... ... hotnews.ge - პოლიტიკა

"გერმანია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას" - ირაკლი ჩიქოვანი

დასრულდა საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სადაც ჩვენ გვქონდა უმაღლესი დონის შეხვედრები, -  ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, გერმანია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,  საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასეც გაგრძელდება და ამის დასტური იყო განცხადებები, რომლებიც გაკეთდა უმაღლეს დონეზე. 

„აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ გერმანიას და საქართველოს აქვს ძალიან მაღალი დონის თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხთან დაკავშირებითაც. ბოლო წლების განმავლობაში გვაქვს განსაკუთრებით მზარდი დინამიკა და რა თქმა უნდა, იყო მზაობა იმისა, რომ ეს დინამიკა იყოს შენარჩუნებული და ჩვენ  შემდგომში კვლავაც გავაგრძელოთ თანამშრომლობა, რომელი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების გაძლიერებას“, -  განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

"ყველამ კეთილი უნდა ინებოს და „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით წარმოადგინოს არგუმენტები" - ირაკლი კობახიძე

ყველამ კეთილი უნდა ინებოს და „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით წარმოადგინოს არგუმენტები, არგუმენტების გარეშე ჩვენი ღირსების საქმეა, რომ გადაწყვეტილება არ შეიცვალოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიაში ჟურნალისტებს განუცხადა. 

პრემიერის შეფასებით, როდესაც კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს და ეს არის ყოველწლიური ანგარიშების დეკლარირება, შეუძლებელია, ვინმეს ჰქონდეს რაიმე არგუმენტი. 

„ჩვენ მზად ვართ ღია დისკუსიისთვის, მათ შორის თუნდაც საჯარო დისკუსიისთვის, ნებისმიერი, ქართველი, უცხოელი, ვინც არ უნდა იყოს, დაგვიჯდეს ტელევიზიების, კამერების თვალწინ საჯარო დისკუსიაში და ყველა კარგად დაინახავს, რომ არგუმენტი არის ნული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იქ, სადაც ერთადერთ რამეს ითვალისწინებს კანონი - ეს არის ყოველწლიური ანგარიშების დეკლარირება, როგორ შეიძლება, ვინმეს ჰქონდეს რაიმე არგუმენტი. კეთილი ინებონ, შემოვიდნენ გახსნილ დისკუსიაში, თუ რაიმე არგუმენტი აქვთ, წარმოადგინონ. არგუმენტების გარეშე, ჩვენ ვერავითარ ვალდებულებას ვერ ვხედავთ, რომ რაიმე განსხვავებული გადაწყვეტილება მივიღოთ იმისგან, რაც აქამდე გვაქვს მიღებული. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და წარმოადგინოს არგუმენტები კანონთან დაკავშირებით, არგუმენტების გარეშე ჩვენი ღირსების საქმეა, რომ გადაწყვეტილება არ შეიცვალოს. ეს არის ჩვენი ეროვნული ღირსების საქმე, სახელმწიფო სუვერენიტეტის საქმე, როცა უარგუმენტოდ რაღაცას ითხოვენ და ამაზე რეაგირება, არის შეურაცხმყოფელი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სერიოზული პრობლემები ჩანს ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც გამოიკვეთა დღევანდელ მაგალითზეც, თარჯიმნის მაგალითზე, სხვა კუთხითაც და იმედი გვაქვს, ამ პრობლემებსაც მომავალში მოევლება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"აშშ-მა მოუხსნას სანქციები მოსამართლეებს და ასევე ბოდიში მოუხადონ ლაშა ჩხიკვაძეს" - მამუკა მდინარაძე

აშშ-მა მოუხსნას სანქციები მოსამართლეებს და ასევე ბოდიში მოუხადონ ლაშა ჩხიკვაძეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას აშშ-ის მოთხოვნაზე, გამოძიება დაიწყოს იმ მოსამართლეების მიმართ, რომლებზეც კითხვის ნიშნები არსებობს, რაზეც მდინარაძემ აღნიშნა, რომ ამ მოთხოვნაზე მათ მტკიცებულებების წარმოდგენა მოითხოვეს, თუმცა არცერთი მტკიცებულება არ არის, რის გარეშეც, გამოძიების დაწყება არ არის დემოკრატიული სტანდარტი.

„რამდენიმე დღის წინ, ჩვენ გვქონდა მათ მიმართ თხოვნა, მოეხნას სანქციები ჩვენ მოსამართლეებს, რადგან არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენს კითხვაზე, თხოვნაზე და თუნდაც მოთხოვნაზე, რომ უსამართლო სანქციები მოეხსნათ ქართველი მოსამართლეებისთვის, მივიღეთ პასუხი, რომ გამოძიება დაიწყეთო. ჩვენ მათ ასევე ვთხოვეთ, მტკიცებულებები წარმოედგინათ. არცერთი მტკიცებულება არ არის და მტკიცებულების გარეშე გამოძიების დაწყება არ არის დემოკრატიული სტანდარტი, არც აშშ-სთვის, არც ევროპისთვის და არც საქართველოსთვის. როგორც ამერიკელებს, ასევე ევროპელებს და ქართველებს გვაქვს საერთო ღირებულება – მტკიცებულებების გარეშე გამოძიებას არცერთი ქვეყანა არ იწყებს.

ამ შემთხვევაში, მოთხოვნა, რომ მტკიცებულებების გარეშე დავიწყოთ გამოძიება, არ არის სწორი მოთხოვნა, რბილად რომ ვთქვათ. პირიქით, ჩვენ მათ გაღმა ვედავებით ამ დისკუსიაში, ან მოუხსნან სანქციები მოსამართლეებს, ასევე ბოდიში მოუხადონ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს. თუ მათ ასე არ უნდა გააკეთონ, მაშინ მოგვცენ მტკიცებულებები, რის საფუძველზეც დაასანქცირეს ეს ხალხი და გამოიძიებს ქართული მხარე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს პირველ რიგში? - ISSA-ს კვლევა

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა "მთავარი არხის" დაკვეთით, "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა "(ISSA) ჩაატარა.

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს პირველ რიგში? - ამ კითხვის შედეგები ასე განაწილდა:

ევროპული საქართველო - 1.4%
ახალი - 9.1%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი 9.6%
მოქალაქეები - 1.4%
პატრიოტთა ალიანსი - 0.4%
ლელო საქართველოსთვის - 3.0%
ლეიბორისტული პარტია - 1.7%
რესპუბლიკური პარტია - 0.2%
კანონი და სამართალი - 0.2%
საქართველოსთვის - 3.3%
ერი (ერთობა რაობა იმედი) - 0.3%
სამართლიანობისთვის -0.4%
გირჩი - მეტი თავისუფლება/დროა - 1.1%
ქართული ოცნება -31.4%
ხალხისთვის - 1.1%
გირჩი - 1.0%
ხალხის ძალა - 0.4%
ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა -1.3%
კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფო -1.4%
სხვა პარტია - 0.2%
არ წავალ არჩევნებზე - 3.3%
არცერთ პარტიას - 6.9%
არ ვიცი/ჯერ არ გადამიწყვეტია - 17.3%;
უარი პასუხზე - 3.6%

მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, რამენაირად მოახდინონ ჩემი სახელის და ოჯახის დისკრედიტაცია - ღარიბაშვილი

მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, რომ რამენაირად მოახდინონ ჩემი სახელისა და ზოგადად ჩემი ოჯახის დისკრედიტაცია, მაგრამ ეს არ მუშაობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ამბროლაურში განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილს „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა ღარიბაშვილის მამის ბიზნესსაქმიანობაზე მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რაზეც ღარიბაშვილმა განაცხადა:

„მართლაც მეუხერხულება ამ საკითხებზე საუბარი – საზოგადოებამ, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. ეს არის მიზანმიმართული კამპანია ჩემ წინააღმდეგ, რომ რაიმენაირად მოახდინონ დისკრედიტაცია ჩემი სახელისა და ზოგადად, ჩემი ოჯახის დისკრედიტაცია. ეს არახალია. იცით, რომ ჯერ კიდევ 2012 წლამდე ჩემი ოჯახის წევრი დაიჭირა თქვენმა ხელისუფლებამ და რომ არ მოგვეგო ჩვენ მაშინ, რა თქმა უნდა ამ კაცს მოკლავდნენ, მე ციხეში დამიჭერდნენ. იცით, რომ პოლიტიკაში მოსვლის დღიდან, პირველივე დღეებიდან რამხელა აღვირახსნილი კამპანია წარმოებდა ჩემ წინააღმდეგ. ეს არის დისკრედიტაციის მცდელობა. მეორე – იცით, რომ რაღაც პერიოდი მე აღარ ვიყავი პოლიტიკაში და მაშინაც გაგრძელდა ეს კამპანია. დავბრუნდი პოლიტიკაში და გაგრძელდა. აღარ ვარ პრემიერ-მინისტრი, გააგრძელეს და აგრძელებთ ამ კამპანიას. მაგრამ, ერთი რამ ვერ გაიგეთ თქვენ – რომ არ მუშაობს. ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი, ასე რომ, ყველა კითხვაზე არის პასუხი გაცემული. თუ დამატებით რაიმე კითხვები არსებობს, ამას ჩემი ოჯახის ადვოკატი გასცემს პასუხს და, რა თქმა უნდა, მოგიწევთ თქვენ პასუხის გაცემა სასამართლოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებით, ზურაბიშვილმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციელს" - ღარიბაშვილი

სალომე ზურაბიშვილმა, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებით, „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციელს, ეს არის ჩემი შეფასება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ამბროლაურში ჟურნალისტებს განუცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ამ გადაწყვეტილებით ბოლომდე უღალატა არა მხოლოდ პარტიას, ხალხსა და ქვეყანას, მან უღალატა ქართლ პოლიციას.

„ძალიან ვცდილობ, მოზომილი ვიყო ჩემს შეფასებაში. აი, რა უნდა ვუწოდოთ ახლა ასეთ გადაწყვეტილებას და როგორ შეიძლება, ამ გადაწყვეტილებას არ ვუწოდოთ ანტისახელმწიფოებრივი. ადამიანმა შეიწყალა პირი, რომელმაც „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა ჩვენს საამაყო პოლიციას და ცოცხლად დაწვა სურდა ჩვენი ერთ-ერთი გმირი პოლიციელის. ეს ხომ ფაქტია. ყველამ კარგად ნახა ეს კადრები, მთელმა ქვეყანამ და მთელმა მსოფლიომ ნახა, როგორ ესროლა „მოლოტოვის კოქტეილი“ ამ პიროვნებამ და როგორ სასწაულებრივად გადარჩა ჩვენი გმირი პოლიციელი.

ფაქტებით, მტკიცებულებებით აღიარა ამ კაცმა, რომ მე ვესროლე „მოლოტოვის კოქტეილიო“ და ამის შემდეგ ეს ექსტრემისტი პირი შეიწყალა ე.წ. პრეზიდენტმა. არ მოვერიდები ამის თქმას, ეს არის უკვე ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ის, რომ ამ ქალმა საერთოდ დაივიწყა კონსტიტუცია, კანონი, პატივს არ სცემს ჩვენს ქვეყანას, ხალხს, ამომრჩეველს, საკუთარ ამომრჩეველზე აღარ მაქვს საუბარი. ის, რომ ბოლომდე უღალატა მან არა მარტო ჩვენს ამომრჩეველს, პარტიას და ხალხს და ქვეყანას, მან უღალატა ჩვენს პოლიციას. მან შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს პოლიციას.

ბოლო რამდენიმე თვე აქვს დარჩენილი ე.წ. პრეზიდენტობის, როგორ უნდა შეძლოს მან ამ საქმიანობის განხორციელება, ჩემთვის წარმოუდგენელია. ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და ჩემს თვალში, ეს არის დანაშაული პოლიციის წინააღმდეგ. იგი არის თანამონაწილე. სალომე ზურაბიშვილმა „მოლოტოვის კოქტეილი “ესროლა პოლიციელს ამ შეწყალებით. აი, ეს არის ჩემი შეფასება. ამიტომ, სალომე ზურაბიშვილს პასუხს გასცემს ჩვენი ხალხი. რამდენიმე თვეში იგი აღარ იქნება ჩვენი პრეზიდენტი და ჩაეწერება, როგორც „მოლოტოვის კოქტეილის“ შემწყალებელი, მსროლელი და თანამონაწილე ამ დიდი დანაშაულისა. სამარცხვინოა და დანაშაულია ეს ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თბილისში 2023 წლის 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა გუშინ მიუსაჯა. გუშინვე, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია.

ალექსანდრე დარახველიძე შს სამინისტროს აკადემიაში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას,"საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ორგანიზებით", სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესტუმრნენ.
ახალგაზრდებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე და აკადემიის რექტორი, ვახტანგ გაბრიჭიძე შეხვდნენ.
ალექსანდრე დარახველიძემ სტუდენტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მიმდინარე აქტუალური საკითხები მიმოიხილა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ახალგაზდრებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისგან მიიღეს.
სტუდენტები ასევე, დეტალურად გაეცნენ აკადემიის საქმიანობას და იქ არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

 

ირაკლი ღარიბაშვილი ამბროლაურში დღეს „ქართული ოცნების“ პარტიულ აქტივს შეხვდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი ამბროლაურში დღეს პარტიულ აქტივს შეხვდება. შეხვედრა 13:00 საათზე გაიმართება.

პარტიის თავმჯდომარესთან ერთად რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და აქტივს პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები შეხვდებიან.

შეხვედრას ასევე, სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში, პარმენ მარგველიძე დაესწრება.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის მხარეში.

ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება.

 

სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ხელს შევუწყობ ფეხბურთელების წინსვლას - კახა კალაძე

ყველა გზას და კავშირს გამოვიყენებ, რომ ჩვენი ქართველი ფეხბურთელები იყვნენ წარმატებულები, თამაშობდნენ მაგარ გუნდებში, რადგან მათი წარმატება და გამარჯვება პირადად ჩემი გამარჯვება და ჩვენი სამშობლოს გამარჯვებაა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გაკეთებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

კახა კალაძემ ცილისმწამებლური და აბსურდული უწოდა პარტია „ახალი“-ს ლიდერის, ნიკა გვარამიას ბრალდებას, თითქოს საქართველოს ნაკრებში ადამიანები თბილისის მერის დამსახურებით ხვდებიან, რაც ყოვლისმომცველი კორუფციაა.

„მე დღეს ვთქვი, რომ გიორგი ქოჩორაშვილის ნაკრებში თამაშში პატარა წვლილი მეც მიმიძღვის. გიორგის ვაკვირდებოდით „ლევანტედან“, მაშინ, როდესაც ძალიან ცოტა თამაშს თამაშობდა და ვამბობდით, რომ ის იქნებოდა ერთ-ერთი გამორჩეული, უნიჭიერესი ფეხბურთელი ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის. აღარ გავაგრძელებ და დეტალებში არ შევალ. დღეს გამოვიდა ნიკა გვარამია და თქვა, რომ სუფთა კორუფციაა, რომ კახა კალაძე რეკომენდაციას უწევს ვინმეს, ნაკრებში მოხვდესო. დახმარებას, ხელშეწყობას უწოდა ქართული ფეხბურთის სფეროში არსებული კორუფცია. თუ ვინ არის ნიკა გვარამია, ამის ახსნას არ დავიწყებ, რაც არ უნდა სახელი შეიცვალოს, გინდა, „ახალი“ ან „ოქრო“ დაირქვას, ყველამ ვიცით, ვინ იყო პროკურორი ნიკა გვარამია. რა სიბინძურით, რა ბოროტებით და ცილისწამებით იყო დაკავებული მის გუნდთან ერთად, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ერქვა. რა თქმა უნდა, რაც არ უნდა ეცადოს, ვერ ჩამოირეცხავს იმ სიბინძურეს, რაც აკეთა. დღესაც იმავეს აგრძელებს. მე მახსოვს საპრეზიდენტო არჩევნების დროს ისეთი რაღაცები იკადრა. საოცარი ისაა, რომ დღეს ეს ადამიანები ერთად არიან და ერთ რადიკალურ დაჯგუფებას წარმოადგენენ.

მას სპორტის საერთოდ არაფერი გაეგება და არც სიყვარული გააჩნია სპორტის მიმართ. გვარამიაზე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ის არის ერთ-ერთი წარმომადგენელი იმ ძალის, რომელიც ებრძვის მშვიდობას, ქვეყნის ხვალინდელ დღეს, ებრძვის წარმატებულ ადამიანებს.

მე, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ხელს შევუწყობ ფეხბურთელების წინსვლას, განვითარებას, თუკი რაიმე კავშირები, შესაძლებლობები გამაჩნია, მეგობრობა - ყველაფერს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ქართული ფეხბურთი იყოს წარმატებული, ჩვენი ქართველი ფეხბურთელები თამაშობდნენ მაგარ გუნდებში და იყვნენ წარმატებულები, რადგან, მათი წარმატება და გამარჯვება პირადად ჩემი გამარჯვება და ჩვენი სამშობლოს გამარჯვებაა და რა თქმა უნდა, მათ ყოველთვის ექნებათ მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან,“- აღნიშნა კახა კალაძემ.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სახელმწიფოს მხრიდან სპორტის ხელშეწყობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ამ მხარდაჭერის შედეგი მომავალში კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება.

„ის გამარჯვებები და წარმატებები შემთხვევით არ მოსულა არც ფეხბურთში და არც სპორტის ნებისმიერ სახეობაში, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გვაქვს. ეს უშუალოდ ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა. გარკვეულწილად ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტების შედეგიცაა, რომ ყველა მიმართულებით გვაქვს წარმატებები. რადიკალური ოპოზიცია როდესაც ხელისუფლებაში იყო, დაკავებული გახლდათ სპორტული მოედნების გასხვისებით, რის გამოც მუნიციპალიტეტი დღესაც ბიუჯეტის თანხებს იხდის, რომ დაიბრუნოს ის არეალები და შემდეგ იქ სპორტული მოედნები გაკეთდეს. ქართულ ფეხბურთს ჩვენი მხრიდან ყოველთვის ექნება მხარდაჭერა, თანადგომა. ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის განვითარება, რასაც აკეთებს ჩვენი ხელისუფლება. ეს არის სიმართლე და რეალობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მივიღე გადაწყვეტილება, შევიწყალო ლაზარე გრიგორიადისი - პრეზიდენტი ზურაბიშვილი

"ტვ პირველის" ეთერში, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ის ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალოს.

„მე დღეს გეტყვით, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე დილით, 10:00 საათზე, არ დაველოდე არც არავის მოწოდებას, ვერავინ ვერ ჩაიწერს ქულებს, არც მუქარებს. ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს. ხელი ჯერ არ მომიწერია, რადგან არის პროცედურები. მაგრამ გადაწყვეტილება იყო უკვე მიღებული ყველანაირი აზრის გარეშე. ვიდრე არ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი, ვერაფერს ვერ გადავწყვეტდი.
ახლა იქნება მცდელობა, რომ მთავარსარდალი და პოლიცია და ეს დაპირისპირება. მინდა პოლიციას ვუთხრა, რომ ეს არანაირი წაქეზება არ არის. აქ არ არის ის მტკიცებულებები, რომ ასეთი რამეები ასე მოხდა. იმ პერიოდში, სადაც ჩვენ ახლა შევდივართ, პოლიციის როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ესენი იქნებიან ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
 

 

პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერთან საუბარში გერმანულ- ქართული ურთიერთობები და საქართველოს ევროპული გზა განიხილა - გერმანიის პრეზიდენტის ოფისი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას გერმანიის ფედერალური პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გერმანიის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გერმანულ- ქართული ურთიერთობები და საქართველოს ევროპული გზა განიხილა.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბელვიუს სასახლეში. გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა დღეს საქართველოს პრემიერ - მინისტრი, ირაკლი კობახიძე მიიღო და მასთან საუბარში გერმანულ- ქართული ურთიერთობები და საქართველოს ევროპული გზა განიხილა. პრემიერ-მინისტრმა განათლება დიუსელდორფში მიიღო და გერმანულად თავისუფლად საუბრობს”,- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ფაქტის კონსტატაცია არ შეიძლება იყოს პროტესტის საგანი. თუ ვინმეს არ მოსწონს ფაქტის კონსტატაცია, გამოდის, რომ იმ ფაქტის ეშინია, რომლის თანამონაწილეც თავად არის - პრემიერი

როდესაც ორგანიზაცია აფინანსებს სხვას, მას აქვს კონკრეტული ინტერესი და სწორედ ამ ინტერესის გატარებას ემსახურება ის დაფინანსება, რაც მიდის შესაბამის ორგანიზაციაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის სახელწოდებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უცხოური ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია.

„გამჭვირვალობის კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაცია იწოდება უცხოური ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად. როდესაც ორგანიზაცია აფინანსებს სხვას, მას აქვს კონკრეტული ინტერესი და სწორედ ამ ინტერესის გატარებას ემსახურება ის დაფინანსება, რაც მიდის შესაბამის ორგანიზაციაში. აქედან გამომდინარე, უცხოური ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია. როდესაც ვიღაც გაურბის ფაქტის კონსტატაციას, ეს არის თავისთავად დამაფიქრებელი, რაზეც საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, რატომ გაურბის ვირაც ფაქტის კონსტატაციას. არა სახელის მინიჭებას, არამედ ფაქტის კონსტატაციას. ფაქტის კონსტატაცია არ შეიძლება იყოს პროტესტის საგანი. თუ ვინმეს არ მოსწონს ფაქტის კონსტატაცია, გამოდის, რომ იმ ფაქტის ეშინია, რომლის თანამონაწილეც თავად არის“, - განაცხადა პრემიერმა.