„ერთ-ერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში დავნიშნე ახალი ხელმძღვანელი, რომელსაც კონკრეტული ადამიანი მკვლელობით ემუქრებოდა“ - თეა წულუკიანი

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სახელმწიფო ორგანიზაციაში მის მიერ დანიშნულ ერთ-ერთ ხელმძღვანელს თანამშრომელი წერილობით მკვლელობების მუქარებს უგზავნის და ოჯახის წევრებსაც ემუქრება, რაზეც გამოძიებაც კი დაიწყო.

„როდესაც ერთ-ერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში დავნიშნე ახალი ხელმძღვანელი, ვისაც ახლა ველაპარაკები აქედან, მინდა კარგად მომისმინოს. ამ ახალ ხელმძღვანელს დაუწყო ამ კონკრეტულმა ადამიანმა მკვლელობის მუქარების წერილობით გაგზავნა - გადადექი, თორემ ასე ვიზამ, ისე ვიზამო. ოჯახის წევრებზე მუქარები. რა თქმა უნდა, გამოძიება დაიწყო, წარმატებით წარიმართა გამოძიება, მეტ დეტალს ვეღარ ვამბობ აქ, მაგრამ მინდა ყველას გითხრათ, რომ როდესაც ესენი [წინა ხელისუფლების წარმომადგენლები] ისევ იმ მეთოდებით აპირებენ ხელისუფლებაში დაბრუნებას, რომ გვაწამონ, დაგვჩეხონ, ქუჩაში ვაზაგაშვილი კიდევ ერთხელ მოკლან, გირგვლიანი კიდევ ერთხელ ვითომ გადაჩეხონ ეკალ-ბარდებზე, და ბედავენ, იმიტომ რომ ახალი ხელმძღვანელი არ მოსწონთ, გაბედონ და შეჰყვნენ კომპეტენტურობაში, როგორც წეღან ბატონმა თავმჯდომარემ უთხრა ვაშაძეს. ამათ ურჩევნიათ ნიღბის ქვეშ უგზავნონ „ესემესები“ საჯარო მოხელეს, ეს არ არის ლიბერალიზმი. კიდევ ერთ სახალისო მაგალითს გეტყვით, ერთი თანამშრომელი, რომელიც ბოიკოტს გვიცხადებს, საკუთარ თავს უცხადებს, ხელფასს კი იღებს, ამბობს, რომ ოცშიო გამათავისუფლეთ, „დეი ოფი“ მინდაო, დღეს. მინდა ყველას ვუთხრა, რომ კულტურის სამინისტროში სულელი არავინ არ არის. „დეი ოფი“ არ ითვლება შვებულებაში და თანამშრომელს შეიძლება მიეცეს, თუ დედა, ან მამა გარდაეცვალა, შვილმა ფეხი მოიტეხა, ყველას ღმერთმა აშოროს და ა.შ. წინასწარ „დეი ოფი“ არ იღება, რადგან თუ კოსმოსთან არ ხარ კავშირში, რაც არ უნდა თავისუფალი ხელოვანი იყო, დედა გარდაგეცვლება, თუ მამა, წინასწარ ვერ გეცოდინება. ხელმძღვანელმა უთხრა დაასაბუთეო. ვიცით, რომ აქ [პარლამენტში] უნდა მოვიდეს და იყვიროს, რადგან ბოიკოტშია. ის ხომ ინსტრუმენტია. მოიწერა, რომ პუდელი გაუხდა ავად და გათავისუფლება უნდა. ვურჩევ, ეს პუდელების კოლექტიური ჯგუფი ნუ გადამეღობებით გზაზე იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება სისტემა, ეს სისტემა ახლა ფორმირების პროცესშია, რომელიც მერე უფრო კარგად ჩაუდგება სამსახურში და არა ხელმძღვანელობაში ქართულ კინოს, თეატრს, თუ მწერლობას და თუ ინსტრუმენტი იქნება, გაგრძელდება ის, რაც ღმერთმა გაანათლოს და დაგვიტოვა რურუამ - ის, რომ პატარა ჯგუფი სარგებლობს და ეს არის ერთი და იგივე ხალხი. „ქართულ ოცნებას“ ბევრი ბრძოლა გვქონდა, ვერ მოვიცალეთ ამ სისტემისთვის სათანადოდ, მაგრამ მე ახლა მოცლილი ვარ, სხვა საქმე არ მაქვს, კიდევ ერთი წელი დამრჩა ამ თანამდებობაზე და ნამდვილად დადგება ის შედეგი, რაც მომავალ კულტურის მინისტრს უკეთესად და მშვიდად მუშაობის საშუალებას მისცემს“, - აღნიშნა წულუკიანმა.

"არა ცენზურას" - 20 სექტემბერს, პარლამენტთან ხელოვანები აქციას გამართავენ

"არა ცენზურას!", "კულტურა ცოცხალი და დამოუკიდებელია!" - 20 სექტემბერს, პარლამენტში კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მოსმენის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან კულტურის სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბებიან და საპროტესტო აქციას გამართავენ.

აქცია 18:00 საათზე დაიწყება. ორგანიზატორების თქმით, აქციაზე გააჟღერებენ "უამრავ გადაუჭრელ პრობლემას, რომელსაც კულტურის სამინისტრო თავს ვერ ართმევს". ამასთან, აქციაზე კულტურისა და მეცნიერების სექტორები მკაფიო მოთხოვნებს დააყენებენ.

"ქართული ხელოვნება და მეცნიერება საფრთხეშია. კულტურის სამინისტროს პოლიტიკა ანადგურებს კულტურას - ჩვენი ქვეყნის იდენტობისა და ჩვენი სიამაყის მთავარ საყრდენს.

რეპრესიული პოლიტიკა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენს ისტორიულ კულტურულ მემკვიდრეობას, მიზანმიმართულად აფერხებს თანამედროვე ხელოვნების და მეცნიერების განვითარებას, ახშობს თავისუფალი და კრიტიკული პროფესიული აზრის გამოხატვას; ცდილობს კულტურის მოთვინიერებას, შეზღუდვას, სამთავრობო პროპაგანდის ინსტრუმენტად ქცევას.

20 სექტემბერს, 18:00-ზე, პარლამენტის სამოქალაქო შესასვლელთან ვიკრიბებით, ხელოვნებისა და მეცნიერების წარმომადგენლები, ქართული კულტურის გულშემატკივრები. სიმართლის საათის ფორმატში გავაჟღერებთ იმ უამრავ გადაუჭრელ პრობლემას, რომელთაც კულტურის სამინისტრო თავს ვერ ართმევს. აქციაზე კულტურისა და მეცნიერების სექტორები დააყენებენ მკაფიო მოთხოვნებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

სოფელ ქვემო ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის სამარხი აღმოაჩინეს

ორწლიანი არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სოფელ ქვემო ნიქოზში ძვ.წ. 18-17 საუკუნის ყორღანული ტიპის სამარხი აღმოაჩინეს. როგორც არქეოლოგები აცხადებენ, აღმოჩენა უნიკალურია იმ მხრივ, რომ შიდა ქართლის რეგიონში, 3 800 წლის წინანდელი შუა ბრინჯაოს ხანის ასე შენახული, ასეთი დიდი ზომის სამარხი პირველადაა აღმოჩენილი.

არქეოლოგების განცხადებით, სამარხი სავარაუდოდ ტომის დაწინაურებული წევრის, შესაძლოა ბელადის იყოს. ამაზე კი მიანიშნებს ის ნივთები, რომელიც სამარხშია აღმოჩენილი.

არქეოლოგებმა გათხრების შედეგად ორი ხარის თავი, ოთხთვალა ეტლის დანახშირებული ნაშთები და სხვადასხვა თიხის ჭურჭელი ნახეს. ჭურჭელში სავარაუდოდ სხვადასხვა პროდუქტი უნდა იყოს და მას მიცვალებულს სარიტუალო დანიშნულებით ატანდნენ. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ეტლთან უნდა იყოს მიცვალებულის ძვლები.

არქეოლოგიურ გათხრებს გორის უნივერსიტეტისა და ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, არქეოლგი გიორგი მიმდიაშილი ხელმძღვსნელობს და მასში გორის უნივერსიტეტის სტუდენტებიც არიან ჩართული.

პროექტი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ორ ეტაპად განხორციელდა და კულტურის სამინისტროსა და გორის მერიის მიერ დაფინანსდა.

 

„მივხვდი, რომ უბრალო რამე არ იყო“ - როგორ იპოვეს ბავშვებმა 2700 წლის სკულპტურა ხორგაში

ხობის რაიონის სოფელ პირველ ხორგაში აღმოაჩინეს ხარის სკულპტურა, რომელიც დაახლოებით 3 ათასი წლის უნდა იყოს. იგი ბავშვებმა მდინარეში იპოვეს.

ამბავი დაახლოებით შვიდი წლის წინ დაიწყო, როდესაც მდინარე ხობისწყალში პატარა ბავშვებმა ხარის მომცრო ფიგურა იპოვეს და თავიანთ სათამაშოებს მიუმატეს. კარგა ხანი ერთობოდნენ, სანამ „სათამაშო“ ხორგელმა ზვიად კორტავამ არ შეამჩნია.

„დავინახე ხარი, ხარი ხომ სიმბოლოა და მივხვდი, რომ უბრალო რამე არ იყო“, - ამბობს ზვიადი. 21 აგვისტოს მან სკულპტურა გოგიტა ჩიტაიას გადასცა, ძეგლთა დაცვის კუთხით ხობის მერიის მთავარ სპეციალისტს. „ყოველი წყალდიდობის შემდეგ მდინარე ნაპირებს რეცხავს. იქ ძველი ნამოსახლარებია და ხანდახან ასეთი მასალებიც ირეცხება, შემდეგ შეძლებისდაგვარად ვაგროვებთ და მოგვაქვს მუზეუმში“, - ამბობს გოგიტა ჩიტაია, რომელიც ნაპოვნს ხობის მუზეუმს ჩააბარებს.

თიხისგან დამზადებული ხარის სკულპტურა სიმაღლეში დაახლოებით 10 სანტიმეტრი, სიგრძეში კი 25 სანტიმეტრამდეა. არქეოლოგი რევაზ პაპუაშვილი, რომელმაც სკულპტურა ნახა, ამბობს, რომ მისი ასაკი სავარაუდოდ 2700-2800 წელი უნდა იყოს.

„ხარის კულტი, როგორც ნაყოფიერების სიმბოლო, ხშირად გვხდება სხვადასხვა რელიგიებში, განსაკუთრებით ძველი წელთაღრიცხვის მერვე-მეშვიდე საუკუნეებში, - ამბობს რევაზ პაპუაშვილი, - ბრინჯაოს პერიოდის ნივთები მრავლად გვაქვს კოლხეთში, ხაიშში, ურეკში. თიხისგან დამზადებული ხარი გვხვდება ვანში, ნოქალაქევში, ყულევში. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ რელიეფი, სადაც ეს ნივთი აღმოჩნდა, კერძოდ, სოფელი ხორგა, არ ყოფილა გამოთიშული ამ ჯაჭვისგან“.

არქეოლოგი ამბობს, რომ სკულპტურა მდინარის კალაპოტში იპოვეს და არა რომელიმე კულტურულ ფენაში, ანუ ადგილას, სადაც ძველ ეპოქაში ადამიანები ცხოვრობდნენ ან საქმიანობდნენ. მაგრამ შესაძლოა, ის რომელიმე ასეთი კულტურული ფენის ნაშთი იყოს, მდინარის მიერ მოწყვეტილი და ჩამოტანილი. რევაზ პაპუაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ ნივთი პირდაპირ მდინარეში ჩაეგდოთ. ნივთების მდინარისთვის შეწირვა ძველი რიტუალების ნაწილი იყო.

წყარო: რადიო თავისუფლება

საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები" დღეს ბორჯომში გალა კონცერტით გაიხსნება და 24 სექტემბრის ჩათვლით სამ ქალაქს მოიცავს

ფესტივალი "ღამის სერენადები" 22 აგვისტოს ბორჯომში, გალა კონცერტით გაიხსნება, სადაც  მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო აღიარების მქონე მუსიკოსები: საბინე გროფმაიერი - კლარნეტი, გერმანია; ეილიკა ვუნში - სოპრანო, გერმანია;  გიორგი ონიანი - ტენორი, საქართველო, რიკარდო მარინელო - ტენორი, იტალია. ფესტივალის პირველ დღეს,  ჩასულ სტუმრებთან ერთად, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ანსამბლი „ბორჯომი“, ხელმძღვანელი გიორგი ბუგიანიშვილი; გიორგი ოიკაშვილი - კლარნეტი, საქართველო; მარიამ კიკალეიშვილი - მეცო-სოპრანო, საქართველო.  სოლისტებს თანხლებას გაუწევს ფესტივალის საბაზო ორკესტრი "საქართველოს ვირტუოზები", კონცერტმაისტერი - ლელა მჭედლიძე.

გალა კონცერტზე შესრულდება არიები ჯუზეპე ვერდის, ჯაკომო პუჩინის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ოპერებიდან, ნეაპოლური სიმღერები, ინსტრუმენტული მუსიკის საყოველთაოდ აღიარებული შედევრები: იოანეს ბრამსის "უნგრული ცეკვა N 5", დიმიტრი  შოსტაკოვიჩის "ვალსიN2" და ა.შ. ასევე აჟღერდება ქართული მუსიკა - "ასე ჩონგური" და "კუჩხიბედინერი" ოთარ თაქთაქიშვილის ვოკალური ციკლიდან "მეგრული სიმღერები".

საერთაშორისო ფესტივალის XV, საიუბილეო,  ცერემონია და გალა კონცერტი  სასტუმრო "ბორჯომი ლიკანში", 19:00 დაიწყება.

24 და 25 აგვისტოს ფესტივალი  ქალაქ ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გადაინაცვლებს. 

24 აგვისტოს თეატრის სცენას დაამშვენებენ ეილიკა  ვუნში - სოპრანო, გერმანია და რიკარდო მარინელო - ტენორი, იტალია. შესრულდება ცნობილი საოპერო არიები, დუეტები, ნეაპოლური სიმღერები, ხოლო საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი კორეელი მევიოლინე ჰეიონ პარკი ქართველ პიანისტთან თამარ ლიჩელთან ერთად შეასრულებს სეზარ ფრანკის სავიოლინო სონატას.

 25 აგვისტოს საღამოზე ჰეიონ პარკი, ფესტივალის საბაზო ორკესტრის „საქართველოს ვირტუოზები“-ს თანხლებით  შეასრულებს ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტს, ასევე შესრულდება  ინგლისელი კომპოზიტორის რალფ ვოან უილიამსის The Lark Ascending (ტოროლას აფრენა),  თამარ ლიჩელთან ერთად.

ფესტივალის შემდეგი სამი კონცერტი  სექტემბერში, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.

კონცერტების პარალელურად, ფესტივალის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის, მათ შორის შშმ პირებისთვის გაიმართება დარგობრივი მასტერკლასები, ვორქშოპები და ღია ლექციები.

XV საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები"  22 აგვისტოდან  24 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

ფესტივალის დამფუძნებელია მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე, სამხატვრო  ხელმძღვანელი - გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე.

ფესტივალის ფარგლებში, ერთი თვის განმავლობაში, დაგეგმილია ექვსი კონცერტი, რომლებსაც ბორჯომი, ბათუმი და თბილისი უმასპინძლებენ.

"ღამის სერენადები" ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე საერთაშორისო ფესტივალია საქართველოში, რომელიც არსებობის 41 წელს ითვლის. ფესტივალის შექმნის იდეა ეკუთვნის ლიანა ისაკაძეს - ქართველ მევიოლინესა და დირიჟორს, საქართველოს სახალხო არტისტს, რომელიც საუკუნის უდიდესი მუსიკოსების რიცხვს მიეკუთვნება. იგი კემბრიჯის ბიბლიოგრაფიული ცენტრის მიერ შეყვანილია XX საუკუნის 2000 გამოჩენილ მუსიკოსთა ენციკლოპედიაში (ინგლისი, 2002 წელი).

ჯერ კიდევ 1982 წელს, ლიანა ისაკაძემ აფხაზეთში დაარსა საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები", რომელიც ზაფხულობით ბიჭვინთაში იმართებოდა და უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. 2002 -2009 წლებში ფესტივალი ტარდებოდა ბორჯომში "ხელოვნების ზეიმის" სახელით, 2009 წლიდან კი შესაძლებელი გახდა "ღამის სერენადების" აღდგენა და ფესტივალმა ბათუმში გადაინაცვლა.

ფესტივალი არსებობის  მანძილზე არაერთ მსოფლიო დონის მუსიკოსს მასპინძლობდა, მათ შორის არიან: ალფრედ შნიტკე, კურტ მაზური, გიდონ კრემერი და მრავალი სხვ.

"ღამის სერენადების" მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  იტალიის საელჩო საქართველოში, გერმანიის საელჩო საქართველოში.

მასპინძელი სასტუმროები: ბორჯომი ლიკანი, ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი. ფესტივალის პარტნიორები: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. ხარისხისა და დიზაინის საუკეთესო გარანტი ავეჯის სახლი „ნიტა“, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან “ივ როშე”, კომპანია „სარაჯიშვილი“, ძმები ხუციშვილების "ღვინის მარანი" “HOTSALE.GE”-ს პრემიუმ მიმართულება, ფარმაცევტული კომპანია „პსპ“ საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, „პოსტ ტვ“, „ევრონიუს ჯორჯია“, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“,„ტვ25“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპ არტი“, "ამბები.ჯი", საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, „ჯორჯიან პრესი“ , ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი „Messenger“, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, რადიო „ფორტუნა“ და ვებ-საიტი ფორტუნა.ჯი

"ვეწინააღმდეგებით რეპრესიულ პოლიტიკას" - კინემატოგრაფისტები კინოცენტრს ბოიკოტს უცხადებენ

კულტურის სამინისტროს რეპრესიული პოლიტიკის გამო, კინემატოგრაფისტები კინოცენტრს ბოიკოტს უცხადებენ - ამის შესახებ ისინი განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ პროტესტის ნიშნად, კინოცენტრის გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.

"ჩვენ, ქართული კინოს თავისუფლებისთვის გაერთიანებული კინემატოგრაფისტები, რომლებიც ვეწინააღმდეგებით კულტურისა სამინისტროს რეპრესიულ პოლიტიკას, 2023 წლის აგვისტოდან ვაცხადებთ ბოიკოტს!

პროტესტის ნიშნად, ჩვენ აღარ მივიღებთ მონაწილეობას მიტაცებული კინოცენტრის გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში, ჩვენ უარს ვამბობთ საკონკურსო კომისიების წევრობაზე, რადგან არ გვსურს ვიქცეთ ფორმალურ თანამონაწილედ იმ პროცესისა, რომელსაც ქართული თანამედროვე კინო, კულტურა და მეცნიერება განადგურებისაკენ მიჰყავს.

პროტესტის პირველივე დღიდან, ჩვენ ვითხოვთ სისტემურ ცვლილებას - კინოცენტრის დირექტორის დანიშვნის წესის შეცვლას! გვჯერა, რომ კინოცენტრის დირექტორი უნდა იყოს არჩეული მხოლოდ გამჭვირვალე და საჯარო პროცესით, სფეროს წარმომადგენლების მიერ და არ იყოს დანიშნული მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით.

მხოლოდ დემოკრატიული წესით არჩეული მმართველის პირობებში შეძლებს კინოცენტრი უზრუნველყოს ქართველი კინემატოგრაფისტების სიტყვის, გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლება", - აღნიშნულია განცხადებაში.

კინემატოგრაფისტები უკვე რამდენიმე თვეა კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ. კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ კინოცენტრში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, თუმცა კინემატოგრაფისტები მიიჩნევენ, რომ მინისტრი თეა წულუკიანი სფეროში ცენზურის დამკვიდრებას ცდილობს.

პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ, რომ შეჩერდეს რეორგანიზაციის პროცესი. ამასთან, შეიცვალოს დირექტორის დანიშვნის წესი, კერძოდ, აირჩეს კონკურსის საფუძველზე.

11 ივნისს კინოცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია თანამდებობიდან. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კი დაინიშნა კობა ხუბუნაია, რომელიც მანამდე პენიტენციურ სისტემაში მუშაობდა. გარდა ამისა, სახელისუფლებო არხ POSTV-ის ჟურნალისტი ბაჩო ოდიშარია კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

საკამათო რეორგანიზაციის ფარგლებში გაათავისუფლეს ლევან აბდუშელიშვილი და დავით დავითიანი, რომლებიც კინოცენტრში მიმდინარე ცვლილებებს აპროტესტებდნენ.

აკა გვახარია - კაცი, რომელმაც ქართული კლავიატურა შექმნა

ფოტოგრაფი დავით კუკავა სოციალურ ქსელში წერს:

„აკა (აკაკი) გვახარია (1962-2017)
ქართველი ემიგრანტი ექიმი (აშშ), რომელმაც სრულიად უანგაროდ გვაჩუქა დღევანდელი ქართული QWERTY კლავიატურა.
ეს ფაქტი, დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის უცნობია. 
სად და როგორ უნდა განთავსებულიყო ქართული ასოები: "ჩ", "ძ", "ჭ", "შ", "ღ", "თ", ესეც აკას მოფიქრებულია. თან გაითვალისწინეთ, მან ეს ყველაფერი 90-ების დასაწყისში შექმნა, ანუ იმ დროს, როდესაც, ჯერ ერთი, თითო-ოროლა კომპიუტერი იყო ჩვენში, ხოლო მეორეც, ინტერნეტი დღევანდელი სახით საერთოდ არ არსებობდა მსოფლიოში...
აკა ამავე დროს ბრწყინვალე ექიმი იყო, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ვირჯინიაში. 
2017 წელს უკურნებელი სენით დაავადებულმა არ ისურვა ჯოჯოხეთის გახანგრძლივება და მისი კაცთმოყვარეობით სავსე სიცოცხლეც დასრულდა.
აუცილებლად მინდოდა ამ პოსტის დაწერა. წარმოიდგინეთ, კაცმა ქართული ენა შეიყვანა თანამედროვე ციფრულ სამყაროში!
გახსოვდეთ, ჩვენი თითების ქართულ კლავიატურაზე ყოველი შეხება, ეს აკა ექიმის გაგრძელებული სიცოცხლეა!“

„მუსიკა ბათუმიდან” – 19 აგვისტოს მუსიკალური ფესტივალი იწყება

19 აგვისტოს, შაბათს, ბათუმში საავტორო მუსიკის რადიოფესტივალი გაიხსნება.

„მუსიკა ბათუმიდან“ – ასე ჰქვია ფესტივალს, რომელიც 23 აგვისტომდე გასტანს. ფესტივალის მიმდინარეობისას ბათუმის რადიოს წინ, მემედ აბაშიძის 57 ნომერში, მსმენელებისთვის სხვადასხვა ჯგუფი დაუკრავს.

ფესტივალის აფიშა ასე გამოიყურება:

19 აგვისტო – Melomaniakk
20 აგვისტო – Tabemono
21 აგვისტო – K.A.I
22 აგვისტო – ვაჟა ტუღუში
23 აგვისტო – Babajana
ფესტივალი 19-23 აგვისტოს, საღამოს 6 საათზე დაიწყება. დასწრება უფასოა.

საავტორო მუსიკის რადიოფესტივალის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის განათლების სამინისტრო და, ასევე, კერძო კომპანიები.

გიორგი გოგიბერიძის დასახმარებლად ბათუმში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

18 აგვისტოს ბათუმში, საზაფხულო თეატრში, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება გიორგი გოგიბერიძის დასახმარებლად.

ბათუმელი რეჟისორი, საავტორო კინოს ბათუმის ფესტივალის დირექტორი გიორგი [გოგა] გოგიბერიძე ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის. ოჯახის წევრების თქმით, სიტუაცია რთულია, თუმცა, ექიმების დასკვნით, ექვემდებარება მართვას და მკურნალობას. საჭიროა თანამედროვე ტიპის წამლები, რაც დღესდღეობით საქართველოში არ ფინანსდება ჯანდაცვის არსებული პროგრამებით.

საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობენ: სოფო ხალვაში, ASEA SOOL, აჩიკო გოგიტიძე, სულხან დევაძე, გიორგი ტუღუში, ბენდი „ორიონი“, Seaside, გიორგი ნაკაშიძე, გიორგი გოგიბერიძე, ბათუმური კვარტეტი და სხვები.ბილეთის ფასი 20 ლარია.

ბილეთები იყიდება biletebi.ge-ზე.

ასევე, ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ გადარიცხვით ანგარიშზე – GE51BG0000000101454811 [მიმღები ი.მ. „ზვიად ელიზიანი“]  და ბილეთს ადგილზე მიიღებთ კონცერტის დღეს. დანიშნულებაში ჩაწერეთ „კონცერტის ბილეთი~.

კონცერტი პარალელურად გადაიცემა აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, ტელემარათონის სახით.

სამთავროს სამონასტრო კომპლექსის საკონსერვაციო პროექტი სანიმუშოა - ICOMOS

კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო საბჭოს შეფასებით, სამთავროს სამონასტრო კომპლექსის საკონსერვაციო პროექტი სანიმუშოა. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი:

"კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით 2022 წელს მომზადებული, სამთავროს სამონასტრო კომპლექსის ახალი საკონსერვაციო პროექტი ICOMOS-ის მიერ დადებითად შეფასდა.

2023 წლის მაისის ICOMOS-ის დასკვნაში ნათქვამია, რომ მოცემული პროექტი სანიმუშოა და მისი გამოყენება საქართველოს ქვის კონსერვატორებს სხვა ძეგლებზეც შეუძლიათ. კერძოდ, ICOMOS-ის შეფასებით, საკონსერვაციო პროექტი არის დეტალური კონსერვაციის გეგმა, რომელიც სიღრმისეული კვლევების შედეგად განსაკუთრებული პროფესიონალიზმით შემუშავდა. ICOMOS-ის შეფასებაში ნათქვამია, რომ საკონსერვაციო პროექტი, მაღალი დონის გამო, შეიძლება საქართველოში ქვის კონსერვატორებისთვის პროფესიული საქმიანობისას ნიმუშად და წანამძღვრად იყოს გამოყენებული.

პროექტი მოიცავს გარემო ფაქტორებისა და ეკლესიის ცოკოლის ქვაზე წარსულში განხორციელებული სამუშაოების უარყოფით შედეგებთან გამკლავებისთვის საჭირო კონკრეტულ მეთოდოლოგიურ ნაბიჯებს, რომლებიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში თანამედროვე კვლევებზე დაყრდნობით არის შემუშავებული.

კვლევები და პროექტირების სამუშაოები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის, სამთავროს მონასტერში ვიზიტის შედეგად დაიწყო და 2022 წელს ჩატარდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ მიზნით გამოყოფილი იქნა შესაბამისი ბიუჯეტი (47 164 ლარი) და გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც გაიმარჯვა შპს-მ "ძველი გალავანი"

ჩვენი საქმიანობის ათი წლის თავზე სასწორზე დევს არაერთი ეროვნული და საერთაშორისო პროექტი - მწერალთა სახლი

მწერალთა სახლი პარლამენტის დეპუტატის, ქეთევან დუმბაძის, დირექტორად დანიშვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათი საქმიანობის 10 წლის თავზე სასწორზე დევს მწერალთა სახლის არაერთი ეროვნული და საერთაშორისო პროექტი.

განცხადების ავტორთა აზრით, პირდაპირი დანიშვნის წესით ორგანიზაციაში ახალი დირექტორის მოსვლა, საფრთხეს უქმნის ამ პროექტების თავისუფალ და უცენზურო მართვას.

გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ 100-ზე მეტი მწერლის, მთარგმნელისა და გამომცემლის მოთხოვნას უერთდებიან და მიიჩნევენ, რომ ორგანიზაციის ახალი დირექტორი უნდა აირჩიოს დარგის პროფესიონალებისგან შემდგარმა კომისიამ.

"მწერალთა სახლის, როგორც კულტურულ-საზოგადოებრივი ინსტიტუციის ისტორია უკვე ათ წელზე მეტს ითვლის. ამ პერიოდში ეტაპობრივად გაიზარდა ჩვენი გუნდის შემადგენლობა, გაფართოვდა სამუშაო პროფილი, წარმატებით განხორციელდა არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კულტურული და საგანმანათლებლო პროექტი. საპრეზენტაციო სივრცესთან ერთად, მაჩაბლის 13 ნომერში ბინა დაიდო მწერალთა რეზიდენციამ, დავით სარაჯიშვილისა და რეპრესირებული მწერლების მუზეუმებმა. ორგანიზაციის ზრდისა და განვითარების ყოველ ეტაპზე მწერალთა სახლის სათავეში იყო ნატა ლომოური, ვინც ეს სახლი უფუნქციო შენობიდან ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე და ღია კულტურულ ინსტიტუციად აქცია. ყველა პროექტი და წარმატება პირდაპირ არის მისი და მის მიერ ჩამოყალიბებული გუნდის ინიციატივებისა და დაუღალავი შრომის შედეგი.

ჩვენთვის სამწუხაროდ და ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ, ნატა ლომოური დღეს აღარ იკავებს მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობას. არადა, სწორედ მისი ხელმძღვანელობისას, ორგანიზაციის საქმიანობა იყო მუდმივად მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული. ამას მოწმობს ჩვენი ბენეფიციარების - მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლების უდიდესი მხარდაჭერაც. ჩვენი საქმიანობის ათი წლის თავზე სასწორზე დევს მწერალთა სახლის არაერთი ეროვნული და საერთაშორისო პროექტი. მიგვაჩნია, რომ პირდაპირი დანიშვნის წესით ახალი დირექტორის მოსვლა ორგანიზაციაში, საფრთხეს უქმნის ამ პროექტების თავისუფალ და უცენზურო მართვას. ჩვენ ვმუშაობთ მწერლებთან და მწერლებისთვის, ამიტომ ვუერთდებით 100-ზე მეტი მწერლის, მთარგმნელისა და გამომცემლის მოთხოვნას და მივიჩნევთ, რომ ორგანიზაციის ახალი დირექტორი უნდა აირჩიოს დარგის პროფესიონალებისგან შემდგარმა კომისიამ," - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, "ქართული ოცნების" დეპუტატი ქეთევან დუმბაძე მწერალთა სახლის დირექტორად დაინიშნა.

მანამდე დუმბაძე პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი იყო. პარლამენტის წევრის უფლებამოსილება მას 2023 წლის საშემოდგომო სესიაზე შეუწყდება.

საქართველოს მწერალთა სახლს ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს

სსიპ საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცა.
2023 წლის საშემოდგომო სესიაზე მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, კანონით დადგენილი წესით, შეუწყდება საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
 
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ქეთევან დუმბაძეს ულოცავს მწერალთა სახლის დირექტორად დანიშვნას და უსურვებს წარმატებებს" | წერს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

MegaNews

Surround yourself with angels. In life there will be road blocks but we will over come it. You see that bamboo behind me though, you see that bamboo? Ain’t nothin’ like bamboo. Bless up. They never said winning was easy. Some people can’t handle success, I can. You do know, you do know that they don’t want you to have lunch. I’m keeping it real with you, so what you going do is have lunch. You see that bamboo?