... ... hotnews.ge - 82 წლის ასაკში გარდაიცვალა აშშ-ის გავლენიანი პოლიტიკოსი, ყოფილი სენატორი ჯო ლიბერმანი

82 წლის ასაკში გარდაიცვალა აშშ-ის გავლენიანი პოლიტიკოსი, ყოფილი სენატორი ჯო ლიბერმანი

82 წლის ასაკში გარდაიცვალა აშშ-ის ყოფილი სენატორი ჯო ლიბერმანი. ის 24 წლის განმავლობაში იყო სენატის წევრი. 2000 წელს ელ გორმა საპრეზიდენტო კამპანიისას ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. ის პირველი ებრაელი იყო, ვინც აშშ-ის პოლიტიკაში ასეთი მაღალი პოსტისთვის იბრძოდა.

ოთხი წლის შემდეგ ლიბერმანი საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატობისთვის იბრძოდა.

ლიბერმანი ცნობილი იყო, როგორც მკაცრი კურსის მომხრე საგარეო პოლიტიკაში. ის საკვანძო როლს თამაშობდა საშინაო უსაფრთხოების სამინისტროს შექმნაში, რაც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს მოჰყვა.

ის მჭიდროდ თანამშრომლობდა ორ წამყვან რესპუბლიკელ კოლეგასთან, ჯონ მაკკეინთან და ლინდსი გრემთან, განსაკუთრებით ერაყში აშშ-ის სამხედრო პოლიტიკის საკითხებზე. ამის გამო ის დემოკრატიული პარტიიდან ვეღარ მოხვდა სენატში, მაგრამ დამოუკიდებელ კანდიდატად მოახერხა არჩევნებში გამარჯვება და სენატში დაბრუნება.

2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ჯო ლიბერმანი და ლინდსი გრემი პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯონ მაკკეინის ინიციატივით ჩავიდნენ საქართველოში, რათა საქართველოს ხელისუფლებისთვის სოლიდარობა გამოეხატათ. ეს არ ყოფილა მისი ერთადერთი ვიზიტი საქართველოში. ლიბერმანი გულისყურით ადევნებდა თვალს და ეხმაურებოდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

 

YOU MAY LIKE