... ... hotnews.ge - "ლილო მოლის" ბაზრობაზე შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

"ლილო მოლის" ბაზრობაზე შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

გენერალური პროკურატურის განცხადებით, საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და "ლილო მოლის" ტერიტორიაზე მომხდარი შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. 

უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. შემთხვევა 2023 წლის 3 აგვისტოს მოხდა. 

"სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მსჯავრდებულმა საზღვარგარეთ მყოფი პირისგან, რომელიც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სახელით „ლილო მოლის“ მოვაჭრეებს თანხას სძალავდა, მიიღო დაზარალებულის მოკვლის შეკვეთა, რადგან ეს უკანასკნელი თანხის გადახდაზე უარს აცხადებდა. მსჯავრდებულმა მკვლელობისთვის ცეცხლსასროლი იარაღი და თანხა დამკვეთის მეგობრის საშუალებით მიიღო.

2023 წლის 3 აგვისტოს მსჯავრდებულმა დაკვეთის შესასრულებლად, “ლილო მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაზარალებულს, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული 17 აგვისტოს გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა შეკვეთით) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - წერია განცხადებაში.

"ლილო მოლის" ტერიტორიაზე მომხდარი შეკვეთით განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს აქვს წარდგენილი, ერთ პირს შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის, ხოლო მეორეს შეკვეთით განზრახ მკვლელობაში დახმარების მუხლებით. თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეების არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

YOU MAY LIKE