... ... hotnews.ge - ევროპარლამენტარი კრემლთან დაახლოებული წყაროებიდან ფინანსდება

ევროპარლამენტარი კრემლთან დაახლოებული წყაროებიდან ფინანსდება

კრემლთან დაახლოებული წყაროებიდან დაფინანსებაში კიდევ ერთი ევროპარლამენტარია ეჭვმიტანილი.

გერმანული მედიის ცნობით, საუბარია გერმანელ პარლამენტარ მაქსიმილიან კრაზე, რომელიც ამერიკის ფედერალური ბიუროს საგამოძიებო სამსახურმა, ამერიკაში ვიზიტის დროს, კრემლის აგენტების მიერ შესაძლო დაფინანსების გამო დაკითხა.

ერთობლივი გამოძიება Spiegel-ის ZDF-ის ჟურნალისტებმა ჩაატარეს. მათთან საუბარში მაქსიმილიან კრა ადასტურებს, რომ აშშ-ში ნამდვილად დაკითხეს, თუმცა რუსეთისგან დაფინანსებას უარყოფს.

კრა, რომელიც ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებშიც გერმანიის ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ევროპარლამენტარობის მთავარი კანდიდატია, მოხსენებულია ჩეხეთის დაზვერვის მონაცემებშიც.

ჩეხეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსები ევროპელ პოლიტიკოსებზე ცდილობენ გავლენის მოხდენას.

ჩეხეთის კონტრდაზვერვის სამსახურში განაცხადეს, რომ კრემლმა „ევროპის ხმის“ ვებგვერდი გამოიყენა პრორუსული ნარატივების პოპულარიზაციისა და მოსკოვის მეგობარი პოლიტიკოსების დასაფინანსებლად.

ამასთან, Spiegel-ის მიერ ადრე ჩატარებული გამოძიების მიხედვით, კრას კოლეგა პეტრ ბისტრონი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც თანხებს იღებდა რუსეთიდან. კრამ და ბაისტრონმა ასევე მისცეს ინტერვიუები „ევროპის ხმას“.

„შპიგელის“ გამომძიებელი ჟურნალისტების მოსაზრებით, ამერიკელ გამომძიებლებს წვდომა ჰქონდათ კრას და პრორუსი აქტივისტის, ოლეგ ვოლოშინის მიმოწერაზე, სადაც გერმანელ კანონმდებელს “ტექნიკური ხარჯების კომპენსაციას“ დაჰპირდნენ. კრამ უარყო ვოლოშინისგან ფულის მიღების ფაქტი და თქვა, რომ საქმე გვაქვს შეტყობინებების არასწორ ინტერპრეტაციასთან. ამის მიზეზად ის ვოლოშინის „ცუდ ინგლისურს“ ასახელებს.

რუსეთის შესაძლო გავლენაზე გამოძიება ბელგიაშიც მიმდინარეობს. ბელგიის პრემიერი ალექსანდრ დე კროო აცხადებს, რომ კრემლს იმედი აქვს, რომ პრორუს პოლიტიკოსებს შეიყვანს.

ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისს გაიმართება.

YOU MAY LIKE