... ... hotnews.ge - პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯიმ ო'ბრაიენს შეხვდა.

 

გაიმართა ხანგრძლივი შეხვედრა, სადაც შედგა გულწრფელი საუბარი  ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ყველა საკითხზე, მათ შორის საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულ პროცესებზე. მთავრობის მეთაურმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანის თანაშემწემ ამ პროცესებთან დაკავშირებით ერთმანეთს თავიანთი წუხილები გაუზიარეს.

 

ირაკლი კობახიძემ ჯიმ ო'ბრაიენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების საჭიროებაც განუმარტა და კიდევ ერთხელ გამოთქვა მმართველი გუნდის მზაობა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების ყველა სამართლებრივი შენიშვნა ყურადღებით განიხილოს.

 

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით, რაც ორმხრივ ძალისხმევას და სამართლიან ურთიერთდამოკიდებულებას მოითხოვს.

იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კოპენჰაგენში დემოკრატიის სამიტზე საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ გააკეთა კომენტარი:

"მინდა გულწრფელი ვიყო, მე პირადად იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება. რატომ? იმიტომ, რომ მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა როლი და დავხმარებოდი პოლიტიკური სისტემის განბლოკვაში, ეს ერთი. მეორეც, რამდენიმე თვის წინ, ევროპულ საბჭოში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უმრავლესობა არ იყო, მაგრამ ერთობლივად, რამდენიმე ევროპელი ლიდერი დარწმუნდა, რომ ბევრი მიზეზის გამო ეს სწორი გადაწყვეტილება იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. და ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, მათ შორის საქართველოს ოფიციალურ პირებთან ერთად, რომ დაგვერწმუნებინა რამდენიმე რეფორმის გატარებაში, რომლებიც აბსოლუტურად საჭირო იყო. და რამდენიმე კვირაში თვალს ვადევნებთ ამ კანონმდებლობის მიღების მცდელობებს. ვნახოთ, რას იზამს პრეზიდენტი, მან თქვა რომ ვეტოს უფლება აქვს. ამასთან, თვალს ვადევნებთ რიტორიკას, რომელიც არ არის პოზიტიური რიტორიკა, ასე ვიტყოდი. კონტაქტში ვართ საქართველოს ხელისუფლებასთან. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ნათელს მოჰფენს თავის განზრახვებს, მაგრამ თუ მათ ევროკავშირის წევრობა სურთ, პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს"

მოვუწოდებ პარლამენტს, უარი თქვას კანონის ასეთი ფორმით მიღებაზე - სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გამჭვირვალობის მიზნის მიღწევა განხორციელდეს წარმოდგენილ კანონპროექტში ან მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით და უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის ასეთი ფორმით მიღებაზე, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებაში.

ლევან იოსელიანის თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ყველა კანონი უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ მისწრაფებებს, ზიანს არ აყენებდეს პარტნიორებთან ურთიერთობებს.

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება დღეს საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მოსმენით მიღების პროცესს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ თუკი მიზანი არის საქართველოსთვის განკუთვნილი საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობისა და მიმღები ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გაზრდა, აღნიშნული მიზნის მიღწევა შესაძლებელია განხორციელდეს წარმოდგენილ კანონპროექტში ან მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით, რაზეც სახალხო დამცველმა საჯარო პოზიცია დეტალურად მიმდინარე წლის 11 აპრილს გააცნო საზოგადოებას.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ყველა კანონი უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს, ზიანს არ აყენებდეს პარტნიორებთან ურთიერთობებს და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.

როგორც კანონპროექტის სათაური, ასევე პროექტში არსებული არაერთი ჩანაწერი პრობლემურია, რაც კანონის ადრესატებისთვის ღირსების შემლახველი შეიძლება, გახდეს. ამასთან, პროექტი მოქალაქეთა შესახებ საკმაოდ დიდი მოცულობის პერსონალური მონაცემების შეგროვების და გასაჯაროების რისკის შემცველია, რაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის საფუძველს ქმნის.

აღსანიშნავია, რომ კანონის პროექტის განხილვა ჩვენი მოქალაქეების თითქმის ერთთვიანი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გამჭვირვალობის მიზნის მიღწევა განხორციელდეს წარმოდგენილ კანონპროექტში ან მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით და უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის ასეთი ფორმით მიღებაზე“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ო'ბრაიენმა კანცელარია დატოვა - კობახიძესთან შეხვედრა დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო'ბრაიენის და პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრამ პროტოკოლით გათვალისწინებულ დროს გადააჭარბა - ის 2 საათზე მეტხანს, დაგეგმილზე დიდხანს მიმდინარეობდა.

შეხვედრას ასევე აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი ესწრებოდა. მხარეებს შორის საუბრის დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არაა.

ო'ბრაიენმა კანცელარია უკვე დატოვა. ახლა ამერიკელი მაღალჩინოსანი ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდება. მოგვიანებით შეხვედრა დაგეგმილია არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან, საქართველოს პრეზიდენტთან და მედიის წარმომადგენლებთან.

ამერიკელი  მაღალჩინოსანი საჯარო განცხადებას 20:30 საათზე დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გააკეთებს.

„ადამიანსაც ვერ ვუწოდებ, ეს არის ქალი ალქაჯი“ - ნინო წილოსანი თინა ბოკუჩავაზე

„თინა ბოკუჩავა, მოძალადე პარტიის ნათელი მაგალითია, მარიამ ლაშზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა. თმებით მოქაჩა,სახეში გაარტყა, ამ ალქაჯმა, ეს ქალი კი არა  ალქაჯია, მოვითხოვ დაატოვებინოთ პარლამენტი“- ნინო წილოსანი თინა ბოკუჩავაზე. 

ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში

პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ვითარება მას შედმეგ დაიძაბა რაც სიტყვით ენმ-ს ლიდერი ლევან ხაბეიშვილი გამოვიდა. მას სიტყვიერად უმრავლესობის დეპუტატი დიტო სამხარაძე დაუპირისპირდა. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ოპოზიციის წევრს.

თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული

თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმი და ორი წყლის ჭავლის მანქანაა მობილიზებული. საავტომობილო მოძრაობა ამ დროისთვის ჩაკეტილი არაა. სპეცრაზმი მობილიზებულია პარლამენტის ეზოშიც.

პარალელურად, სამართალდამცავებმა ჩაკეტეს 9 აპრილის ქუჩა, სადაც პარლამენტის გვერდითა შესასვლელია. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებს დაატოვებინა პარლამენტის უკანა ტერიტორია და სკვერიც. 

დღეს "ოცნებამ" პლენარულ სხომდაზე საბოლოო, მესამე მოსმენით უნდა განიხილოს რუსული კანონი. აქცია სწორედ ამ კანონის გასაპროტესტებლად იმართება. 

ჯეიმს ო’ ბრაიენი მთავრობის ადმინისტრაციაშია

გამჭვირვალობის კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას დაემთხვა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ვიზიტი. ჯეიმს ო’ ბრაიენი თბილისში გამთენიისას ჩამოვიდა. ო’ ბრაიენი უკვე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაშია.

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე სამი დღის განმავლობაში შეხვედრებს გამართავს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ოპოზიციურ პარტიებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წევრებთან.

ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე ცნობილია ამერიკელი პარტნიორების პოზიცია, მათ რამდენჯერმე გამოხატეს შეშფოთება „გამჭვირვალობის’’ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან

15 მაისს საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან. ამის შესახებ ინფორმაცია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვევა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მარგუს ცაჰკნასთან, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირსა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან ერთად.

ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილსა და პარლამენტის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ამასთან, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობითვე, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

როგორც ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

„ოფიციალური პირები ასევე აპირებენ აზრთა მიმოცვლას საქართველოს რეფორმების პროცესებზე ევროკავშირში მისი ინტეგრაციის პროგრესთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე.

„ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები პირველად ეწვევიან საქართველოს. ესტონეთი, ისლანდია, ლიეტუვა, ლატვია მოდიან, როგორც საქართველოს და მისი ევროპული მომავლის უახლოესი და ერთგული მეგობრები. ოფიციალურ პირებთან და საზოგადოებასთან განვიხილავთ შეშფოთებებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, – წერს ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავენ

დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავენ. დღესვე იგეგმება კენჭისყრა, რითაც კანონპროექტი საბოლოოდ დამტკიცდება.

მოსმენაში ოპოზიციის ჩართულობაზე, არაერთგვაროვანი აზრი აქვთ თავად ოპოზიციურ სპექტრში - ნაწილი სასესიო დარბაზში ყოფნის მნიშვნელობას ვერ ხვდება, ნაწილი კი, ოპოზიციონერ კოლეგებს სადისკუსიო სივრცის გახსნისკენ მოუწოდებს.

მმართველი გუნდიდან ოპონენტებს უთვლიან, რომ მათი მხრიდან ჩვეული არეულობის მცდელობა, ახლაც კრახით დასრულდება.

დღეს, 14:00 საათზე, „რუსული კანონის“ საწინააღმდეგოდ, კულტურის მარში გაიმართება

დღეს, 14 მაისს 14:00 საათზე თბილისში კულტურის მარში გაიმართება. კულტურის სფეროს წარმომადგენლები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთიანდებიან. მსვლელობა მწერალთა სახლიდან, ივანე მაჩაბლის #13-დან დაიწყება. 

ცნობისთვის, დღეს პლენარულ სხდომაზე საბოლოო, მესამე მოსმენით განიხილავენ რუსულ კანონს.

"მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები, ხელოვანები, მხატვრები, კინოს, თეატრსა და მუზეუმებში მომუშავე ადამიანები, კულტურის სფეროს ყველა წარმომადგენელი ვერთიანდებით, რომ მარშით გავიაროთ თბილისის ქუჩებში რუსული კანონის წინააღმდეგ.

თუ გაღელვებს „რუსული კანონი“ და სხვა კანონები, რომლებიც შეზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, გადააქცევს ქვეყანას ‘ოფშორული ფულის’ თავშესაფარად და დაუხშობს საქართველოს ევროპაში გაერთიანების გზას - შემოგვიერთდი!
ვიწყებთ 14 მაისს, 14:00-ზე მწერალთა სახლთან.

მარში ღიაა ყველა მოქალაქისათვის. ჩაიცვი კომფორტულად, ბევრს ვივლით ქალაქში.
არა რუსულ კანონს", - წერენ აქციის ორგანიზატორები.

"ვერავინ გადაადგმევინებს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს" - ირაკლი კობახიძე

ვერავინ ვერ გადაადგმევინებს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს, ვერავითარი შანტაჟის და მუქარის პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. 

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება პოტენციურად ხომ არ არ არის საფუძველი კანონპროექტის უკან გაწვევისთვის, რაზეც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თავად ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს დასანქცირების საკითხი. 

„პირველ რიგში, თავად ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს ეს საკითხი, გამომდინარე იქიდან, რომ მიიჩნევს ამ საკითხს არასერიოზულად მე ეს შემიძლია, გითხრათ. რაც შეეხება კონკრეტულად ო ბრაიანის ვიზიტს, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა, ამას ჰქონდა თავისი ახსნა და განმარტება. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ იყო გასული თვეების განმავლობაში შემთხვევები, როდესაც სხვა უცხოელ დიპლომატებსა და პოლიტიკოსებსაც უთხრა უარი ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრასთან დაკავშირებით. ამაზე მე მაქვს ინფორმაცია, გამომდინარე იქიდან, რომ მე მიწევდა გარკვეული საკითხების შეთანხმება, მე მთხოვდნენ, ხოლმე ამ საკითხების შეთანხმებას, ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი იყო ერთი და იგივე. ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა იმას, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი, რომელიც მან დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს, ეს არის მისი ძალიან მკაფიო პოზიცია.

„როგორც კი დასრულდება ეს შანტაჟი და დე ფაქტო სანქციები, მაშინვე რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეხვედრა შეიძლება, შედგეს, მაგრამ დღეს ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ასეთი შანტაჟი, მუქარები, როგორც არ ჭრიდა ეს შანტაჟი და მუქარა 2022 წლის მარტიდან, როცა მას გაუყინეს თანხები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ასევე ვერ გაჭრის მასზე ასეთი შანტაჟი და მუქარა ვერც ახლა, ანუ ვერავინ ვერ გადაადგმევინებს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს, ვერავითარი შანტაჟის და მუქარის პირობებში. სანქცია თავისთავად ხომ შანტაჟს ნიშნავს, თავისთავად სანქცია შეიცავს შანტაჟს და მუქარას, ამიტომ ეს არ არის სერიოზული თემა ამ ყველა გარემოების გათვალისწინებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.