... ... hotnews.ge - ეკონომიკა

3 თვეში სემეკმა მომხმარებლებს 98 911 ლარის უსაფუძვლოდ დარიცხული თანხა ჩამოაწერა

სემეკის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს მომხმარებელთა უფლებების დაცვა წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მარეგულირებელი კომისია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს კომუნალური მომსახურებების გასაუმჯობესებლად. სემეკის რეგულაციები ორიენტირებულია მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე. შესაბამისად, მოქალაქეს, რომელიც თვლის, რომ კომუნალური მომსახურების კომპანიის მიერ დაირღვა მისი უფლება, შეუძლია მიმართოს სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.

სემეკის მიერ გამოქვეყნებული უახლესი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 3 თვეში კომისიაში მომხმარებლების მხრიდან 723 განაცხადი შევიდა. ამ განცხადებების საფუძველზე სემეკმა მომხმარებლებს კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოაწერა, რომელთა ჯამური ოდენობა 98 911 ლარს შეადგენს. უფრო დეტალურად, მომხმარებლისთვის 7 228 ლარის ჩამოწერა ბუნებრივი გაზის სექტორში მოხდა, 47 123 ლარის ელექტროენერგიის სექტორში, ხოლო სასმელი წყლის სექტორში ჩამოწერილი თანხების ჯამურმა ოდენობამ 44 559 ლარი შეადგინა. ასევე არ უნდა გამოგვრჩეს ჩამოწერილი ხანდაზმული დავალიანების ოდენობა, რომელი 4 615 ლარს შეადგენდა.

როგორც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, კომისიაში მოქმედებს დავების განხილვის გამარტივებული წესი, რაც ხელს უწყობს მომხმარებელთა საჩივრებზე კომისიის სწრაფ რეაგირებას.

„სემეკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია დაიცვას ბალანსი ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ სემეკის მხრიდან მიმდინარეობს კომპანიების მუდმივი მონიტორინგი, ფიქსირდება მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები, რაზეც კომისია მკაცრად რეაგირებს. კომისიაში მოქმედებს დავების განხილვის გამარტივებული წესი, რაც ხელს უწყობს მომხმარებელთა საჩივრებზე კომისიის სწრაფ რეაგირებას. სემეკის მიერ შემუშავებული და სექტორებში მოქმედი მარეგულირებელი წესები მკაფიოდ განსაზღვრავს როგორც კომპანიების, ასევე მომხმარებლების უფლება-მოვალეობებს. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა იცოდეს, თუ რა ხარისხისა და სტანდარტების მომსახურება უნდა მოითხოვოს კომუნალური კომპანიისგან“, - აცხადებს დავით ნარმანია.
 

წყარო: energynews.ge

დავით ნარმანიამ „ენერგეტიკის ტურიზმის განვითარებისათვის“ კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ფარგლებში სპეციალურად გიდებისთვის შექმნილი კურსის - „ენერგეტიკის ტურიზმის განვითარებისათვის“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.

„ენერგეტიკის ტურიზმის განვითარებისათვის“ ტრენინგ კურსი შეიქმნა სპეციალურად გიდებისთვის და მისი მიზანია საქართველოს ენერგეტიკის ისტორიის, ტექნიკური მახასიათებლებისა და პერსპექტივების შესახებ გიდებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება. 

 „დასრულდა რიგით მეორე ტრენინგ კურსი, რომლის ფარგლებშიც გიდებს მიეწოდათ ყველა საჭირო ინფორმაცია ენერგეტიკის სექტორის შესახებ. აღნიშნული კურსის მიმართ ინტერესი მზარდია და მზად ვართ, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ფარგლებში ხელი შევუწყოთ ყველა მოქმედი თუ მომავალი გიდის კვალიფიკაციის ამაღლებას ენერგეტიკის საკითხებში“, -  განაცხადა დავით ნარმანიამ.

„ენერგეტიკის ტურიზმის განვითარებისათვის“ ტრენინგ კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ენერგეტიკულ ტერმინოლოგიას, საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ფუნქციონირებისა და რეგულირების საკითხებს, ჰიდრო და თბოენერგეტიკის ისტორიას.

სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კონსულტანტი თემურ თორდინავა და საქართველოს გიდების ასოციაციის წევრი ზაზა ჭითანავა.

 

 

პრემიერის ინციატივით, გერმანიის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნება და ბილეთების ფასი დაიწევს

მე მინდა, ვთხოვო ეკონომიკის სამინისტროს, რომ დავიწყოთ მუშაობა დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით და მნიშვნელოვანია, რომ ბილეთები იყოს ფიქსირებული დაბალი ტარიფით შეთავაზებული ჩვენი თანამოქალაქეებისათვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, როგორც გულშემატკივრებისთვის, ისე ნაკრების წარმატებისთვის.

 

„18 ივნისიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გამართავს მატჩებს ევროპის ჩემპიონატზე და უკვე არის ძალიან დიდი მოთხოვნა ავიაბილეთებზე, რითაც ავიაკომპანიებმა უკვე ისარგებლეს. ეკონომიკის კანონია - მოთხოვნა განსაზღვრავს მიწოდებას, შესაბამისად, გაიზარდა ფასები თვითმფრინავის ბილეთებზე, რამდენჯერმე გაიზარდა რიგ შემთხვევაში ფასები. მე მინდა, ვთხოვო ეკონომიკის სამინისტროს, რომ დავიწყოთ მუშაობა დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით და მნიშვნელოვანია, რომ ბილეთები იყოს ფიქსირებული დაბალი ტარიფით შეთავაზებული ჩვენი თანამოქალაქეებისათვის. ეს ყველაფერი არის მნიშვნელოვანი, როგორც გულშემატკივრებისთვის, ისე საფეხბურთო ნაკრებისთვის. რაც მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება საფეხბურთო მატჩებს, რა თქმა უნდა, მით უკეთესია ეს საფეხბურთო ნაკრების წარმატებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველი გულშემატკივრის მრავალრიცხოვანი დასწრება უზრუნველვყოთ საფეხბურთო მატჩებზე. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს შეუძლია ჯგუფიდან გასვლა და ჩვენ რა წვლილიც შეგვიძლია შევიტანოთ ამაში, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილი იყოს მარტივი გადაადგილება გერმანიისკენ, დაბალი ფასებით,“- აღნიშნა პრემიერმა.

ფიზიკურ პირებს და ინდივიდუალურ მეწარმეებს გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერებათ - პრემიერი

ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კანონპროექტის მიღების შემდეგ, 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება. 

„ეკონომიკურ საბჭოზე ფიზიკური პირების საგადასახადო ამნისტიის შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. საქმე ეხება ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას. მადლობას გადავუხდი ფინანსთა სამინისტროს, იმისთვის, რომ მოამზადა ეს საკითხი. მადლობა ფინანსთა მინისტრს. საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან ფიზიკური პირები, რომლებსაც ერიცხებათ საგადასახადო დავალიანება და ამის გამო, ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, რომ აწარმოონ ეკონომიკური საქმიანობა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩამოვწეროთ შესაბამისი დავალიანებები, კერძოდ, ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით. 

როგორც კი მივიღებთ ამ კანონპროექტს 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება. შესაბამისად, 145 ათას ჩვენს თანამოქალაქეს საშუალება ექნება, აქტიურად ჩაერთოს ჩვენს ეკონომიკურ ცხოვრებაში, რაც ეკონომიკის განვითარებასაც წაადგება. მადლობა ფინანსთა მინისტრს ამ გადაწყვეტილების მომზადებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

"800 მგვტ ჯამური სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტები განხორციელდება" - ირაკლი კობახიძე

ეკონომიკურ საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც განახლებადი ენერგიის რესურსების ოპტიმალურ ათვისებას უკავშირდება, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს მიდგომა ძალიან მომგებიანი იქნება ენერგეტიკული სექტორისთვის და განხორციელებული პროექტების კონკურენტუნარიანობას შეუწყობს ხელს.

„ეკონომიკურ საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც განახლებადი ენერგიის რესურსების ოპტიმალურ ათვისებას უკავშირდება. მთავრობის მიერ შარშან მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება 800 მგვტ ჯამური სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტების განხორციელება. დღეისთვის უკვე არის დადგენილი კონკრეტული საშუალო მედიანური ფასი თითოეულ კატეგორიაში, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ენერგეტიკული პროექტების განხორციელება. ეს მთავრობას აძლევს შესაძლებლობას მეტი განახლებადი ენერგიის იდენტიფიცირებისა და მეტი ჯამური დადგმული სიმძლავრის ათვისების მიზნით ენერგეტიკულ სექტორს შესთავაზოს პროექტების განხორციელება ფიქსირებული ტარიფის მიხედვით, რომელიც განისაზღვრება კონკურენტუნარიან გარემოში აუქციონის შედეგად. ეს მიდგომა ძალიან მომგებიანი იქნება ენერგეტიკული სექტორისთვის და განხორციელებული პროექტების კონკურენტუნარიანობას შეუწყობს ხელს. ეკონომიკის სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს ნორმატიული ბაზის შემუშავება ამ მიზნით. მადლობას გადავუხდი ეკონომიკის სამინისტროს ამ საკითხის მომზადებისთვის“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

დოლარი - 2.6784, ევრო - 2.9018 ლარი - 6 აპრილის ოფიციალური გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6784 ლარი ეღირება, ევრო – 2.9018 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3834 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6834 ლარი ღირდა, ევრო – 2.9139 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3980 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 6 აპრილს ამოქმედდება.

დავით ნარმანია კონკურენციის სამართლის აღსრულების ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა

საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების, სამართლებრივი აღსრულების გაუმჯობესების და საერთაშორისო, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, ეროვნული მარეგულირებელი უწყებების მონაწილეობით, მრგვალი მაგიდა გაიმართა. ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა და კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ.

 სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კონკურენციის კანონმდებლობის რეფორმის შედეგად ძირეულად მოწესრიგდა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებს შორის კომპეტენციის გამიჯვნის საკითხები.

„უნდა აღინიშნოს, რომ ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების მიზნით განხორციელებული ინსტიტუციური და ნორმატიული ცვლილებები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ენერგეტიკული ბაზრის მიმდინარე რეფორმის ფონზე. ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია მიზნად ისახავს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის გაზრდას და, ამ გზით, მომხმარებლების კეთილდღეობის უზრუნველყოფას, რაც შეუძლებელი იქნებოდა კონკურენციის მომწესრიგებელი, სრულყოფილი და ქმედითი საკანონმდებლო ბაზის არსებობის გარეშე“, -  აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.

რეგულირებად სექტორებში, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების მექანიზმებზე მოხსენება წარადგინეს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი შაკიაშვილმა, ლიეტუვის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და საბჭოს წევრმა, მედეინა ავგუსტინავიჩიენემ და ავსტრიის კონკურენციის ფედერალური უწყების საქმის მკვლევარმა, ნორა შინდლერმა.

ავსტრიის და ლიეტუვის მაგალითებზე დაყრდნობით, მონაწილეებმა იმსჯელეს - ენერგეტიკის, კომუნიკაციების, საფოსტო და საბანკო სექტორში მიმდინარე ტენდენციებზე, გამოწვევებზე, შესაძლებლობებზე და იმ შედეგებზე, რომელიც მარეგულირებელი უწყებებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებს წარმოადგენს. ეროვნული მარეგულირებელი უწყებების მონაწილეობით გამართული მრგვალი მაგიდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის მხარდაჭერით გაიმართა.

რა ქონებას ფლობს დეპუტატი, რომელიც საარჩევნო სიაში ქალთა კვოტებს აუქმებს

„გირჩის“ საპარლამენტო ინიციატივა საარჩევნო სიაში ქალთა კვოტების გაუქმების შესახებ, პარლამენტის ბიურომ უკვე მიიღო. ამ ინიციატივას მხარი მმართველმა პარტიამაც დაუჭირა და შედეგად, სავალდებულო აღარ იქნება, რომ სიაში ყოველი მეოთხე ქალი იყოს. „გირჩის“ ლიდერის განცხადებით, თუ ნებისმიერ პროფესიაში კვოტები იქნება შემოღებული სქესის, სექსუალური ორიენტაციის მიხედვით, ეს გაანადგურებს იმის რეპუტაციას, ვის სასარგებლოდაც იქნება მიღებული. იაგო ხვიჩიას განცხადებით, ადამიანები, სქესის მიუხედავად, თანასწორნი არიან.

სულ სხვაგვარად ფიქრობს, პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე, რომელმაც Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებით, „ოცნების“ ფულიანმა კაცებმა დაკარგეს  პარლამენტში მოხვედრის შანსი, ამიტომ  ქალთა  კვოტის გაუქმებით, კვლავ გამოთავისუფლდება მათთვის ადგილები. რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ „გირჩმა“ ხელისუფლების თამაში ითამაშა, თუმცა მიზეზი მათ ტრადიციულ ეგზოტიკურ ახირებებში უნდა ვეძებოთ, თუ „ოცნებასთან“ გარიგებაში, ამას დრო გვიჩვენებსო.

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, „ვერსია“ „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას ქონებრივ დეკლარაციას გთავაზობთ.

სტატია სრულად იხილეთ აქ:

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, რუბლი, გრივნა, ლირა და სხვა ვალუტები?

დღეს, 4 აპრილს საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების კურსები ასეთი იქნება:

1 აშშ დოლარი    2,6840    ლარი, ცვლილება    0.0026    ლარი;
1 ევრო    2,8912    ლარი, ცვლილება    0.0114    ლარი;
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი    3,3751    ლარი, ცვლილება    0.0236    ლარი;
1 თურქული ლირა    0,0839    ლარი, ცვლილება    0.0006    ლარი;
100 რუსული რუბლი    2,9097    ლარი, ცვლილება    0.0084    ლარი;
1 აზერბაიჯანული მანათი    1,5787    ლარი, ცვლილება    0.0003    ლარი;
1000 სომხური დრამი    6,8655    ლარი, ცვლილება    0.0086    ლარი;
100 იაპონური იენი    1,7689    ლარი, ცვლილება    0.0011    ლარი;
10 ჩინური იუანი    3,7093    ლარი, ცვლილება    0.0036    ლარი;
10 უკრაინული გრივნა    0,6856    ლარი, ცვლილება    0.0035    ლარი.

ენერგეტიკული ბირჟა 1 ივლისიდან ეტაპობრივად გაიხსნება - ლევან დავითაშვილი

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის თარიღი არ შეიცვლება და ბირჟა 1 ივლისს ნაწილობრივ გაიხსნება - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.

ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს bm.ge-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, რომ გუშინ, პარლამენტში ელექტროენერგეტიკულ ბირჟაზე საუბრისას არ დაუკონკრეტებია ამოქმედების კონკრეტული ვადა და ხომ არ არის მორიგი ცვლილება თარიღში, თუ ბირჟა ფუნქციონირებას 1 ივლისიდან დაიწყებს.

"ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები ჩვენს პარტნიორებთან, რომ ეტაპობრივად მოხდეს ბაზრის ლიბერალიზაცია. ამაზე გვქონდა ჩვენ გუშინ (პარლამენტში გამოსვლის დროს) საუბარი. ეს არის ყველაზე რთული რეფორმა, რომელიც ბევრმა ქვეყანამ გაიარა საკმაოდ ფრთხილად და დასჭირდა საკმაოდ გრძელვადიანი პერიოდი. იმისთვის, რომ არ მომხდარიყო ეკონომიკის დაზიანება და ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელოვანი რყევები, რაც საბოლოოდ აისახება ყველა სექტორზე. ჩემთვისაც ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როდესაც ვსაუბრობთ ამოქმედების გადავადებაზე ეს არ იყო ჩვენი ცალმხრივი გადაწყვეტა. იყო სექტორის მოთხოვნები და თხოვნები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საექსპორტო დარგები ჩვენი ეკონომიკისთვის, რომელთა თხოვნები და ლეგიტიმური პოზიციები ჩვენ გავითვალისწინეთ. ამიტომ, ახლა ჩვენ შემოგვაქვს ვაჭრობის ეს რეჟიმი, რომელიც დამუშავებულია სიმულაციურ პირობებში და სიმულაციური რეჟიმიდან გადავდივართ რეალურ რეჟიმში. აქტორები პირველ ეტაპზე სავაჭრო ოპერაციებში იქნებიან ნებაყოფლობითი პრინციპით და ჩვენ გარკვეული დრო დაგვჭირდება რომ სრულად ლიბერალური იყოს ეს ბაზარი", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

დამაზუსტებელ შეკითხვაზე კი, დავითაშვილი პასუხობს, რომ 1 ივლისიდან ბირჟა ეტაპობრივად ამოქმედდება.

გუშინ, "მინისტრის საათის" ფორმატში დავითაშვილმა შემდეგი რამ თქვა - "ამოქმედდება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც უზრუნველყოფს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და ღია ბაზრის პრინციპების დანერგვას. ეტაპობრივად მოხდება მსხვილი მომხმარებლების ბაზარზე გაყვანა, მათი მოხმარების სიდიდისა და ძაბვის მიხედვით".

შეგახსენებთ, საქართველოში ენერგეტიკული ბირჟას სრულფასოვანი ფუნქციონირება ჯერ კიდევ 2021 წლის 1 ივლისს უნდა დაეწყო, თუმცა მისი გახსნა 6-ჯერ გადავადდა. ბაზრის გახსნა ამჯერად 2024 წლის 1 ივლისს არის დაგეგმილი.

სემეკში წარსადგენი განცხადებების ჩაბარება იუსტიციის სახლშია შესაძლებელი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი სიახლე ამოქმედდა. დღეიდან, სემეკში წარსადგენი განცხადებების ჩაბარება და განცხადებებზე სემეკის პასუხების მიღება იუსტიციის სახლშია შესაძლებელი. ამავდროულად, ძალაში რჩება სემეკის ოფისში განცხადებების ჩაბარებისა და მათზე პასუხების მიღების შესაძლებლობაც.

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე ახალი მომსახურების მუშაობის პროცესს იუსტიციის სახლში გაეცნენ.  აღნიშნული სიახლის მიზანს წარმოადგენს მოქალაქეებისთვის კომუნალური სერვისების ხელმისაწვდომის გაუმჯობესება. კერძოდ, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლისა და მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ სემეკს მომსახურების პირობის დარღვევაზე რეაგირების მიზნით, სემეკში წარსადგენი განცხადება/საჩივარი ჩააბარონ იუსტიციის სახლში და ამავდროულად, იუსტიციის სახლში მიიღონ სემეკის მიერ განცხადებაზე გამოგზავნილი პასუხები. აღნიშნული მომსახურება უფასოა.       

ახალ მომსახურებასთან ერთად, სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს შეუძლიათ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ჩააბარონ განაცხადი კომუნალური კომპანიის სახელზე - დარეგისტრირდნენ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების აბონენტებად, კომპანიებთან გააფორმონ მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება, გადაამოწმონ კომუნალური დავალიანება, დააფიქსირონ მომარაგების პრობლემა, მოითხოვონ მომარაგების შეწყვეტა და აღდგენა, მრიცხველის შემოწმება, გადაამოწმონ დარიცხვა. კომუნალური მომსახურებების მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლის სხვა სერვისებთან ერთად. ხოლო ამ ახალი მომსახურებით კი, გაუჩნდათ შესაძლებლობა მომსახურე კომპანიიდან არასასურველი პასუხის ან მომსახურების შემთხვევაში, იქვე (იმავე სივრცეში) დააფიქსირონ მომსახურებაზე უკმაყოფილება და მიმართონ სემეკს საკითხის შესწავლისა და რეაგირების მოთხოვნით.

ბოლო მონაცემებით, იუსტიციის სახლში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური სერვისებით, საქართველოს მასშტაბით 90,982 მოქალაქემ ისარგებლა.

 

 

 

სემეკში წარსადგენი საჩივრის ან სხვა განცხადებების ჩაბარება იუსტიციის სახლშია შესაძლებელი

იუსტიციის სახლისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ერთობლივი პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი სიახლე ამოქმედდა. დღეიდან, სემეკში წარსადგენი საჩივრის ან სხვა განცხადებების ჩაბარება და პასუხების მიღება იუსტიციის სახლშია შესაძლებელი.

აღნიშნული მომსახურების დამატებით იუსტიციის სახლი უკვე სრულად ფარავს ენერგოსექტორში არსებულ ყველა სერვისს. იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძემ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიას იუსტიციის სახლში უმასპინძლა და ახალი მომსახურების მუშაობის პროცესი ადგილზე გააცნო.

აღნიშნული სიახლის მიზანს მოქალაქეებისთვის კომუნალური სერვისების ხელმისაწვდომის გაუმჯობესება წარმოადგენს. კერძოდ, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლისა და მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ სემეკს მომსახურების პირობის დარღვევაზე რეაგირების მიზნით სემეკში წარსადგენი განცხადება/საჩივარი ჩააბარონ იუსტიციის სახლში და ამავდროულად, იუსტიციის სახლში მიიღონ სემეკის მიერ განცხადებაზე გამოგზავნილი პასუხები. აღნიშნული მომსახურება უფასოა.

იუსტიციის სახლში ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების სერვისებით, დღემდე, 90 982 მოქალაქემ ისარგებლა.