... ... პარლამენტთან კესარია აბრამიძის ხსოვნას პატივი მიაგეს

პარლამენტთან კესარია აბრამიძის ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისში, პარლამენტის შენობის უკან მოქალაქეებმა და აქტივისტებმა მოკლული ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის ფოტო მიიტანეს მისი ხსოვნის პატივსაცემად სანთლები დაანთეს.

პარლამენტთან მისულმა მოქალაქეებმა, ასევე კიბეზე დაალაგეს საპროტესტო ბანერები წარწერებით: "მკვლელობის 84 დამკანონებელი", "ოცნება კლავს", "სისხლად ნუ გვიქცევთ დაღვრილ ცრემლებს", "არა ფაშისტურ კანონს". ამით მათ გააპროტესტეს პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ჰომოფობიური კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს.

კესარია აბრამიძე თბილისში, საკუთარ სახლში 18 სექტემბერს, საღამოს მოკლეს. შსს-ს ცნობით, გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 26 წლის კაცი ბ.ჯ. 19 სექტემბერს დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.