... ... hotnews.ge - საზოგადოება

საქართველოს რკინიგზა ბათუმისა და ფოთის მიმართულებით დამატებით რეისების ნიშნავს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა ბათუმისა და ფოთის მიმართულებით დამატებით რეისების ნიშნავს.

საქართველოს რკინიგზა დამატებული რეისების მოძრაობის განრიგს აქვეყნებს.

„ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით – ticket.railway.ge; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აღნიშნულია რკინიგზის ინფორმაციაში.

რა წესები უნდა დავიცვათ აღდგომის დღეებში კვერცხით ინტოქსიკაციის თავიდან ასარიდებლად

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე განმარტავს, რა წესები უნდა დავიცვათ აღდგომის დღეებში კვერცხით ინტოქსიკაციის თავიდან ასარიდებლად.

როგორც ივანე ჩხაიძე აცხადებს, კვერცხის მიღების შემთხვევაში სალმონელოზის ინფექციის რისკია, რის გამოც მისი შენახვის პირობების დაცვა აუცილებელია.

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს - ალექსანდრე მესხი კლინიკის თანამშრომლებს ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს. ალექსანდრე მესხი, კლინიკის თანამშრომლებს, ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ახალი ხელმძღვანელი სამედიცინო დაწესებულების წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარადგენს.

"რესპუბლიკური საავადმყოფოს კოლექტივს წარვუდგინეთ ახალი დირექტორის კანდიდატურა, რომელიც უზრუნველყოფს ყველაფერს და ვფიქრობ, ის გაუმკლავდება იმ გამოწვევებს, რაც აქვს რესპუბლიკურ საავადმყოფოს. ვუსურვებ წარმატებას ახალ დირექტორს და რესპუბლიკურის ყველა თანამშრომელს," - აცხადებს სარჯველაძე.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი დირექტორი ალექსანდრე მესხი ეკონომიკის მაგისტრია, მას ასევე აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, სადაც სხვადასხვა წლებში, წამყვან პოზიციებს იკავებდა მენეჯმენტის მიმართულებით.

როგორც მესხი ამბობ,ს უახლოეს მომავალში საავადმყოფო უნდა გაძლიერდეს და განვითარდეს.

"უახლოეს დღეებში დაისახება სამოქმედო გეგმა, დავალება არის ის, რომ მოკლე ვადაში საავადმყოფო უნდა გამოვიყვანოთ ამ კრიზისიდან. დიდი იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში საავადმყოფო გაძლიერდება და განვითარდება არსებული კოლექტივის დახმარებით,"- აცხადებს მესხი. 

“საქართველოში +34, +36 გრადუსამდე დაცხება…” - ამინდის განახლებული პროგნოზი

 მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე განახლენულ პროგნოზს აქვეყნებს:

"მიმდინარე კვირაში ტემპერატურა წლის ამ პერიოდისთვის დამახასიათებელზე მაღალი იქნება.

ანტიციკლონის ანუ მაღალი წნევის მუდმივი არეალის წყალობით, არ არის გამორიცხული  ზაფხულის სტილის სითბოს ტალღები, რომელთაც შეუძლიათ ადვილად გადააჭარბონ 30°C-ს , განსაკუთრებით აფრიკული ანტიციკლონის მასიური წინსვლის შემთხვევაში.

ამიტომაც ეს კვირა იქნება ძირითადად მზიანი და ცალკეულ დღეებში ცხელი, განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურა მოსალოდნელია ხუთშაბათს და პარასკევს.

კონკრეტულად ხუთშაბათს და პარასკევს -
სანაპირო კურორტებსა და დასავლეთ საქართველოში +34, +36 გრადუსამდე დაცხება.

აღმოსავლეთ საქართველოში კი +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

მოკლედ, ერთი და იგივე მონეტის ორი მხარე: სიცხის მატებასთან ერთად იზრდება მაღალ ტემპერატურასთან არსებული უარყოფითი შედეგებიც, ამიტომაც მოვერიდოთ  მზის პირდაპირ სხივებს შუადღის საათებში, მცენარეები კი უფრო ხშირად მოვრწყოთ...

აქვე გეტყვით იმასაც, რომ აპრილის ბოლოსთვის მსგავსი ამინდის პირობების ჩამოყალიბება არ არის იშვიათი.

გისურვებთ მშვიდ და ლამაზ დღეებს.

მეტეოროლოგი - კობა ფარტენაძე"

ავარიის შედეგად, დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა - შსს-ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურის, 2005 წელს დაბადებული ლუკა ლატარიას გარდაცვალების გამო.
ლუკა ლატარია მიმდინარე წლის 22 აპრილს ფოთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს.

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

ბათუმში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. როგორც უწყებაში აღნიშნეს, ზღვაში პირის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება დღის მეორე ნახევარში შევიდა.

ადგილზე მაშველები არიან მობილიზებული და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

სანაპიროსთან სამართალდამცავებიც იმყოფებიან.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 23-25 აპრილს - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

23-25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს.

☀️ 23-25 აპრილს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 25 აპრილს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 38 გრადუსამდე მოიმატოს.

🌦 23-24 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

☀️ ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 25 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

☀️ დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 25 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +36, +38 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

💨 დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 25 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

☀️ დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსი იქნება.

⛈ ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 23-24 აპრილს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

⛈ კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 23-24 აპრილს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

⛈ აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 23-24 აპრილს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

⛈ აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): 23-24 აპრილს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს; იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.

„კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკრძალულია. ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ დაარღვევენ კანონს. თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე მკაცრი სანქციები გატარდება”, – აცხადებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა, ბოლო რამდენიმე წელიწადია, განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს. გარდა პათოგენური სოკოსი, კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებს დიდ საფრთხეს უქმნიდა ინვაზიური მავნებელი – ბზის ალურა.

ეროვნული სატყეო სააგენტო მართვას დაქვემდებარებულ ტყის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული კოლხური ბზის კორომებში კომპლექსურ ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს, რაც, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის გარდა, სახეობის საკონსერვაციო ქმედებებსაც მოიცავს. მნიშვნელოვანია, რომ წლების განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად მავნებლის რიცხოვნობა მკვეთრად არის შემცირებული.

22 აპრილს მსოფლიოში „დედამიწის დღე“ აღინიშნება

22 აპრილს მსოფლიო „დედამიწის დღეს“ აღნიშნავს. ამ დღეს მთელ მსოფლიოში გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები იმართება.

წელს „დედამიწის დღის“ დევიზია „ინვესტიცია ჩვენი პლანეტისთვის“.

ეს დღე 1990 წლიდან საქართველოშიც აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით დასუფთავებისა და გამწვანების აქციები ტარდება.

„დედამიწის დღე“ 1970 წელს აშშ-ში დაარსდა და ყოველწლიურად 193-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.

თბილისს საინგილოს თეატრი ეწვია

 ამ დღეებში თბილისს რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ისევ ეწვია ქართული თეატრის დასი აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, ისტორიული ქართული კუთხიდან - საინგილოდან, კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოდან (ისტორიული ქათმისხევი) და მონატრებულ მაყურებელს თავის შემოქმედებას წარუდგენს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ილია ჭავჭავაძის სახელობის ალიბეგლოს სახელმწიფო ქართული დრამატული თეატრის გასტროლები თბილისში, რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართება.

22 აპრილი- ნიკოლოზ წულუკიძე - „სიბრძნის ქარავანი“

დამდგმელი რეჟისორი - ნაილი თოფალაშვილი.

23 აპრილი- ვახტანგ ანდიაშვილი „დაცემული ანგელოზის უკანასკნელი თავშესაფარი“,

დამდგმელი რეჟისორი - ლერი შიოშვილი.

გასტროლი უკავშირდება ისეთ მნიშვნელოვან მოვლენას, როგორიც არის კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს სახელმწიფო ქართული დრამატული თეატრისთვის ილია ჭავჭავაძის სახელის აღდგენა.

დასაწყისი 19:00 საათი

დასწრება თავისუფალია

პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

აღსანიშნავია, რომ საინგილოს თეატრის სპექტაკლებს უსინათლოთა კავშირის წევრები, მათ შორის ინგილო შშმ პირებიც დაესწრებიან.

ქართული თეატრი კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში 1981 წელს დაარსა რეჟისორმა ანზორ დოლენჯაშვილმა და იგი წლების მანძილზე იყო ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი.

სერგო კერესელიძე, საინგილოს მკვლევარი, ჟურნალისტი

რუსთავის სიონის ტაძარში ინგილო ქართველი მოძღვარი იმსახურებს

2024 წლის 20 აპრილს, წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) რუსთავში წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ახალაგებული ტაძარი აკურთხა.

ამავე დღეს მეუფე გრიგოლმა მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ კახაბერ ნუროშვილს, რომელსაც სახელად მიქაელი უწოდა.

მღვდელი მიქაელი რუსთავის სიონის ტაძარში იმსახურებს.

ნუროშვილები ძირითადად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - საინგილოში, კახის რაიონში ცხოვრობენ. მამა მიქაელ ნუროშვილიც წარმოშობით საინგილოდან, ქალაქ კახიდანაა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დროებით თუ მუდმივად მცხოვრები ინგილო ქართველების (ზოგიერთ მათგანს საქართველოს მოქალაქეობაც აქვს) ძირითადი ნაწილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, თბილისში, რუსთავსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში არიან დასახლებულნი. სამთაწყაროს მოსახლეობა ორი ნაწილისგან შედგება - იქ ერთმანეთის გვერდიგვერდ მეგობრულად ცხოვრობენ მუსლიმი აჭარელი ეკომიგრანტები და 1930 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, კახის რაიონის სოფელ ყორაღანიდან გადმოსახლებული ინგილო ქართველები.

სერგო კერესელიძე, საინგილოს მკვლევარი, ჟურნალისტი

როდის და როგორ უნდა დაითესოს ხორბალი, რომ ჯეჯილი ხასხასა იყოს

იმისთვის, რომ თქვენს სააღდგომო სუფრაზე ლამაზი ჯეჯილი ბიბინებდეს, თადარიგი წინასწარ უნდა დაიჭიროთ. გახსოვდეთ, რომ ხორბალი აღდგომამდე ორი კვირით ადრე, ბზობის კვირაში ითესება და ამ პროცესს თავისი წესები აქვს.

ჯეჯილისთვის ნებისმიერი ფორმისა და ზომის ჭურჭელი გამოდგება. ხორბლის რაოდენობა და ჭურჭლის ფორმა კი დიასახლისის გემოვნებასა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

ჯეჯილი თეფშზე ან ლანგარზე

1) ხორბლის მარცვალი სწრაფად რომ გაღივდეს და კარგად გაიზარდოს, უნდა გარეცხოთ, ოდნავ შემთბარი წყალი დაასხათ და მთელი ღამე გააჩეროთ.

2) დილას წყალი გადაღვარეთ, ხორბალი გარეცხეთ და მინის ქილაში გადაიტანეთ. ქილას თავი დააფარეთ და ხორბალი 24 საათის განმავლობაში დატოვეთ. მომდევნო დღეს ქილიდან ამოიღეთ, წყალი გადაავლეთ და დასათესად მზადაა.

3) ჭურჭელში, რომელშიც ხორბლის დათესვას აპირებთ. 4-5 სანტიმეტრის სისქეზე ჩააფინეთ ბამბა ან ჩაყარეთ სუფთა მიწა.

4) „ნიადაგი“ თბილი წყლით დანამეთ და ზემოდან, 1 სანტიმეტრის სისქეზე, ხორბალი მოაბნიეთ.
ლანგარი თბილ და ნათელ ადგილზე დადგით, რომ მარცვლები სწრაფად გაღივდეს და გაიზარდოს.

5) „ნიადაგი“ რომ არ გამოშრეს, არ დაგავიწყდეთ, დილა-საღამოს პულვერიზატორით დანამოთ.

დაახლოებით, ერთ კვირაში თქვენი ჯეჯილი ულამაზესი სანახავი იქნება.