... ... hotnews.ge - "ვეტო დაედება ყველა იმ კანონს, რაც ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება" - პრეზიდენტი

"ვეტო დაედება ყველა იმ კანონს, რაც ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება" - პრეზიდენტი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მის მიერ ოფშორების კანონზე ვეტოს დადებას ეხმაურება. მისი თქმით, ვეტო დაედება ყველა იმ კანონპროექტს, რომელიც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება.

"ვეტო დაედო "ოფშორების" კანონს და ვეტო დაედება ყველა იმ კანონპროექტს, რომელიც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. საქართველოს იდენტობა ევროპული და ურყევია მიუხედავად დამახინჯების მცდელობებისა", - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ცოტა ხნის წინ, სალომე ზურაბიშვილმა ოფშორების კანონს ვეტო დაადო. ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

ადმინისტრაციის განცხადების მიხედვით, პარლამენტს ცვლილებები საგადასახადო კოდექსში "მოტივირებული შენიშვნებით" დაუბრუნდება.

***

პარლამენტმა ოფშორიდან აქტივების გადმომტანის დაბეგვრისგან გათავისუფლებაზე საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა.

კანონპროექტის თანახმად, უნდა ჩამოიწეროს ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი. 

ცვლილების თანახმად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორი) რეგისტრირებული საწარმოს აქტივების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში საგადასახადო შეღავათები წესდება:

ა) აქტივების გადაცემის ოპერაციის ფარგლებში, ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და მისი მფლობელი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია მოგების და საშემოსავლო გადასახადისგან;

ბ) აქტივის ან საქონლის საქართველოში შემოტანა გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან;

გ) საქართველოს საწარმო, რომელიც ოფშორიდან აქტივებს მიიღებს, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან 2030 წლის 1 იანვრამდე.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის მტკიცებით, კანონპროექტი, რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავენ, ბიძინა ივანიშვილის ოფშორულ ქონებას არ ეხება, რასაც ოპოზიცია არ ეთანხმება. 

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის მიღება ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთანაა დაკავშირებული.

YOU MAY LIKE