“ზელენსკის მინდა ვუთხრა, აღარასოდეს მიაყენოს შეურაცხყოფა პოლონელებს»- პოლონეთის პრემიერი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ პოლონელებს შეურაცხყოფა აღარ მიაყენოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

"მინდა ვუთხრა პრეზიდენტ ზელენსკის, აღარასოდეს მიაყენოს შეურაცხყოფა პოლონელებს, როგორც ეს გააკეთა ცოტა ხნის წინ გაეროში სიტყვით გამოსვლისას", - განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ მიტინგზე.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ "ზოგიერთი ჩვენი მეგობარი ევროპაში სოლიდარობას თამაშობს პოლიტიკურ თეატრში და მარცვლეულის მიწოდებას თრილერად აქცევს, ისინი ეხმარებიან მოსკოველი მსახიობისთვის სცენის მომზადებაში".

ზელენსკი კანადის პრემიერმინისტრს, ჯასტინ ტრუდოს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანადის პრემიერმინისტრს, ჯასტინ ტრუდოს შეხვდა. 

ზელენსკი კანადის პარლამენტში მივიდა. მან ქვეყნის ხელისუფლებასა და ხალხს უკრაინის მრხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

''მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ მიიღეთ უკრაინელები ამ რთულ პერიოდში, დაგვეხმარეთ ბრძოლის ველზე - სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებით. გმადლობთ, რომ ჩვენს გვერდით ხართ, ჩვენი გამარჯვებისთვის'' - განაცხადა ზელენსკიმ 

თავის მხრივ ტრუდომ განაცხადა, რომ ზელენსკისთან შეხვედრა არის შესაძლებლობა, რომ მკვეთრად გამოხატონ უკრაინის მხარდაჭერა. კანადური მედიის ცნობით, მოგვიანებით ზელენსკი კანადელ კანონმდებლებსაც შეხვდება. 

შეგახსენებთ, კანადაში სტუმრობამდე უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში იმყოფებოდა.

უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაშია

უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაცია   უკრაინის საჰაერო ძალების ტელეგრამ არხზე ვრცელდება.

უწყების ცნობით, პოლტავაში, ჩერკასში, კიროვოჰრადში, მიკოლაივში, ხერსონში, დნეპროპეტროვსკში, დონეცკში გამოცხადებული განგაში რუსეთის მხრიდან, ფრთოსანი რაკეტების გაშვებას უკავშირდება.

მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით, გაეროში უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა

გაეროში ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებიც ესწრებოდნენ.

გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლის განცხადებით, კრიზისის დასრულების ერთადერთი გზა ძალადობის შეჩერება და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფაა.

2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში მთიან ყარაბაღში ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყების შესახებ განაცხადეს. 20 სექტემბერს კი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა თავისი სუვერენიტეტი აღადგინა.

მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების გამო ერევანში, მთავრობის შენობასთს ანტისამთავრობო აქციები იმართება. აქციის მონაწილეები ნიკოლ ფაშინიანს აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის გადაცემაში ადანაშაულებენ და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

ყირიმის ხიდზე მოძრაობა შეჩერებული იყო

რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს, 22 სექტემბერს, ანექსირებული ყირიმის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერდა. შეჩერდა საზღვაო ტრანსპორტის მოძრაობაც. 

რუსული მედია დამატებით დეტალებზე არ საუბრობს. თუმცა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დღეს ამტკიცებდა, რომ ყირიმის სანაპიროსთან და კრასნოდარის მხარეში ორი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. უწყების განცხადებით, უკრაინა რუსეთის ტერიტორიის სამიზნეებზე თავდასხმას ცდილობდა.

ხიდი ჩაკეტილი დაახლოებით 1 საათის განმავლობაში იყო.

რუსეთმა და ბელარუსმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

რუსეთმა და ბელარუსმა დღეს, პარასკევს დაიწყეს ერთობლივი სამხედრო წვრთნები რუსეთის ტერიტორიაზე. წვრთნები 26 სექტემბერამდე გაგრძელდება.

მანევრები ტარდება ორ წელიწადში ერთხელ, მონაცვლეობით ორი ქვეყნის ტერიტორიაზე.

მიმდინარე წვრთნები ბელორუსის თავდაცვის სამინისტრომ თებერვალში გამოაცხადა. მინსკში განაცხადეს, რომ "სამხედრო ალიანსი აუცილებელი პირობაა ორივე სახელმწიფოს შემდგომი განვითარებისთვის".

ბელარუსის თავდაცვის მინისტრის თანაშემწე საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის საკითხებში აცხადებს, რომ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობა სტრატეგიულ დონეზე წელს გაგრძელდება და დაგეგმილია 150-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ერთობლივი ღონისძიების გამართვა.

ერევანში, საპროტესტო აქციაზე 80-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, რომლის მონაწილეებიც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკას აპროტესტებენ და მის გადადგომას მოითხოვენ, 84 ადამიანი დააკავეს.

მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არის სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ვაჟიც.

ცნობისათვის, სომხეთში საპროტესტო აქციები 19 სექტემბერს დაიწყო, როდესაც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ყარაბაღში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. დღეს დილით აქციის მონაწილეებმა ერევნის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა გადაკეტეს. ისინი ასევე ბლოკავენ მიმდებარე ქუჩებს სკამებით, ელექტრო სკუტერებით და ავტომობილებით.

"უკრაინა დანაშაულის ადგილია, დამნაშავე ამ ოთახში ზის და უკრაინის შემდეგ, ვინ იქნება შემდეგი?" - შარლ მიშელი გაეროს

თუ რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ვინ იქნება შემდეგი, რომელ ქვეყნებს ჩააგდებს განსაცდელში მისი ქმედებების კოპირება? - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში გამართულ დებატებზე განაცხადა.

„უკრაინა დანაშაულის ადგილია. დამნაშავე სწორედ ამ ოთახში ზის. იცით, ვინც ხართ. კრემლი ძველი რუსული იმპერიის აღდგენაზე ოცნებობს. უკრაინის შემდეგ, ვინ იქნება შემდეგი? ვინ იქნება შემდეგი, ვინც დააკმაყოფილებს პუტინის წარსულის ფანტაზიას? და თუ რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, რომელ ქვეყნებს ჩააგდებს განსაცდელში მისი ქმედებების კოპირება? ამ დანაშაულის ადგილზე ჩვენც გვყავს მსხვერპლი, ის, ვისაც თავს დაესხნენ. უკრაინა და ყველა უკრაინელი იბრძვის ომში, რომელიც არ დაუწყიათ, იცავენ თავიანთ ქვეყანას ომისგან, რომელიც არ სურდათ და იცავენ შვილებს ტანჯვისგან, რომელსაც არავინ იმსახურებს“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

შარლ მიშელმა უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით გადაყვანაზე, ე.წ. გაშვილებაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ სინამდვილეში ეს არის ბავშვების დეპორტაცია.

„გეკითხებით ყველას, მათ შორის რუსეთის წარმომადგენლებს: შეძლებდით თქვენი შვილის მოტაცებისა და დეპორტაციის ატანას? შვილების დაცვით უკრაინელები იცავენ ყველაზე ძვირფასს: ოჯახებს, მომავალს, თავისუფლებას. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ევროკავშირი, მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით, რათა დავიცვათ თავი. მანამ, სანამ უდანაშაულოებს თავს დაესხმებიან, ჩვენ დავეხმარებით მათ თავის დაცვაში და ჩვენ მათ გვერდით დავრჩებით იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, - აღნიშნა მიშელმა.

მან გაერო-ს წევრ ქვეყნებს მოქმედებისკენ მოუწოდა. მან ჩინეთს მიმართა, დაარწმუნოს რუსეთი, უკრაინის წინააღმდეგ ომი დაასრულოს.

„რას ვაკეთებთ ამ დანაშაულთან დაკავშირებით? რას ვაკეთებთ ამ აგრესიასთან დაკავშირებით? რას ვაკეთებთ, როცა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მუდმივი წევრი თავს ესხმის მეზობელს? რა გავაკეთეთ ჩვენ, როცა ის იყენებს ვეტოს უფლებას თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ და გაერო-ს წესდების ძირითადი პრინციპების წინააღმდეგ? მსურს პირდაპირ ვესაუბრო თითოეულ თქვენგანს ამ მაგიდის გარშემო. როგორც პასუხისმგებლიან ქვეყნებს, ჩვენ ყველამ უნდა შევასრულოთ როლი გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის მშენებლობაში. განსაკუთრებით მინდა მივმართო ჩინეთის პატივცემულ წარმომადგენელს. მოდით გავერთიანდეთ, რათა დავარწმუნოთ რუსეთი, დაასრულოს ეს კრიმინალური ომი, რომელიც ბევრს აზარალებს. მოდით გავაერთიანოთ ძალები, რათა დავარწმუნოთ რუსეთი, პატივი სცეს გაერო-ს წესდების პრინციპებს. ჩვენს თვალწინ ტრაგიკული დანაშაული ხდება და ჩვენ ყველანი ამის მოწმეები ვართ. მტკიცედ უნდა დავდგეთ იმის გვერდით, ვისაც თავს ესხმიან. განსაკუთრებით აქ, უშიშროების საბჭოში. სწორედ ამიტომ შეიქმნა ეს პალატა და ამიტომ ვართ დღეს აქ: რომ ვუთხრათ აგრესიას „არა“, დავიცვათ მშვიდობა, უსაფრთხოება და თანამშრომლობა ადამიანებსა და ჩვენს ყველა ერს შორის“, - აღნიშნა მიშელმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, პარასკევს პირველად ეწვევა ახლო მოკავშირე კანადას. ინფორმაციას კანადის პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრუდოს ოფისი ავრცელებს. ვიზიტი 21-დან 22 სექტემბრამდე გაიმართება.

"კანადა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს დასჭირდება და ჩვენ ყოველთვის მტკიცე ვიქნებით დავიცვათ კანონის უზენაესობა და საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი", - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ჟურნალისტებს ხუთშაბათს ნიუ-იორკში.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრუდო ზელენსკის შეხვდება, რათა უკრაინის მიმართ კანადის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა დაადასტუროს. ამას გარდა, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ოტავაში, კანადის პარლამენტში.

"კანადა, თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, გააგრძელებს უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას მანამ, სანამ საჭირო იქნება. მჭიდრო კოორდინაციით, ჩვენ გავზრდით ეკონომიკურ ზეწოლას პუტინის რეჟიმზე, სანამ ის პატივს არ სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. კანადა ყოველთვის იქნება უკრაინისა და უკრაინელების გვერდით, რომლებიც თავიანთი თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის დაცვას აგრძელებენ," - აცხადებენ ტრუდოს ოფისში.

უკრაინა და აშშ იარაღის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკა და უკრაინა შეთანხმდნენ იარაღის ერთობლივ წარმოებაზე. ზელენსკი ამბობს, რომ ეს არის ერთიანობის ახალი დონე. მისივე თქმით, ეს ნიშნავს ახალ ინდუსტრიულ შესაძლებლობებს და სამუშაო ადგილებს უკრაინის მოქალაქეებისთვის.

"ვაშინგტონში ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. შეხვედრა პრეზიდენტ ბაიდენთან და მის გუნდთან. ჩვენ მივაღწიეთ ახალ თავდაცვის შეთანხმებას, მათ შორის საჰაერო თავდაცვას, არტილერიას, ჭურვებსა და საინჟინრო აღჭურვილობას.

ჩვენ ასევე შევთანხმდით გრძელვადიან პარტნიორობაზე, რომლის ფარგლებშიც უკრაინა და შეერთებული შტატები ერთობლივად აწარმოებენ საჭირო იარაღს. ეს არის ჩვენი ერთიანობის ახალი დონე! თავდაცვის ინდუსტრიაში შეერთებულ შტატებთან ერთობლივი წარმოება ისტორიული მოვლენაა. ახალი ინდუსტრიული ბაზა, ახალი სამუშაო ადგილები ორივე ერისთვის. უკრაინას შეეძლება საჰარო თავდაცვის სისტემების წარმოება", - თქვა ზელენსკიმ.

მან კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ბაიდენსა და კონგრესს.

ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში უმასპინძლა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას თეთრ სახლში უმასპინძლა. შეხვედრა ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ოვალურ კაბინეტში გაიმართა.

ბაიდენმა შეხვედრისას გრძელვადიანი მშვიდობის მიზნებზე და უკრაინის უსაფრთხოებისადმი არსებულ ვალდებულებებზე ისაუბრა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა უკრაინელი ხალხისა და პრეზიდენტ ზელენსკის სიმამაცეს.

"მათ შთააგონეს მსოფლიო. ამერიკელი ხალხი, მსოფლიო თქვენ გვერდით დგას,""-აღნიშნა ბაიდენმა.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის.

"მადლობა მოწვევისთვის და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსული ტერორის წინააღმდეგ უკრაინის საბრძოლველად მნიშვნელოვანი დახმარებისთვის,"-განაცხადა ზელენსკიმ.

ვითარება სომხეთში - ღამით ერევანში პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, რომლებიც ქუჩების გადაკეტვას ცდილობდნენ

ვითარება სომხეთში - პოლიციამ ერევანში ღამით რამდენიმე ადამიანი დააკავა, ისინი პროტესტის ნიშნად დედაქალაქის ქუჩების გადაკეტვას ცდილობდნენ.

შეგახსენებთ, რომ ასობით დემონსტრანტი უკმაყოფილებას მთიანი ყარაბაღის ჩაბარებისა და რეგიონში სომხური ხელისუფლების საბოლოო დაშლის გამო გამოთქვამს. მომიტინგეები პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ. ფაშინიანის განცხადებით, რეგიონში ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას უნდა მიეცეს უფლება დარჩნენ საკუთარ სახლებში, თუმცა მისივე თქმით, ქვეყანა მზად არის ყარაბაღიდან დევნილი 40 ათასი ოჯახის მიღებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ფაშინიანი ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთს საჯაროდ ადანაშაულებდა სომხეთის არასაკმარის მხარდაჭერაში. სომხეთის პრემიერი ასევე საუბრობს შეთქმულებაზეც, რომლის მიხედვითაც, დაუდგენელი ძალები ერევანში გადატრიალების აწყობდნენ.

სომხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ვაზგენ მანუკიანი "კურიერთან" ამბობს, რომ სომხეთი უნდა გათავისუფლდეს "გამყიდველი ხელისუფლებისგან".

"უნდა გავთავისუფლდეთ ამ ხელისუფლებისგან, ეს არის გამყიდველი ხელისუფლება. მას ცუდი მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ერთი ომიდან გადავდივართ მეორე ომში და ამიტომაც მოვედით ამ შედეგამდე. როცა ეს ხელისუფლება არ იქნება, გამოსავალს უფრო იოლად მოვძებნით, რადგანაც ის ხელს უშლის გამოსავლის პოვნას,"-აცხადებს ვაზგენ მანუკიანი.

MegaNews

Surround yourself with angels. In life there will be road blocks but we will over come it. You see that bamboo behind me though, you see that bamboo? Ain’t nothin’ like bamboo. Bless up. They never said winning was easy. Some people can’t handle success, I can. You do know, you do know that they don’t want you to have lunch. I’m keeping it real with you, so what you going do is have lunch. You see that bamboo?