... ... hotnews.ge - პოლიტიკა

განიხილება საკითხები, რომელიც აერთიანებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს - დარჩიაშვილი პრემიერის ანკარაში ვიზიტზე

მთავრობის მეთაურს ექნება შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სადაც იქნება ისეთი საკითხები განხილული, რომელიც აერთიანებს ჩვენი, ორი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ანკარაში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.

 

მინისტრის თქმით, თურქეთი არის სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის და მთავრობის მეთაურის ვიზიტი ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს ძლიერ იმპულსს შესძენს.

 

„თურქეთის რესპუბლიკა არის ჩვენი განსაკუთრებული მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა საქართველოსთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი, მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობები, როგორც ხელისუფლებებს, მთავრობებს შორის, ასევე ჩვენი ხალხთაშორისი ურთიერთობები განსაკუთრებულობით გამოირჩევა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პირველად, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ანკარაში. მთავრობის მეთაურს ექნება შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სადაც იქნება ისეთი საკითხები განხილული, რომელიც აერთიანებს ჩვენი, ორი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი აუცილებლად მოიტანს ძალიან ძლიერ და მყარ იმპულსს,“- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. 

ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს თურქეთის რესპუბლიკის ტრასპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
აბდულქადირ ურალოღლუ და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

დღეს თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უმასპინძლებს. 

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

ისანში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ისნის რაიონის გამგეობა თეოფანე დავითაიას ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის მიხედვით გზის საფარი 3 000 კვ.მ ფართობზე შეიცვლება.

„ისნის რაიონის გამგეობა თეოფანე დავითაიას ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების პირველ ეტაპზე მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის პროცესი. გარდა ამისა, მიწისქვეშ განთავსდება ელექტროსადენები. სამუშაოების დასრულების შემდეგ, გზის საფარი 3 000 კვ.მ ფართობზე შეიცვლება; მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და საფეხმავლო ბილიკები; დამონტაჟდება LED განათების სისტემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ასევე, საჭიროა გზის გარკვეულ მონაკვეთზე საყრდენი კედლის მოწყობა, რათა საფეხმავლო ბილიკზე გადაადგილება უსაფრთხო იყოს.

"მოვისმინეთ მაიკლ როთის სამარცხვინო განცხადება, სადაც ეკლესიას შეეხო ძალიან ცუდად“-ანდრია ჯაღმაიძე

უხერხულობას ქმნის ის იმპერატიული ტონი და ზეწოლა, რომელიც გარედან ისმის - უბრალოდ მოდის დირექტივა, რომელი კანონი მიიღოს სახელმწიფომ, რომელი არა, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთის განცხადება კიდევ ერთხელ შეაფასა და მას სამარცხვინო უწოდა.

"ჩვენ ვუყურებთ უბრალოდ, ამ პროცესის ცოტა არალოგიკურ მიმდინარეობას, როდესაც არ ხდება [კანონის] დეტალური გარჩევა და მსჯელობა. უბრალოდ მოდის დირექტივა, რომელი კანონი მიიღოს სახელმწიფომ, რომელი არ მიიღოს. ასე იყო, როდესაც მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი. ახლა ისმის, რომ არ უნდა მიიღოს სახელმწიფომ ეს. ცოტა იცით, რა ქმნით უხერხულობას? თვითონ კანონის შინაარსს მე არ შევეხები და არც შეფასებას დავიწყებ. უხერხულობას ქმნის ის იმპერატიული ტონი და ზეწოლა, რომელიც გარედან ისმის. გუშინ ჩვენ მოვისმინეთ მაიკლ როთის სამარცხვინო განცხადება, სადაც ეკლესიას შეეხო ძალიან ცუდად, გამიჯნა ახალგაზრდობისგან და ნათელი მომავლისგან და თავად მისი ცხოვრების წესი ვიცით რაც არის," - განაცხადა ჯაღმაიძემ.

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი როსტომ ცხვედიანს პასუხობს.

როგორც წერილში ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი აღნიშნავს, მისთვის ძალიან ღირებულია როგორც როსტომ ცხვედიანის და მისი თაობის, ასევე თითოეული მოქალაქის აზრი. მისივე განცხადებით, დღეს, ამ კანონის არასწორმა ინტერპრეტაციამ გამოიწვია საზოგადოების გახლეჩა, ხოლო ნებისმიერი კონფლიქტი მხოლოდ დიალოგის ფორმატში უნდა წყდებოდეს.

„მოგესალმებით, ბატონო როსტომ, შეუძლებლად ჩავთვალე, უყურადღებოდ დამეტოვებინა თქვენი ემოციური სატელევიზიო მომართვა ჩემ მიმართ. სამწუხაროდ, ვერც მე და ვერც ჩემმა დამ ვერ შევძელით, ჩვენი ბავშვობის მოგონებებში აღგვედგინა თქვენთან ურთიერთობის სცენები, მაგრამ თუნდაც ის ფაქტი, რომ თქვენ იცნობდით ჩემს მამას და ბრძანდებით მისი თაობის წარმომადგენელი, საშუალებას მაძლევს მოგმართოთ.

უდიდეს პატივს მივაგებ თქვენს თაობას! მადლიერების გრძნობით მინდა აღვნიშნო, რომ თქვენმა თაობამ, მიუხედავად ბევრი ქარტეხილისა, შეინარჩუნა ჩვენი საქართველო, ქართული ენა და თვითმყოფადობა! დღეს ეს ჩემი თაობის ვალდებულებაა! თქვენ უკვე ბავშვობიდან იწვნიეთ, თუ რას ნიშნავს ომი და ომში დაღუპული გმირების ხსოვნის ტკივილი! თქვენ ასევე კარგად იგრძენით ომის შემდგომი აღდგენის სიმძიმე და მშვიდობის შენარჩუნების სიძნელეები! ცხოვრების ქარტეხილმა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის გაჩაღებული ბრძოლებიც არ მოგაკლოთ და 2008 წლის ომის ტრაგედიაც გადაგატანინათ!

ამდენი ტკივილის და გამოცდილების მქონე თაობას კი, დამეთანხმებით, გაცილებით მეტი მოეთხოვება, ვიდრე ახალგაზრდა სტუდენტს! ბავშვობიდან კარგად მახსოვს, თუ როგორ ემზადებოდა მამა გეგმური ოპერაციის ჩატარებისთვის. ეს მაგალითი მუდამ თვალწინ მიდგას. სიცოცხლის ბოლომდე ცდილობდა მამა, თავისი ცოდნა გაეღრმავებინა და არ კმაყოფილდებოდა არსებული ცოდნით და გამოცდილებით. ეს თქვენი თაობის უნიკალურობაა: შეისწავლო სიღრმისეულად საკითხი, გააკეთო ანალიზი და მხოლოდ ამის საფუძველზე გამოიტანო დასკვნა!

სწორედ ასეთი შეხედულება მაძლევს საფუძველს, ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ ეს კანონმდებლობა თქვენ არამარტო წაკითხული, არამედ შესწავლილიც გაქვთ! ამიტომ წარმოუდგენლად მიმაჩნია, არ მოგისმინოთ და არ გკითხოთ - გამჭვირვალობის კანონში, კერძოდ რომელი პუნქტი არ მოგწონთ და რატომ? მე მზად ვარ, შეგახვედროთ სპეციალისტებს (თქვენთვის მისაღებ ფორმატში), რომლებთანაც შეძლებთ დისკუსიას და თქვენი შესწორებების შეტანას ან მათი არგუმენტების შემდეგ, აზრის შეცვლას.

ჩემთვის ძალიან ღირებულია თქვენი და თქვენი თაობის, ისევე როგორც თითოეული მოქალაქის აზრი. დღეს, ამ კანონის არასწორმა ინტერპრეტაციამ გამოიწვია საზოგადოების გახლეჩა, ჩემი აზრით კი, ნებისმიერი კონფლიქტი მხოლოდ დიალოგის ფორმატში უნდა წყდებოდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველას სამშობლოს სიყვარული გვამოძრავებს!

მე, პირველ რიგში, ვარ მეუღლე, დედა და ბებია და ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი მოქალაქისათვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იყოს მშვიდობა ქვეყანაში და ისეთ საქართველოში ვიცხოვროთ, სადაც ქალი ქალობს, კაცი კაცობს, დედას დედა ჰქვია და მამას მამა! ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ისეთ საქართველოში, სადაც ჯვარი იქნება არა უბრალოდ მოდის აქსესუარი, არამედ ჩვენი რწმენის უწმინდესი სიმბოლო, ისე, როგორც აქამდე იყო საუკუნეების განმავლობაში!

დღეს, ისევე როგორც 2011 წელს, მე გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს, ვინაიდან ჩემი მეუღლის ინტერესი ყოველთვის სამშობლოს სიყვარულია! ის ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესების, იდენტობის და თვითმყოფადობის დამცველი, ვინაიდან მამული, ენა და სარწმუნოება მისი არა მარტო გენეტიკური კოდი, არამედ სიცოცხლის არსიც არის! ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს მდგრადი, ერთიანი და ძლიერი, ძლიერი ეკონომიკით და თავისუფალი ხალხით. ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყანა იყოს ევროკავშირის წევრი, თავისი თვითმყოფადობითა და ტრადიციული, ქრისტიანული ღირებულებებით. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ისეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სადაც დაცული იქნება ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, გარანტირებული იქნება ჩვენი რწმენის თავისუფლება ყოველგვარი თავსმოხვეული ფსევდოიდეოლოგიებისგან.

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ასეთივე საქართველო გინდათ! კეთილი სურვილებით, მშობლიური სიყვარულით და პატივისცემით, ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი“, - აღნიშნულია წერილში.

როსტომ ცხვედიანმა ეკატერინა ხვედელიძეს „ფორმულას“ ეთერში მიმართა: „მე მჯერა, რომ შენ შენს ოჯახში ხმა გაქვს და სიტყვა გეთქმის. ჩააგდე მანდილი სამოქალაქო დაპირისპირებულ მხარეებს შორის - დღეს საქართველოს ეს სჭირდება ყველაზე მეტად. თუ შენ ოჯახში სიტყვა არ გეთქმის და ამ სიტუაციის განტვირთვისთვის ვერაფერს აკეთებ, მაშინ შუშანიკი გაიხსენე. დღეს საქართველოში ასე დგას საკითხი - სხვა გზა არ გვაქვს. უნდა გადავრჩეთ, გადარჩენისთვის კი შერიგებაა საჭირო“.

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული - 120 ორგანიზაციის განცხადება

120 ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული. ხელმომწერები იზიარებენ საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, რომ ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია და ევროკომისიის განცხადებას, რომლის თანახმად კანონი გაწვეულ უნდა იქნას.

ორგანიზაციები ამბობენ, რომ კანონი აღარ არის მხოლოდ სამართლებრივი ტექსტი, არამედ გადაიქცა ხელისუფლების ხალხზე ძალადობის, დაშინებისა და ქვეყნის ღალატის სიმბოლოდ.

იხილეთ:

"14 მაისს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღეს. საქართველოში პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველა ჩვენი წინაპრისა და თანამემამულისა, ვინც ორასზე მეტი წლის განმავლობაში საქართველოს გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის. მთელი საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაგმობილი კანონპროექტის კანონად ქცევამდე პრეზიდენტის ვეტო რჩება, რომელიც პარლამენტმა არ უნდა დაძლიოს.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ქართველი ხალხი რუსულ კანონებს, ძალადობრივ მმართველობასა და დასავლური სამყაროსგან მოწყვეტას არ მივიღებთ. სრულად ვიზიარებთ საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, რომ ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია და ევროკომისიის განცხადებას, რომლის თანახმად კანონი გაწვეულ უნდა იქნას. კანონი აღარ არის მხოლოდ სამართლებრივი ტექსტი, არამედ გადაიქცა ხელისუფლების ხალხზე ძალადობის, დაშინებისა და ქვეყნის ღალატის სიმბოლოდ. სწორედ ამ ძალადობის და დასავლური ვექტორის შეცვლის შემაკავებელი კანონზომიერი შედეგი იქნება პერსონალური ფინანსური სანქციები, რომელიც მათ და მათი ოჯახის წევრებს დაუწესდებათ, ვინც ქვეყნის კონსტიტუციაზე მაღლა პირადი ინტერესი დააყენა.

ქართველი ხალხის ნება ურყევია. ჩვენი გემი ევროპისკენ დაძრულია. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ - ხელისუფლებამ ეს კანონი უპირობოდ უნდა გაიწვიოს.

კი ევროპას! 

არა რუსულ კანონს!" 

პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უმასპინძლებს.

 

შედგება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

 

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში სახალხო დამცველს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში სახალხო დამცველს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეხვედრაზე, საპროტესტო აქციებზე მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები განიხილეს.

ლევან იოსელიანმა სალომე ზურაბიშვილს საპროტესტო აქციებზე დაკავებულებისა და სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

პორტუგალიის პარლამენტში ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად კენჭისყრა ჩატარდება

რუსული კანონის მიღების შემდეგ პორტუგალიის საკანონმდებელო ორგანოში პარტია "ლიბერალურმა ინიციატივამ" ქართველი ხალხისადმი სოლიდარობის გამოსახატ კენჭისყრის ჩატარების წინადადება წარადგინა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსული კანონის მიღება სამოქალაქო საზოგადოებაზე პირდაპირი თავდასხმაა და გადაწყვეტილება ქვეყნის ევროინტეგრაციას აზიანებს.

პარტიის წარმოდგენილების თქმით, "ცოტა თუ მოელოდა, რომ ორი წლის შემდეგ, ის ქვეყანა, რომელსაც რუსეთი 2008 წელს სასტიკად დაესხა თავს, ისევ კრემლის ორბიტაზე დაბრუნდებოდა".

"საქართველოს მმართველი პარტია, სახელად "ქართული ოცნება", ცდილობს, რომ ევროკავშირში ყოფნის ქართველი ხალხის ოცნება "უცხოეთის აგენტების" კანონპროექტის წინ წაწევით გაყიდოს" აღნიშნული კანონპროექტი სერიოზული თავდასხმაა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, ეჭვქვეშ აყენებს როგორც ქვეყნის გახსნილობას გარე სამყაროსთან მიმართ, ასევე იმ კავშირებს, რომელთა გაღრმავებასაც საქართველო დანარჩენ ევროპის კონტინენტთან ცდილობდა. ლიბერალური ინიციატივა ქართველი ხალხის მხარეზეა მათ ბრძოლაში, იყვნენ ევროპული ოჯახის წევრები, თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შენარჩუნების გარანტიებით", - წერია განცხადებაში.

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა. შესაბამისი დადგენილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 15 მაისს გამოსცა.

 

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ, სისტემაში შემავალ სამსახურებს და მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.

„ეს დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

ეს დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე“, - აღნიშნულია დადგენილებაში.

 

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან - ირაკლი კობახიძე

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მალტის მთავრობის თავმჯდომარესთან, რომლის დროსაც გამოვხატე საქართველოს მზაობა ყველა უწყებრივი მიმართულებით ინტენსიურ და მჭიდრო თანამშრომლობაზე 2024 წელს ეუთო-ში მალტას თავმჯდომარეობის პერიოდში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

ირაკლი კობახიძე ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე მალტის საგარეო, ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ იან ბორჯთან შეხვედრას ეხმაურება.  

„ურთიერთპატივისცემისა და საერთო ევროპული ფასეულობების საფუძველზე, კვლავ დავუდასტურეთ ერთმანეთს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცების იდეისადმი ერთგულება.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე, რაც საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპის საუკეთესო დემოკრატიული პრაქტიკის შესატყვისი იქნება“, - წერს პრემიერ-მინისტრი.

"ჩვენ არასდროს დაგტოვებთ მარტო" - ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების მიმართვა აქციის მონაწილეებს

რუსთაველის გამზირზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები მიმართავენ. 

"სად მივდივართ?" - ჰკითხა აქციის მონაწილეებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ქართულ ენაზე, რაზეც მათ უპასუხეს: "ევროპაში!"

"ჩვენ არასდროს დაგტოვებთ მარტო", - განაცხადა ლანდსბერგისმა. 

"სა-ქართ-ვე-ლო", - აცხადებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

"დღეს მე აქ ვარ, თქვენს გვერდით, იმის სათქმელად, რომ თქვენ არ ხართ მარტო!", - განაცხადა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.