... ... hotnews.ge - პოლიტიკა

ფიზიკური დაპირისპირება უნივერსიტეტთან

ცოტა ხნის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან, სადაც ამ წუთებშიც პრემიერი კობახიძე ლექციას ატარებს. სახის ნიღბებით და განსაკუთრებული აგრესიით 50-მდე ადამიანი ფიზიკურად დაუპირსპირდა იმ სტუდენტებს , ვინც დღეს "რუსული კანონის" გაპროტესტებას თსუ-ს წინ აპირებდა. 

ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ქვემო ქართლის პარტიულ აქტივს შეხვდება

18 მაისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ქვემო ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა რუსთავში 13:00 საათზე შედგება.

მათივე ცნობით, შეხვედრას დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში გიორგი დოხტურიშვილი.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის მხარეებში.

ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში შეხვდება

ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას - პრემიერი

ემოციები უმეტესწილად ჩაცხრა. ბევრმა ადამიანმა, რომელიც მანამდე სხვაგვარად ფიქრობდა, უკვე გაიაზრა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, სინამდვილეში, სულაც არ არის რუსული. ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.

„ენჯეოების“ გამჭვირვალობის გასაპროტესტებლად მოწყობილ ბოლო აქციებზე ძალადობის ხარისხი მნიშვნელოვნად იყო შემცირებული, რისთვისაც აქციებში მონაწილე ყველა ჩვენს გულწრფელ თანამოქალაქეს მადლობა მინდა გადავუხადო.

აქციებზე ძალადობას კონკრეტული ორგანიზატორები ჰყავდა. ესენი იყვნენ რადიკალური პარტიები და „ენჯეოები“ და მათთან დაკავშირებული ძალადობრივი დაჯგუფებები. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ძალადობაზე უარის თქმა ამ ადამიანების გადაწყვეტილება იყო.

შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ, რომ ძალადობის შემცირება იმ ახალგაზრდების დამსახურებაა, რომლებიც აქციებში არა პოლიტიკური მოტივით მონაწილეობდნენ, არამედ რომლებმაც გულწრფელად დაიჯერეს, რომ კანონს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის დაბრკოლება შეიძლებოდა შეექმნა. უნდა ვიფიქროთ, რომ საბოლოოდ, სწორედ მათ შესძინეს აქციებს ქართული კულტურისთვის მისაღები, მშვიდობიანი სახე.

ემოციები უმეტესწილად ჩაცხრა. ბევრმა ადამიანმა, რომელიც მანამდე სხვაგვარად ფიქრობდა, უკვე გაიაზრა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, სინამდვილეში, სულაც არ არის რუსული. გარე შანტაჟის მიუხედავად, ბევრმა ისიც გაიაზრა, რომ ეს კანონი არც საქართველოს ევროინტეგრაციას შეაფერხებს.

ბევრი იმასაც გაიხსენებდა, რომ გარედან ზუსტად ასევე გვაშანტაჟებდნენ, როდესაც ჩვენგან სანქციებზე მიერთებას და საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლას, მთავრობის ოფიციალური თანხმობით უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას და სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვას, სასამართლო ხელისუფლებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მორღვევას, თითქოსდა მომაკვდავი სააკაშვილის გათავისუფლებას, გვარამიას ციხიდან გაშვებას, კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას და ბიძინა ივანიშვილის დასჯას ითხოვდნენ. თუმცა, ისიც ყველას ახსოვს, რომ არცერთ ამ შეურაცხმყოფელ მოთხოვნას არ დავთანხმდით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მაინც მივიღეთ. თუ მომავალშიც ასეთივე ღირსებას ვაჩვენებთ, აუცილებლად მივაღწევთ შედეგს ყველა მიმართულებით, მათ შორის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

ყველას ახსოვს, რომ მმართველი გუნდი მთელი ამ დროის განმავლობაში სრულიად ღია იყო დისკუსიისთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. ჩვენ ამგვარი ღია დისკუსია იმ ქვეყნების ელჩებსაც შევთავაზეთ, რომლებიც საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკანონმდებლო დებატებში უხეშად ერეოდნენ. თუმცა, სამწუხაროდ, ელჩები საჯარო დისკუსიას გაექცნენ, მათი ქვეყნების წარმომადგენლებმა კი, ზღვის თუ ოკეანის გაღმიდან, კვლავაც არგუმენტებს მოკლებული უხეში განცხადებების კეთება განაგრძეს. ზუსტად ანალოგიურად გაექცნენ ჯანსაღ დისკუსიას რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც. ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ კანონის წინააღმდეგ არგუმენტები, სინამდვილეში, არ არსებობს და ჩვენს ოპონენტებს ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი, „ენჯეოების“ ფინანსების შესახებ ინფორმაცია საქართველოს მოსახლეობას რამენაირად დაუმალონ.

საქართველოს მომავალი ახალგაზრდებს ეკუთვნის. ჩვენს ქვეყანას ჰყავს სანიმუშო, გამორჩეულად ნათელი და პროგრესული ახალგაზრდობა და ამ ქვეყნის მართვისა და განვითარების საქმე მომავალში სწორედ მათ უნდა გადაიბარონ. ეს ქვეყანა მომავალში ერთად უნდა მართონ ახალგაზრდებმა, რომლებიც დღეს იწონებენ ან აპროტესტებენ გამჭვირვალობის შესახებ კანონს. შესაბამისად, ყველა ჯანსაღ ახალგაზრდასთან შეხვედრა და მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობა ჩემთვის განსაკუთრებული პატივია. მზად ვარ, მათგან არა მხოლოდ მოვისმინო, არამედ, სათანადო შემთხვევაში, აგრეთვე გავიზიარო შენიშვნები და ახალგაზრდებისგანაც ასეთივე დამოკიდებულებას მოველი. თუ ადამიანი დარწმუნდება, რომ არასწორად ფიქრობდა, აღიარება და პოზიციის შეცვლაც უნდა შეეძლოს, რაც ადამიანის არა სისუსტეზე, არამედ სწორედ ღირსებაზე მეტყველებს.

ვფიქრობ, ჩამცხრალი ემოციების ფონზე, არსებობს უკეთესი შესაძლებლობა იმისა, რომ გაიმართოს ჯანსაღი დისკუსია კანონთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო. შეგიძლიათ დისკუსიას დაასწროთ 2-3 არაახალგაზრდაც, რომელსაც თქვენ ავტორიტეტულ ექსპერტად განიხილავთ.

იმედი მაქვს, ჩვენ კონსტრუქციულობასა და ღიაობაზე ამჯერად მაინც მივიღებთ შესატყვის პასუხს და ელჩებისგან და რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მედიასაშუალებებისგან განსხვავებით, ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებთ ჯანსაღ დისკუსიაში გამჭვირვალობის კანონის შესახებ“, - წერს კობახიძე.

დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი - მდინარაძე

დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი, - ამის შესახებ Facebook-ზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე წერს:

„დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! მოლოდინი არა თუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
ქართული, ეროვნული იდენტობა, რწმენა, კულტურა, ოჯახისა და მშობლების პატივისცემა, ტრადიციული ღირებულებები, მშვიდობა და განვითარება, პროგრესი, ღირსეული ევროპული მომავალი, ქვეყნის გაერთიანება, ფიზიკური და სულიერი გადარჩენა - ამისთვის იყო დღეს სახლიდან გამოსული ერიც და ბერიც!
დიახ, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!“

როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, შემიძლია, პირობა მოგცეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობების, სახელმწიფოს, ეროვნული ინტერესების დაცვისთვის - პრემიერი

როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, შემიძლია, პირობა მოგცეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობების, სახელმწიფოს, ეროვნული ინტერესების დაცვისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამების საკათედრო ტაძართან განაცხადა, სადაც შეკრებილ მოქალაქეებს ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს. მოგესალმებით ჩვენი ძვირფასი ქვეყნის, საქართველოს თითოეულ შვილს, ჩვენს ძმებსა და დებს. დღევანდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი. ეს არის ოჯახის სიწმინდის დღე, ეს არის ჩვენი ფასეულობების დაცვის დღე, ჩვენი ქვეყნის იდენტობის, მამულის, ენისა და სარწმუნოების დაცვის დღე. ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვის დღე. მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს დღე, რომელიც არის ძალიან ამაღელვებელი თითოეული თქვენგანისთვის, რომელმაც გააერთიანა ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის, მისი იდენტობის დაცვა არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა. ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას.

„ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა და ქრისტიანობის მთავარი ფასეულობა არის სიყვარული, სიყვარული ადამიანებს შორის. არიან ძალები, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ ჩვენ შორის სიყვარულის ჩანაცვლებას სიძულვილით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენი ქვეყანა, თითოეული ჩვენი მოქალაქე გაერთიანდეს სიყვარულის გარშემო. ერთიანობა სიყვარულის გარშემო არის ის, რაზეც თითოეული ჩვენგანი უნდა ვზრუნავდეთ. ღმერთმა გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას სიყვარულით. სიყვარულით შეგვიძლია ჩვენ გავერთიანდეთ ასევე ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად. გაუმარჯოს ჩვენს ერთიან საქართველოს, რომელიც გაერთიანებულია სწორედ სიყვარულით ადამიანებს შორის. როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, შემიძლია, პირობა მოგცეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობების დაცვისთვის და ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე სასტიკად დარბეული აქციის ანატომია

ბოლო დღეებში ერთობ აქტუალურია ოპოზიციის მიტინგებზე აქტივისტების დაკავება. ზოგადად, 30 წელია, საქართველოში აქციები და აქციების დაშლა არავის უკვირს, მაგრამ ამ მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლაა, აქციისა, რომლის გამოც, ექსპრეზიდენტს ბრალდებაც აქვს წაყენებული. „ვერსია“ გარკვეული შეფასებებისგან, ან პარალელებისგან თავს იკავებს და არქივიდან 7 ნოემბრის აქციის დარბევის პერიპეტიებს კომენტარების გარეშე გთავაზობთ.

 

როგორ მზადდებოდა 7 ნოემბერი

2007 წლის 12 სექტემბერი - შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორი მიხეილ ქარელი, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან დაახლოებული პირია, თანამდებობას ტოვებს. ქარელმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ გორის გამგეობის რამდენიმე მაღალჩინოსანი კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს.

14 სექტემბერი - ოქრუაშვილთან დაახლოებული ორი დეპუტატი - თეო ტლაშაძე და ქეთევან მახარაშვილი მმართველ პარტიას, ესე იგი, ნაცმოძრაობას ტოვებენ.

25 სექტემბერი - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან დიმიტრი ქიტოშვილს, რომელიც, ასევე, ოქრუაშვილის გარემოცვის წევრია, გამოძალვის ბრალდებით აპატიმრებენ. იმავე დღეს, შემოსავლების სამსახური ოქრუაშვილის მეგობრის, ქიბარ ხალვაშის ბიზნესსაქმიანობის შესწავლას იწყებს.

25 სექტემბერსვე, ოქრუაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს, რომელსაც „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ არქმევს. პარალელურად, თავდაცვის ექსმინისტრი, რომელიც არცთუ შორეულ წარსულში, სააკაშვილის კარზე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება, პრეზიდენტს ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმასა და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის დაკვეთაში ადანაშაულებს.

სიმბოლური დამთხვევა - 27 სექტემბერს, ესე იგი, სოხუმის დაცემის დღეს, ქვეყნის თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ფულის გამოძალვის, გათეთრების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით აპატიმრებენ.

28 სექტემბერი - პარლამენტის წინ, ოქრუაშვილის გათავისუფლების, ვადამდელი არჩევნებისა და საპრეზიდენტო მმართველობის გაუქმების მოთხოვნით, ათასობით ადამიანი იკრიბება. სტატია სრულად იხილეთ აქ

მომავალ კვირას, ბრიუსელში, EU-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზეც იმსჯელებენ - გუგულაშვილი

ევროპარლამენტის "მწვანეთა პარტიას" საპარლამენტო მრჩეველი, თამარ გუგულაშვილი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, მომავალ კვირას, სამშაბათს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში საქართველოს შესახებაც იმსჯელებენ. მინისტრებმა ივნისში დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგი უნდა განიხილონ.

გუგულაშვილი ამბობს, რომ 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ, ზეპირ მოხსენებას გააკეთებენ, შემდეგ შემუშავდება ერთიანი პოზიცია.

"აუცილებლად იქნება ჩემი ინფორმაციის საქართველოზე მსჯელობა, მომავალ კვირას, როცა 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან ბრიუსელში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში იყვნენ 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, გააკეთებენ ასე ვთქვათ, ზეპირ მოხსენებას, საკუთარი კოლეგების წინაშე და შემუშავდება უკვე, რა თქმა უნდა, ის პოზიცია, რაც იქნება ლიდერების დონეზე, ქვეყნების დონეზე გაჟღერებული, ანუ ევროკავშირის სახელით უკვე ივნისის 20-ის შემდე", - ამბობს თამარ გუგულაშვილი.

ევროკავშირის ლიდერები სამიტზე 27-28 ივნისს უნდა შეიკრიბონ.

„მიგვაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება“ - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე მოვლენები ქართველი ხალხის ინტერესებით გადაწყდება. ანკარაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მას დამატებით არ უსაუბრია ე.წ. აგენტების კანონზე, თუმცა აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენების შესახებ ირაკლი კობახიძემ გაუზიარა მოსაზრებები.

"დღეს ორი მეგობარი, ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ლიდერი შევიკრიბეთ და ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩვენ შორის. კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და კეთილდღეობას. ასევე, გამოვთქვი ჩემი უწყვეტი მხარდაჭერა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე. ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მე ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ თქვენი მოსაზრებები გამაცანით საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თურქეთში მიგვაჩნია, რომ ეს მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება", - თქვა ერდოღანმა.

მანვე აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის საქართველოში უმსხვილეს პროექტებში მიიღოს მონაწილეობა.

"გასულ წელს ჩვენი სამი მილიარდი დოლარის მაჩვენებელს მივაღწიეთ ორმხრივი ვაჭრობის კონტექსტში, ჩვენ დავუთქვით ერთმანეთს, რომ ახალი სამიზნე ორიენტირი 5 მილიარდი იქნება. მიმაჩნია, რომ გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ძალიან მალე ამ ნიშნულს მივუახლოვდეთ და ჩვენი ბიზნეს შესაძლებლობები ავითვისოთ სრულად... პრემიერ-მინისტრს განვუცხადე, რომ მზად ვართ საქართველოს უმსხვილეს პროექტებში მივიღოთ მონაწილეობა, აეროპორტის, პორტების მშენებლობაში, ენერგეტიკის მიმართულებით, გადამცემი ხაზების მშენებლობაში, უსაფრთხოების თანამშრომლობის კუთხითაც აღვუთქვით ერთმანეთს თანამშრომლობის სურვილი და დაპირება", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთში 16 მაისს გაემგზავრა. ვიზიტის დროს თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

"აგენტების კანონის" წინააღმდეგ საქართველოში თითქმის ერთი თვეა აქციები იმართება - საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ ამ კანონის მიღება და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია.

 

„შარლ მიშელთან პირველივე ზარის დროს დავაფიქსირე მზაობა კონსულტაციებისთვის, კანონთან დაკავშირებით სამართლებრივი შენიშვნები თუ იქნება, ყველა თემაზე გვექნება დისკუსია“-პრემიერი

შარლ მიშელთან პირველივე ზარის დროს დავაფიქსირე მზაობა კონსულტაციებისთვის, კანონთან დაკავშირებით სამართლებრივი შენიშვნები თუ იქნება, ყველა თემაზე გვექნება დისკუსია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანკარაში განუცხადა.

პრემიერის თქმით, ნებისმიერი ტიპის კონსულტაციებისთვის მზად არიან.

„შარლ მიშელთან პირველივე ზარის დროს დავაფიქსირე ჩვენი მზაობა კონსულტაციებთან დაკავშირებით. მეორე ზარის დროს იგივე გავიმეორე. აბსოლუტურად ღია ვართ ნებისმიერი ტიპის კონსულტაციებისთვის, რაც ამ კანონს უკავშირდება. კანონთან დაკავშირებით ოღონდ ვინმემ რამე სამართლებრივი შენიშვნა მოგვაწოდოს და მზად ვართ მყისიერად განხილვისთვის. სამართლებრივი შენიშვნები თუ იქნება წარმოდგენილი, რაც დღემდე არ მიგვიღია, დისკუსია გვექნება ყველა თემაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

აქციები მთლიანად ორგანიზებულია კონკრეტული პარტიების და მათთან დაკავშირებული „ენჯეოების“ მიერ-ირაკლი კობახიძე

ეს აქციები მთლიანად ორგანიზებულია კონკრეტული პარტიების და მათთან დაკავშირებული „ენჯეოების“ მიერ, რაც ყველამ  ძალიან კარგად იცის, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არ გამორიცხავს, რომ ამ აქციებში მონაწილეობენ პარტიებისგან გამიჯნული პირებიც.

„ორგანიზებას რაც შეეხება, ეს აქციები არის თავიდან ბოლომდე ორგანიზებული, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რადიკალური ოპოზიციური პარტიების და მათთან დაკავშირებული NGO-ების მიერ. აქედან, რა თქმა უნდა, საზოგადოებამ თავისი დასკვნები უნდა გამოიტანოს“, –  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

განსაკუთრებული პატივია, ვსტუმრობდე პრეზიდენტ ერდოღანს, რესპუბლიკის ნამდვილ ლიდერს, რომელიც მტკიცედ იცავს თურქეთისა და თურქი ხალხის ეროვნულ ინტერესებს-პრემიერი

განვიხილეთ საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტიური დღის წესრიგი, გავცვალეთ მოსაზრებები მნიშვნელოვან რეგიონულ საკითხებზე, დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საუბარი ასევე შეეხო უმაღლესი და მაღალი დონის შეხვედრების დინამიკის შენარჩუნებას.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, პრემიერ-მინისტრის რანგში ოფიციალური ვიზიტით პირველად ვსტუმრობდე მეგობარ ქვეყანას, თურქეთის რესპუბლიკას, რომელთანაც საქართველოს აკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და რა თქმა უნდა, ამ პარტნიორობას ყველა ძალიან ვუფრთხილდებით. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, ვსტუმრობდე პრეზიდენტ ერდოღანს, რომელიც არის, არა მხოლოდ პრეზიდენტი, არამედ რესპუბლიკის ნამდვილი ლიდერი, რომელიც მტკიცედ იცავს თურქეთის და თურქი ხალხის  ეროვნულ ინტერესებს. თქვენი ლიდერობა არის სამაგალითო თითოეული ჩვენგანისთვის.

რა თქმა უნდა, ვგმობთ თავდასხმას პრემიერ-მინისტრ ფიცოზე და სლოვაკეთის პრემიერს ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას. თქვენო აღმატებულებავ, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ გამორჩეული მასპინძლობისთვის. დღეს, როგორც პირისპირ, ისე გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრისას, განვიხილეთ საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტიური დღის წესრიგი, გავცვალეთ მოსაზრებები მნიშვნელოვან რეგიონულ საკითხებზე, დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ჩვენ გვქონდა საუბარი უმაღლესი და მაღალი დონის შეხვედრების დინამიკის შენარჩუნებაზე. პირადად ვთხოვე  პრეზიდენტ ერდოღანს საქართველოში ჩამობრძანება. იმედი მაქვს, რომ ეს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში მალე შედგება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში.

„საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და ფასეულია თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ხაზგასმით მინდა, აქაც განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პირადად პრეზიდენტს, მისი მხარდაჭერისათვის საქართველოსა და მისი ეროვნული ინტერესების მიმართ. მის აღმატებულებას გავუზიარე ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან და შესაბამის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

ჩვენ ასევე საუბარი გვქონდა რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაზე ამ გამოწვევებთან გამკლავების კუთხით. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში.

ჩვენ მივესალმეთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, დაწყებულია სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ ორ სახელმწიფოს შორის საბოლოოდ გაფორმდეს სამშვიდობო შეთანხმება. თავის მხრივ, საქართველო მზად არის, გააგრძელოს წვლილის შეტანა რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაში.

უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში, გვქონდა საუბარი უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, ომზე, რომელიც წარიმართება უკრაინაში, რაც საფრთხეს უქმნის ევროპისა და შავი ზღვის ფუნდამენტური უსაფრთხოების არქიტექტურას. აქვე, ჩვენ აღვნიშნეთ თურქეთის დაუღალავი ძალისხმევა, წვლილი შეიტანოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის შესაძლებლობის პოვნაში, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტი, რომელსაც თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი, ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული პარტნიორობის გაძლიერებასა და გაღრმავებას.

მემორანდუმი ორ ქვეყანას მისცემს საშუალებას, ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: განახლებადი ენერგიები, ენერგოეფექტურობა, ინფრასტრუქტურის გაციფრულება, ნახშირბადის ემისიების შემცირება და ა.შ.

ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ალფარსლან ბაირაქთარმა მოაწერეს ხელი.

ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაესწრნენ.