... ... hotnews.ge - კრიმინალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისის შემოვლით გზაზე - არიან დაშავებულები

ქუთაისის შემოვლით გზაზე, ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც “მთავარს” თვითმხილველებმა უთხრეს, მსუბუქი ავტომობილი მოცურდა, რამაც პერიმეტრზე საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა და შედეგად მეორე მსუბუქი ავტომანქანა სატვირთოს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთ ავტომობილში მყოფი მძღოლი და სამი მგზავრი.

პროკურატურამ მთავარი არხის ჟურნალისტისა და ოპერატორის დევნაზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით ტელეკომპანია "მთავარი არხის" ჟურნალისტის და ოპერატორის დევნის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, 25 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი და ოპერატორი სიუჟეტის მოსამზადებლად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ტელეკომპანიის და ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის მიმართ ნეგატიურად განწყობილი ორი პირი მივიდა მათთან და სხვადასხვა სახის შეურაცხმყოფელი შეძახილით ჟურნალისტისგან ტერიტორიის დატოვებას მოითხოვდნენ. ბრალდებულებმა ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორივე ბრალდებული 26 ივლისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმში კაცი დაჭრეს

ბათუმში კაცი დაჭრეს. 

 გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

ჩვენი ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია.

გორის მუნიციპალიტეტიდან მტკვარში გაუჩინარებული კაცის ცხედარი იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტიდან მტკვარში გაუჩინარებული კაცის ცხედარი მაშველებმა იპოვეს. ძებნა-შველის ოპერაცია 13 ივლისიდან მიმდინარეობდა. კაცი სოფელ ქვახვრელთან მდინარის დინებამ გაიტაცა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "მთავარი არხის" ვებგვერდს დაუდასტურეს, რომ ცხედარი ნაპოვნია სოფელ მეტეხთან.

21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობისთვის დაკავებული ოთარ ცინდელიანი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობისთვის დაკავებული ოთარ ცინდელიანის საქმე დღეს კიდევ ერთხელ გადაისინჯა და მოსამართლე გიორგი გელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.

ბრალდების მხარემ მტკიცებულებების სახით მიმოწერები წარადგინა, რომელიც მკვლელობის დღეს და წინა პერიოდს ასახავს. ბრალდების მხარეს ასევე სურდა ოთარ ცინდელიანის დაკითხვა, მაგრამ ის ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. მომდევნო პროცესი 4 სექტემბერს ჩაინიშნა, სადაც მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ.

პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ თქვა, რომ ბრალდებულმა გამოძიების ეტაპზე სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, "მისეული ახსნებით", ასევე ექსპერტთან ისაუბრა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა სასამართლოს უარი უთხრა ჩვენების მიცემაზე.

ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. ქეთი ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.

ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ თელავის რაიონში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თელავის რაიონში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით ორ პირს ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უწყების ცნობით, მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი დაზარალებული ადგილზე, ხოლო მეორე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 24 ივლისს ბრალდებული თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებულ ორ ცეცხლსასროლ იარაღს.

მას ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეზე, სუს-ში გამოკითხვები დღესაც გრძელდება

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიება გრძელდება. "კურიერის" ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს კიდევ რამდენიმე მოწმე დაიკითხება, მათ შორის, ჩეჩნეთის მოქალაქე, საქართველოში მცხოვრები ქისტები, რომელთაც კავშირები აქვთ უკრაინაში მყოფ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან. ისინი ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, შეთქმულების საქმის ფარგლებში გამოიკითხება.

საქმე ეხება უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტს.

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებისა და შეთქმულების საქმეზე სუს-ში ბიზნესმენი იმედა იმედაშვილი გამოიკითხა

ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მიზნით, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბიზნესმენი იმედა იმედაშვილი გამოიკითხა. იმედაშვილმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

მანამდე, დღის განმავლობაში, სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მაგისტრატ მოსამართლესთან ფოთის საკრებულოს წევრი ლაშა რუხაიაც გამოიკითხა. ასევე, დღეს, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, გამოიკითხა უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი კონსტანტინე ჯღამაია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს ტერორისტული აქტის მომზადებისა და შეთქმულების ფაქტზე. საქმე ეხება უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, მკვლელობის მომზადების ფაქტს.კ

აფხაზეთის ე.წ სასამართლომ აქტივისტი ჯანსუღ ადლეიბა 17 აგვისტომდე პატიმრობაში დატოვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ სასამართლომ აქტივისტ ჯანსუღ ადლეიბას 17 აგვისტომდე პატიმრობა მიუსაჯა. ის ეჭვმიტანილია იარაღის გამოყენებით ხულიგნობაში. ამის შესახებ “კავკაზსკი უზელი" წერს.

როგორც გამოცემა წერს, ე.წ სამართალდამცავების განცხადებით, ადლეიბამ პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე უშიშროების ძალების მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა. აფხაზი აქტივისტი 17 ივლისს დააკავეს.

"კავაკაზსკი უზელის" ინფორმაციით, აქტივისტმა ჯანსუღ ადლეიბამ 2022 წლის ზაფხულში სოხუმში შიმშილობა გამართა საწვავის ფასების შემცირებისა და აფხაზეთის მიწების რუსეთისთვის გადაცემის აკრძალვის მოთხოვნით. ადლეიბამ არაერთხელ მოითხოვა "მთელი მთავრობის, ხელისუფლების ყველა შტოს – აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლოს გადადგომა".

2024 წლის მარტში მან სოხუმის მოედანზე მორიგი შიმშილობა მოაწყო და მოითხოვა აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომა საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობის გამო.

ადრე ადლეიბამ გამოაცხადა საკუთარი სახალხო განმათავისუფლებელი მოძრაობის "ახაკუიტრას" (თავისუფლება) შექმნის შესახებ, რომლის მთავარი ამოცანა ბჟანიას ხელისუფლებიდან ჩამოშორება იყო.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პარლამენტი "აფხაზეთის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გარკვეული ზომების შესახებ" კანონპროექტს განიხილავს, რომელიც ამ ტერიტორიებზე აპარტოტელებისა და აპარტამენტების მშენებლობას გულისხმობს, რომლის შეძენის საშუალებაც უცხოელებს, აფხაზეთის ოკუპაციის პირობებში კი რუსებს, უპრობლემოდ ექნებათ. კანონპროექტს პროტესტი მოყვა, როგორც აფხაზეთის მოსახლეობაში, ასევე ე.წ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორისაც. 17 ივლისს აფხაზეთის ე.წ პარლამენტის შენობასთან ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და უშიშროების ძალებს შორის. პროტესტი პერიოდულად ისევ გრძელდება.

მკვლელობა კახეთში - თანასოფლელმა ორი კაცი მოკლა

მკვლელობა კახეთში - გარდაცვლილია ორი მამაკაცი. შემთხვევა ღამით, თელავის მუნიციპალუტეტის სოფელ ლალისყურში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ერთად შეკრებილ თანასოფლელებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რაც რამდენიმე გასროლის შემდეგ ტრაგედიით დასრულდა.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თანასოფლელი მოკლა, მეორე კი მძიმედ დაჭრა.

დაჭრილი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში მოყვანისას გარდაიცვალა. პირი, რომელმაც ორი ტანასოფლელის მკვლელობაშია ბრალდებული მიიმალა და მას პოლიცია ეძებს.

სოფელ ლალისყურში ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ბობოყვათში ორი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები

ბობოყვათში ორი მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას გამოცემა "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

ავარია სამეგრელოში - ავტომობილი გზიდან გადავიდა და ჯებირს დაეჯახა

ავარია მოხდა ხობი-ნოჯიხევის გზაზე. 

ავტომობილი გზიდან გადავიდა და ჯებირს დაეჯახა. 

დაშავებულია 4 პირი, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.