... ... hotnews.ge - რუსეთმა ლუდის იმპორტზე გადასახადი გაზარდა - რომელი ქართული კომპანიები ყიდიან ყველაზე მეტ ლუდს რუსეთში?

რუსეთმა ლუდის იმპორტზე გადასახადი გაზარდა - რომელი ქართული კომპანიები ყიდიან ყველაზე მეტ ლუდს რუსეთში?

რუსეთის მთავრობამ არამეგობრული ქვეყნებიდან ლუდის იმპორტზე გადასახადი 2.5-ჯერ გაზარდა. გასული წლის მონაცემებით, ქართული ლუდისთვის რუსეთი, ყაზახეთის შემდეგ მეორე საექსპორტო ბაზარია. 2022 წელს, საქართველომ რუსეთში 488 ათასი აშშ დოლარის 525.8 ტონა ლუდი გაყიდა, გასულ - 2023 წელს კი, 792.7 ათასი აშშ დოლარის 673.8 ტონა, რაც ლუდის მთლიანი ექსპორტის, $7.02 მლნ-ის 11.2%-ია.

რაც შეეხება 2024 წელს, იანვარ-მარტში ქართული ლუდის მთლიანმა ექსპორტმა 912.4 ათასი აშშ დოლარი შეადგინა (758.9 ტონა). აქედან, რუსეთში ექსპორტირებული ლუდი 61.7 ათასი დოლარის ღირებულების (50.6 ტონა), რაც წლევანდელი ექსპორტის მხოლოდ 6.7%-ია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, რუსეთში, ლუდის ექსპორტიორი კომპანიების TOP-5 ასე გამოიყურება:

"არგო"
"ლომისი"
"ქართული ლუდის კომპანია" (ზედაზენი)
"გლობალ ბიერ ჯორჯია" (აისი)
"ემ ელ თი ლოჯისტიკსი" (ეფესი)
შენიშვნა: კომპანიები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.

ცნობისთვის, რუსეთში იმპორტირებული ალკოჰოლური სასმლის ზოგიერთ სახეობაზე, მათ შორის, ღვინოზე, აქციზის ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. მაისიდან აქციზის გადასახადი ლიტრზე 108 რუბლს მიაღწევს. 2025 წლიდან ის 112 რუბლი, 2026 წლიდან კი - 116 რუბლი გახდება.

ასევე, მარტის დასაწყისში, ცნობილი გახდა, რომ "რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაცია", NATO-ს ქვეყნებიდან რუსეთში იმპორტირებულ ღვინოზე 200%-იანი გადასახადი დაწესებას ითხოვს. რუსი მეღვინეები თავიანთ ხელისუფლებას რუსეთში გასულ ქართულ ღვინოზე ნულოვანი გადასახადის საკითხის გადახედვასაც ითხოვენ.

წყარო: bm.ge

YOU MAY LIKE