... ... hotnews.ge - დაიჯესტი

სასმელის გამო ჰომოსექსუალობა დასწამეს

კამერუნის სასამართლომ ჰომოსექსუალიზმში დამნაშავედ სცნო მამაკაცი, რომელმაც ნაღების ლიქიორი „ბეილისი“ დალია. ადგილობრივი თემიდის მსახურები მიიჩნევენ, რომ „ქალების“ ალკოჰოლური სასმელის მიღება „დამნაშავის“ არატრადიციულ ორიენტაციაზე (კამერუნში, ეს კანონით დასჯადია) მიუთითებს. სად დალია მამაკაცმა „ბეილისი“ ან ვინ „ჩაუშვა“, უცნობია. ქვეყანაში, 1972 წლიდან, ერთსქესიანი ურთიერთობები კანონით ისჯება. ჰომოსექსუალიზმისთვის სასჯელს, როგორც წესი, ირიბი ბრალდების საფუძველზე იხდიან ხოლმე. სასამართლოს მიერ დამნაშავედ შერაცხულს ხუთ წლამდე პატიმრობას უსჯიან. ჯერჯერობით,უცნობია, რამდენი წლით მოხვდება გისოსებს მიღმა ნაღების ლიქიორის მოყვარული კამერუნელი.

 

ლაოსელი ემიგრანტი მილიარდერი გახდა

სიმსივნით დაავადებულმა ლაოსელმა ემიგრანტმა Powerball-ის ლატარიაში ჯეკპოტი - 1.3 მილიარდი დოლარი მოიგო. საინფორმაციო სააგენტო АР-ის ცნობით, ეს იღბლიანი ადამიანი 46 წლის ჩენგ სეპჰანია, რომელიც პორტლენდში ცხოვრობს და რვა წლის განმავლობაში, სიმსივნეზე მკურნალობდა. ერთი კვირის წინ, მან ქიმიოთერაპიის ბოლო კურსი ჩაიტარა. როგორც აღმოჩნდა, სეპჰანი და მისი მეუღლე მოგებული თანხის მხოლოდ ნახევარს აიღებენ, მეორე ნახევარს კი მეგობარს, ლაიზა ცაოს გადასცემენ, რომელმაც მათთან ერთად იყიდა ლატარიის ბილეთების პარტია. ჯეკპოტის მფლობელებმა გადაწყვიტეს, თანხა ერთბაშად აიღონ, რაც გადასახადების გადახდის შემდეგ, 422 მილიონი დოლარი იქნება. „მოგებული თანხით ოჯახის უზრუნველყოფას, კარგი ექიმის პოვნასა და მკურნალობას შევძლებ“,- აცხადებს ბედნიერი ემიგრანტი. შეგახსენებთ, Powerball - ამერიკული ლატარიაა, რომელიც 45 შტატში, კოლუმბიის ოლქში, პუერტო-რიკოსა და ვირჯინიის კუნძულებზე თამაშდება.

ყველაზე პოპულარული ბრენდი გამოავლინეს

Lyst Index- მსოფლიო მოდის ყველაზე პოპულარული ბრენდებისა და პროდუქტების ყოველკვარტალური რეიტინგია. Lyst კომპანიაა, რომელიც მოდის ტექნოლოგიებითაა დაკავებული, თუმცა იმავდროულდ, ის აპლიკაციაა- პრემიუმ-კლასის ნივთების შესაძენად. ამ აპლიკაციით, ყოველწლიურად, 200 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს. რეიტინგის შედგენისას ითვალისწინებენ მყიდველების ქცევას, მათ შორის, პლატფორმაზე და მის გარეთ ძიებას, პროდუქტების დათვალიერებას და გაყიდვებს. ბრენდის ან პროდუქტის პოპულარობის დადგენისას ითვალისწინებენ, ასევე, სოციალურ ქსელებში ხსენებას, აქტიურობისა და ჩართულობის სტატისტიკას მთელ მსოფლიოში, სამი თვის განმავლობაში. ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, 2024 წლის პირველი კვარტლის ყველაზე პოპულარულ ბრენდად Miu Miu დასახელდა. მასზე მოთხოვნა ამ პერიოდში 8%-ით გაიზარდა, რაც ნაწილობრივ, ცოტა ხნის წინ, პარიზში გამართულ ჩვენებასა და New Balance-თან თანამშრომლობას უკავშირდება. სიის მეორე საფეხურს Prada იკავებს და მიუხედავად რეიტინგის ვარდნისა, ის მაინც ინარჩუნებს მაღალ სტატუსს ვარსკვლავური სარეკლამო კამპანიებისა და ძვირფასი ჩანთების ახალი ვერსიებით. ყველაზე პოპულარული ბრენდების ატეულში მოხვდნენ, ასევე, LOEWE, Bottega Veneta, Saint Laurent, Moncler, Versace, Balenciaga, Valentino, Jacuemus. რაც შეეხება პოპულარულ პროდუქტებს, აქაც პირველ ადგილს Miu Miu იკავებს,თავისი ბოტასებით - New Bbalance 530 SL, რომელიც გამოსვლიდან რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა.

საშიშ ნივთიერებებს თმით ებვრძვიან  

ბელგიაში, პროექტი HairRecycle ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც, ადამიანის თმისგან პატარა ხალიჩებს აკეთებენ. ეს ხალიჩები ნავთობსა და სხვა საშიშ ნივთიერებებს შთანთქავენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით, პარიკმახერები კლიენტების თმას აგროვებენ და გადასამუშავებლად აბარებენ. პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ერთი კილოგრამ თმას 8 ლიტრამდე ნავთობისა და ნახშირწყალბადების შთანთქმა შეუძლია. მზა ხალიჩების მოთავსება შესაძლებელია, მაგალითად, კანალიზაციაში, რათა მავნე ნივთიერებებმა წყალი არ დააბინძურონ. 

„პროკურორი“ რობოტები შექმნეს  

ჩინელმა სწავლულებმა მსოფლიოში პირველი რობოტი შექმნეს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, ადამიანების დადანაშაულება და ბრალმდებლის პოზიციის დაკავება შეუძლია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ „პროკურორს“ საქმის სიტყვიერი აღწერის შემდეგ, ბრალის წაყენება კანონთან შესაბამისობაში 97%-იანი სიზუსტით შეუძლია. მკვლევარებმა ეს „პროკურორი“ რობოტი შანხაის ერთ-ერთ პროკურატურაში გამოსცადეს. „ჭკვიანი“ მანქანის ავტორები ამბობენ, რომ ეს ტექნოლოგია ხელს შეუწყობს პროკურორების ყოველდღიური დატვირთვის შემცირებას, რაც მათ საშუალებას მისცემს, სამსახურში უფრო რთულ საქმეებზე გაამახვილონ ყურადღება. 

„კიბოს მკვლელი“ პროდუქტი დაასახელეს 

კურკუმინი, რომელიც კურკუმას აქტიური ინგრედიენტია, ხელს უწყობს კიბოს განვითარების რისკის მნიშვნელოვნად შემცირებას და აფერხებს სიმსივნური წარმონაქმნების ზრდის პროცესს. ამის შესახებ CancerResearch UK-ის მედიკოსებმა განაცხადეს. ექიმების თქმით, ანტიოქსიდანტების მაღალი კონცენტრაციის გამო, ისინი კურკუმას ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ალტერნატიულ საშუალებად მიიჩნევენ. სპეციალისტებმა ამ სანელებელს „კიბოს მკვლელი“ უწოდეს. სწავლულებმა ისიც აღნიშნეს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც კურკუმას აქტიურად მოიხმარენ, ონკოდაავადებების მქონე ადამიანების რიცხვი მნიშვნელოვნად ნაკლებია. კურკუმა სასარგებლოა თვალებისთვისაც- ამცირებს კატარაქტას წარმოქმნის, ასევე გლაუკომისა და მაკულოდისტროფიის რისკებს. სანელებელს იყენებენ ქოლესტერინის დასაწევ საშუალებადაც. თუმცა, ამასთანავე, კურკუმას ჭარბი მოხმარება იწვევს კუჭის აშლილობას, კუჭის მჟავიანობის მომატებას, თავბრუსხვევას და თავის ტკივილს.

ბარბექიუს სუნამო KFC-გან 

სუნამო KFC-ს არომატით - ალბათ, ეს ის არ არის, რასაც 2024 წელს ელოდით, მაგრამ შემწვარი ქათმის მწარმოებელმა გიგანტმაც გადაწყვიტა, ფასტფუდის მოყვარულები გაეოცებინა. ახალი არომატი, სახელწოდებით - No. 11 Eaude BBQ, ყოველ 100მლ-იანი ფლაკონით, „ბარბექიუსგან მიღებულ კლასიკურ შეგრძნებებს“ გვპირდება. სუნამოს შემქმნელების თქმით, მომხმარებელი შეიგრძნობს გაკვამლული ხისა და ნახშირის სურნელს, რასაც დამატებით ხორცის ნოტებიც მოჰყვება. ეს არომატი კი აუცილებლად გაგიჩენთ წახემსების სურვილს, რადგან ის სწორედ KFC -ის მენიუდან ახალი კერძის -The Ultimate BBQ Burger-ის გემოს ასახავს.

ყველაზე მეტად უძილობა ვნებს

კემბრიჯის უნივერსიტეტის სწავლულებმა, ახალი ექსპერიმენტისას, რომელშიც 21 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, დაადგინეს, რომ მოწევა, არასწორი კვება და ალკოჰოლის მოხმარება ადამიანის შრომისუნარიანობაზე უფრო ნაკლებ გავლენას ახდენს, ვიდრე ძილის უკმარისობა. ექსპერიმენტის მონაწილეთა ნაწილი, რომელსაც დღე-ღამეში ექვსი ან ნაკლები საათი ეძინა, გაცილებით ნაკლებპროდუქტიული იყო სამსახურში, ვიდრე ის ჯგუფები, რომლის მონაწილეებსაც სრულფასოვანი ძილით ეძინათ. მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს კავშირი ადამიანის ფსიქოლოგიურ პრობლემებსა და სამუშაოს პროდუქტიულობას შორის და დაამტკიცეს, რომ ფინანსური სიძნელეები ნეგატიურად აისახება სამუშაოს ხარისხზე.

ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას გაანადგურებს

უახლოესი 60 წლის განმავლობაში, ხელოვნურმა ინტელექტმა, შესაძლოა, სრულიად გაანადგურობს კაცობრიობა, - ასეთ პროგნოზებს აკეთებენ სწავლულები. ამჟამად, რობოტოტექნიკა საკმაოდ სწრაფად ვითარდება. ტექნიკური რევოლუციის რისკის შეფასების შემდეგ, მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ათი წლის შემდეგ, რობოტები 10%-ით ისე იფიქრებენ, როგორც ადამიანები, 2040 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 50%-ს მიაღწევს. 2075 წლისთვის, სწავლულთა თქმით, რობოტების აზროვნება მაქსიმალურად ახლოს იქნება ადამიანის აზროვნებასთან. თუმცა, მიუხედავად „მანქანების აჯანყების“ საშიშროებისა, სპეციალისტები კვლავაც მუშაობენ რობოტოტექნიკის განვითარებაზე, რადგან მაღალტექნოლოგიური, ზუსტი მანქანები საჭიროა სხვადასხვა სფეროში, მაგალითად, მედიცინაში, სოციალურ სფეროში და სხვა.

ლუდი - არყის ხის წვენისგან

ქალაქ ლაიფციგის მცხოვრებმა სებასტიან რიკერმა, არყის ხის წვენის გამოყენებით, ლუდი დაამზადა. როგორც გამოცემა Bild-ი წერს, გერმანიის 32 წლის მცხოვრები მამაკაცი, წლების გან,ავლობაში სწავლობდა ლუდის დაყენების სხვადასხვა რეცეპტს. ამ გაზაფხულზე კი მან მოახერხა და საქსონიის ტყეში 130 ლიტრი არყის ხის წვენი შეაგროვა. სწორედ ეს წვენი გახდა ძირითადი ინგრედიენტი ლუდის ახალი სახეობისთვის - Birkenzauberანუ „არყის ხის მაგია“. ახალი ქარვისფერი სითხის ავტორი ამტკიცებს, რომ შედეგად მიიღო მსუბუქი, ტკბილი სასმელი ყურძნის, ციტრუსებისა და ხურტკმელის ნოტებით. რიკერის მიერ ჩამოსხმული არყის ხის ლუდი სულ 600 ლიტრია და აპრილიდან უკვე იყიდება.

კითხვა სასარგებლოა ორგანიზმისთვის 

წიგნების კითხვა მეტად სასარგებლო საქმიანობაა ადამიანის ორგანიზმისთვის, - ამის შესახებ ამერიკელმა სწავლულებმა განაცხადეს, იალეს უნივერსიტეტიდან. მათ გამოკვლევა ჩაატარეს და დადგინეს, რომ კითხვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს. მკვლევართა თქმით, ის ადამიანები, რომლებიც წიგნების კითხვას კვირაში 3.5 საათს მაინც უთმობენ, ნაადრევი სიკვდილის რისკს 23%-ით იმცირებენ მათთან შედარებით, რომლებიც საერთოდ არ კითხულობენ. წიგნები გვიხსნის სტრესისგან, რომლისგანაც იწყება დაავადებათა დაახლოებით 60%, იწვევს ინსულტს და გულსისხლძარღვთა დაავადებებს. გარდა ამისა, კითხვა ანვითარებს მეხსიერებას და კოგნიტურ ფუნქციებს. ამასთან, იმ ადამიანებს, რომლებიც წიგნებს კითხულობენ, კარგადაც სძინავთ, რასაც ვერ ვიტყვით კომპიუტერსა და სმარტფონებს მიჯაჭვულებზე. კითხვა ანვითარებს სოციალურ უნარებს - მკითხველები უკეთესად გრძნობენ და ესმით, რაზე ფიქრობენ სხვები.

მარილი დიაბეტის გამომწვევად აღიარეს

ამერიკელმა სწავლულებმა ტულანის უნივერსიტეტიდან  დაადგინეს, რომ მარილი მეორე ტიპის დიაბეტის გამომწვევი რისკ-ფაქტორია. მათ კვლევაში 400 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. დაკვირვებები საკმაოდ ხანგრძლივად, 11.8 წელიწადს გრძელდებოდა. ამ დროის განმავლობაში, 13 ათას სუბიექტს განუვითარდა მეორე ტიპის დიაბეტი. ადამიანებს, რომლებიც საკვებს ზოგჯერ უმატებდნენ მარილს, 13%-ით ჰქონდათგაზრდილი დაავადების განვითარების რისკი მათთან შედარებით, ვინც ამას იშვიათად ან საერთოდ არ აკეტებდა. ხოლო ვინც ხშირად და ყოველთვის უმატებდა საკვებს მარილს, მათი რისკები 20 და 39%-ით იყო გაზრდილი. ცნობილია, რომ დიაბეტის რისკქვეშ მყოფი ადამიანები უნდა მოერიდონ შაქარს, მაგრამ ახლა აღმოჩდა, რომ მათთვის მარილიც საზიანოა. ამას კი იმ ფაქტორით ხსნიან, რომ მარილიოანი საკვები ადამიანებს დიდი ულუფების მიღებისკენ უბიძგებს, რაც ზრდის დიაბეტის რისკ-ფაქტორების განვითარების ალბათობას. სხვა კვლევებით ისიც დადგინდა, რომ ჭარბი მარილი საკვებში უარყოფითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე.