... ... hotnews.ge - მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა - დააკავეს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი

მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა - დააკავეს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მუქარის ფაქტზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი (ი.მ.) დააკავეს.

როგორც უწყება წერს, გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 23 თებერვალს, ბრალდებული აზარტულ თამაშებში თანხის წაგების შემდეგ, საღამოს საათებში სახლში დაბრუნდა, რა დროსაც მეუღლესთან უთანხმოება მოუხდა და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებული კვლავ აგრძელებდა მეუღლის მიმართ მუქარას. მიმდინარე წლის მარტში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, იგი მეუღლეს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა როგორც უშუალოდ, ასევე მოკლეტექსტური შეტყობინებით.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურასთან თანამშრომლობით სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები მოიპოვა, რის შემდეგაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე იგი დაკავებული იქნა. სამხედრო პოლიციელს ბრალდება 48 საათში წარედგინება. დანაშაული 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს," - ნათქვამია განცხადებაში.

 

YOU MAY LIKE