... ... hotnews.ge - „დიდი შვიდეული“ ისრაელს მხარდაჭერას უდასტურებს და ირანს აფრთხილებს

„დიდი შვიდეული“ ისრაელს მხარდაჭერას უდასტურებს და ირანს აფრთხილებს

„დიდი შვიდეულის“(G7) წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ცალსახად და მტკიცედ დაგმეს ისრაელზე ირანის თავდასხმა და ისრაელს და მის ხალხს გამოუცხადეს სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა.

კანადის, იაპონიის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება 14 აპრილს გამართული ონლაინ შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნეს. „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოების ლიდერთა თანახმად, ირანის ქმედებებმა შესაძლოა, გამოიწვიოს უკონტროლო რეგიონული ესკალაცია, რაც დაუშვებელია, ამიტომ გააგრძელებენ მუშაობას სიტუაციის სტაბილიზაციისა და შემდგომი ესკალაციის არდაშვებისთვის.

G7 მოითხოვს, რომ ირანმა და მისმა თანამოაზრეებმა თავდასხმები შეწყვიტონ. თუ დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები გაგრძელდება, „დიდი შვიდეული“ მზად არის, საპასუხო ზომები მიიღოს.

„დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ განამტკიცებენ თანამშრომლობას ღაზის სექტორში ცეცხლის შესაწყვეტად, ჰამასის მიერ მძევლების გასათავისუფლებლად და პალესტინელებისთვის მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად. 

13-14 აპრილს, ირანმა ისრაელზე იერიში მიიტანა უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ირანმა გამოიყენა 300-ზე მეტი დრონი და ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მოიგერიეს. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელს ირანული დრონების და რაკეტების ჩამოგდებაში აშშ დაეხმარა.

ირანი ისრაელზე თავდასხმას უწოდებს საპასუხო რეაქციას სირიის დედაქალაქში ირანის საკონსულოს დაბომბვაზე. 1 აპრილს ირანმა ისრაელი დაადანაშაულა დამასკში ირანის საკონსულოზე ავიადარტყმაში, რომლის შედეგად დაიღუპა 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ორი მაღალჩინოსანი მეთაური, გენერლები მოჰამად რეზა ზაჰედი და ჰაჯი რაჰიმი.

14 აპრილს ისრაელის სამხედრო კაბინეტი რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდა, როგორ უნდა უპასუხოს ისრაელის სახელმწიფომ ირანის შეტევას. ადგილობრივი და დასავლეთის მედიასაშუალებების ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ.

ირანის ისლამური რესპუბლიკა მხარს უჭერს პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს, რომლის წინააღმდეგ ისრაელი ომს აწარმოებს.

ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს, მოძრაობის სამხედრო ფრთამ ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის ტერიტორიაზე ხმელეთიდანაც შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი მოკლეს და გაიტაცეს.

ჰამასის მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან დაღუპულია 33 ათასზე მეტი პალესტინელი. საომარი მოქმედებების და ისრაელის ბლოკადის გამო ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.

YOU MAY LIKE