ვაშინგტონის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხა

ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სანქციები დაუწესა, საქართველოში დაწყებული გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა. კურიერს ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უდასტურებენ, თუმცა დამატებით დეტალებზე, უწყებაში არ საუბრობენ.

საკითხის შესწავლა სუსმა წინა კვირას დაიწყო, მას მერე, რაც ოთარ ფარცხალაძე შეერთებული შტატების ახალ სასანქციო პაკეტში, 150-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირთან ერთად მოხვდა. მას შემდეგ ეს საკითხი პოლიტიკური დისკუსიის თემაა. ახლა მთავარ კითხვებს პრეზიდენტი აჩენს, რომელსაც ამ დრომდე ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სალომე ზურაბიშვილს შესაბამისი დასკვნა ჯერ კიდევ 2 დღის წინ გაუგზავნა. მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ ამ ფორმით ზურაბიშვილი შესაძლოა მუხტის შენარჩუნებას ცდილობდეს.

მოქალაქეობის შეწყვეტაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციას ინფორმაცია ჯერ კიდევ არ გაუვრცელებია. ერთადერთი განცხადება, რომელიც ამ საკითხს უკავშირდება, სალომე ზურაბიშვილის 2 დღის წინანდელი პოსტია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, სადაც ის წერდა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დასკვნას, გადაგზავნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებდა, თუმცა, ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე დოკუმენტს, ზურაბიშვილის ხელმოწერა ამ დრომდე არ აქვს.

რატომ გაიწელა პროცესი აინტერესებს ოპოზიციასაც. ხელისუფლების ოპონენტებისთვის გაუგებარია, რატომ არ აწერს სალომე ზურაბიშვილი ხელს მოქალაქეობის შეწყვეტის დოკუმენტს მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ამას კანონმდებლობა ავალდებულებს და პარალელურად, მას საკუთარი პოზიციაც უკვე გაცხადებული აქვს .

ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა არასაკმარისი ქმედებაა ოპოზიციის მეორე ნაწილისთვის. ხელისუფლების ოპონენტები ყოფილი მაღალჩინოსნის პასუხისგებაში მიცემასაც მოითხოვენ. გარდა ამისა, ფიქრობენ, რომ საჭიროა ეროვნული ბანკის მიერ სანქციების აღსრულების წესში შეტანილი ცვლილების გაუქმება.

სახელისუფლებო გუნდში ფიქრობენ, რომ ოპოზიცია და მათთან ერთად სალომე ზურაბიშვილი, ოთარ ფარცხალაძის საკითხით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, რასაც მათი თქმით, კონკრეტული მიზანი აქვს და ოპოზიციის პოლიტიკურ ინტერესს ემსახურება.

ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შესახებ ინფორმაცია, გასულ კვირას გავრცელდა. სანქცირებულთა სიაში ფარცხალაძის გარდა, მოხვდნენ რუსეთის, თურქეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეები და კომპანიები.

შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს 12 რეკომენდაციის დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს კლერ ბაზი მელორის წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული კანონების, კანონპროექტების და დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შეფასებას სთხოვს. 
 
როგორც წერილშია აღნიშნული, ევროკავშირის მხარესთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ვენეციის კომისიაში იგზავნება კანონის პროექტები, რომელიც 12 რეკომენდაციის შესასრულებლად განიხილა საქართველოს პარლამენტმა, ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმა. 

"ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, 
 
2022 წლის ივლისს, ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებისა და კანდიდატის სტატუსისთვის 12 პრიორიტეტის განსაზღვრის შემდეგ, საქართველოს გულმოდგინედ ახორციელებს ევროკავშირის რეკომენდაციებს. 
 
შედეგად, საქართველოს ინსტიტუტებმა, პარლამენტის თაოსნობით, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია საკანონმდებლო ცვლილებების მიღების და რეფორმების იმპლემენტაციის მიმართულებით, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა დემოკრატია და ევროპული დღის წესრიგი. მადლიერები ვართ ვენეციის კომისიის, რომელთან თანამშრომლობაც ამ პროცესში სასარგებლო იყო. 
 
ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების გზაზე საქართველოს პარტნიორი იყო ევროკომისია. დამატებითი ახსნა-განმარტებებისთვის ჩვენ მუდმივ კომუნიკაციას ვინარჩუნებდით მის შესაბამის სამსახურებთან. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის მაღალი ოფიციალური პირების საქართველოში ახლახანს განხორციელებული ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო ევროკომისიის ოქტომბრის გადაწყვეტილებამდე დამატებითი ნაბიჯების გადადგმისთვის. კერძოდ, ევროკავშირის მხარესთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ვენეციის კომისიაში გიგზავნით შემდეგ დოკუმენტებს: 
 
- საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტს; 
- სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონს; 
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის მუხლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურზე; 
- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მუხლებს ანტიკორუფციული ბიუროს თაობაზე; 
- საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტს; 
- საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმას. 
 
ქალბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ ვენეციის კომისიის სამართლებრივი მოსაზრებების მომზადებას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით,” - წერს შალვა პაპუაშვილი

„ მქონდა პატივი, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველო წარმედგინა როგორც ძლიერი ერი, რომელიც აფასებს თავისუფლებას და ეთაყვანება თავის მდიდარ მემკვიდრეობას“-პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.

„მქონდა პატივი კიდევ ერთხელ მიმემართა სიტყვით გაეროს გენერალური ასამბლეისთვის და წარმომედგინა საქართველო როგორც ძლიერი ერი, რომელიც აფასებს თავისუფლებას, ეთაყვანება თავის მდიდარ მემკვიდრეობას და ახორციელებს პროგრესს ამ ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში”, – აღნიშნავს პრემიერი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა. საქართველოს მთავრობის მეთაურის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემთვის დიდი პატივია, კიდევ ერთხელ მივმართავდე გაერო-ს გენერალურ ასამბლეას.

მე წარმოვადგენ საქართველოს − ძლიერ ერს,  რომელიც აფასებს თავისუფლებას, ეთაყვანება თავის მდიდარ მემკვიდრეობას და ისწრაფვის პროგრესისკენ მუდმივად ცვალებად გეოპოლიტიკურ ვითარებაში.

როგორც მოგეხსენებათ, ჩემმა ქვეყანამ 2008 წელს განიცადა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია და აგრძელებს მის დესტრუქციულ შედეგებთან გამკლავებას. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია და ასიათასობით ადამიანი სახლებიდან იძულებით არიან გადასახლებულნი.

თავდაჯერებით ვაცხადებ, რომ მიუხედავად გამოვლილი  განსაცდელისა, არ შეგვიფერხებია ჩვენი ამბიციების განხორციელება. ჩვენ საქართველო გადავაქციეთ დინამიკურად განვითარებად საზოგადოებად, რომელიც სრულად არის ერთგული გაერო-ს წესდებაში გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპებისა და ღირებულებების რეალიზაციის იდეისადმი.

საქართველოს კარგად ესმის ომისა და მშვიდობის ფასი. 2012 წლიდან ჩვენმა მთავრობამ შექმნა და შეინარჩუნა მშვიდობისა და სტაბილურობის უწყვეტი ათწლეული.

მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და გამოვხატო ჩვენი დიდი მადლიერება საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. მშვიდობიანი არსებობის უზრუნველსაყოფად მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, დაარწმუნოს რუსეთის ფედერაცია, ჩაერთოს „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში“ და განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

ჩვენი პრაგმატული საგარეო პოლიტიკის შედეგად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში შევინარჩუნეთ ეკონომიკური ზრდა. ვაგრძელებთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას უკლებლივ ყველა ქართველის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს ზედიზედ ორი წლის განმავლობაში, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპი 10 პროცენტს აღემატებოდა  2021 და 2022 წლებში. ეს პოზიტიური ზრდის ტენდენცია გაგრძელდა 2023 წელსაც და საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 7 პროცენტს მიაღწია.

ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მნიშვნელოვანი ზრდა ჩემი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა. 2012 წლიდან ის [მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ)] ერთ სულ მოსახლეზე თითქმის გაორმაგდა. ვიმედოვნებთ, რომ ეს პოზიტიური ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. გარდა ამისა, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს საერთაშორისო სავალუტო  რეზერვების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც თითქმის 90-პროცენტიანი ზრდაა 2012 წელთან შედარებით. უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლები ისტორიულ მინიმუმზეა.

World Justice-ის პროექტის 2022 წლის კანონის უზენაესობის ინდექსით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში პირველ ადგილს იკავებს. Fraser Institute-ის 2022 წლის ანგარიშის – “მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება” – მიხედვით, საქართველო ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა 15 სახელმწიფოს შორის, ხოლო Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, საქართველო 21-ე ადგილს იკავებს ევროპაში 2023 წლის მდგომარეობით და ევროკავშირის 11 წევრ სახელმწიფოს უსწრებს. [NUMBEO] Crime Index საქართველოს 2023 წელს ასახელებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად, რადგან  გლობალურ ჭრილში – მე-18 ადგილზე, ხოლო ევროპის მასშტაბით მე-8 ადგილზე ვართ.

ჩემმა მთავრობამ 2022 წელს შეიმუშავა და დაამტკიცა „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია“, რომელიც ჩვენი ქვეყნის პირველი გრძელვადიანი პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტია. ის მოიცავს რეფორმების ყოვლისმომცველ კომპლექტს, რომელიც ისეთ სფეროებს ეხება, როგორებიცაა ეკონომიკა, სოციალური პროგრესი, ჯეროვანი მმართველობა, მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებების დაცვა. ეს ჩარჩო დოკუმენტი 2030 წლამდე  განხორციელდება.

ჩვენ ყოვლისმომცველი, მრავალმხრივი პროგრესისკენ ვისწრაფვით და მნიშვნელოვან აქცენტს ვაკეთებთ ასევე განათლებასა და სოციალურ კეთილდღეობაზე. განათლების ძლიერი სისტემების მნიშვნელობა არ შეიძლება გადაჭარბებულად იქნეს მიჩნეული, რადგან ის არის ძლიერი, აყვავებული და პროდუქტიული საზოგადოებების ქვაკუთხედი. განათლებისთვის საბიუჯეტო რესურსების გამოყოფით ვაუმჯობესებთ ციფრულ წიგნიერებას ამ მიმართულებით დიდი ნახტომის შესასრულებლად.

ჩვენი ძალისხმევა ეხება განათლების ყველა საფეხურს. ერთი მილიარდი აშშ დოლარი გამოვყავით მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-აშენების მიზნით. გავზარდეთ ინვესტიციები ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სფეროში. ამჟამად ჩვენი მოსახლეობის 95 პროცენტი სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და მუდმივად ვაუმჯობესებთ ამ სერვისების ხარისხს. განზრახული გვაქვს მაქსიმალური ზრუნვა უზრუნველვყოთ ყველა მოქალაქისთვის.

ძვირფასო მეგობრებო, ეს წარმატებები მხოლოდ მცირე ნაწილია იმ პროგრესისა, რაც ჩემს ქვეყანას აქვს მიღწეული, მაგრამ ნათლად ასახავს ჩვენს ძალისხმევას, შევქმნათ შესაძლებლობები ყველა ჩვენი მოქალაქისთვის, მათ შორის − საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის.

მივმართავ ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს –  ჩვენი ერთიანობის წინააღმდეგი არის ჩვენი საერთო მტერი. ჩვენ ვართ გენიალური ხალხი, რომელსაც წარმოუდგენელი მიღწევები ძალუძს, მაგრამ მხოლოდ ერთად შეგვიძლია უზრუნველვყოთ ხანგრძლივი სტაბილურობა, დიდი ინვესტიციების მოზიდვა და  სრული პოტენციალის გამოვლენა, როგორც გაერთიანებულ ერს. არ უნდა დავუშვათ, რომ მშვიდობიანი, სტაბილური და აყვავებული მომავლისკენ დასახული შესაძლებლობა ხელიდან გავუშვათ.

ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი მიზნად ისახავს საქართველოს დაბრუნებას ევროპულ ოჯახში, რომელსაც ვეკუთვნით. 2012 წლიდან ჩვენი მთავრობის მნიშვნელოვანი მიღწევები, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება და უვიზო რეჟიმი, ადასტურებს ჩვენს გეოპოლიტიკურ პრიორიტეტს, გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.

გასული წლის ივნისში საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ახალი თავი გახსნა ევროკავშირთან ურთიერთობაში. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ქართველების თითქმის 90 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ ურყევი ერთგულება დავადასტურეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პრიორიტეტის მიმართ. ძლიერი, ინკლუზიური და გამჭვირვალე შიდა პროცესის მეშვეობით, რომელიც მოიცავს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ჩვენ ვახერხებთ წლის ბოლომდე მათ შესრულებას.

ჩვენი მიღწევები იმსახურებს ევროკავშირის დადებით გადაწყვეტილებას. ეგრეთ წოდებული ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის ლიდერის რანგში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დაიმსახურა! ველით, რომ საქართველოს თვალსაჩინო შედეგები და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტი სამართლიანად შეფასდება. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ერთადერთი გზაა!

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მინდა, ხაზი გავუსვა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და გაერო-ს წესდებაში ასახული ფუნდამენტური პრინციპების მნიშვნელობას.

საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს მშვიდობის უზრუნველყოფას მსოფლიოში. ორ ათეულ წელზე მეტია, მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ნატო-ს მისიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონტრიბუტორად აქცევს ნატო-ს მისიებში ერაყსა და ავღანეთში. 32 მამაცმა ჯარისკაცმა გაიღო უდიდესი მსხვერპლი ავღანეთში, ხოლო ასობით დაშავდა თავისუფლებისა და მშვიდობის უზრუნველყოფის იდეისთვის. საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო ჩვენი საერთო ღირებულებებისა და ინტერესების დასაცავად.

ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ევროკავშირის ხელმძღვანელობით განხორციელებულ მისიებში და პირნათლად ვასრულებთ ამ ვალდებულებას.

ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ გლობალურად ვიბრძვით მშვიდობის, კეთილდღეობის, პროგრესისა და მდგრადობისთვის, მაგრამ გულს გვტკენს გაერო-ს წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოხატული აგრესია. უკრაინაში მიმდინარე ომი კვლავ აღვიძებს საქართველოში 2008 წლის ომის ტრავმას.

სრულად ვგრძნობთ იმ ტკივილსა და გაჭირვებას, რომელსაც ამჟამად უკრაინა განიცდის და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს.

ჩვენ მივუერთდით, მხარი დავუჭირეთ და ხელი მოვაწერეთ 500-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ კომუნიკეს და სხვა ინიციატივებს უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა არაერთხელ შეაქეს ჩვენი შესაბამისობა  საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან.

ჩემი მთავრობა უკრაინას და უკრაინელ ხალხს არსებით ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს ომის დაწყების დღიდან. ეს ხდება ქვეყნის და ინდივიდების დონეზე, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ საქართველოში. ქართულმა სკოლებმა 2200-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე მიიღეს და უკრაინულ ენაზე უზრუნველყოფენ სწავლებას ოფიციალური, უკრაინული სასწავლო პროგრამით.

ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო – ჩვენი მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია არის ომის აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო წარმოქმნილი გამოწვევების მიუხედავად, მოვახერხეთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოდ ყოფნა უკრაინისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერისას წინდახედული პოლიტიკითა და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით.

ჩემი მთავრობის „მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის“ საფუძველზე ვაცხადებთ მზაობას, რათა ამ პროცესში ჩავრთოთ ჩვენი მეზობლები და მეგობრები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რათა  ხანგრძლივი მშვიდობა საბოლოოდ დამყარდეს სამხრეთ კავკასიაში.

ძვირფასო მეგობრებო, საქართველო ყალიბდება მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად. ჩვენმა ფინანსურმა  სექტორმა გლობალური აღიარება მოიპოვა და საერთაშორისო ინვესტორებს ვიზიდავთ, რასაც დამატებით კაპიტალი შემოაქვს ჩვენს ეკონომიკაში. ასევე, პრიორიტეტულად გვაქვს მიჩნეული  ინვესტიციები ჩვენს ინფრასტრუქტურაში, რათა გაძლიერდეს დაკავშირებადობის უნარი, წარმატებით განვითარდეს ლოგისტიკური და ენერგეტიკული სექტორები.

სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფნებს ვავითარებთ აზიასა და ევროპას შორის გადამწყვეტი კავშირების დასამყარებლად. საქართველოს მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ინიციატივასა და ინფრასტრუქტურულ პროექტში აძლიერებს ამ კავშირს და ხელს უწყობს ვაჭრობას შავი ზღვის რეგიონში.

შუა დერეფანი გამოჩნდა, როგორც უსაფრთხო და საიმედო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ჩვენ ხელი მოვაწერეთ სრულყოფილ საგზაო რუკებს აზერბაიჯანსა და ყაზახეთთან, რათა აღმოვფხვრათ დაბრკოლებები და გავამყაროთ შუა დერეფანი 2022-2027 წლებში. ხსენებული საგზაო რუკები ითვალისწინებს კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, საოპერაციო ოპტიმიზაციასთან, ერთიანი სატარიფო პოლიტიკის შემუშავებასთან, დერეფნის გაციფროვნებასთან და მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებასთან.

აღმოსავლეთის დასავლეთთან  კავშირის გაძლიერების მიზნით, საქართველომ 2015 წელს დააარსა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ და ასე შექმნა საერთაშორისო პლატფორმა მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, ბიზნესწრეებსა და საზოგადოების ლიდერებს შორის დიალოგისთვის. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ წელს 26-27 ოქტომბერს გაიმართება და მასში დაახლოებით 2000 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის იქნებიან 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები და ბიზნესწრეების წარმომადგენლები.

საქართველომ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო. მათ შორისაა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი. სისტემის გამტარუნარიანობა გაორმაგდება 2024 წლის ბოლოსთვის, პროექტის დასრულების შემდეგ.

ახალი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება, ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია. ეს მწვანე ველი მოიაზრება საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის პროექტად, რომელიც შექმნის თანამედროვე ღრმაწყლოვან პორტს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე.

ჩვენი მთავრობა აუმჯობესებს ქვეყნის საჰაერო დაკავშირებადობას და ამ მიზნით თბილისში ახალ საერთაშორისო აეროპორტს ვაშენებთ. ის იქნება მსოფლიო დონის სატრანსპორტო კვანძი, რომელიც განამტკიცებს საქართველოს, როგორც გლობალური ავიაციის გამორჩეული მოთამაშის სტატუსს.

გარდა ამისა, ამჟამად უკვე ხორციელდება ევროკავშირის ფლაგმანური, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობის პროექტი, რომელიც საქართველოს მიერ არის ინიციირებული. ეს პროექტი გულისხმობს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის მშენებლობას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან სამხრეთ კავკასიის რეგიონის დასაკავშირებლად. პროექტის განხორციელება გააძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ევროპასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას და ახალ შესაძლებლობებს შექმნის ამ ორ რეგიონს შორის ტრანზიტისთვის.

ვაღიარებთ ენერგიაზე მზარდ მოთხოვნასაც და კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების საჭიროებას; აქტიურად ვახორციელებთ ახალ წამოწყებებს განახლებადი ენერგიის სფეროში, მათ შორის − წყლის, ქარის, მზისა და სხვა მდგრადი წყაროების ათვისებით. ჩვენი მიზანია, მოვიზიდოთ ინვესტორები და ხელსაყრელი გარემო შევქმნათ ინოვაციური ელექტროსადგურების შესაქმნელად ქვეყნის უხვი მწვანე ენერგიის პოტენციალის გამოყენებით.

ყველა ეს ტრანსფორმაციული პროექტი ახალ სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ ზრდას და კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს ხალხსა და რეგიონს.

ძვირფასო მეგობრებო, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ჩვენ ერთგულნი ვართ ქართველი ხალხისთვის კიდევ უფრო დიდი შედეგების მიღწევის იდეისადმი, ხოლო გლობალურ საზოგადოებაში – მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის იდეისადმი. მზად ვართ, გავაძლიეროთ საერთაშორისო პარტნიორობა და თანამშრომლობა უფრო მშვიდობიანი, მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად.

ჩვენი საერთო თვისება – ადამიანურობა – გვაკავშირებს ერთმანეთთან და ჩვენივე კოლექტიური პასუხისმგებლობაა, ერთმანეთი გავაძლიეროთ და ხანგრძლივი მემკვიდრეობა დავუტოვოთ მომავალ თაობებს“.

ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით დასმულ კითხვებს უპასუხა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა.
ვახტანგ გომელაურმა შოვში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების შესახებ დეტალურად ისაუბრა და დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.


შინაგან საქმეთა მინისტრმა სტიქიის შედეგად დაღუპულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, შოვში მომხდარი სტიქია უდიდესი ტრაგედიაა მთელი ქვეყნისათვის:
„პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი გულწრფელი მწუხარება მომხდარი ტრაგედიის გამო და მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს.


შოვში მომხდარი სტიქია უდიდესი ტრაგედიაა მთელი ქვეყნისათვის:
სტიქიასთან ბრძოლის დროს, ჩვენ დავკარგეთ ძალოვანი უწყებების, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები - პოლიციის მაიორი, - მირიან ჭელიძე და თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის თანამშრომელი - თემურ ხარჩილავა. კიდევ ერთხელ, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, ახლობლებს და კოლეგებს. მადლობა მათ ქვეყნის სამსახურში ყოფნისთვის, მათი დაკარგვა დიდი ტკივილია ჩვენი დიდი ოჯახისთვის,“- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.


სიტყვით გამოსვლისას, ვახტანგ გომელაურმა შოვში, სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიებებში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა.
„3 აგვისტოს, შოვში სტიქია ძალიან სწრაფად განვითარდა, ღვარცოფის უზარმაზარი მასა , რომელიც გარემოს დაცვის ექსპერტების პირველადი შეფასებით შეადგენდა დაახლოებით 5 მილიონ კუბურ მეტრს, დაიძრა სტიქიის ეპიცენტრის მიმართულებით და დაფარა კურორტ შოვის მიმდებარე ტერიტორია. აღნიშნულ მასაში, რამდენიმე მეტრი მიწის ქვეშ, მოყვნენ ადგილზე მყოფი ადამიანები. ამგვარი სიღრმის ქვეშ, მათი სიცოცხლის გადარჩენა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.


ძებნა-შველის ოპერაციას და ამ ოდენობით მიწის მასის დამუშავებას თავისთავად დრო სჭირდებოდა. 100-მდე (86 ერთეული) მძიმე ტექნიკის მეშვეობით, მოხერხდა ღვარცოფული მასის სრულად გადამუშავება, რათა გარდაცვლილების პოვნა შეგვძლებოდა.

დღეის მონაცემებით, მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, აღმოჩენილია 32 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 1 პირთან დაკავშირებით, რომელიც გაგრძელდება მანამ, სანამ იარსებებს მისი პოვნის თეორიული შანსი.
სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო. ცხედრების უმეტესობა არის დანაწევრებული და ფაქტობრივად მაშველების მიერ ნაპოვნია სხეულის ფრაგმენტები.


ისმოდა სპეკულაციები, რომ ვერტმფრენით და სითბური დრონებით იყო შესაძლებელი სამაშველო ღონისძიებების დაჩქარება და ამ ადამიანების გადარჩენა. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ პირველ დღეს ადგილზე მუშაობდნენ ვერტმფრენები და სითბური დრონები, თუმცა ელემენტარული ანალიზიც კი საკმარისია, იმისთვის რომ ადამიანი მიხვდეს - ვერტმფრენებით ან დრონებით ვინმეს აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ მიწის ზედაპირზე, ხოლო მიწისქვეშ მოყოლილთა პოვნა ვერტმფრენით ან დრონით შეუძლებელია.

საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ ის ადამიანები, რომლებიც მიწის მასის ქვეშ მოყოლას გადარჩნენ, მაშველების, პოლიციელების და ადგილზე მყოფი მოქალაქეების მიერ უვნებლად იყვნენ გამოყვანილები უსაფრთხო ადგილას პირველივე საათებში. რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მათ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შოვის ტრაგედიამ შეგვახსენა, რომ ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთმანეთის გვერდით დგომა - შალვა პაპუაშვილი

ის, რაც ჩვენ ვნახეთ რაჭაში, შოვში, დიდი ადამიანური ტრაგედიაა ქვეყნისთვის და ბუნებისთვისაც დიდი კატასტროფა. ერთი რამ შეგვახსენა შოვის ტრაგედიამ, რომ ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთმანეთის გვერდით დგომა, სოლიდარობა, დახმარება და ასე უნდა გავიტანოთ ერთმანეთი, როდესაც ასეთ დიდი ტრაგედიები ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართული იყო შოვში, ტრაგედიის შედეგებთან ბრძოლაში, უპრეცედენტო სამუშაოს შესრულებისთვის.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა მაშველს, სამხედროს, ექიმს, პოლიციელს, მძიმე ტექნიკის ყველა ოპერატორს. ვხედავდით ჩვენ, რომ უპრეცედენტო სამუშაო იქნა გაწეული იქ, რათა მომხდარიყო თავის დროზე მისასვლელი გზების აღდგენა, რათა მაშველებს სრულფასოვნად ემუშავათ.

იმედი გვაქვს, რომ ასეთი კატასტროფები აღარ განმეორდება, თუმცა კლიმატი იცვლება, ბუნება უფრო ძლიერია, ვიდრე ადამიანი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ მზად ასეთი კატასტროფებისთვის. ის, რაც შეგვიძლია განვჭვრიტოთ წინასწარ, განვჭვრიტოთ, მაგრამ თუკი ეს კატასტროფა თავს დაგვატყდება, მზად დავხვდეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს, ოპოზიციას, უმრავლესობას, შინაგან საქმეთა მინისტრს საგნობრივი დისკუსიისთვის.

მადლობა ადგილობრივ მოსახლეობას, რომელმაც შოვის სტიქიასთან ბრძოლისას მხარი დაგვიჭირა - ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას შოვში, სტიქიის ზონაში სამუშაოებში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, ასეთ დროს თითოეული მოქალაქის მხარდაჭერა და სოლიდარობა უმნიშვნელოვანესია.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ადგილობრივ მოსახლეობას, ყველა მოქალაქეს, რომლებმაც მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მხარი დაგვიჭირა სტიქიასთან ბრძოლის რთულ პერიოდში. ასეთ დროს თითოეული მოქალაქის მხარდაჭერა და სოლიდარობა უმნიშვნელოვანესია. განსაკუთრებული მადლობა ყველა მაშველს, ყველა პოლიციელს, მფრინავებს, მყვინთავებს, კინოლოგებს, ადგილზე მომუშავე ყველა უწყების წარმომადგენელს, თავდაცვის ძალების მოსამსახურეებს, სამედიცინო პერსონალს, მძიმე ტექნიკის ოპერატორებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და ყველას, ვინც 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ასევე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა თემურ მღებრიშვილს, რომელიც პირველი დღიდან, მოადგილეებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა, ათენებდა და აღამებდა. მისი ხელმძღვანელობით და ჩვენთან შეთანხმებით ტარდებოდა სამაშველო ღონისძიება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე წარდგინება წარმოებაში მიიღო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტზე წარდგინება წარმოებაში მიიღო.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა №1797 კონსტიტუციური წარდგინება აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი." აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო.

საკონსტიტუციოს ცნობით, საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ზეპირი მოსმენით, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით.

საქმის არსებითი განხილვა დაიწყება საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

პლენუმის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში

როგორი თანამედროვე ვერტმფრენიც არ უნდა გვყოლოდა, ღამით ფრენა შოვის რელიეფში არ იქნებოდა უსაფრთხო - ვახტანგ გომელაური

როგორი თანამედროვე ვერტმფრენიც არ უნდა ჰყოლოდა სახელმწიფოს, მსგავსიც, კი როგორსაც ველოდებით, ღამით ფრენა ამ რელიეფში არ იქნებოდა უსაფრთხო და გადარჩენილი ადამიანების და სამაშველო ოპერაციაში მონაწილე პირების უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენებდით და ევაკუაციას არ განვახორციელებდით, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ვერტმფრენი „მი 8“ გამოიყენება ძებნა-გადარჩენისა და სამაშველო ოპერაციებში. აღნიშნულ შვეულმფრენებს, დიახ, აქვს სპეციალური სამაშველო დანიშნულების აღჭურვილობა და შეუძლია ღამის პირობებში ფრენა. გარდა აღნიშნულისა, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციაში მუშაობენ საუკეთესო, მაღალი დონის პროფესიონალი მფრინავები და ბორტტექნიკოსები, რომლებიც წელიწადში ორჯერ გადიან სპეციალურ გადამზადებას“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

შოვში, სტიქიის დროს აღმოჩენილი ადამიანების ევაკუაცია და შედეგების ლიკვიდაცია არ საჭიროებდა საერთაშორისო დახმარებას - ვახტანგ გომელაური

შოვში, სტიქიის დროს საძიებო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება, მათ შორის აღმოჩენილი ადამიანების ევაკუაცია და სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია არ საჭიროებდა საერთაშორისო დახმარებას, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, საქართველოს გააჩნია საკმარისი ცოცხალი ძალა, მათ შორის სარეზერვო ძალები და სპეცტექნიკა, რომ შოვში ძებნა-შველის ღონისძიება დამოუკიდებლად განხორციელებულიყო.

„სხვა ქვეყნებისთვის დახმარების თხოვნით მიმართვის შესახებ არაერთი განმარტება გაკეთდა და კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ შოვში განვითარებული სტიქიის დროს, საძიებო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება, მათ შორის აღმოჩენილი ადამიანების ევაკუაცია და სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია არ საჭიროებდა საერთაშორისო დახმარებას, რადგან შესაბამისი სამაშველო ღონისძიებები თავისი მოცულობისა და სწრაფი რეაგირების საჭიროების გამო, ჩვენი ძალებით უფრო ეფექტურად ჩატარდებოდა. ყველასთვის გასაგებია, რომ  სამაშველო ღონისძიებაში სხვა ქვეყნების მაშველების  ჩართვა მოითხოვს შესაბამის პროცედურებს და მეტ დროს. საქართველოს გააჩნია საკმარისი ცოცხალი ძალა, მათ შორის სარეზერვო ძალები და სპეცტექნიკა, რომ შოვში ძებნა-შველის ღონისძიება განხორციელებულიყო დამოუკიდებლად“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

2019 წლიდან ყველა მეხანძრე-მაშველს 50 პროცენტით გაეზარდა ხელფასი და იღებენ პრემიებს - ვახტანგ გომელაური

ბოლო წლებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღიჭურვა ახალი, სხვადასხვა ტიპის ავტომობილებით, მათ შორის, მაღალი გამავლობის ავტოტექნიკით, ყველგანმავალი კვადროციკლებით, წყლის სატრანსპორტო საშუალებებით და სახანძრო მანქანებით. 2019 წლიდან დღემდე მეხანძრე მაშველის ფორმა-ტანსაცმლის, მათ შორის ცეცხლმედეგი, ასევე სამთო და მყვინთავის სპეციალური აღჭურვილობის შესაძენად 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, 2019 წლიდან მეხანძრე-მაშველებს გაეზარდათ ხელფასი ყველაზე მცირე 50%-ით, 2020 წლიდან დაიწყო 24-საათიან რეჟიმში მომუშავე მეხანძრე-მაშველთა კვებით უზრუნველყოფა. რაც შეეხება უშუალოდ მეხანძრე-მაშველებს, გომელაურის განცხადებით, ისინი ყველა მასშტაბური სამაშველო ოპერაციის შემდეგ იღებენ პრემიებს და ასეც გაგრძელდება.

„ზუსტად იმ დროს, როდესაც ჩვენი გმირი მეხანძრე-მაშველები თავდაუზოგავად მუშაობდნენ სტიქიის ზონაში, გარკვეული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სიცრუის გავრცელებით იყვნენ დაკავებული. გავრცელდა ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაცია მათ აღჭურვილობაზე, ტექნიკასა და სოციალურ პირობებზე. ყოველთვის ვერიდები წარსულზე საუბარს, თუმცა საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე.

2015 წლამდე არ არსებობდა ერთიანი სტრუქტურა და სამაშველო სამსახურები მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში იყვნენ. მათი ძირითადი ტექნიკა და აღჭურვილობა იყო საბჭოთა წარმოების, მოძველებული და ამორტიზებული. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა თანამშრომელთა ხელფასები და სოციალური პირობები. 2015 წლიდან სამაშველო სამსახურები მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებიდან გადმოვიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში და ჩამოყალიბდა ერთიანი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. მას შემდეგ სამსახურის შესაძლებლობების გასაძლიერებლად განხორციელდა არაერთი რეფორმა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა მეხანძრე-მაშველების აღჭურვილობა, უნიფორმები და ტექნიკა. ბოლო წლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღიჭურვა ახალი, სხვადასხვა ტიპის ავტომობილებით, მათ შორის, მაღალი გამავლობის ავტოტექნიკით, ყველგანმავალი კვადროციკლებით, წყლის სატრანსპორტო საშუალებებით და სახანძრო მანქანებით. 2019 წლიდან დღემდე, მეხანძრე მაშველის ფორმა-ტანსაცმლის, მათ შორის ცეცხლმედეგი, ასევე სამთო და მყვინთავის სპეციალური აღჭურვილობის შესაძენად 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. 2019 წლიდან ყველა მეხანძრე-მაშველს გაეზარდა ხელფასი ყველაზე მცირე 50%-ით. 2020 წლიდან დაიწყო 24-საათიან რეჟიმში მომუშავე მეხანძრე-მაშველთა კვებით უზრუნველყოფა.

აქვე მინდა, შევეხო პრემია-დანამატების საკითხს. პრემიებთან დაკავშირებით ხშირად ვხდები ხოლმე კრიტიკის ობიექტი. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ, რომ პოლიციელები, მაშველები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ემსახურებიან ქვეყანას და იცავენ მოქალაქეების უსაფრთხოებას, მომავალშიც აუცილებლად მიიღებენ დანამატებს და ყოველთვის ვიზრუნებთ მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე. რაც შეეხება უშუალოდ მეხანძრე-მაშველებს, ისინი ყველა მასშტაბური სამაშველო ოპერაციის შემდეგ იღებენ პრემიებს და ასეც გაგრძელდება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო-გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას, შეტყობინების პირველივე წუთებიდან მომხდარ რეაგირებასა და ჩატარებულ სამაშველო ღონისძიების შესახებ დეტალურად ისაუბრა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ტრაგედიის ფონზე არაერთი პოლიტიკური სპეკულაცია, სიცრუე და ცილისწამება მოვისმინეთ.

„მიუხედავად იმისა, რომ რაჭაში სტიქიის დაწყების პირველივე წუთებიდან საზოგადოებას მაქსიმალურად მოკლე დროში ვაწვდიდით გადამოწმებულ ინფორმაციას, საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ანგარიშვალდებულების გათვალისწინებით, შევეცდები კიდევ ერთხელ, ამომწურავად გავცე პასუხი იმ კითხვებს, რომლებიც დეპუტატებისგან მივიღე. სამწუხაროა, რომ ტრაგედიის ფონზე მოვისმინეთ არაერთი პოლიტიკური სპეკულაცია, სიცრუე და ცილისწამება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ობიექტური რეალობა, ამიტომ ყოველთვის მზად ვართ, ფაქტებზე დაყრდნობით, სიღრმისეულად მივუდგეთ ყველა იმ საკითხს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აღელვებთ. მოგეხსენებათ, რომ 3 აგვისტოს, შოვში სტიქია ძალიან სწრაფად განვითარდა, ღვარცოფის უზარმაზარი მასა, რომელიც გარემოს დაცვის ექსპერტების პირველადი შეფასებით შეადგენდა დაახლოებით 5 მილიონ კუბურ მეტრს, დაიძრა სტიქიის ეპიცენტრის მიმართულებით და დაფარა კურორტ შოვის მიმდებარე ტეროტორია. აღნიშნულ მასაში, რამდენიმე მეტრი მიწის ქვეშ, მოყვნენ ადგილზე მყოფი ადამიანები. ამგვარი სიღრმის ქვეშ, მათი სიცოცხლის გადარჩენა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ძებნა-შველის ოპერაციას და ამ ოდენობით მიწის მასის დამუშავებას თავისთავად დრო სჭირდებოდა. 100-მდე (86 ერთეული) მძიმე ტექნიკის მეშვეობით, მოხერხდა ღვარცოფული მასის სრულად გადამუშავება, რათა გარდაცვლილების პოვნა შეგვძლებოდა. დღეის მონაცემებით, მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, აღმოჩენილია 32 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 1 პირთან დაკავშირებით, რომელიც გაგრძელდება მანამ, სანამ იარსებებს მისი პოვნის თეორიული შანსი. სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო. ცხედრების უმეტესობა არის დანაწევრებული და ფაქტობრივად მაშველების მიერ ნაპოვნია სხეულის ფრაგმენტები“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

MegaNews

Surround yourself with angels. In life there will be road blocks but we will over come it. You see that bamboo behind me though, you see that bamboo? Ain’t nothin’ like bamboo. Bless up. They never said winning was easy. Some people can’t handle success, I can. You do know, you do know that they don’t want you to have lunch. I’m keeping it real with you, so what you going do is have lunch. You see that bamboo?