კანონში ცვლილებების გამო ჯამში 7 კაზინო დაიხურა - ამის შესახებ BM.GE-ის სათამაშო ბიზნეს ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მამულაიშვილმა განუცხადა.

გასული წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ აზარტული თამაშების სექტორის დაბეგვრის განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 4 თვეა უკვე ძალაშია. თუკი აქამდე სექტორის მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-ს შეადგენდა, ის 15%-მდე გაიზარდა, მოქალაქეთა მიერ მოგებული თანხის გატანა კი 2%-იანი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად 5%-ით დაიბეგრა. ამით მთავრობა ბიუჯეტში დამატებით 400 მილიონი ლარის მობილიზებას ელის.

" ბოლო 2 თვეში კიდევ 3 კაზინო დაიხურა. 2 ბათუმში, 1 კი დედაქალაქში. ლიცენზიების ამ ობიექტებს სხვადასხვა დროს აქვთ აღებული და როცა ვადა გადის მათ დიდ ნაწილს აღარ უღირთ, რომ კიდევ გააგრძელონ. ძალიან ბევრი კაზინო და სლოტ კლუბი საუბრობს, რომ დაასრულებენ ოპერირებას.

ერთადერთი რაც შეიცვალა არის ის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და დამატებითი დომენების შექმნასთან დაკავშირებული კანონი პარლამენტმა მიიღო. თუმცა, ეს არ ვრცელდება მიწის კაზინოებზე. აჭარის ასოციაციამ ვრცელი წერილი მისწერეს მთავრობას და ბიზნესომბუდსმენს. თუმცა, ჯერ მაინც არ არის იმაზე საუბარი, რომ ეს შეღავათები უცხოელებზე მიწის ობიექტებშიც გავრცელდება.

ამ ეტაპზე ეს მოცემულობაა, ვნახოთ რა იქნება შემდგომში. მით უფრო, რომ ჩემი ინფორმაციით ბათუმში ფიზიკურ კაზინოებში უცხოელი კლიენტების საკმაოდ დიდი შემცირებაა", - განაცხადა მამულაიშვილმა bm.ge-სთან საუბრისას.

საქართველო ლონდონში The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზე წარსდგა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival-ზე პირველად მონაწილეობს, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე, „მასტერკლასის თეატრში” ქართული ღვინისა და კერძების მასტერკლასების 4 სესია ტარდება.

„ფესტივალის მონაწილეებს ცნობილი შეფები გურამ ბაღდოშვილი და თეკუნა გაჩეჩილაძე ქართულ ტრადიციულ და თანამედროვე კერძებს აცნობენ, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ირაკლი ჩოლობარგია კი ქართული ღვინის დეგუსტაციას მართავს.

სტენდთან მოსულ სტუმრებს ვეუბნებით, რომ ჩვენი სამზარეულო განსხვავებული და მრავალფეროვანია. გვქონდა ხინკლის ნაირსახეობა, ასევე გვქონდა ქართული ფხალეულის მრავალფეროვნება და ხაჭაპური. ამ კერძებით ჩვენ მათ ვუყვებით ჩვენს ტრადიციებს. ბევრმა მათგანმა აღნიშნა, რომ პირველად დააგემოვნეს და ეს შეიძლება გახდეს მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ესტუმრონ“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.

20-21 ივლისს საქართველო ლონდონში The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზე წარდგება.

 

თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება - პარლამენტმა ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის სხდომაზე, "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთი 50 000 ლარი იქნება.

ცვლილების თანახმად, თამბაქოს წარმოება გახდება ლიცენზირებადი საქმიანობა, განიმარტება თამბაქოს წარმოების ლეგალური დეფინიცია და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება თამბაქოს წარმოების ლიცენზირების წესი და პირობები.

"თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონს ემატება ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც განიმარტება, თამბაქოს წარმოების დეფინიცია. გარდა ამისა, ცვლილების შედეგად თამბაქოს მწარმოებლად განისაზღვრება შესაბამისი ლიცენზიის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს კანონით განსაზღვრულ საქმიანობებს და პასუხს აგებს ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებისათვის მის მიერ განხორციელებული საქმიანობის ყოველ ეტაპზე. ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქტის იმპორტიორი ან დამამზადებლის მოქმედი წარმომადგენელი.

 

რა ხარვეზებია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში - სახელმწიფო აუდიტის დასკვნა

სახელმწიფო აუდიტის დასკვნა იწყება ზოგადი ინფორმაციით - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთავარი ამოცანაა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ვაჭრობისა და ინვესტიციების, წარმოების, მომსახურებისა და ტურიზმის ხელშეწყობა; სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; მშენებლობის პოლიტიკის, ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება და ხელშეწყობა; ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის, აკრედიტაციის, კაპიტალის ბაზრისა და ქვეყნის ბრენდის განვითარება; წიაღის მდგრადი მართვა; ენერგეტიკის დარგის განვითარება და უსაფრთხოება; სამინისტროს მართვაში არსებულ საწარმოებში აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელება და სხვ.

„გარდა ამისა, COVID 19-ის პანდემიიდან გამომდინარე, 2021 წელს, ეკონომიკის სამინისტრომ განახორციელა შემდეგი ღონისძიებები: ტურიზმის ადმინისტრაციამ - საქართველოს მოქალაქეებისათვის სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში შესაბამისი პირობების შექმნასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ღონისძიება. 2021 წელს, სავალდებულო კარანტინის ფარგლებში, მომსახურება გაეწია 43 310 მოქალაქეს. კარანტინის ფარგლებში მომსახურება მიღებულია 91 კოვიდ-სასტუმროსგან; სამინისტროს აპარატის მიერ მოსახლეობის სოციალური დახმარების - კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მიზნით, გაწეულია 151 538 402 ლარის ოდენობით ხარჯი; სსიპ „აწარმოე საქართველოში“, 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდა გარდამავალი პირობები ბიზნესის მხარდაჭერის არსებულ პროგრამაში - საკრედიტო-საგარანტიო სქემა; გაგრძელდა სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის პროგრამა და შემუშავდა ბიზნესის ხელშეწყობი დამატებითი მექანიზმები სარესტორნო ინდუსტრიის მიმართულებით“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სამინისტროს მმართველობაში შედის 16 სსიპ და ორი ააიპ.

ხარვეზები მოკლევადიან დავალიანებებში

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, ირიცხება მოკლევადიანი - მიმდინარე დებიტორული დავალიანებები 43 021 351 ლარის ოდენობით. კერძოდ, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“, ფინანსურ ანგარიშგებაში „მოკლევადიანი - მიმდინარე დებიტორული დავალიანებების“ ანგარიშზე, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დარიცხული 13 574 630 ლარიდან, 9 993 574 ლარი წარმოადგენს საფინანსო ინსტიტუტების მიმართ არსებულ მოთხოვნებს. აღნიშნული თანხა მოიცავს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ მიერ, 2021 წლის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებულ საავანსო გადახდებს.

აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დებიტორული დავალიანების დადასტურებისათვის აუდიტის ჯგუფმა წერილობით მიმართა საფინანსო ინსტიტუტებს. მიღებული პასუხების მიხედვით, დებიტორები აღიარებენ 6 603 909 ლარით ნაკლებ დავალიანებას.

ვრცლად სტატია იხილეთ აქ.

ხარვეზები მოკლევადიან დავალიანებებში, შემოსავლებში, გრანტებსა და ტრანსფერებში - ეკონომიკის სამინისტროს აუდიტის დასკვნა

ეკონომიკის სამინისტროს შემოწმების დროს, სახელმწიფო მაკონტროლებლებმა ხარვეზები გამოავლინეს მოკლევადიან დავალიანებებში, შემოსავლებში, გრანტებში, ტრანსფერებსა და სუბსიდიებში. აუდიტის დასკვნა, რომელსაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის კონსოლიდირებული ანგარიშგების ფინანსური აუდიტის ანგარიში გახლავთ.

დარღვევები ტრანსფერებსა და სუბსიდიებში

აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ ეკონომიკისა და მდგრაფი განვითარების სამინისტროს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, 2021 წელს, აღრიცხულია 337 812 362 ლარის გრანტების, ტრანსფერებისა და სუბსიდიების ხარჯი, საიდანაც სამინისტროს აპარატის მიერ, 2021 წელს, ანაზღაურებულია ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისათვის მიწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულება, სულ - 10 091 661 ლარი. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მიხედვით, მიწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულება უნაზღაურდებათ ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას (აბონენტებს) 2020 წლის 1 დეკემბრიდან, 2021 წლის 15 მაისის ჩათვლით და 2021 წლის 15 ოქტომბრიდან, 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდებში.

„2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მიხედვით, სამინისტრო თანხებს ანაზღაურებს ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი და მუნიციპალიტეტების გამგეობების მიერ სათანადოდ დამოწმებული შესაბამისი ანგარიშების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტების მიერ დამოწმებული ანგარიშების გადამოწმების ვალდებულება სამინისტროს არ აქვს. მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირების რეესტრს აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის საკითხზე მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება სააგენტოს 5 დღის ვადაში“.

ვრცლად სტატია იხილეთ აქ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დარღვევები შემოსავლებსა და გრანტებში

2023 წლის მანძილზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გენერალურ პროკურატურაში 21 დასკვნა გადააგზავნა.  ამჯერად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფინანსური ანგარიშგების აუდიტს გთავაზობთ. შეგახსნებთ, რომ ეს ანგარიშიც დეტალურად გვაქვს განხილული 2023 წელს, ამიტომ მხოლოდ მნიშვნელოვან დარღვევებს გაგახსნებთ, რომელიც სახელმწიფო მაკონტროლებლების დასკვნის მიხედვით, არ შეესაბამება საქართველოს კანონს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების შესახებ! ნონსენსია, მაგრამ ფაქტია, რომ ეკონომიკის სამინისტროს შემოწმების დროს, სახელმწიფო მაკონტროლებლებმა ხარვეზები გამოავლინეს მოკლევადიან დავალიანებებში, შემოსავლებში, გრანტებში, ტრანსფერებსა და სუბსიდიებში. აუდიტის დასკვნა, რომელსაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის კონსოლიდირებული ანგარიშგების ფინანსური აუდიტის ანგარიში გახლავთ.

დარღვევები შემოსავლებსა და გრანტებში

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები აღიარებულია უარყოფითი ნაშთით - 290 329 ლარის ოდენობით. სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ები სხვადასხვა დონორი ორგანიზაციიდან იღებენ მიზნობრივ გრანტებს. გაფორმებული მიზნობრივი გრანტის ხელშეკრულებების პირობები ითვალისწინებს თანხის ხარჯვას კონკრეტული დანიშნულებით, წლის ბოლოსთვის დარჩენილი აუთვისებელი თანხა ისევ სახაზინო ანგარიშზე რჩება ნაშთის სახით, ხოლო პირობების შეუსრულებლობისა და გრანტის გამცემი ორგანიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში, ჩარიცხული თანხები ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

„2021 წელს, სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ-ებმა: ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ, ტურიზმის ადმინისტრაციამ და საზღვაო აკადემიამ სხვადასხვა დონორი ორგანიზაციიდან ჩარიცხული მიზნობრივი გრანტის თანხების აღრიცხვისთვის გამოიყენა საკასო აღრიცხვის მეთოდი. საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების - სსბასს 23-ის მოთხოვნების შესაბამისად, ტრანსფერით მიღებული/გადაცემული აქტივების პირობები ერთეულისგან აქტივის მომავალი ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის დანიშნულებისამებრ მოხმარებას, ხოლო პირობების დარღვევის შემთხვევაში, ტრანსფერის განმახორციელებელი ერთეულისთვის უკან დაბრუნებას მოითხოვს“.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ მიზნობრივი გრანტების აღრიცხვისთვის საკასო მეთოდის გამოყენება არ შეესაბამება სსბასს 23-ის მოთხოვნებს და სამინისტროს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ნაცვლად უარყოფითი ნაშთით აღიარებული შემოსავლისა - 290 329 ლარის ოდენობით, აღიარებული უნდა იყოს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები - 682 621 ლარის ოდენობით. მეტიც, სამინისტროს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული უნდა იყოს მიზნობრივი გრანტის გაუხარჯავი ფულის ნაშთის შესაბამისი ვალდებულება, რაც 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შეადგენს 174 202 ლარს.

„შესაბამისად, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილი კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მუხლი - „შემოსავლები გრანტებით“ შემცირებულია 972 950 ლარით, ხოლო „სხვა მოკლევადიანი - მიმდინარე ვალდებულებების“ მუხლი - 174 202 ლარის ოდენობით“.

ვრცლად სტატია იხილეთ აქ.

Yandex-ის გაყოფის პროცესი დასრულდა, რუსული აქტივები $5.4 მილიარდად გაიყიდა

ტექნოლოგიური კომპანიის, Yandex-ის გაყოფის პროცესი საბოლოოდ დასრულდა, გარიგების შედეგად, რუსი ინვესტორების კონსორციუმმა 5.4 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები ნაღდი ფულის სანაცვლოდ გამოისყიდა.

ამ ცვლილების შედეგად, Yandex-ზე დასავლელი ინვესტორების კონტროლი დასრულდა და ის სრულად რუსეთის საკუთრებაში გადავიდა.

როგორც ჰოლანდიურმა მშობელმა კომპანია Yandex NV-იმ განაცხადა, ის Yandex-ში წილს აღარ ფლობს და ჰოლდინგი სრულად გამოვიდა რუსეთის ფედერაციის ბაზრიდან.

2022 წლის თებერვალში, მოგეხსენებათ, რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, რამაც რუსული ფესვების მქონე ნიდერლანდური Yandex-ის ბიზნესის განვითარების ვექტორი მნიშვნელოვნად შეცვალა. Yandex-ის დამფუძნებელი, არკადი ვოლოჟი, ისევე როგორც კომპანიის მაღალი მენეჯმენტის რგოლის რამდენიმე წარმომადგენელი დასანქცირდა, რამაც კომპანიას რესტრუქტურიზაციისკენ და რუსული აქტივების გასხვისებისკენ უბიძგა.

2023 წელს Yandex-მა რესტრუქტურიზაციის და რუსეთის ბაზრიდან გასვლის პროცესის გაგრძელება გადაწყვიტა, რაც რამდენიმე ოფიციალური განცხადებითაც დასტურდება. საბოლოო გადაწყვეტილება კომპანიამ 2024 წლის თებერვალში მიიღო. როგორც კომპანიის მიერ იმ დროს გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, კომპანიამ გადაწყვიტა Yandex-ის რუსული და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ბიზნესი ინვესტორთა კონსორციუმზე გაეყიდა, ჯამურად, 5.4 მილიარდ დოლარად.

გარიგების დროს, საინვესტიციო კონსორციუმში ხუთი მხარე იყო წარმოდგენილი, მათ შორის რამდენიმე რუსი ბიზნესმენი, “ლუკოილის” შვილობილი საინვესტიციო ფონდი და ქართული წარმომავლობის მქონე ინვესტორი, ალექსანდრე ჩაჩავა. როგორც იმ დროს გაცხადდა, გარიგებაში მონაწილე არც ერთი მხარე არ იყო სანქცირებული აშშ-ის, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს ან შვეიცარიის მიერ.

 

bm.ge