... ... hotnews.ge - პოლიტიკა

"პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მთავარი პროკურატურის საერთო კანდიდატებზე უნდა შევთანხმდეთ" - მიხეილ სააკაშვილი

ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას სოციალურ ქსელში მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. 

"ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება. პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მთავარი პროკურატურის საერთო კანდიდატებზე უნდა შევთანხმდეთ", - წერს სააკაშვილი.

"ჩვენ საერთო მყარი გეგმა გვჭირდება, როგორც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ისე მომავალზე.

ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება. საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება და არა ჩვენი თანამდებობების.

პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მთავარი პროკურატურის საერთო კანდიდატებზე უნდა შევთანხმდეთ.

ძალა ერთობაშია!" - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ერთი მხრივ გმირად გყავთ გამოცხადებული ადამიანი, რომელიც ცოცხლად წვავდა პოლიციელს და მეორე მხრივ, თმის მოქაჩვაზე გაქვთ ამხელა რეაქცია - პრემიერი „ტვ პირველს“

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ - სადაც არის ძალადობა, გქონდეთ შესაბამისი რეაქცია, ნუ იმოქმედებთ ორმაგი სტანდარტით და დაელოდეთ სამართლის აღსრულებას ყველა მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვის პასუხად პრემიერმა აღნიშნა, რომ გასულ წელს მომხდარი საკმაოდ დიდი მასშტაბის ძალადობის მიუხედავად, მხოლოდ ერთი ადამიანი დააკავეს.

„შარშან რა მასშტაბის იყო ძალადობა, რომელსაც მათ შორის თქვენი ტელევიზიები, თქვენი პარტიები ახალისებდნენ და ამ უდიდესი მასშტაბის ძალადობის მიუხედავად, მხოლოდ ერთი ადამიანი იყო დაჭერილი. ჩვენ გვაქვს მათ შორის გამოძიების ძალიან მაღალი სტანდარტი. ამიტომ, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და დაიცადოს, ვიდრე სამართლებრივი პროცედურებით დადგინდება სიმართლე ყველა საქმესთან დაკავშირებით. სათანადო ვადებში გაკეთდება ყველაფერი. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ - სადაც არის ძალადობა, გქონდეთ შესაბამისი რეაქცია, ნუ იმოქმედებთ ორმაგი სტანდარტით და დაელოდეთ სამართლის აღსრულებას ყველა მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გამოძიება არის დაწყებული მთელ რიგ საქმეებზე, თუმცა დაკავებას თავისი საფუძვლები სჭირდება.

„რაც შეეხება დაკავებას, დაკავებას სჭირდება თავისი საფუძვლები და როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში დაკავების საფუძველი არ არსებობდა. გამოძიებას აქვს თავისი პროცედურები, ვადები და დაელოდეთ. ყველაფერი ხდება სამართლებრივი პროცედურების შესბამისად. ერთადერთი, რასაც მოგიწოდებდით, არის ის, რომ ორივე მიმართულებით გქონდეთ თანაბარი რეაგირება ძალადობაზე. ერთი მხრივ გმირად გყავთ გამოცხადებული ადამიანი, რომელიც ცოცხლად წვავდა პოლიციელს და მეორე მხრივ, თმის მოქაჩვაზე გაქვთ ამხელა რეაქცია. შეიძლება, იყო უფრო მძიმე ინციდენტებიც, მაგრამ ერთ მხარეს როცა არის პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა და ამას იწონებთ და მეორე მხარეს ათჯერ მცირე ხარისხის ინციდენტებზე გაქვთ ასეთი რეაგირება, ეს ნიშნავს იმას, რომ ხართ უკიდურესად მიკერძოებული“, - მიმართა პრემიერმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.

პარლამენტი, მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს - პრემიერი

ხვალ საქართველოს პარლამენტი იმოქმედებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა

 

პრემიერის თქმით, არ შეიძლება, ქვეყანა მუდმივად ცხოვრობდეს გარედან თავსმოხვეული და უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული ე.წ. პოლარიზაციისა და რადიკალიზმის რეჟიმში.

 

„მინდა კმაყოფილება გამოვხატო იმ ფაქტით, რომ გუშინ და დღეს მომიტინგეების მხრიდან ძალადობის ხარისხი იყო მნიშვნელოვნად შემცირებული იმ ძალადობასთან შედარებით, რომელიც მათი მხრიდან ორი და ოთხი კვირის წინ ვიხილეთ. ვფიქრობ, ამაში თავისი როლი ჩვენმა გუშინდელმა ბრიფინგებმა, გაფრთხილებებმა და მოწოდებებმა შეასრულა. შესაბამისად, მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, ძალადობისგან და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან თავი შეიკავონ. მადლობა მინდა გადავუხადო სამართალდამცველებს, მომიტინგეების ძალადობისა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ არსებითად ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით რეაგირებისათვის. დღესაც დაფიქსირდა რამდენიმე ინცინდენტი, რომელიც მართალია, სრულ შესატყვისობაში იყო ძალადობაზე რეაგირების ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებთან, თუმცა არ შეესატყვისებოდა იმ სტანდარტებს, რომელიც საქართველოში 2012 წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა. იმედი მაქვს, რომ მომავალში ამგვარი ცალკეული ინცინდენტებიც იქნება თავიდან აცილებული“, - განაცხადა პრემიერმა.

"სანქციების თემა არის აბსოლუტურად არასერიოზული" - პრემიერი

რაც შეეხება სანქციების თემას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ დღესაც მოქმედებს დე-ფაქტო სანქციები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

 

მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებები ვერ დაიგეგმება, ვინაიდან ხვალ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღება, თუმცა მმართველი გუნდი მზად არის ვეტოს ფარგლებში დისკუსიისთვის.

 

„ცვლილებები ჩვენი მხრიდან ბუნებრივია ვერ დაიგეგმება, გამომდინარე იქიდან, რომ ხვალ მესამე მოსმენით მიიღება უკვე ეს კანონი და მესამე მოსმენის ფარგლებში ვერავითარი არსებითი ცვლილება ვერ იქნება შეტანილი. თუმცა ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მზად ვართ, ღია ვართ დისკუსიისთვის ვეტოს ფარგლებში. მართალია, გუშინ გააკეთა არაკონსტრუქციული განცხადება სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა მე მას მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო, იმოქმედოს ისე, როგორც აქამდე მოქმედებდა. თქვენ ყველამ იცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ არასოდეს წერდა საკუთარ ვეტოს კანონპროექტებს, მას უწერდნენ ან NGO-ები, ან გარედან უწერდნენ, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ ეს ბერკეტი, ინსტრუმენტი გამოყენებული იყოს ახლაც და თუ ამის შესაძლებლობას არ მისცემს არც ხელისუფლებას, არც საერთაშორისო პარტნიორებს სალომე ზურაბიშვილი, ეს იქნება ბუნებრივია მისი პასუხისმგებლობა.

არის ორი კვირა 14 მაისიდან 28 მაისამდე, ამ ორი კვირის განმავლობაში შესაძლებელია პოზიციების შეჯერება და შემდეგ ამ პოზიციების ასახვა ვეტოს კანონპროექტში, თუმცა არ ვიცი, თუ სალომე ზურაბიშვილს ექნება დესტრუქციული პოზიცია, რაც გუშინ უკვე დააფიქსირა, ამ შემთხვევაში გართულდება ეს პროცესი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ მზაობას და ღიაობას დისკუსიისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.

იმედი მაქვს, მაქსიმალურად გათავისუფლდება, როგორც აშშ, ისე ევროკავშირი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან - პრემიერი

დიდი იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ ვითარება თვისებრივად შეიცვლება და მაქსიმალურად გათავისუფლდება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე ევროკავშირი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გლობალური ომის პარტიის ინტერესებს შეეხებოდა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გლობალური ომის პარტიას აქვს გადამწყვეტი, კრიტიკული გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირში. 

„რამდენიმე დღის წინ მე ვთქვი, რომ გამიჭირდება ამ სუბიექტების დაკონკრეტება, რა თქმა უნდა, დღესაც ვერ შევცვლი პოზიციას, გამომდინარე იქიდან, რომ ამ სუბიექტების დაკონკრეტებამ შეიძლება, უარყოფითი გავლენა იქონიოს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე. მე დავაკონკრეტე ასევე რომ აქ არ ვგულისხმობ ევროკავშირსა და აშშ-ს, პირიქით, ევროკავშირი არის სწორედ მთავარი მსხვერპლი, თუმცა აქვე ვიტყვით იმასაც, რომ გლობალური ომის პარტიას აქვს გადამწყვეტი, ასე ვთქვათ, კრიტიკული გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში, რაც არის სამწუხარო მოვლენა. განსაკუთრებით ადვილია ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებზე გავლენის მოპოვება, გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირში გადაწყვეტილებები არსებითად მიიღება სრული კონსენსუსით 27 ქვეყნის მიერ, შესაბამისად, იქ საკმარისია გლობალურმა ომის პარტიამ გავლენა მოახდინოს თუნდაც ერთ ქვეყანაზე და უკვე ის განაპირობებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შედის მის ინტერესებში. 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დაკონკრეტება გამიჭირდება, თუმცა გავლენების მასშტაბი არის ძალიან დიდი და ვიტყვი, რომ ოფიციალურ სტრუქტურებზე აქვთ სერიოზული გავლენა როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით, ანუ საუბარია აშშ-სა და ევროკავშირზე, რაც არის სამწუხარო მოვლენა. მე მაქვს დიდი იმედი, რომ სამომავლოდ ეს ვითარება თვისებრივად შეიცვლება და მაქსიმალურად გათავისუფლდება, როგორც აშშ, ისე ევროკავშირი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჩვენ არც ერთ მხარეს არ ვიწონებთ ძალადობას და აუცილებელია სათანადო სამართლებრივი რეაგირება - ირაკლი კობახიძე

საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი არ არის, რა არის სამართალდარღვევა და რა - არა; სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად მიიღება ყველა გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხელისუფლებას, ოპონენტებისგან განსხვავებით, აქვს ერთმაგი სტანდარტი და ძალადობას ყველა მხარეს.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სამწუხაროა ინციდენტები, რომელიც ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინციდენტებიც კი შეესატყვისება ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებს.

„შემიძლია, გაჩვენოთ ვიდეოები, რა ხდება ნიუ-იორკში, როტერდამში, ბერლინში, ან პარიზში. ამერიკული სტანდარტი არის ამაზე დაბალი, ჩვენ გვინდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტი. მე არ მომწონს ეს სტანდარტი, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში 2012 წლიდან დაამკვიდრა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტი. ამიტომ, ძალიან არ მომწონს ეს ინციდენტები და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალური მოთმინებით შეხვდნენ ნებისმიერ პროვოკაციას. მე ეს არ მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ შესატყვისობაშია ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებთან. სადაც იქნება სამართალდარღვევა, აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაგირებაც“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სამართალდარღვევის შეფასება მთავრობის კომპეტენცია არ არის და ამას შესაბამისი სტრუქტურები დაადგენენ.

„საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი არ არის, რა არის სამართალდარღვევა და რა - არა. სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად მიიღება ყველა გადაწყვეტილება. ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით ერთმაგი სტანდარტი და არა ორმაგი სტანდარტი. სადაც არის სამართალდარღვევა, ყველგან უნდა იყოს რეაგირება. ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით, რომლებიც ვერ ხედავენ ძალადობას, ან იწონებენ ძალადობას ერთ მხარეს, ჩვენ არც ერთ მხარეს არ ვიწონებთ ძალადობას და ყველა მიმართულებით აუცილებელია ძალადობაზე სათანადო სამართლებრივი რეაგირება“, - აღნიშნა პრემიერმა.

ყველა დაკავებული პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს და დაზიანებებიც აღენიშნებათ - ომბუდსმენი

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 13 მაისს პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული 23 პირი მოინახულეს -ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, თითქმის ყველა მათგანი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს:

"სამწუხაროდ, პრაქტიკულად ყველა მათგანი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს და დაზიანებებიც აღენიშნებათ. კერძოდ, 23-დან 22 დაკავებული პოლიციის მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს, მათგან 16 კი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

სახალხო დამცველის აპარატი მოახდენს გამოძიების მიმდინარეობის მონიტორინგს, გააგრძელებს დაკავებულთა მონახულებასა და საზოგადოების ინფორმირებას." ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

ევროკავშირის დელეგაცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ევროკავშირის დელეგაცია თბილისში შეხვედრებს განაგრძობს - ცოტა ხნის წინ ისინი გერმანიის საელჩოში მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. განხილვის მთავარი საკითხი იყო ის, თუ რა მექანიზმები უნდა ამოქმედდეს მას შემდეგ, რაც საბოლოოდ დაამტკიცებენ რუსულ კანონს.

"ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ჩამოვიდნენ აქ იმისათვის, რომ ქართველ ხალხს გამოუხატონ მხარდაჭერა. იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ თქვან, რომ ამ კანონით წარმოუდგენელია შემდგომი ნაბიჯების გადადგმა ევროინტეგრაციის გზაზე. მათ ისიც ახსენეს, რომ გასულ წელს კანდიდატის სტატუსი იყო ქართველი ხალხის დამსახურება და, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების ძალიან დიდი აქტიურობით. და თქვეს პირდაპირ, რომ თუკი "ქართული ოცნება" გააგრძელებს ამ კანონპროექტის კანონად ქცევას, საქართველოს ევროპული მომავალი ამ ეტაპზე გაჩერდება," - ამბობს სამართლიანი არჩევნების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე.

 

 

დღეს, ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს

დღეს, 13 მაისს, 20:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიფინგი გაიმართება.

„არა რუსულ კანონს! “- რუსთაველზე უწყვეტი პროტესტი გრძელდება

რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი გრძელდება - რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს, რომელსაც ნელ-ნელა უერთდებიან მოქალაქეები, ასევე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.

გასული ღამის 22 საათის შემდეგ, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. ღამისთევის შემდეგ, აქციის მონაწილეები პოლიციამ დაარბია, თუმცა პროტესტი არ შეწყვეტილა. 

“აქციების ამოცანა არის რომ ხიშტებზე მდგარ რეჟიმს ხიშტები გამოაცალოს”-ჩერგოლეიშვილი

„აქციების ამოცანა არის ის, რომ რეჟიმი არყიოს. 

არყიოს იქამდე, ვიდრე ღონეს არ დაკარგავს და მშვიდობიან, დემოკრატიულ ცვლილებას არ დათანხმდება, ისევ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.

აქციების ამოცანა არ არის, რომ კომიტეტის ერთი სხდომა ჩაშალოს (თუმცა ჩაშლა ქვია აბა რა ქვია 1 წუთში გატანას)

აქციების ამოცანა არის რომ რუსული რეჟიმი არყიოს იქამდე, სანამ არ შეაგნებინებს, რომ დემოკრატიული ცვლილება მათ პირად ინტერესშია  (თუ არ შეიგნებენ, საკუთარ თავს დააბრალონ).  

აქციების ამოცანა არის რომ ხიშტებზე მდგარ რეჟიმს ხიშტები გამოაცალოს - ერთი კაცის სამსახურში ჩამდგარი სისტემა ჩამოშალოს. 

ამ ამოცანას ეს აქციები ასრულებს. 

ასე რომ - კი, ღამის თენებაც სასარგებლო იყო, დღისით გამართული მარშებიც, საღამოს დანიშნული პროტესტიც და საერთოდ ყველაფერი - რაც რეჟიმს ღლის და არ აძლიერებს.

რეჟიმს მხოლოდ ჩვენი უსაფუძვლო სასოწარკვეთა გააძლიერებს!“

- წერს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი. 13 მაისს, 09:00 საათზე შეკრებილმა იურიდიულმა კომიტეტმა პროტესტის ფონზე რუსული კანონის III მოსმენით მიღებას 1 წუთში დაუჭირა მხარი.

"როგორ შეიძლება, მე ან ჩვენს თანაგუნდელებს გვინდოდეს რუსეთი" - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესებას არ ელოდება, რადგან ის საკუთარი ქვეყნის ინტერესს იცავს. როგორც კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ხელისუფლებისთვის მთავარი არა რომელიმე ევროპარლამენტარის თუ პოლიტიკოსის განცხადება, არამედ ქართველი ხალხის აზრია.

„არავის ეშინია სანქციების. რას გვაშანტაჟებთ ამ სანქციებით? საერთოდ არ მაქვს არანაირი პრობლემა თუ დამასანქცირებენ. ჯერ რატომ უნდა დამასანქცირონ, აბსოლუტურად გაუგებარია. იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის ინტერესს ვიცავ? ეს არის ევროპა და ევროპული მომავალი? ვინმეს დაჩაგვრა არის ევროპული მომავალი, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით აკეთებდნენ? ასეთი ევროპა გინდათ თქვენ? ჩემთვის ქართველი ხალხია პირველ რიგში მნიშვნელოვანი. ქართველი ხალხი არის უპირველეს ყოვლისა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი ცხრაპუნქტიანი გეგმა ზედმიწევნით შეასრულოს, რათა ქვეყნის ევროპულ მომავალს ხელი არაფერმა შეუშალოს.

„ამ ქვეყნის მომავალი არის ევროპული და აუცილებლად შევალთ იმ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია. ამ გზაზე წარმოუდგენილია ცხრაპუნქტიანი გეგმა და მზად ვართ, ეს ყველაფერი შევასრულოთ. როგორც ეს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების დროს მოხდა და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ახლაც მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ და ევროინტეგრაციის გზას ვერავინ და არაფერმა შეუშალოს ხელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ქვეყნის საგარეო კურსი ევროკავშირის წევრობისკენაა მიმართული და მოქმედი ხელისუფლება ამ გზიდან გადახვევას არ აპირებს.

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს საკუთარი მოსაზრება, მაგრამ პარლამენტის პიკეტირება, ბლოკირება, კატეგორიულად მიუღებელია. არ არის სწორი ფორმა. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ამ ახალგაზრდებს: უბრალოდ, გაუგებარია, რას ვაპროტესტებთ. ჩვენი კურსი და მომავალი არის ევროპა, ევროპული მომავალი. სხვა შეუძლებელია. როგორ შეიძლება, მე, ჩვენს თანაგუნდელებს გვინდოდეს რუსეთი ან რუსული მომავალი? წარსულში გვინდა დაბრუნება? წარსულში მინდა, დავაბრუნო ჩემი შვილები, ჩვენი მომავალი? არ არის ეს სწორი დამოკიდებულება. პირიქით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. გავა დრო, მერწმუნეთ, ძალიან მალე, ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს აღიშნულ კანონპროექტს აპროტესტებს, დარწმუნდება, რომ ცდებოდნენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.