... ... hotnews.ge - სპორტი

პარიზში, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია დაიწყო

პარიზში, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადის ისტორიაში პირველად გახსნის ცერემონიის ადგილი არა სტადიონი, არამედ მდინარეა.

ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნების სპორტსმენების აღლუმი მდინარე სენაზე ჩატარდება. ყველა დელეგაციას თავისი ნავი აქვს.

სპორტსმენები ნავებით 6 კილომეტრს გაივლიან ტროკადერომდე, სადაც ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ფინალური ნაწილი შედგება.

დღეს პარიზში ოფიციალურად გაიხსნება ზაფხულის ოლიმპიადა

დღეს საღამოს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ოფიციალურად გაიხსნება ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები. ზაფხულის ოლიმპიადის ისტორიაში პირველად გახსნის ცერემონიის ადგილია არა სტადიონი, არამედ მდინარე.

ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნების სპორტსმენების აღლუმი მდინარე სენაზე ჩატარდება. ყველა დელეგაციას თავისი ნავი აქვს. ნავები აღჭურვილია ვიდეოკამერებით, რათა მაყურებლებმა, რომლებიც გახსნის ცერემონიას თვალს ტელევიზიით ან ინტერნეტით მიადევნებენ, სპორტსმენების ახლოდან დანახვა შეძლონ.

მდინარე სენაზე აღლუმი ცენტრალური ევროპის დროით 19:30 საათზე დაიწყება აუსტერლიცის ხიდთან. სპორტსმენები ნავებით ექვს კილომეტრს გაივლიან ტროკადერომდე, სადაც ოლიმპიადის გახსნის ფინალური შოუ ჩატარდება.

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაში საქართველოდან 28 სპორტსმენი მონაწილეობს.პარიზში ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებს სულ 206 ქვეყნის 10 500 სპორტსმენი.

უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის და ბელარუსის წარმომადგენლებს მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით, დროშებისა და სხვა ეროვნული ატრიბუტიკის გარეშე მონაწილეობის უფლება მისცა.

ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები 11 აგვისტოს დაიხურება.

პარიზი 2024 - ქართველი ოლიმპიელების გამოსვლის განრიგი

პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია 26 ივლისს გაიმართება. შეჯიბრებაში 28 ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ოლიმპიური თამაშების რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

26 ივლისი

21:30 – ოლიმპიადის გახსნის ცერემონია

27 ივლისი

სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა)

12:25 – 1/32-ფინალი,  14:30 – 1/16-ფინალი, 23:55 – ფინალი

გიორგი სარდალაშვილი (ძიუდო)

12:00-დან – 60 კგ.

ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)

14:30 – პნევმატური პისტოლეტი, 10 მეტრი, კვალიფიკაცია

 

ლაშა გურული (კრივი)

19:06 – 63.5 კგ. იწყება 1/16-ფინალიდან და გამარჯვების შემთხვევაში შემდეგი ბრძოლა ორი დღის შემდეგ 1/8-ფინალი და ა.შ. ფინალი 07.08 (24:34)

 

ანა ნიჟარაძე (ცურვა)

13:00 – ბატერფლაი 100მ. – კვალიფიკაცია, ნახევარფინალი (22:30)

 

28 ივლისი

ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)

14:00 – პნევმატური პისტოლეტი, 10 მეტრი, ფინალი

 

ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო)

12:00-დან – 66 კგ.

 

გიორგი ყუშიტაშვილი (კრივი)

13:48 – 92 კგ. იწყება 1/16-ფინალიდან და გამარჯვების შემთხვევაში შემდეგი ბრძოლა ორი დღის შემდეგ, 1/8-ფინალი და ა.შ. ფინალი 09.08 (24:34)

 

ნოე ფანცხავა (ცურვა)

13:00 – გულაღმა ცურვა 100 მ. კვალიფიკაცია, ნახევარფინალი (23:37)

 

29 ივლისი

ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო)

12:00-დან – 73 კგ.

 

ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო)

12:00-დან – 57 კგ.

 

30 ივლისი

ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო)

12:00-დან – 81 კგ.

 

ეთერ ასკილაშვილი (ძიუდო)

12:00-დან – 63 კგ.

 

31 ივლისი

ლაშა ბექაური (ძიუდო)

12:00-დან – 90 კგ.

 

1 აგვისტო

ილია სულამანიძე (ძიუდო)

12:00-დან – 100 კგ.

 

2 აგვისტო

ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)

11:00 – პისტოლეტი, 25 მეტრი – კვალიფიკაცია

 

ლუბა გოლოვინა (ბატუტი)

14:00 – კვალიფიკაცია , 15:50 – ფინალი 

 

გურამ თუშიშვილი (ძიუდო)

12:00-დან – + 100 კგ.

 

სოფიო სომხიშვილი (ძიუდო)

12:00 – + 78

 

ლიკა ხარჩილავა (მძლეოსნობა)

13:30 – 100 მეტრზე რბენა – კვალიფიკაცია, 21:50 – ნახევარფინალი

 

3 აგვისტო

ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)

11:30 – პისტოლეტი, ფინალი        

 

6 აგვისტო

რობერტ კობლიაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

13:30 – 97 კგ. იწყება მერვედფინალით, ფინალური ბლოკი – მეორე დღეს.

 

7 აგვისტო

რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

13:30 – 67 კგ. იწყება მერვედფინალით, ფინალური ბლოკი – მეორე დღეს.

 

ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

13:30 – 87 კგ. იწყება მერვედფინალით, ფინალური ბლოკი – მეორე დღეს.

 

შოთა მიშველიძე (ძალოსნობა)

17:00 – 61 კგ.

 

8 აგვისტო

ვლადიმერ გამყრელიძე (თავისუფალი ჭიდაობა)

13:30 – 86 კგ. იწყება მერვედფინალით, ფინალური ბლოკი – მეორე დღეს.

 

10:00 – საქართველოს ძიუდოს ნაკრები – მიქსი გუნდური

 

9 აგვისტო

გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)

13:30 – +125 კგ. იწყება მერვედფინალით, ფინალური ბლოკი – მეორე დღეს.

 

10 აგვისტო

გოდერძი ძებისაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)

13:30 – 65 კგ. იწყება მერვედფინალით, ფინალური ბლოკი – მეორე დღეს.

 

გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)

13:30 – 97 კგ. იწყება მერვედფინალით, ფინალური ბლოკი – მეორე დღეს.

 

ირაკლი ჩხეიძე (ძალოსნობა)

13:30 – 102 კგ.

 

ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა)

22:30 – + 102 კგ.

2030 წლის ზამთრის ოლიმპიადა საფრანგეთის ალპებში გაიმართება, 2034-ის - სოლტ ლეიკ სიტიში

2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე პარიზში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 142-ე სესია გაიმართა, სადაც 2030 და 2034 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლები გამოვლინდნენ.

2030 წელს ოლიმპიურ თამაშებს საფრანგეთის ალპები მიიღებს. ზამთრის ოლიმპიადა საფრანგეთში ბოლოს 1992 წელს, ალბერტვილში ჩატარდა. თამაშების მასპინძელი ნაგებობები ჟენევის ტბიდან და ჩრდილოეთ ალპებიდან ხმელთაშუა ზღვამდე იქნება გაშლილი. ოლიმპიადა 2030 წლის პირველი თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება, ხოლო პარალიმპიური თამაშები – პირველიდან 10 მარტამდე.

რაც შეეხება 2034 წლის ზამთრის ოლიმპიადას, მას აშშ-ს შტატის, იუტას დედაქალაქი სოლტ ლეიკ სიტი უმასპინძლებს. ამ ქალაქმა ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2002 წელსაც მიიღო. 2034 წელს ოლიმპიური შეჯიბრებები 10 დან 26 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება, ხოლო პარალიმპიური თამაშები – 10 დან 19 მარტამდე.

2022 წელს ზამთრის ოლიმპიადის მასპინძელი პეკინი იყო, ხოლო 2026 წელს თამაშები მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში ჩატარდება.

გიორგი გველესიანმა „პერსეპოლისთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ გიორგი გველესიანი ირანულ „პერსეპოლისში“ დარჩება, მან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, – ინფორმაციას ირანული კლუბი ავრცელებს.

„გველესიანი ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას „პერსეპოლისის“ გენერალურ დირექტორთან აწარმოებდა.

ქართველი ფეხბურთელი ირანში 2016 წლიდან თამაშობს. ის „ზობ აჰანის“, „ნასაჯისა და „სეპაჰანის“ მოთამაშე იყო. „პერსეპოლისის“ რიგებში კი მან ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ირანის პრემიერლიგაში გველესიანმა 160 მატჩი ჩაატარა, ხოლო „პერსეპოლისის“ მაისურით 16 გოლი გაიტანა, რითაც გუნდის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი უცხოელი ფეხბურთელია“, – წერია კლუბის განცხადებაში.

ქოჩორაშვილი „ლევანტეში“ დაბრუნდა და ახალი სეზონისთვის ემზადება

გიორგი ქოჩორაშვილი ევრო 2024-ის შემდეგ შვებულებიდან „ლევანტეს“ დაუბრუნდა და ვარჯიში განაახლა, მაგრამ საეჭვოა, გუნდში დარჩეს, რადგან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის ტრანსფერით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა – ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემები, „დიარიო ასი“ და „მარკა“ ავრცელებენ.

„საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის შემდეგ, გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ 23 ივლისს დილის ვარჯიშზე შეუერთდა და ახალი მწვრთნელის, ხულიან კალეროს ხელმღვანელობით სეზონისთვის მზადება დაიწყო.

ქართველი ნახევარმცველით ტოპლიგების კლუბები დაინტერესდნენ – სერია A-დან „ტორინო“ და „ლაციო“, საფრანგეთის ლიგა 1-დან „ტულუზა“, ესპანეთის ლა ლიგიდან „ვილიარეალი“, ასევე ბელგიის „ანდერლეხტი“.

ზაფხულში ქართველი ნახევარმცველის სხვა კლუბში გადასვლის ალბათობა საკმაოდ მაღალია. გიორგიმ ევრო 2024-ზე შესანიშნავად ითამაშა და „ლევანტეს“ ხელმძღვანელობა მის ტრანსფერთან დაკავშრებით სარფიან შეთავაზებას ელის.

სპეციალიზებულ პორტალ Transfermarkt-ზე ნახევარმცველი 2,5 მილიონ ევროდ არის შეფასებული, თუმცა „ლევანტე“ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის სანაცვლოდ დაახლოებით ხუთ მილიონამდე თანხას ითხოვს. ნახევარმცველის დამატება რამდენიმე კლუბს სურს“, – წერს გამოცემა „დიარიო ასი“.

ქოჩრაშვილის მომავალთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს გამოცემა „მარკაც“.

„ქოჩორაშვილის ტრანსფერთან დაკავშრებით „ლევანტე“ შეთავაზებას ელოდება და შესაძლო გარიგებით ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ვარაუდობს. ქართველმა ნახევარმცველმა ევრო 2024-ზე შესანიშნავად იასპარეზა და შესაბამისად, მისი სატრასფერო ფასიც გაიზარდა.

„ლევანტეს“ საწყისი ფასი მინიმუმ ხუთი მილიონი ევროა. კლუბის გენერალური დირექტორი, ხოსე დანვილა სასურველ წინადადებას ელოდება. ყველაზე მეტად ერთ-ერთ ინგლისური კლუბი აქტიურობს რომელსაც დაჟინებით სურთ ქართველი ფეხბურთელის შეძენა.

„ლევანტემ“ სწრაფად იმოქმედა და ევრო 2024-ის დაწყებამდე 25 წლის ნახევარმცველთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა. ეს ესპანელების მხრიდან სტრატეგიული ნაბიჯი იყო იმ შესაძლო სცენარის გათვლით, რაც შეიძლებოდა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მომხდარიყო, ქოჩორაშვილი კი ტურნირზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე გახლდათ“.

 

ევროპის ტოპ ლიგები ფიფა-ს წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავენ

წამყვანი ევროპული საფეხბურთო ლიგები აპირებენ, სასამართლოში უჩივლონ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას (ფიფა).

როგორც ცნობილი ჟურნალისტი კავე სოლკეჰოლი თავის სოციალურ ქსელში წერს, ევროპული ფედერაციები უკმაყოფილონი არიან გადატვირთული საფეხბურთო კალენდრით.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, სასამართლოში ჩივილს კონკრეტულად რომელი ლიგები აპირებენ.

დაიწყო - ქვილითაია კარიერას „არისში“ გააგრძელებს

ყველამ იცის, რომ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების წარმატებული გამოსვლის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი გაიზრდება. ყველაზე მეტად, გიორგი მიქაუტაძის, ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ამბებს ველოდებით, რადგან ისინი, წესით, ტოპ-კლუბებში უნდა გადავიდნენ (თუმცა, უკვე ამბობენ, რომ მიქაუტაძემ კონტრაქტი „მონაკოსთან“ გააფორმა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშებს).

გუნდი შეიცვალა ნაკრების ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ. ის კვიპროსული „აპოელის“ კაპიტანი და ლიდერი იყო, გუნდს ჩემპიონობაშიც დაეხმარა, მაგრამ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ შეთანხმდნენ. საქმე ის გახლავთ, რომ ქვილითაიას ორმაგი ხელფასი ასევე კვიპროსულმა „არისმა“ შესთავაზა, რომელმაც გასულ სეზონში მეოთხე ადგილი დაიკავა და ევროთასების მიღმა დარჩა. ამიტომ, მომავალ სეზონში, „არისს“ სწორედ ქვილითაიას დახმარებით სურს ევროსაგზურისთვის ბრძოლა. გარიგება შედგა, გიორგიმ ახალ კლუბთან სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა და ახალი სეზონისთვის მზადებას მალე დაიწყებს.

 

 

კვიცი გვარზე ხტის

მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონის, ოლიმპიადის პრიზიორის, გენო პეტრიაშვილის უმცროსი ძმა, კონსტანტინე პეტრიაშვილი ჭიდაობის ვარსკვლავად ყალიბდება. მან ჯერ 15-წლამდელთა შორის მოიგო ევროპის ჩემპიონატი, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის, ახლა კი, 17-წლამდელებში მოიპოვა კონტინენტის ოქრო, მაგრამ აქ მხოლოდ მის გამარჯვებებზე არ ვისაუბრებთ.

საქმე ის გახლავთ, რომ პეტრიაშვილმა მხოლოდ ერთ შეხვედრაში დაკარგა ქულები, თუმცა ისიც დამაჯერებლად, 10:4 მოიგო, ყველა დანარჩენი შეხვედრა კი, ფინალის ჩათვლით, დროზე ადრე დაასრულა, რადგან მეტოქესთან აშკარა, 10-0 უპირატესობა ჰქონდა. ახლა უკვე, მხოლოდ ქართველი სპეციალისტები კი არა, ევროპელი ექსპერტები ამბობენ, რომ კონსტანტინე პეტრიაშვილის სახით, ჭიდაობას ახალი ვარსკვლავი ეზრდება, რომელიც ტიტულებით ძმას აუცილებლად აჯობებს. შეგახსენებთ, რომ გენო პეტრიაშვილს ოლიმპიადებზე ბრინჯაო და ვერცხლი, მსოფლიოს ჩემპიონატებზე - 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო, ხოლო ევროპის ჩემპიონატებზე - 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაოს მედალი აქვს.

ასე არ შეიძლება - ვინმემ პასუხი უნდა აგოს

საქართველოს კალათბურთლეთა ნაკრებს საოცარი შანსი ჰქონდა იმისა, რომ ფეხბურთელების მიერ დაწყებული ისტორიის წერა გაეგრძელებინა და ოლიმპიურ თამაშებზე პირველად ეასპარეზა. ამისთვის, საქართველო ჯგუფიდან უნდა გასულიყო (მეტოქეებად ლატვია და ფილიპინები ჰყავდა), შემდეგ კი პლეი-ოფი და... დაუძლეველი ბარიერი ნამდვილად არ გახლდათ, თუმცა...

როცა სამგუნდიანი ჯგუფიდან ორი გადის, ერთი მოგებაც კი საკმარისია ხოლმე და ჩვენებმაც, სავარაუდოდ, აქცენტი სწორედ ამაზე გააკეთეს. პირველი შეხვედრა ლატვიასთან გვქონდა, რომელთა დანარცხება, მონდომების შემთხვევაში, შეიძლებოდა, თუმცა სავარაუდოდ, ნაკრების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ლატვიასთან ძალები დავზოგეთ და შეგნებულად წავაგეთ. ჰო, შეგნებულად წავაგეთ, მაგრამ მარცხიც არის და მარცხიც - ბალტიისპირელებმა ჩვენს გუნდს 83-55 მოუგო. ყველა ლოგიკით, ლატვიელებს ფილიპინებიც უნდა დაემარცხებინათ და ჩვენ მერე ამ გუნდთან უბრალოდ გამარჯვებაც გვყოფნიდა, მაგრამ არა - ლატვიამ შორს გაიხედა, ფილიპინელებს არ შეაკვდა და მათთან შეხვედრა წააგო. ჰოდა, ისე გამოდიოდა, რომ საქართველოს მიერ, ფილიპინელების დამარცხების შემთხვევაში, ჯგუფში სამივე ნაკრებს 3-3 ქულია მოუგროვდებოდა და ბურთები დაითვლებოდა. შესაბამისად, ლატვიასთან 28-ქულიანი სხვაობით წაგებულმა მატჩმა გადამწყვეტი მნიშვნელობა ითამაშა. თუ შემდეგ ეტაპზე გასვლა გვსურდა, ფილიპინელებისთვის ყველაზე ცოტა, 19 ქულით უნდა მოგვეგო, რაც წარმოუდგენლად ჩანდა და ასეც მოხდა - საბოლოო ჯამში, 96-94 მოვიგეთ და შემდეგ ეტაპზე ფილიპინები და ლატვია გავიდა.

როცა თავი ყველაზე ჭკვიანი გგონია, მაშინ ჩამოჰკრავს ხოლმე უბედურების ზარი და ამის გამო, ვინმემ პასუხი უნდა აგოს. არ შეიძლებოდა ლატვიასთან ასე უხეიროდ ასპარეზობა და იმის იმედად ყოფნა, რომ ლატვია აუცილებლად მოუგებდა ფილიპინებს. ხომ უნდა სცოდნოდათ და მიმხვდარიყვნენ, რომ როგორც ჩვენ დავზოგეთ თავი, ისე შეიძლებოდა ლატვიასაც დაეზოგა, რადგან ჩვენ ძალიან კომფორტული სხვაობით გვიგებდა და ფილიპინებთან მშვიდად იქნებოდა, თავს შეინახავდა და ასეც მოხდა. არადა, ოლიმპიადაზე თამაშის ძალიან, ძალიან რეალური შანსი გვქონდა.

 

მამარდაშვილი და „ბაიერნი“ რეალობა გახდა - ნოიერი ამერიკაში მიდის

ევროპის ჩემპიონატზე გასული 24 ნაკრების მეკარიდან, ყველაზე შთამბეჭდავად გიორგი მამარდაშვილმა იასპარეზა. ყველა თანხმდება, რომ საქართველოს ნაკრების კიპერს უფრო მეტი შეუძლია და მისი ასაკის გათვალისწინებით (23 წლის), ნებისმიერს, ვინც მას გადაიბრებს, ყველაზე ცოტა, 10 წელი შეუძლია, მეკარის პრობლემა მოგვარებულად ჩათვალოს. მას შემდეგ, რაც ქართველთათვის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა, გერმანელმა ჟურნალისტებმა მამარდაშვილს პირდაპირ ჰკითხეს, მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლაზე რას ფიქრობო? საქმე ის გახლავთ, რომ გუნდის ძირითადი მეკარე, მანუელ ნოიერი 38 წლის არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე ტიტულოვან გერმანულ გუნდს, ამ პოზიციაზე სერიოზული პრობლემა ექნება.

„სადაც არ უნდა წავიდე, რომელ გუნდშიც არ უნდა ვითამაშო, მხოლოდ პირველი ნომერი ვიქნები. სათადარიგოთა სკამზე ჯდომას, რა გუნდიც არ უნდა იყოს, უბრალოდ, არ ვაპირებ“, - განაცხადა მაშინ მამარდაშვილმა და ამით მიანიშნა, რომ ნოიერის დუბლიორად ყოფნის პერსპექტივა არ ხიბლავს.

ჰოდა, ახლა გაირკვა, რომ ნოიერი კარიერის გაგრძელებას ამერიკაში აპირებს. ოკეანის გაღმიდან, მის მიმართ ინტერესი დიდია და თუ ჰერ მანუელი აქამდე ამბობდა, არსად წასვლას არ ვაპირებო, ახლა გადაიფიქრა და დაადასტურა, რომ ახალ სეზონს ამერიკაში დაიწყებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „რეკორდმაისტერი“ ახალი მეკარის ძიებაშია და უმთავრესი კანდიდატი სწორედ მამარდაშვილია. მოლაპარკებები, ჯერჯერობით, არ დაწყებულაა, მაგრამ როგორც ესპანური, ისე გერმანული მედია ვარაუდობს, რომ მიმდინარე თვის ბოლომდე, არათუ მოლაპარაკებები დაიწყება, არამედ, ტრანსფერიც განხორციელდება. თუ მამარდაშვილი „ბაიერნის“ მაისურს მოირგებს, ეს არა მარტო მისი, არამედ, ქართული ფეხბურთის უდიდესი წარმატება იქნება.

რას გამოხატავს პარიზის ოლიმპიადის ლოგო

ოლიმპიადების იდენტობას მათი ლოგოები განსაზღვრავს. ტოკიო 2020-ის ემბლემის ზუსტი გეომეტრია რთულ დროებას შეესაბამებოდა. ლონდონი 2012-ის კუთხოვანი ლოგო ურბანული სულით იყო გაჟღენთილი.

პარიზის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა 33-ე ოლიმპიადის სიმბოლო 2019 წელს წარმოადგინეს. გრანდ რექს სინემაში შეკრებილი საზოგადოება ემოციებით შეხვდა ახალ ლოგოს, რომელიც მას მერე პარიზი 2024-ის მთავარ სახედ იქცა.

ლოგოს წრიული ფორმა მედალს განასახიერებს, რომლისთვისაც თითოული სპორტსმენი იბრძვის. წრეში ჩახატულია ჩირაღდნის ცეცხლი, კავშირი ანტიკურ და თანამედროვე ოლიმპიადებს შორის. ბოლო აკორდი ქალის ტუჩებია, რაც ემბლემაში ქალის სახეს აღმოგვაჩენინებს. ეს მარიანას სახეა.

მარიანა ფრანგული რესპუბლიკის სიმბოლოა. მისი დევიზია: თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა. სხვათა შორის, სწორედ ეს სიტყვები აწერია საფრანგეთის გერბს.

თვითონ მარიანა კი უამრავი ხელოვნის შემოქმედების ინსპირაციად იქცა. მათ შორის, მხატვარ ეჟენ დელაკრუასი, რომელმაც მარიანას სახე რევოლუციის სიმბოლოდ ეფექტურად გადაიტანა ტილოზე.