... ... hotnews.ge - "გაზპრომის" სუფთა წაგება ბოლო ერთ წელში 7 მილიარდია

"გაზპრომის" სუფთა წაგება ბოლო ერთ წელში 7 მილიარდია

პირველად, 1999 წლის შემდეგ, კრემლის მფლობელობაში მყოფი ენერგოკომპანია "გაზპრომი" სერიოზული წაგების წინაშე აღმოჩნდა. ექსპერტები არ გამორიცხავენ, ეს რუსეთის სამთავრობო კომპანიის ისტორიაში წარუმატებლობის ხანგრძლივი პერიოდის დასაწყისი იყოს.

თავად რუსული კომპანიის მიერ ახლახან გაკეთებული განცხადების მიხედვით, "გაზპრომის" სუფთა წაგებამ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 7 მილიარდი დოლარი შეადგინა. "გაზპრომმა" ძალზე იზარალა ევროპასთან ვაჭრობის მკვეთრი კლების გამო, რაც კრემლის მიერ უკრაინასთან ომის დაყწების და რუსეთზე დაწესებული სანქციების პირდაპირი შედეგი შეიძლება იყოს.

2022 წლამდე, ვიდრე რუსეთი მეზობელ სუვერენულ უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრებოდა და იქ სრულმასშტაბიან ომს გააჩაღებდა, კომპანიის მოგების მთავარ წყაროს ევროპაში ექსპორტირებული გაზით მიღებული შემოსავალი შეადგენდა. ანალიტიკოსების აზრით, აშკარად იკვეთება, რომ ამ ეტაპზე ვერც რუსეთის შიდა ბაზარი და ვერც ჩინეთის თუ სხვა ქვეყნების ახალი ბაზრები, ევროპაში რუსული გაზის იმპორტირების შეზღუდვით მიყენებულ ზარალს ვერ აკომპენსირებს.

კომპანია "გაზპრომის" მონაცემებითა და საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ექსპერტთა გათვლებით, 2022 წელს, რუსეთმა ევროპას სხვადასხვა მარშრუტებით, დაახლოებით 63.8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა. ამ უკვე შემცირებული მონაცემების ფონზე, გასულ წელს, ევროპაში ექსპორტის მოცულობამ 28.3 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც ექსპორტის თითქმის განახევრებაზე, 55,6%-ით შემცირებაზე მიუთითებს.

"გაზპრომისთვის" 21-ე საუკუნის მეორე ათწლეული ერთგვარი "ოქროს ხანა" იყო. რუსული გაზის მოგებამ პიკს 2018 წელს მიაღწია, როცა "გაზპრომმა" ევროკავშირში და თურქეთში 200.8 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზი გაიტანა.

 

"ამერიკის ხმა"

YOU MAY LIKE