... ... hotnews.ge - პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის დელეგაციას შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის  მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილეს, ჩენ ჭოუს და დელეგაციის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  გასულ წელს, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში.
ხაზი გაესვა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების შედეგია საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა, რაც რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გაფორმდა. 
დელეგაციის წევრებმა ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადეს პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით გაწეული სამუშაოსთვის. 
თავის მხრივ, პარტიის თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ერთიანი ჩინეთის პრინციპის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, ასევე, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.

პრემიერ-მინისტრი აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებს კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს; ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს,  მარკ კლეიტონს შეხვდა. 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონი სრულად შეესაბამება ყველა ძირითად სამართლებრივ პრინციპს და ის ემსახურება ერთადერთ მიზანს − არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების ფინანსების ყოველწლიურ გასაჯაროებას.

ირაკლი კობახიძის თქმით, მაშინ, როდესაც ხელისუფლება თავად აჩვენებს გამჭვირვალობის მაგალითს და ქვეყნდება მთავრობის ყველა გადაწყვეტილება თუ სამართლებრივი აქტი, გაუგებარია, რატომ არის მიუღებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამჭვირვალობის მინიმალური  სტანდარტის დაკმაყოფილება. 

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების სრული მზადყოფნა კანონთან დაკავშირებით ღია დისკუსიისთვის, რათა ქართულ საზოგადოებას და საქართველოს მეგობრებს არცერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეთ.

 

მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას შეტევისკენ მოუწოდებს

პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას შეტევისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

„ერთიანობისა და შეტევის დროა! მოვუწოდებ ყველა თაობის ჩემს მხარდამჭერებს, მონაწილეობა მიიღონ რუსული კანონის წინააღმდეგ დღეიდან დაწყებულ ყველა აქციაში და დაიცვან საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს სცემა - პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირებაა

ამ წუთებში პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირებაა. "მოქალაქეების" დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა "ოცნების" დეპუტატ, მამუკა მდინარაძეს, რომელიც რუსულ კანონს წარადგენს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელი გაარტყა. 

შემდეგ დაპირისპირება სხვა დეპუტატებს შორის გაგრძელდა. პარლამენტის ლაივ სტრიმი გათიშულია.

"ბიჭო რუსეთში მიგვაქანებენ, აღარ არის აქ სხვა ამბავი, რუსეთში მიგვაქანებენ და არ უნდა შევიდეთ, ეს კანონი უნდა გავუკეთოთ ტრ**ში ამათ", - თქვა გარეთ გამოსულმა ელისაშვილმა.

"მზად ვართ, ჩავერთოთ პრემიერის მიერ დიპლომატებისთვის შეთავაზებულ დისკუსიაში" - შალვა პაპუაშვილი

საჯაროობა დემოკრატიის საფუძველია, შესაბამისად, მივესალმები პარტნიორი ქვეყნების ელჩებისადმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეთავაზებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

პარლამენტის თავმჯდომარე გამოხატავს მზაობას, ჩაერთოს პრემიერ-მინისტრის მიერ შეთავაზებულ საჯარო დისკუსიაში, რათა კიდევ ერთხელ საზოგადოებას ამომწურავი პასუხი გაეცეს ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც ამ კანონპროექტის გარშემო არსებობს.

„საჯაროობა დემოკრატიის საფუძველია. შესაბამისად, მივესალმები პარტნიორი ქვეყნების ელჩებისადმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეთავაზებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვასთან დაკავშირებით. დიპლომატიური საქმიანობისთვის უცნაური მოვლენაა, როდესაც უცხოელი დიპლომატები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დებატების უშუალო მონაწილედ მიიჩნევენ თავს. როგორც წესი, ასეთ დროს გარე მონაწილეებისთვის შეუძლებელია ხოლმე ცხარე პოლიტიკურ კამათში ობიექტური შეფასებების შენარჩუნება, რაც აჩენს რეპუტაციული ზიანის რისკებს. ჩვენ ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით მსგავს საკითხებს და მაქსიმალურად ვცდილობდით სამუშაო ფორმატებში აზრთა ურთიერთგაცვლას. თუმცა, პოლიტიკურ პროცესებში დიპლომატების აქტიურობის გამო, მზად ვართ, ჩავერთოთ პრემიერ-მინისტრის მიერ შეთავაზებულ საჯარო დისკუსიაშიც, რათა კიდევ ერთხელ საზოგადოებას ამომწურავი პასუხი გაეცეს ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც ამ კანონპროექტის გარშემო არსებობს.

მზად ვართ, პრემიერთან ერთად, მოვისმინოთ დასაბუთებული არგუმენტები ჩვენი მეგობრების მხრიდან, რაც თავისთავად დიდად წაადგება კანონშემოქმედებით პროცესს. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობრები საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ და პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ქვეყნის უსაფრთხოების და სუვერენიტეტის საკითხებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა გაიმართება გამჭვირვალედ, ინკლუზიურად და არგუმენტირებულად“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

ვინ იყო ბიჭი, რომელიც 9 აპრილს რუსულ ტანკს ჯოხით შეებრძოლა

ალბათ, საქართველოში ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც გოგა ხაინდრავას გადაღებული კადრები და ის საოცრად ემოციური მომენტი არ უნახავს, როდესაც ქართველი ბიჭი რუსულ ტანკს ჯოხს ურტყამს. ის 9 აპრილის დაუმორჩილებლობის სიმბოლოდაც იქცა. ეს ბიჭი ირაკლი (შმაგი) დოლიძე იყო, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიიდან სულ რაღაც რამდენიმე თვეში ტრაგიკულად დაიღუპა.

 

„ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მაია კიკაბიძე ფოტოს აქვეყნებს და სწორედ ამ მამაც ბიჭზე, ირაკლი (შმაგი) დოლიძეზე წერს.

„ერთი ბიჭი იყო, ირაკლი (შმაგი) დოლიძე, როდის გავიცანი და როგორ, არ მახსოვს, 13 წლის ვიყავი, დაახლოებით. ერთ უბანში ვცხოვრობდით, მაჩაბლის ქუჩაზე ცხოვრობდა, ჩემზე უფროსი იყო ერთი წლით და ჩემი ლამაზი კლასელი უყვარდა. შმაგი იყო ძალიან უცნაური და განსხვავებული სახელიც, შმაგი დაირქვა, ასე დამიძახეთო, მხიარული, ხმამაღალი, იმ ეპოქისთვის ძალიან თავისუფალი იყო. უცბად, საიდან სად გაჩნდებოდა ხოლმე, მეორე სართულიან ხტებოდა. მთამსვლელობა უნდოდა, ერთხელ, ვიღაცამ ბათინკები აჩუქა, დიდი, ბრაგუნა ბათინკები და ზაფხული იყო, იმით დადიოდა, მთაში მივდივარო, მე და ჩემს კლასელს სულ დაგვყვებოდა აქეთ-იქით უბანში, რაღაცებს გვიყვებოდა ხელგაშლილი, ემოციურად აჟიტირებული ხასიათით და იპრანჭებოდა.

ერთხელ, დამიძახა და ხელი გავიჭერიო, მითხრა, მუშტი შეკრული ჰქონდა, გაშალა და ვხედავ, ხელის გული გაჭრილი ჰქონდა, ნემსით და ძაფით ამოუკერია, უნდოდა, ეს ვაჟკაცობა მომეყოლა ჩემი მეგობრისთვის.

ყოველდღე მხვდებოდა თითქმის, უბანში, ხან - თავის ქუჩაზე, ხან - „ბირჟასთან“, სულ სოლოლაკში და ამ დროს, ყველგან იყო. თავისუფლება ცხოვრობდა მასში, უშუალო ადამიანი, პატარასთან და უფროსთან ერთნაირად მეგობრობდა და ყველას უყვარდა, მასზე არასოდეს გამიგონია რამე უარყოფითი.

ყველა იცნობდა, თბილისი იცნობდა. ერთ დღეს, სახლში მივედი და დედაჩემმა ძალიან ცუდი ამბავი მოხდაო, მითხრა...

რამ გამახსენა შმაგი...

გუშინ ტვ-ში, ფიქრია ჩიხრაძე იგონებდა 9 აპრილს. არასოდეს არავის უხსენებია და მან ახსენა - იყო ერთი, პატარა ბიჭი, შმაგი დოლიძეო, აი ისო, პატრიარქი ვინც გაიყვანა და აეფარაო, კადრშიც ჩანსო, მიკროფონიც უჭირავს, ეს ის ბიჭიაო, ჯოხს რუსულ ტანკს რომ ურტყამს, უკან დაიხიეთო, კადრებშიც ჩანსო... გული გამიჩერდა, 9 აპრილს გადარჩა, ისეთი იყო, რომ იქიდან ბევრს გამოიყვანდა და გადაარჩენდა. ერთი წელი იყო გასული 9 აპრილის შემდეგ, რუსთაველზე იდგა, ტაქსის აჩერებდა და მანქანა დაეჯახა. იყო ასეთი ადამიანი, კარგი და საამაყო შმაგი, - წერს მაია კიკაბიძე.

ვრცლად სტატია იხილეთ აქ.

პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც  მმართველი პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების მინისტრის მოადგილე ჩენ ჭოუ ხელმძღვანელობს.

 

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ ნაყოფიერ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ გასულ წელს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე. პრემიერ-მინისტრის შეფასებით ამ კუთხით, ისევე როგორც ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის, ბიზნესისა და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას, რაც რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გაფორმდა.

 

ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ერთიანი ჩინეთის პრინციპის მიმართ.

 

"არა რუსულ კანონს, რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება" - მდინარაძე ოპოზიციას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან არაერთი დეზინფორმაცია ვრცელდება.

მამუკა მდინარაძემ განმარტა, სინამდვილეში რას მოიცავს კანონპროექტი და ასევე აღნიშნა, რომ ქართულ პროექტში არცერთი შეზღუდვა არ არის.

„მთელი ამ დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა უამრავი დეზინფორმაცია კანონპროექტთან დაკავშირებით. ერთი წელია, ჩვენ მომსწრენი ვართ დიდი აფერის, თითქოს ეს კანონი არის რუსული. რაც არ უნდა სენსაციურად მოეჩვენოს ვიღაცას, მთელი პასუხისმგებლობით დაგიდასტურებთ – არა რუსულ კანონს. მე გიერთდებით ამაში. რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება. ამავე დროს, არა მონობას. ჩვენ მივიღებთ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, შეიძლება, არავის აწყობდეს, საქართველოს გარდა, მაგრამ ჩვენ გამოვდივართ საქართველოს ინტერესებიდან.

ვეთანხმები მიდგომას, რომ ევროპული ყაიდის კანონმდებლობა უნდა მივიღოთ, მაქსიმალურად შევუსაბამოთ ევროდირექტივას, რომელიც ჯერ არ არის მიღებული, მაგრამ არის ფრანგული კანონი, რომელიც უკვე მიღებულია ქვედა პალატის მიერ. ამ ეგრეთ წოდებულ ბანერზე რაც ამოგიწერიათ რუსული კანონიდან, არცერთი შეზღუდვა არ არის ჩვენს კანონპროექტში. რომელიმეს თუ ნახავთ, პირობას გაძლევთ, ამოვიღებთ. არათუ უმკაცრესი, არამედ არცერთი შეზღუდვა არ არის ქართულ კანონმდებლობაში. ტყუილია, რომ კანონპროექტი ფიზიკურ პირებზე ვრცელდება, ასევე კრძალავს აქტიურ საარჩევნო უფლებას, პედაგოგიურ საქმიანობას, ჩვენთან მსგავსი არ არსებობს; ასევე ტყუილია, რომ ზღუდავს უფლებებს ქონებათა ფინანსურ ტრანზაქციებზე, ჩვენს კანონპროექტში მსგავსი არ არსებობს, რეესტრში ქვეკონტრაქტორებიც კი შეჰყავსო, საჯაროობისას აწესებს გავლენის აგენტად მოხსენიების ვალდებულებასო, ჩვენთან მსგავსი არ არსებობს; აწესებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასო, არც ასეთი არსებობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

„ როგორც კი შინაარსში შევედი და დავიწყე საუბარი კანონპროექტზე, იმწუთას გამაწყვეტინეს“-მდინარაძე ოპოზიციაზე

როგორც კი შინაარსში შევედი და დავიწყე საუბარი კანონპროექტზე, იმწუთას გამაწყვეტინეს, ნუ ყვირით, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციის წარმომადგენლებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, კანონპროექტის განხილვას ხელი შეუშალოს, რათა საზოგადოებამ სიმართლე არ გაიგოს.

„ქალბატონო სალომე, თქვენი დესტრუქცია რაში მდგომარეობს იცით? როგორც კი გადავედი ერთადერთ ვალდებულებაზე, რაც კანონის ობიექტებს ევალებათ, იმწუთას შეეცადეთ, რომ შეგეშალათ ხელი. ამას აკეთებთ თქვენ, ამას აკეთებს ქალბატონი თინა [ბოკუჩავა]. მაგრამ ჩვენ, ქართულ საზოგადოებას მაინც უნდა ვუთხრათ ის, რაც წერია ამ კანონპროექტში. ერთადერთი ვალდებულება, რაც გააჩნიათ, რეესტრში დარეგისტრირება და წელიწადში ერთხელ დეკლარაციის შევსებაა. რატომ აკეთებენ [ოპოზიციის წარმომადგენლები] ამას იცით? ხალხმა რომ არ გაიგოს. პირდაპირი მტკიცებულება, როგორ უნდათ სხდომის ჩაშლა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძე.

„რუსული კანონის“ განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული რუსული კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. 

აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიების წარმომადგენლები, მათ შორის აკრედიტებული ჟურნალისტები, რომლებიც დღეს პარლამენტში არ შეუშვეს, ასევე, სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები. ადგილზე ისმის შეძახილები: "არა რუსულ კანონს!"; "მონებო", გაშალეს ევროკავშირის დროშა.

ქალაქში გამოჩნდა „ქართული ოცნების“ დაკვეთით დაბეჭდილი პლაკატები, QR კოდით მომხმარებელს შეუძლია გადავიდეს ბმულზე და გაეცნოს „გამჭვირვალობის კანონს“

წაიკითხე გამჭვირვალობის კანონი, თავი არავის მოატყუებინო! დადექი საქართველოს მხარეს! - ამ წარწერით ქალაქში გამოჩნდა "ქართული ოცნების" დაკვეთით დაბეჭდილი პლაკატები.

პლაკატებზე დატანილია QR კოდი, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია  გადავიდეს ბმულზე და გაეცნოს "გამჭვირვალობის კანონს"

 

ირანის თავდასხმა ისრაელზე - G7-ის ლიდერები განცხადებას ავრცელებენ

დიდი შვიდეულის ლიდერები ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით 
განცხადებას ავრცელებენ.

"ისრაელისა და მისი ხალხის მიმართ სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას მისი უსაფრთხოებისადმი. ამ ქმედებებით ირანმა რეგიონში დესტაბილიზაციისა და რეგიონული, უკონტროლო ესკალაციის საფრთხის გაზრდისკენ ნაბიჯი გადადგა. ეს თავიდან უნდა იქნას აცილებული", - წერია განცხადებაში. 

ისინი ირანისა და მისი მარიონეტებისგან თავდასხმების შეწყვეტას მოითხოვენ. ასევე, გამოთქვამენ მზადყოფნას, მიიღონ შესაბამისი ზომები დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად.