... ... hotnews.ge - პოლიტიკა

მთავრობა კობახიძისა და 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს: ბაიბა ბრაჟეს, მარგუს ცაჰკნას, თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირს და გაბრიელიუს ლანდსბერგისს შეხვდა.

"შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდგომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის მნიშვნელობას.

 აღინიშნა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით და ხაზი გაესვა ამ გზაზე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის როლს. პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველო ლიდერია კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებები თუ ეკონომიკური განვითარების ტემპი, რასაც ევროკავშირმა შესაბამისი ნაბიჯებით უნდა უპასუხოს.

 შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კანონი მიზნად ისახავს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას და ითვალისწინებს ერთადერთ რამეს - არასამთავრობო და შესაბამისი მედიაორგანიზაციების მხრიდან მიღებული დაფინანსების გამჭვირვალობას და ყოველწლიურ დეკლარირებას. პრემიერმა  ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება კვლავაც მზად არის, მოისმინოს საგნობრივი მოსაზრებები კანონთან დაკავშირებით და დისკუსიის შედეგად სამართლებრივი შენიშვნები ვეტოს პროცედურის ფარგლებში ასახოს კანონში." ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"EU-ს შეუძლია სანქციების დაწესება... ვიზალიბერალიზაცია არ იყო ნაჩუქარი" - ესტონეთის საგარეო

"EU-ს შეუძლია სანქციების დაწესება... ვიზალიბერალიზაცია არ იყო ნაჩუქარი", - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა თბილისში, ვიზიტის შემაჯამებელ საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს. 

სანქციები... ჩემი გზავნილია, საქართველოს მთავრობამ არ შეიძლება, რომა სე აიღოს ყველაფერი უპასუხისმგებლოდ, რაც ჩვენ მას მივეცით - იქნება ეს ვიზალიბერალიზაცია თუ სხვა... სულ უფრო უარესდება სიტუაცია. ევროპულ კავშირს შეუძლია სანქციების დაწესება, შეუძლია დააწესოს ერთობლივი სანქციები, მაგრამ ჩვენ გვყავს წევრი ქვეყნები და ჩემი გზავნილი იყო ძალიან მკაფიო - ვიზალიბერალიზაცია არ იყო ნაჩუქარი, ჩვენ გვქონდა შეთანხმება ამაზე და საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულებები და ეს კანონი არის აბსოლუტურად საწინააღმდეგო იმისა, რაზეც იყო მოლაპარაკება. და ეს არ არის გზა ევროკავშირისკენ და როგორც ჩემმა კოლეგამ თქვა, ეს არის გზა სულ სხვა მიმართულებით და ჩვენი გზავნილი ძალიან მკაფიოა, პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას, - ამბობს მარგუს ცაჰკნა

"გზავნილი რომელსაც ჩავიტანთ ევროკავშირში არის, რომ საქართველო არ დაადგა სწორ გზას" - მარგუს ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა, თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ რუსული კანონი არის წარსულის სიმბოლო. მისივე თქმით, ევროკავშირში ჩაიტანენ გზავნილს, რომ საქართველო არ დაადგა სწორ გზას, რაც ქართველი ხალხის მიმართ უსამართლობაა:

"შეხვედრები რომლებიც გვქონდა დღეს, მნიშვნელოვანი იყო, რომ გაგვეგო რა მიმართულებით ფიქრობს მთავრობა, ასევე ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციების გაცნობა. ჩვენი გზავნილი  იყო აბსოლუტურად ნათელი - საქართველოს ხალხს აქვს გადაწყვეტილი, რომ უნდა წავიდეს ევროკავშირისკენ და თქვენ გაქვთ ორი არჩევანი ეს არის ევროპისკენ, ან რუსეთისკენ, სხვა არჩევანი არ არის და ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ევროკავშირმა ბევრი ნაბიჯი გადადგა ისეთი როგორიც არის სტატუსის მინიჭება, ვიზალიბერალიზაცია და საქართველოს მთავრობამ ასევე მოგვცა პირობა, რომ ამ გზით იმოძრავებს, თუმცა ეს კანონი არის სიმბოლო წარსულის და ეს სიმბოლო არ არის მიმართული ევროკავშირისკენ და გზავნილი რომელსაც ჩავიტანთ ევროკავშირში არის, რომ საქართველო არ დაადგა სწორ გზას და ეს არ არის სამართლიანი საქართველოს ხალხის მიმართ " განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ სასტიკ და უგუნურ თავდასხმას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე - პრემიერი

ჩვენ მკაცრად ვგმობთ სასტიკ და უგუნურ თავდასხმას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

„ჩვენი აზრებით ვართ მასთან და სლოვაკეთის ხალხთან ამ რთულ პერიოდში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ცეცხლი გაუხსნეს, ის ჰოსპიტალში არის გადაყვანილი. ინციდენტი ბრატისლავიდან 180 კილომეტრში, ქალაქ ჰანდლოვაში, სამთავრობო შეხვედრის შემდეგ მოხდა.

რობერტ ფიცოზე თავდამსხმელი დაკავებულია.

ირაკლი კობახიძე ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, მალტის საგარეო, ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, იან ბორჯს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, მალტის საგარეო, ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, იან ბორჯს შეხვდა.
 
მთავრობის მეთაურმა ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და კიდევ ერთხელ დაადასტურა ეუთოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა მალტის თავმჯდომარეობის პერიოდში.
საუბარი შეეხო მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის პრიორიტეტია გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და მზადაა, ამჯერადაც შეუწყოს ხელი საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის ეუთოს ინსტიტუტების წარმომადგენელთა, ფართო ჩართულობას.
 
შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო მალტასთან ორმხრივ ურთიერთობებს. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მალტის მხარეს ეუთოს სხვადასხვა ფორმატში საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შალ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამ დროისთვის დეტალები უცნობია.

პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეუთო-ს თავმჯდომარეს, მალტის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს და წერს, რომ შეხვედრაზე რუსულ კანონზე, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე იმსჯელეს. 

"შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს და  “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონს. საქართველოს პრეზიდენტმა ევროინტეგრაციასთან მიმართებით ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის ურყევ არჩევანს და აღნიშნა, რომ ბოლომდე დაიცავს ქართული საზოგადოების უმრავლესობის ამ არჩევანს. 

შეხვედრისას ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის გზაზე ინსტიტუციური რეფორმების კუთხით, როგორც საერთაშორისო ინსტიტუტების, ისე ევროპული ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას. 

საუბარი ასევე შეეხო 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობას. ამ კუთხით, ხაზი გაესვა გრძელვადიანი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების მოვლინების აუცილებლობას. 

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება, ადამიანის უფლებების მუდმივი და უხეში დარღვევა. 

საუბარი ასევე შეეხო რეგიონული უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებს", - წერია განცხადებაში.

პარლამენტის მიმართულებით სტუდენტების მსვლელობა მიმდინარეობს

თსუ-ს პირველი კორპუსიდან პარლამენტის შენობისკენ სტუდენტების მსვლელობა იმართება. ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე მივლენ და აქციას გამართავენ - "არა რუსულ კანონს", "არა რუსულ მთავრობას", "წინ ევროპისკენ" - სკანდირებენ სტუდენტები.

მსვლელობის დაწყებამდე სტუდენტებმა საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულეს.

"არ მიიღოთ კანონი, უამრავ მიუსაფარ ცხოველს დახმარების გარეშე დატოვებს"- ცხოველთა დამცველები

ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ ქართულ ოცნებას, არ მიიღონ საბოლოოდ რუსული კანონი.

გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობა მათ ფინანსურად არ ეხმარება, ამიტომ ისინი დამოკიდებულები არიან მცირე საერთაშორისო გრანტებზე.

ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ კანონის მიღების შემდეგ მათ საქმიანობის შეწყვეტა მოუწევთ. განცხადებაში ასევე ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ ორგანიზაციების ფინანსები სრულად გამჭვირვალეა.

"ჩვენ, ხელისმომწერი არაკომერციული ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციები საქართველოში, მთავრობას მოვუწოდებთ, ძალაში არ მიიღონ კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" (რომელსაც „რუსულ კანონად" მოიხსენიებენ). ჩვენ, ასევე, მოვითხოვთ გამჭვირვალობას ყველა მუნიციპალური თუ ეროვნული სახელმწიფო ინსტიტუტისგან, რომელიც ამ სექტორში მუშაობს.

ბოლო ოცი წელია, ვერცერთმა მთავრობამ ვერ შექმნა ჰუმანური და ეფექტური პროგრამები ქვეყანაში მიუსაფარ ცხოველთა უზარმაზარ პოპულაციასთან გასამკლავებლად.
მთავრობის მუდმივი მარცხის ფონზე ჩვენ, არაკომერციული ორგანიზაციები, დაუღალავად ვშრომობთ, რომ შევამსუბუქოთ ქუჩაში მცხოვრები ცხოველების ტანჯვა.
ჩვენ არ ვიღებთ მხარდაჭერას მთავრობისგან. საქართველოში ძალიან რთულია ჩვენი საქმისთვის დაფინანსების სხვა წყაროების მოპოვება. ამიტომ, დამოკიდებული ვართ უცხო ქვეყნების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებზე და მცირე საერთაშორისო გრანტებზე.
ჩვენთვის მიუღებელია, რომ ამის გამო უნდა დაგვესვას უცხოური გავლენი აგენტის დაღი.
რასაც არ უნდა გვიმტკიცებდეს სამთავრობო პროპაგანდა, არაკომერციული ორგანიზაციების სექტორი გამჭვირვალეა. როგორც სხვა ნებისმიერი ორგანიზაცია, ეს ორგანიზაციებიც ვალდებული არიან, შეავსონ ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციები და შემოსავლების სამსახურის შესაბამის საიტებზე აღრიცხონ საკუთარი ხარჯი და შემოსავალი.
ჩვენ, ასევე, ვიხდით დიდი ოდენობით გადასახადებს ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სექტორი. კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ამ ყველაფერს არ ცვლის. ის გამჭვირვალობას არ აუმჯობესებს. სანაცვლოდ, ეს კანონი ორგანიზაციებს დააკისრებს იმხელა ადმინისტრაციულ ხარჯს, რომ მოგვიწევს, შევწყვიტოთ მუშაობა.
ამის საპირისპიროდ, ჩვენს სფეროში გაუმჭვირვალობის პრობლემა უკავშირდება სამთავრობო სექტორს. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რამდენს და როგორ ხარჯავენ მუნიციპალური პროგრამები მიუსაფარ ცხოველთა პრობლემის ჰუმანურად გადაჭრაში. ეს პროგრამები არაეფექტურია, ამასობაში კი დიდი ოდენობით იხარჯება გადასახადის გადამხდელთა ფული.
გამჭვირვალე არაა, თუ ვინ, როგორ და რა რეგულაციებით მართავს რამდენიმე მუნიციპალურ თავშესაფარს, სადაც ცხოველები არ იღებენ საბაზისო საჭიროებებს, საკვებსა და ვეტერინარულ დახმარებას.
ეს ორმაგი სტანდარტი მხოლოდ ჩვენს სექტორში არ არის. იგივე მდგომარეობაა ონკოპაციენტებზე, შშმ პირებზე, ოჯახური ძალადობის მსხვერპლებსა თუ უსახლკარო ადამიანებზე მზრუნველ ორგანიზაციებშიც. დღეს ეს ორგანიზაციები გასცემენ სერვისებს, რომლებსაც ვერ უზრუნველყოფს მთავრობა.
ჩვენ ვმუშაობთ პრობლემებზე, რომლებიც მთავრობის სისტემატიური კრახის შედეგად ჩნდება. ჩვენ ვემსახურებით საქართველოს მოსახლეობას, ამ კანონით კი მთავრობა უცხოური გავლენის აგენტებად გვაცხადებს.
შემაშფოთებელია, რომ დაკისრებული საქმის შესრულებისა და ამ უმნიშვნელოვანესი სოციალური პრობლემების გადაჭრის ნაცვლად მთავრობა თავს ესხმის და დაღს ასვამს ორგანიზაციებს, რომლებიც ზრუნავენ ქვეყნის მოსახლეობაზე.
სოლიდარობას ვუცხადებთ სხვა არაკომერციულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც მთავრობა განუწყვეტლივ უტევს. მოვუწოდებთ თითოეულ ცხოველმოყვარულს, აიმაღლოს ხმა კანონის წინაშე, რომელიც არამხოლოდ ამორალურია, არამედ შეუძლებელს გახდის ჩვენს მუშაობას და უამრავ მიუსაფარ ცხოველს დახმარების გარეშე დატოვებს. მოვუწოდებთ ქალბატონ პრეზიდენტს, დაადოს ვეტო რუსულ კანონს. დამოვუწოდებთ მთავრობას, არ დაძლიოს ვეტო"- ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები:

Dog Organization Georgia (დოგ ორგანიზეიშენ გეორგია)

Animal Project (პროექტი ცხოველებისთვის)

Peteasy (ფეთიზი)

ფისომოყვარულთა კლუბი

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი

უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება

მიუსაფარ ცხოველთა კლუბი

ცხოველთა უფლებების კომიტეტი

Animal Rescue Georgia (ენიმალ რესქიუ ჯორჯია)

ერთად მიუსაფარი ცხოველებისთვის

"სერიოზული ხალხი არ იყენებს ისეთ იარლიყებს, როგორიც რუსული კანონია" - შალვა პაპუაშვილი

სერიოზული ხალხი არ იყენებს ისეთ იარლიყებს, როგორიც რუსული კანონია. ვინც იყენებს, ჩავთვალოთ, რომ არასერიოზული ხალხია, რადგან საკითხის მიმართ იარლიყებით მსჯელობა არაევროპული და არადასავლური მიდგომაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, ის კანონში ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობდა, თუმცა „რუსულ კანონად“ არ მოუხსენიებია.

„კონსტრუქციული და საინტერესო, ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა ო’ბრაიენთან. მიხარია, რომ მან რამდენიმე საკითხი ახსენა, რომელზეც გვქონდა საუბარი. ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ინტერესის საკითხია საქართველოსთვის უცხოური გავლენის გამჭვირვალობა. ამ მხრივ ვთანხმდებით, რომ ყველა ქვეყანას, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, სხვა ქვეყნებს, ასევე საქართველოს ეროვნული ინტერესის საკითხია უცხოური გავლენის გამჭვირვალობა საზოგადოებისთვის. მოხარული ვარ, რომ ეს ბრიფინგზეც ახსენა, ხაზი გაუსვა და აღიარებულია. ამავე დროს, საუბარი გვქონდა, მათ შორის ამერიკული დაფინანსების მიმართ ჩვენს კითხვებთან დაკავშირებით, რაზეც საჯაროდ ვსაუბრობთ, ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდის დაფინანსებებზე. აქაც სხვადასხვა აქტორთან გვაქვს თანხმობა, რომ დაფინანსება ნამდვილად არის ნაწილობრივ გაუმჭვირვალე და ზოგიერთ პროექტთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნებია. ამიტომ, ჩვენი წუხილი გავაცანით საკითხთან დაკავშირებით. თავისთავად, ეს კანონი ეხება ბევრ საკითხს. რთულ რეგიონში ვართ და ეს ეხება გავლენას სხვადასხვა მხრიდან, იქნება ეს რუსეთი თუ სხვა მიმართულებები, თუმცა ვინაიდან, ამ შემთხვევაში, დასავლელი პარტნიორები გამოთქვამენ წუხილს, მათთან ვსაუბრობთ და მაგალითებითაც ვესაუბრებით, სად ვხედავთ მათი სივრციდან წამოსულ გამოწვევებს, რომ არის ფონდები, რომლებიც საქართველოში არაგამჭვირვალედ იხარჯება. არაერთხელ მითქვამს, ერთი წელი დავხარჯე შარშან, რომ დამერწმუნებინა ეს ფონდები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საელჩოები, თავად უზრუნველყოთ გამჭვირვალობა. სამწუხაროდ, შედეგს ვერ მივაღწიე, მათ შორის ამერიკულ ფონდებთან დაკავშირებით. ამიტომ, კანონმდებლის ვალდებულებაა, ქართველი ხალხის სახელით მოაწესრიგოს ეს საკითხი, რომელზეც გუშინ ო’ბრაიენმაც აღნიშნა, რომ ეროვნული ინტერესის საკითხებია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას აშორებს - NATO-ს პრესსპიკერი "რუსულ კანონზე"

ნატო-ს პრესსპიკერი, ფარა დახლალა განცხადებას ავრცელებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და წერს, რომ "რუსული კანონის" მიღება კიდევ უფრო აშორებს ქვეყანას ევროატლანტიკურ ინტეგრაციისგან.

"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ე.წ „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მიღების შესახებ არის არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი და საქართველოს უფრო აშორებს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას", - წერს ის სოციალურ ქსელში.

დღეს დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი, უთუოდ გავიმარჯვებთ - ზურაბიშვილი

დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი, ამისთვის მე ასევე გავაცანი ჩვენს მეგობრებს ჩვენი სამომავლო გეგმები - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

 

"მე არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც არის დღეს ამ ქვეყანაში და რომელსაც სჭირდება რომ გზა გაეხსნას. მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი და არა გზიდან გადასვლის ერთ-ერთი ფორმა. ეს გზავნილი იქნება მიტანილი ჩვენი მეგობრებისგან ყველგან სადაც საჭიროა, რომ არავინ არ იფიქროს, რომ შეიძლება გამოიყენო საქართველოს პრეზიდენტი იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას რაღაც სახე გადავურჩინო.

დღეს ეს საკითხი არ დგას, დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი, ამისთვის მე ასევე გავაცანი ჩვენს მეგობრებს ჩვენი სამომავლო გეგმები, როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზეც ვმუშაობ რამდენიმე კვირაა და რომელიც ჩამოყალიბებულია და რომელსაც ოფიციალურად წარვუდგენ ჩვენს მოსახლეობას. მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს არის ის გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რომელიც საქართველოს მიიყვანს არჩევნებამდე ერთობით და მობილიზებულად და რომელიც ამ არჩევნებით დააბრუნებს თავის გზაზე საქართველოს.

ჩვენი უახლოესი მომავალი არის მობილიზაცია არჩევნებისთვის, მშვიდობიანი გზისთვის, სადაც ჩვენ ყველანი ერთად უთუოდ გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ გავიყვანოთ საქართველო სამშვიდობოზე და ევროპულ გზაზე", - თქვა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.