... ... hotnews.ge - ტატუები კიბოს რისკის ზრდასთან არის დაკავშირებული — ახალი კვლევა

ტატუები კიბოს რისკის ზრდასთან არის დაკავშირებული — ახალი კვლევა

უკვე დიდი ხანია, ტატუების ყველაზე მძიმე გვერდით ეფექტად სინანული ითვლება. თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით, სანერვიულო ამაზე ბევრად უარესი რამ შეიძლება იყოს.

ტატუები ახლა იდენტობის გამოხატვისა და რაღაც ცხოვრებისეული ეტაპის აღნიშვნის მთავარ საშუალებად მიიჩნევა. მიუხედავად ამისა, ძალიან ცოტა რამ ვიცით ჯანმრთელობაზე მათი გრძელვადიანი ეფექტების შესახებ. ბოლო ათი წელია, ევროპაში ყურადღება მიიქცია ტატუს მელანში შემავალმა სახიფათო ქიმიურმა ნივთიერებებმა. პარალელურად, კვლევები აჩვენებს, რომ კანში შეყვანილი მელანი მხოლოდ იქ არ რჩება.

ტატუს მელანს სხეული რაღაც ისეთ უცხოდ აღიქვამს, რომლის მოშორებაც საჭიროა; შედეგად, ხდება იმუნური რეაქცია, რაც განაპირობებს მელნის დიდი ნაწილის ლიმფურ კვანძებში მოხვედრას. თუმცა, უცნობი რჩებოდა, როგორ მოქმედებს ლიმფურ სისტემაში დალექილი ტატუს მელანი ადამიანის ჯანმრთელობაზე.

შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა კრისტელ ნილსენმა და მისმა კოლეგებმა ვრცელი კვლევა ჩაატარეს, რათა დაედგინათ, ზრდიდა თუ არა ტატუს ქონა ავთვისებიანი ლიმფომის რისკს — კიბოს იშვიათი ფორმის, რომელიც სისხლის თეთრ უჯრედებს აზიანებს.

შვედეთში ტატუების რაოდენობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია; ტატუ იქ ყოველ მეხუთე ადამიანს აქვს. ამ ქვეყანას ასევე აქვს მოსახლეობის რეესტრის წარმოების დიდი ხნის ტრადიცია, მაგალითად, კიბოს ეროვნულ რეესტრში შეტანილია კიბოს დიაგნოზის მქონე ყველა ადამიანი.

კვლევა მოიცავდა შვედეთში მცხოვრებ ყველა იმ ადამიანს, ვისაც 2007-2017 წლებში, 20-60 წლის ასაკში დაუსვეს ლიმფომის დიაგნოზი. ლიმფომის მქონე თითოეული ადამიანისთვის, საკონტროლო ჯგუფად, შედარებებისთვის შეარჩიეს ლიმფომის არმქონე სამ-სამი იმავე სქესისა და ასაკის ადამიანი.

მონაწილეებს შეავსებინეს კითხვარი ცხოვრების სტილის რამდენიმე ფაქტორის შესახებ. ტატუს მქონეებს ასევე კითხეს ტატუს ზომის, პირველი ტატუს გაკეთების ასაკისა და ტატუს ფერის შესახებ. კვლევაში ჯამში 5591-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა (1398 ლიმფომის პაციენტი და 4139 საკონტროლო ჯგუფის წევრი).

ვრცლად სტატია იხილეთ აქ.

YOU MAY LIKE