... ... მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ გახარიას პირობები გონების მიღმაა, სპეცოპერაციას ჰგავს და პარლამენტში შესვლისთანავე ლუსტრაციის კანონს დააინიციირებს

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ გახარიას პირობები გონების მიღმაა, სპეცოპერაციას ჰგავს და პარლამენტში შესვლისთანავე ლუსტრაციის კანონს დააინიციირებს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ გაერთიანებისთვის დღეს დასახელებულ პირობებს არ ეთანხმება.

ხაზარაძის თქმით, გახარიას მიერ დასახელებული პირობების განხორციელება ტექნიკურად, სამართლებრივად შეუძლებელია.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, პარლამენტში შესვლისთანავე ლუსტრაციის კანონს დააინიცირებს.

„გუშინწინ დავტოვეთ პრეზიდენტის სასახლე იმ შეგრძნებით, რომ გუშინ უკვე სია უნდა მიგვეტანა პრეზიდენტთან და გაგვეცნო საზოგადოებისთვის. ამ განწყობით მივედი გუშინ შეხვედრაზე. ყველაზე დიდი არგუმენტი, რომელმაც, პრაქტიკულად, ააყირავა ეს მოლაპარაკება, იყო ცუცქირიძის დილის ინტერვიუ, რომელიც, ჩემი აზრით, აბსოლუტურად არასერიოზულია. თუ გვინდა, შევცვალოთ ხელისუფლება, გადავიდეთ ნამდვილ დემოკრატიულ მართვაზე, უნდა მივეჩვიოთ, რომ კოალიციურ პარტნიორებს აზრის გამოთქმის უფლება აქვთ. ჩემი კოალიციური პარტნიორები, ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი, ცუცქირიძეც პირისპირ შეხვდნენ პრეზიდენტს და შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება არის საჭირო ქვეყნისთვის , ამ მანდატით ვსაუბრობდი ამ მოლაპარაკებაზე. შესაბამისად, ინტერვიუ, რომელიც გუშინ იყო მოყვანილი ხელშეკრულების ჩაშლად, უბრალოდ არასერიოზულია.გახარიამ თქვა, რომ წერტილი დაესვა მოლაპარაკებას, მან თქვა აბსოლუტურად ახალი პირობები, რომელიც ტექნიკურად, სამართლებრივად და უამრავი სხვა პირობების გათვალისწინებით, შეუძლებელია. ეს ნიშნავს, რომ, პრაქტიკულად, ჩვენი პარტია და გაერთიანება უნდა ჩამოშორდეს კამპანიას, რადგან 30 დღის განმავლობაში შეუძლებელია, რაიმე კამპანიის, ნომრის, სიის და ტექნიკური საშუალებების მომზადება, მისი განთავსება.

იყო პრინციპული საკითხი, მათ შორის 20 ივნისის, ანაკლიის. პარტიების შეთანხმება არ ნიშნავს, რომ რაიმე საქმე, რომელიც იწვევს საზოგადოების დიდ ინტერესს, უნდა იქნას გადაფურცლული, ეს იყო პუნქტში, რასაც თავიდან დაეთანხმა. ისევე როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო, რომ ანაკლია უნდა აშენდეს დასავლური ინვესტიციით, როგორც ძირითადი ინვესტორი და არა ჩინური ინვესტიციით, ეს არის გეოპოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ასევე იყო შეთავაზებული, რომ ვინაიდან კონფლიქტის წარსულიდან მოვდივართ, ხომ არ სჯობს, ჩვენ არ ვიყოთ სიაში, ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი, თუმცა შემდეგ, გუშინდელ შეხვედრაზე მივხვდი, რომ შესაძლოა, ჩათვალა, ეს იწვევდა მის პოლიტიკიდან ჩამოშორებას. ასე არ არის და ვუთხარი, რომ როგორც კომპრომისი, მზად ვარ, ეს პუნქტი შევცვალოთ. გუშინვე დავუდასტურე, რომ სურვილი თუ აქვს, იყოს სიაში, შესაბამისად, მეც მასთან ერთად. იყო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ერთ-ერთი პირველი, რომ ეს გაერთიანება არ შეუქმნიდა „ქართულ ოცნებას“ მთავრობას და თვითონ შექმნის მთავრობას. ეს გაერთიანება იძლეოდა იმ სინერგიას, შევქმნათ მთავრობა, დანარჩენი არის უკვე არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე გადასაწყვეტი საკითხები. მან დასვა წერტილი და შემოგვთავაზა ისეთი ფორმულირება, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, მგონია, რომ რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს. ეს იყო, პრაქტიკულად, დანგრევა იმის, რასაც აქამდე ვაშენებდით. დღესაც მზად ვართ, მოვაწეროთ ხელი იმ შეთანხმებას, რომელიც პრეზიდენტთან იქნა შეთანხმებული, მაგრამ ვგრძნობ, რომ ეს არ მოხდება. გუშინ ცუცქირიძე თუ იყო პრობლემა, ხვალ შეიძლება რაღაც პლატფორმა გახდეს პრობლემა. ხვალ ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუსული ხელისუფლება გასტუმრებულ იქნას საქართველოდან, ერთ-ერთი პირველი, როცა პარლამენტში შევალთ, შემოვიტანოთ ლუსტრაციის კანონი, რომელიც არ ეღირსა ქვეყანას, რათა ჩანერგილი ადამიანები არ იყვნენ პოლიტიკაში, არ ჰქონდეთ  საჯარო სივრცეში პოლიტიკის კეთების საშუალება და უამრავი სხვა რეფორმა, რომელიც ჩვენს ქვეყანას დააყენებს დიდი გამარჯვების გზაზე“, – განაცხადა ხაზარაძემ.

დღეს გიორგი გახარიამ ბრიფინგი გამართა, სადაც მამუკა ხაზარაძესთან მოლაპარაკების გასაგრძელებელი პირობები დაასახელა. გახარიას განცხადებით, ეს პირობებია: „1. ნეიტრალური პოლიტიკური პლატფორმა. მივიჩნევთ, რომ ეს არის უსაფრთხო და სამართლიანი ყველასთვის; 2. გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი პარიტეტული პრინციპი; 3. კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ისე „ნაციონალურ მოძრაობასთან“.