... ... hotnews.ge - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს გაფრთხილებებს - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს გაფრთხილებებს - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელი კიდევ ერთხელ ეხმიანება „აგენტების კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაითვალისწინონ გაფრთხილებები, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.

„ჩვენ კვლავ ღრმად შეშფოთებულები ვართ იმის გამო, რომ ეს კანონპროექტი, თუკი მიიღებენ, გამოიწვევს სტიგმატიზებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაზე მუშაობენ, და მედიისა, რომელიც საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის“, - განუცხადა მან 17 აპრილს ჟურნალისტებს.

მისი თქმით, აშშ-ს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოება და ჟურნალისტიკა ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია.

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მოუსმინოს გაფრთხილებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს და ეს ნამდვილად უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე“, - აცხადებს იგი.

დამაზუსტებელ კითხვაზე, განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, „მკვდარია თუ არა დიპლომატია“ საქართველოსთან ურთიერთობაში, სპიკერის მოადგილემ პატელმა განაცხადა:

„ჩვენ არასოდეს ვფიქრობთ, რომ დიპლომატია მკვდარია. ასე რომ, ვაგავრძელებთ მოწოდებებს და გავუმეორებთ საქართველოს მთავრობას მსგავს კანონმდებლობასთან დაკავშირებით და მოუსმინოს გაფრთხილებებს, რომ ასეთი კანონმდებლობა არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს და ღირეულებებს და ის ცალსახად უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს გაცხადებულ მიზანზე, გახდეს ევროკავშირის წევრი“.კითხვაზე დღეს მიღებულ ახალ ცვლილებაზე, რომლის თანახმადაც ოფშორული ზონებიდან საქართველოში კომპანიის გადმოტანა მომხიბვლელი ხდება - საწარმოს გადმოტანის შეღავათიანი პირობები წესდება - ემზადება თუ არა საქართველო სანქციებისთვის, პატელმა თქვა, რომ ჯერჯერობით არ იცნობს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას.

პარლამენტის შენობასთან „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად უკვე მესამე დღეა მოქალაქეები შეიკრიბნენ.

83 ხმით 0-ის წინააღმდეგ - ე.წ. აგენტების კანონი პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დღეს მიიღო.

YOU MAY LIKE