... ... hotnews.ge - პოლიტიკა

არ მგონია, რომ ქაცარავა აღიზიანებდეს ვინმეს რუსეთში - პრემიერი ქაცარავას ცემის ფაქტზე

კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის ინციდენტები და კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ მოთმინებისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დავით ქაცარავას ცემასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფის და გინების ფაქტს, თუმცა ეს გამართლება არ არის და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს მაქსიმალური მოთმინება მართებთ.

ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ იყო რუსეთის დაკვეთა დავით ქაცარავას ცემა, ვინაიდან ის რუსეთს აღიზიანებს, პრემიერმა უპასუხა, რომ არ ფიქრობს, რომ ქაცარავა რუსეთში ვინმეს აღიზიანებს.

„არ მგონია, რომ რუსეთს საერთოდ აღიზიანებდეს დავით ქაცარავა. თუ ვინმე აწყობდა პროვოკაციებს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ინტერესებს, ე.წ საზღვართან, გამყოფ ხაზთან, ეს იყო სწორედ დავით ქაცარავა. ძალიან მალე მას შემდეგ, რაც რუსეთმა განახორციელა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, დავით ქაცარავა წავიდა რუსეთში, სადაც მონაწილეობდა ფილმებში, მათ შორის ასრულებდა FSB-ს აგენტის როლს რუსეთის ფედერაციაში და უცბად შემდეგ გახდა ანტირუსი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არ მგონია, რომ ქაცარავა აღიზიანებდეს ვინმეს რუსეთში. რაც შეეხება ამ ფაქტს, კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის ინციდენტები და კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ მოთმინებისკენ. ამ შემთხვევაში იყო შეურაცხყოფის ფაქტი, გინების ფაქტი. ეს არ არის გამართლება, ამას არ ვამბობ, მაგრამ როდესაც არის თუნდაც შეურაცხყოფა და ძალადობა, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს მართებთ მაქსიმალური მოთმინება. ეს არის კიდევ ერთხელ ჩემი მოწოდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჩვეულებრივი ამბავია ოპოზიცია ქუჩაში, მაგრამ გადაწყვეტილებას უმრავლესობა იღებს - ირაკლი კობახიძე

ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ოპოზიციის მხარდამჭერები, ან ოპოზიციის დღის წესრიგს მიმყოლი ადამიანები გამოდიან ქუჩაში, ეს არის პოლიტიკური უმცირესობის უფლება, მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, ეს არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ გადაწყვეტილებებს დემოკრატიულ სისტემაში იღებს პოლიტიკური უმრავლესობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში არსებობს პოლიტიკური ოპოზიცია ეს არის დემოკრატიის ნაწილი და პოლიტიკურ ოპოზიციას ჰყავს საკუთარი მხარდამჭერები, ეს არის მთლიანობაში პოლიტიკური უმცირესობა.

„როდესაც პოლიტიკური ოპოზიცია თავის მხარდამჭერებს არწმუნებს, რაღაცაში და შემდეგ ისინი გამოდიან ქუჩაში, ეს არის აბსოლუტურად ნორმალური და ჯანსაღი მოვლენა, მაგრამ პოლიტიკური უმცირესობა ვერავითარ შემთხვევაში ვერ აიძულებს პოლიტიკურ უმრავლესობას, რომ მიიღოს ან არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესების განმტკიცებას. ეს გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკური უმრავლესობის მიერ. რაც შეეხება რაოდენობას, ყველამ ნახეთ, რომ ჩვენს აქციაზე იყო დაახლოებით 5-ჯერ მეტი გამოსული, ვიდრე ოპოზიციის აქციაზე, ეს არის ის თანაფარდობა, რაც არსებობს მაგალითად, „ქართულ ოცნებასა“ და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორის. რაც არის თანაფარდობა, ის თანაფარდობა იხილა საზოგადოებამ აქციებზეც, რომლებიც გაიმართა ერთი უმრავლესობისა და მეორე პოლიტიკური უმცირესობის ორგანიზებით. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ოპოზიციის მხარდამჭერები, ან ოპოზიციის დღის წესრიგს მიმყოლი ადამიანები გამოდიან ქუჩაში, ეს არის პოლიტიკური უმცირესობის უფლება, მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, ეს არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ გადაწყვეტილებებს დემოკრატიულ სისტემაში იღებს პოლიტიკური უმრავლესობა. 

როდესაც უშუალოდ კანონპროექტს მხარს უჭერს მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი, გამჭვირვალობას მხარს უჭერს 80 პროცენტზე მეტი, უშუალოდ ამ კანონს მხარს უჭერს მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი, ასეთ დროს პარლამენტი, რომელიც ამ ხალხის მიერ არის არჩეული, ვალდებულია, იმოქმედოს სწორედ უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და არა პოლიტიკური უმცირესობის ჩემი აზრია, ირაციონალური განწყობის მიხედვით. შესაბამისად, აქ ყველაფერი არის დღესავით ნათელი, დემოკრატიაა, დემოკრატიაში ყველას აქვს პროტესტის უფლება, მაგრამ გადაწყვეტილებები მიიღება იმ წესით, რომელიც არის დადგენილი დემოკრატიულ სისტემაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ო'ბრაიენთან დავადასტურეთ ჩვენი სურვილი და მზაობა, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე - პრემიერი

კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, ვიზრუნოთ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის, რაც პირადად დავუდასტურე ო'ბრაიენსაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მტავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, შედგა გულწრფელი საუბარი ყველა საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება საქართველოსა და აშშ-ს ორმხრივ ურთიერთობებს.

ჩვენ გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა ბატონ ო'ბრაიენთან. გაგრძელდა ორ საათნახევარი, როცა ერთიო საათი იყო დაგეგმილი. იყო ძალიან გულწრფელი შეხვედრა. ჩვენ გულწრფელად ვისაუბრეთ ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საქართველოსა და აშშ-ს ორმხრივ ურთიერთობებს. მათ შორის, გვქონდა გულწრფელი საუბარი იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც წარიმართა ჩვენს ქვეყანაში გასული სამი წლის მანძილზე. ჩვენ ავუხსენით, განვუმარტეთ ყველაფერი ბატონ ო'ბრაიენს. ჩვენ ასევე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი სურვილი და მზაობა, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე. ეს არის სურვილი, მთავარია, რომ მეორე მხრიდანაც მივიღოთ სათანადო დამოკიდებულება, სამართლიანი დამოკიდებულება. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. თუ იქნება ასეთი დამოკიდებულება, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად მივაღწევთ წარმატებებს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების გზაზე.

ჩვენ გვქონდა საუბარი მათ შორის უშუალოდ კანონზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ჩვენ განვუმარტეთ ყველა დეტალი ბატონ ო'ბრაიენს, რაც დაკავშირებულია ამ კანონთან. თუ იქნება რაიმე შენიშვნები, ვართ მზად დისკუსიისთვის, ეს მზაობა ბატონ ო'ბრაიენსაც დავუდასტურე. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ძალიან ბევრი რამ გახდა ცხადი ჩვენი პარტნიორისთვის, იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, რაც ხდებოდა ამ ორმხრივ ურთიერთობებში გასული სამი წლის მანძილზე. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის, რაც პირადად დავუდასტურე ო'ბრაიენსაც“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

"ამ კანონის მიღების მიღება ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა" - პრემიერი

დღევანდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ქმნის მტკიცე გარანტიებს საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველსაყოფად და ე.წ. პოლარიზაციის დასაძლევად, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სოციოლოგიური კვლევის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის 80 %-ზე მეტი, ხოლო უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მოსახლეობის 60%-ზე მეტი უჭერს მხარს.

„ეს კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს - უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების მიწე ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციების წარდგენას. შეუძლებელია, გამჭვირვალობის წინააღმდეგი იყოს ვინმე, ვისაც წაკითხული აქვს ეს კანონი და გააზრებული აქვს, რომ გამჭვირვალობა ერთ-ერთი საკვანძო ევროპული ღირებულებაა.

მადლობა მინდა გადავუხადო მმართველი გუნდის თითოეულ წევრს, განსაკუთრებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს საქართველოს ეროვნული ინტერესები ერთგულებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციელებს, რომლებიც მიტინგებზე ძალადობასა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს არსებითად ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით პასუხობდნენ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მომიტინგეებს, თავი შეიკავონ ძალადობისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან, ასევე კიდევ ერთხელ ვთხოვ სამართალდამცველებს, ძალადობასა და შეურაცხყოფას მაქსიმალური მოთმინებით უპასუხონ,“- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად.

„საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული სახელმწიფო. ჩვენ მომავალშიც ვიმოქმედებთ უმაღლესი პასუხისმგებლობით ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე და გავაკეთებთ ყველაფერს საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ ღირსებით და სუვერენიტეტით არის შესაძლებელიც და ფასეულიც, რაც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას ძალიან კარგად აქვს გააზრებული.

მადლობა ქართველ ხალხს, რადგანაც სწორედ ქართველი ხალხის მხარდაჭერამ მოგვცა გასულ წლებში რევოლუციის ორი მცდელობის თავიდან აცილების, მშვიდობის შენარჩუნებისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მირების შესაძლებლობაც, სწორედ, ქართველი ხალხის მხარდაჭერამ მოგვცა. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის მხარდაჭერით ,მომავალშიც დიდ წარმატებებს მივაღწევთ და 2030 წლისთვის საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

თუ ეს კანონი წინ წავა ისე, როგორც ახლაა, იქნება შეზღუდვები - ობრაიენი

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა მედიასთან შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა:

,,ასეთი საკითხების რეგულირებაში საქართველო უნდა იყოს შესაბამისობაში ევროკავშირთან მიმართებაში. აღნიშნული კანონი უნდა იყოს საერთაშორისო ორგანიზაციების წესებთან და სტანდარტებთან თანხვედრაში. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ რომ ეს არის ის გზა რაც ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს და მზად ვართ ამ მისწრაფებას მხარი დავუჭიროთ. შესაბამისად დღევანდელი საუბრების შედეგად თუ მოხდება ამ კანონის ისე შეცვლა, რომ ევროკავშირის სტანდარტებთან მოხდეს დაახლოება, ეს ჩვენს ურთიერთობას უფრო გააძლიერებს. რაც შეეხება კონსპირაციის თეორიებს და გლობალური ომის პარტიას, ჩემი აზრით ეს არის მცდარი და არასწორი აღქმა საერთაშორისო საზოგადოების ერთგულებისა საქართველოს მიმართ. ჩვენ გქონდა საუბრები კანონთან დაკავშირებით და შეხვედრები პრემიერთანაც, ჩვენ გვინდოდა შეხვედრა ივანიშვილთანაც, თუმცა პრემიერმა კობახიძემ განგვიცხადა რომ ის იმყოფება სანქციების ქვეშ. მინდა გითხრათ რომ შეერთებული შტატებისგან ივანიშვილი სანქციების ქვეშ არ იმყოფება. ძალიან სამწუხაროა რომ ეს ნიშნავს იმას რომ პირადი ინტერესი მას, ასეთ გავლენიან ადამიანს დაყენებული აქვს ქვეყნის ინტერესზე მაღლა. 
თუკი გაგრძელდება გამოსვლები მნიშვნელოვანია რომ ეს დემონსტრაციები იყოს მშვიდობიანი და პოლიციაც იყოს მშვიდობიანი და არ იყოს თავდასხმები აქციის წევრების მიმართ, რაც ვრცელდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში. 
თუკი ამერიკის და დასავლეთის წინააღმდეგ მსგავსი რიტორიკა გაგრძელდება ეს იქნება ძალიან სახიფათო ჩვენ მომავალ ურთიერთობებში.  მაგალითისთვის 390 მილიონი დოლარი, რომელიც გამოჰყო ამერიკამ, მათ შორის, სამხედრო დახმარების მიმართულებით , ეს დახმარება კითხვის ქვეშ დადგება თუ მსგავსი დამოკიდებულება იქნება და დარჩება ისე ეს კანონი რომ არ იყოს შესაბამისობაში ევროკავშირთან. იქნება შეზღუდვები გადაადგილებასთან და ფინანსებთან დაკავშირებით. „ 

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ივანე გერკეული თავისუფალია - სუსი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ივანე გერკეული თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს:

„ივანე გერკეულის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“

ქართველო ხალხო, ჩვენ გვესმის თქვენი... - გიტანას ნაუსედა

არავის აქვს უფლება, ჩაახშოს ქართველი ხალხის სურვილი, იცხოვრონ ევროპული ღირებულებებით, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში წერს:

„ძვირფასო ქართველო ხალხო, ჩვენ გვესმის თქვენი და თქვენს გვერდი ვდგავართ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში. არავის აქვს უფლება, წაგართვათ ევროპული ოცნება. არავის აქვს უფლება, ჩაახშოს ქართველი ხალხის სურვილი, იცხოვრონ ევროპული ღირებულებებით“

რუსთაველზე აქციის 13 მონაწილე დააკავეს - შსს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში მესამე მოსმენით განხილვის გაპროტესტების მიზნით, აქციის მონაწილეებმა მიმდინარე წლის 14 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყეს შეკრება საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე.
აქციის პარალელურად, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ადგილზე და იცავდნენ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას.
იმისთვის, რომ დეპუტატებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს საპარლამენტო ორგანოში უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონოდათ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეთავისუფლებინა პარლამენტის შესასვლელები. პარალელურად, აქციის მონაწილეებს, რუსთაველის გამზირსა და ბ. ჭიჭინაძის ქუჩაზე, ჰქონდათ შესაძლებლობა მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი.
პარლამენტში მიმდინარე კენჭისყრის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს, რუსთაველის გამზირზე მდებარე საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში მოწყობილი რკინის დამცავი ღობის მიზანმიმართული დაზიანება და შედეგად მოახერხეს პარლამენტის ტერიტორიაზე შეღწევა. გარდა ამისა, პარლამენტის შენობაზე საღებავებით გააკეთეს სხვადასხვა სახის წარწერები.
შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების პროტესტი, სრულად გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.
მიუხედავად პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული არაერთი გამაფრთხილებელი განცხადებისა, რომ აქცია ჩაეტარებინათ მშვიდ ვითარებაში, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ კანონიერ მოწოდებებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ სამართალდამცველებს, პოლიციის მიმართულებით ისვროდნენ სხვადასხვა ბლაგვ საგანებსა და საღებავებს.
ასევე, სხვადასხვა რკინის კონსტრუქციები განათავსეს საავტომობილო გზაზე.
პარლამენტის შენობაში უნებართვო შეჭრის აღკვეთის და საზოგადოებრივი მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, სამართალდამცველებმა გამოიყენეს, კანონით დადგენილი პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 13 პირი დააკავა.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეების მიერ დაზიანებული დამცავი რკინის ღობე აღდგენილია და აქციის მონაწილეებს აქვთ საშუალება პროტესტი გამოხატონ პარლამენტის მიმდებარე ტეროტორიაზე კანონით დადგენილი წესით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს.
სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

18-24 წლის მოსახლეობის 82%-ის აზრით, რუსული კანონი საჭირო არაა - Edison Research

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, 18-24 წლის მოსახლეობის 82%-ის აზრით, რუსული კანონი საჭირო არაა.

ამავე კვლევის მიხედვით, 18-24 წლის მოსახლეობის 77% ფიქრობს, რომ რუსული კანონი ემსახურება არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციური პარტიების შეზღუდვას. გარდა ამისა, 18-24 წლის მოსახლეობის 89%-ს აზრით, კანონი გააძლიერებს რუსეთის გავლენას საქართველოზე. ამასთან, 18-24 წლის მოსახლეობის 88% ფიქრობს, რომ თუ რუსული კანონი მიიღეს, ეს შეამცირებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს. 

***

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 16-26 აპრილის შუალედში.

პარლამენტის შენობაში 14 მაისის 17:00 საათიდან გაუქმებამდე უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდება

14 მაისს, წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა.

უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოქმედებს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“ საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“ განაცხადეს, რომ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. მათ ბოიკოტი გამოაცხადეს. სხვა დეტალებზე პარტიების წარმომადგენლებს ჟურნალისტებთან არ უსაუბრიათ.

ბოიკოტს არ უერთდება პარტია „გახარია საქართველოსთვის“. მისი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყველა პოლიტიკურ ბერკეტს გამოიყენებენ.

აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს - შსს

საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.
აქციის მონაწილეებმა დააზიანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული დამცავი ჯებირი.
სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ ემორჩილებიან პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.
საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს.