თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, იმატა თაღლითურმა დანაშაულებმა. თავად განსაჯეთ, საკმარისია, თქვენი საბანკო მონაცემები ჩაუვარდეს ვინმეს ხელში და ანგარიშს ისე დაგიცარიელებთ, თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებთ.
ყველაფერი რამდენიმე წლის წინ, ჩვენს დედაქალაქში მოხდა. ახალგაზრდა კაცი დაზღვევის აგენტად მუშაობდა ერთ-ერთ კომპანიაში, მაგრამ სამსახური რომ მობეზრდა და უფროსთანაც უთანხმოება მოუვიდა, მეორე სამსახურში წავიდა, ისევ სადაზღვევო კომპანიაში. მას დამტვრეული ავტომობილების შეფასება ევალებოდა და ეს საქმე ძალიან კარგად იცოდა. გამორიცხული იყო, კომპანიის ინტერესები არ დაეცვა, დაზიანების ხარისხი სათანადოდ არ შეეფასებინა, რაც სადაზღვევოს სოლიდურ თანხებს უზოგავდა. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს, სწორედ ეს თანამშრომელი მივიდა კომპანიის ხელმძღვანელებთან და უთხრა, რომ ერთ-ერთ მანქანაზე ეჭვი გაუჩნდა ანუ მისი აზრით, ავარია სპეციალურად იყო მოწყობილი. კომპანიის დირექტორმა ავტომობილი გადაამოწმა და მშვიდად თქვა, გამორიცხულია, ორი წლის ავტოს ასე არავინ გაიმეტებდა, რადგან დაზღვევაც კი ვერ გადაუხდის იმდენს, რამდენიც რეალურად მანქანა ღირდაო. ეს თქვა დირექტორმა და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ზუსტად ორ თვეში, საკუთარ სიტყვებს ინანებდა და უკან წაიღებდა.