... ... hotnews.ge - პოლიტიკა

გერმანიაში პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

გერმანიაში პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ირაკლი კობახიძეს ფედერალურ კანცელარიაში გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი დახვდა.

დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ოლაფ შოლცი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს და გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბერბელ ბასს.

"ალა ლუსულ კანონს" წულუკიანი სტენსილის ავტორებს ირონიით პასუხობს

"ათეიზმის ეს ფორმა საინტერესო მგონია. ამის დამწერმა ავტორებმა ღამე რატომ გატეხეთ, დღის შუქზე გააკეთეთ რაღა. ტარაკანა ხომ არა ხარ, ოხერი. ალა ლუსულ კანონს".

წერს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი და სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტენსილის ფოტოს, რომელზეც წერია - "თეა კულტურა შენი სპორტი არ არის!"

"რადიკალებმა ვერ მოიტანეს ერთი არგუმენტიც, რატომ არის გამჭვირვალობის კანონპროექტი რუსული" - კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხელოვანების გარკვეული ნაწილი, რომელიც ღიად ეწინააღმდეგება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, ე.წ. რადიკალების მიერ ბულინგს განიცდის. ამის შესახებ მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კალაძის განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თავიანთ პოზიციას ვერანაირი არგუმენტით ვერ ამყარებენ.

„თქვენ არ იცით, როგორი ბულინგი მიმდინარეობს ამ ადამიანების. როგორ ფიქრობთ, დოიაშვილი ბედნიერია იმით, რაც თქვა? დარწმუნებული ვარ, ამას წინ უძღოდა უდიდესი ბულინგი. რადიკალებმა ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოიტანეს ერთი არგუმენტიც, რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი რუსული. მოსახლეობის უმრავლესობა კარგად ხვდება, რასთან გვაქვს საქმე, რა ზეწოლაა, რა შემოტევებია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ე.წ. რადიკალები ვერ მიუთითებენ ხელისუფლებას როდის, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

„ჩვენ დავიცავთ ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს, ინტერესებს. არავის მიეცემა უფლება, რომ მითითებები მოგვცენ, რა გადაწყვეტილები უნდა მივიღოთ. არ მოგწონთ ეს კანონი? მოდით ხელისუფლებაში. დღეს ხართ უმცირესობაში და ასე იქნება დიდი ხანი, რადგან არ მოქმედებთ საქართველოს ინტერესებით. საზოგადოება თუ გაანალიზებს იმ ქმედებებს, განცხადებებს მეორე ფრონტთან, სანქციებთან დაკავშირებით, ეს რომ ასე მომხდარიყო, ერთი ტყვიაც რომ გავარდნილიყო ქვეყანაში, სად ვიქნებოდით დღეს? შეიძლება, სახელმწიფოებრიობა დაგვეკარგა. სწორედ ამის სურვილი ჰქონდათ რადიკალებს, რისი შესაძლებლობაც არ მივეცით, შედეგად მივიღეთ უამრავი შეურაცხყოფა ჩვენი და ჩვენი ოჯახების მისამართით, მაგრამ უპირველეს ყოვლის ადგილზე დგას სამშობლო და ქართველი ხალხი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

"ცქნაფა", "ეშხა", "შრამიანი" "შოკი" - შსს-მ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი პირები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ქარელსა და გორში, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს.

ხოლო, 5 პირს: წარსულში ნასამართლევ 1986 წელს დაბადებულ ვ.ჩ.-ს (მეტსახელად „ცქნაფა“) და საზღვარგარეთ მყოფ 4 „კანონიერი ქურდს“: 1961 წელს დაბადებულ არიკი მიხაელს (მეტსახელად „იზიკი“); 1981 წელს დაბადებულ ილია გაგლოევს (მეტსახელად „ილო კალინინგრადსკი“); 1974 წელს დაბადებულ პაატა ვაშაკიძეს (მეტსახელად „ეშხა“) და 1982 წელს დაბადებულ მალხაზ დარჩიევს (მეტსახელად „მახო“) ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულები არიან: 2000 წელს დაბადებული გ.ჭ.; 1972 წელს დაბადებული ზ.გ. (მეტსახელად „ბახა“) და წარსულში ნასამართლევი პირები: 1981 წელს დაბადებული დ.ღ. (მეტსახელად „შრამიანი“); 1981 წელს დაბადებული მ.ბ.; 1995 წელს დაბადებული გ.კ.; 1978 წელს დაბადებული ზ.დ. და 1995 წელს დაბადებული დ.ი. (მეტსახელად „შოკი“).

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ „ქურდული“ სამყაროს წევრებს მიმართა და ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ კონფლიქტის მოგვარება სთხოვა. „ქურდული სამყაროს“ წევრებმა თავის მხრივ საქმეში „კანონიერი ქურდები“ ჩართეს.

აღნიშნული კონფლიქტის მოგვარებისთვის მიღებული თანხა მათ პირადად მოიხმარეს და არ გადაუციათ „კანონიერი ქურდებისთვის“, კერძოდ ილია გაგლოევისთვის მეტსახელად „ილო კალინინგრადსკი“ და პაატა ვაშაკიძისთვის, მეტსახელად „ეშხა“.

„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებისთვის მითვისებული თანხის შესახებ ცნობილი გახდა „კანონიერი ქურდებისთვის“ და ამ ქმედების განხილვისთვის „ქურდული“ გარჩევა მოეწყო. საქმეში ასევე, ჩაერთო „კანონიერი ქურდები“ - არიკი მიხაელი, მეტსახელად „იზიკი“ და მალხაზ დარჩიევი, მეტსახელად „მახო“.

ამავე, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულია 1995 წელს დაბადებული დ.ი. (მეტსახელად „შოკი“), რომელიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდის“ სახელით მოქმედებდა და მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ, განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აიძულებდა.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ, ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

"პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იქნება საქართველოსადმი გერმანიის მხარდაჭერის გაძლიერების და განმტკიცების შესაძლებლობა" - ლევან იზორია

ნიშანდობლივია ევროპაში ბრიუსელის შემდეგ  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბერლინში, რომლის ფარგლებში ის შეხვდება თავის კოლეგას, ბატონ კანცლერს, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ლევან იზორიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებს ახალ იმპულსს შესძენს. 

“კანცლერის ოფისში პრემიერს მიიღებენ სამხედრო პატივით, ასევე საქართველოს მთავრობის მეთაურს შესაძლებლობა ექნება, შეხვდეს ფედერალურ პრეზიდენტს და ბუნდესტაგის პრეზიდენტს. გერმანია ბოლო წლებში ჩამოყალიბდა, როგორც საქართველოს მხარდამჭერი ლიდერი ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ეს ვიზიტი იქნება ამ მხარდაჭერის გაძლიერების და განმტკიცების დამატებითი შესაძლებლობა. მთავარი თემები ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული რეფორმებისა და იმ 9 პრიორიტეტის განხილვა იქნება, რომელიც წარმატებით სრულდება. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტის ფარგლებში ასევე დამატებითი იმპულსები შეიქმნება ორმხრივი ურთიერობების განსამტკიცებლად, მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობის თვალსაზრისით. ჩვენ მომავალ კვირას გვექნება ასევე საქართველო-გერმანიის ეკონომიკური ფორუმი, ასე რომ თანამშრომლობის ფართო სპექტრი იქნება განხილული როგორც გეოსტრატეგიული კუთხით, ისე საერთო გამოწვევების კუთხით რეგიონში. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა გააქტიურდა ასევე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ჩვენი თანამონაწილეობა, როგორც ლიდერი ქვეყნის, რომელსაც სურს, გახდეს ღირსეული წევრი ევროპული გაერთიანებისა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ველოდებით ამ ურთიერთობების ახალ, მაღალ საფეხურზე აყვანას,“- განაცხადა ლევან იზორიამ.

ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე სოფელ ხურვალეთის მიდამოებში პატრულირებისას უმასპინძლა ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტს (PSC). პატრულირებისას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს მიაწოდეს ინფორმაცია უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით მდგომარეობის შესახებ. უფრო კონკრეტულად, მათ განმარტეს, თუ რა უარყოფითი გავლენა აქვს "ბორდერიზაციას" და გადაადგილების თავისუფლებაზე შეზღუდვებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე.

„ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი ხაზს უსვამს ევროკავშირის მტკიცე ერთგულებას საქართველოში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიმართ. ღრმად მადლობელი ვარ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 300-ზე მეტი თანამშრომლისაგან შემდგარი გუნდის ხელმძღვანელობის პატივისთვის. ჩვენ ერთად ვცდილობთ უზრუნველვყოთ საომარი ქმედებების განუახლებლობა და ხელი შევუწყოთ დაყოფილ თემებს შორის ნდობის აღდგენას.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩების დელეგაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოში უსაფრთხოების ვითარების პირადად ნახვას, რადგან ეს მათ უშუალოდ აძლევს შესაძლებლობას ადგილზე არსებულ გამოწვევებსა და სირთულეებს გაეცნონ. ეს უმნიშვნელოვანესს როლს ითამაშებს რეგიონში სტაბილურობასა და მშვიდობის ძალისხმევების მხარდამჭერი ევროკავშირის გადაწყვეტილებების შემუშავებისას” განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ბეტინა პატრისია ბუგანიმ.

ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტი შედგება ბრიუსელში მოღვაწე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებისგან. ის უზრუნველყოფს იმ სფეროების სტრატეგიულ ხელმძღვანელობას, რომელსაც მოიცავს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა (CFSP) და საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა (CSDP), და ასევე ამზადებს ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებებს.

 

"ერთი წელი ჰქონდათ, გაესაჯაროებინათ, რაში ხარჯავენ ფულს, ეს არ გააკეთეს..." - შალვა პაპუაშვილი

უპირველეს ყოვლისა, რაც არ პასუხობს დემოკრატიულ ღირებულებებს, ეს არის ფულის ფარული ხარჯვა სხვა ქვეყანაში. სამწუხაროდ, ამას აკეთებს ზოგიერთი ევროპული და ამერიკული ფონდი, მე პირადად ერთი წელი გავატარე იმაში, რომ დონორები და დიპლომატიური წარმომადგენლები დამერწმუნებინა, როდესაც ფული იხარჯება მათი მხრიდან საქართველოში, ეს ფული იყოს გამჭვირვალე ჩვენი მოსახლეობისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაში იხარჯება უცხოური დაფინანსებები.

„ეს ფული არის ფარული. შემდგომ შემთხვევით ირკვევა, რომ თანხა მიდის პარტიების სალაროებში, რადიკალურ ჯგუფებში. ამიტომ ახლა კითხვები უნდა მიემართებოდეს არა საქართველოს და მისი ხალხის მიმართ, არამედ ქართველ ხალხს გვაქვს კითხვები ევროპულ და ამერიკულ ფონდებთან დაკავშირებით, რატომ მალავენ ამ დაფინანსებას? ყველაზე კარგად თავად იციან, რომ ეს დაფინანსებები არის დამალული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ერთი წელი ჰქონდათ დრო, რომ შესაბამის პირებს გაესაჯაროებინათ, რაში იხარჯებოდა უცხოური ფული, თუმცა ეს არ გაუკეთებიათ.

„რაც შეეხება საკითხის გადაწყვეტას, ადრეც ვთქვი, რომ არის ასეთი ძველი რომაული გამონათქვამი, ის, რაც შეეფერება იუპიტერს, არ შეეფერება ხარს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთს საკუთარი თავი იუპიტერი ჰგონია და ქართველი ხალხი – ხარი. ეს არის სწორედ არაევროპული მიდგომა საკითხების მიმართ, როდესაც, ერთი მხრივ, ზოგიერთი ევროპული და ამერიკული ფონდი მოქმედებს სპეცსამსახურების მეთოდებით საქართველოში და იატაკქვეშა ღონისძიებების სახით აფინანსებს პარტიებს, რადიკალურ ჯგუფებს. კანონმდებელია ვალდებული, რომ ქართველი ხალხისთვის გამჭვირვალე გახადოს ეს ყველაფერი. გვესმის გარკვეული წუხილები და კრიტიკა. ერთი წელი ჰქონდათ დრო, რომ გაესაჯაროებინათ, რაში ხარჯავენ ფულს საქართველოში. არ გააკეთეს ეს თვითონ, ამიტომ ქართველ ხალხს აქვს უფლება, რომ კანონმდებლობით დაარეგულიროს საკითხი და მიიღოს ინფორმაცია, რაში იხარჯება ეს ფული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ხელოვნება ყოველთვის იქნება თავისუფალი და საქართველო ყოველთვის იქნება ევროპული - ზურაბიშვილი

თბილისი ყოველთვის იქნება თავისუფალი, ხელოვნება ყოველთვის იქნება თავისუფალი, საქართველო ყოველთვის ევროპული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, არ არსებობს ხელოვნება და კულტურა იქ, სადაც თავისუფლება არ არის.

„ვიტყოდი, რომ დღევანდელი საქართველოსთვის ეს თავისუფლების ნიავი, რომელიც აქ სუფევს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. კულტურა არის სხვა არაფერი, თუ არა დიდი თავისუფლება. არ არსებობს ხელოვნება, კულტურა იქ, სადაც თავისუფლება არ არსებობს.

მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, დღევანდელი თავისუფლება და მე ვიცი, რომ თბილისი ყოველთვის იქნება მასპინძელი ასეთი არაჩვეულებრივი ღონისძიებების. იმიტომ, რომ თბილისი ყოველთვის იქნება თავისუფალი, ხელოვნება ყოველთვის იქნება თავისუფალი და საქართველო ყოველთვის იქნება ევროპული”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარეობისა და კომისიის წევრობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი დაიწყო

პარლამენტში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და კომისიის წევრობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი დაიწყო.

კომისიის წევრები 5 წარდგენილ კანდიდატს გაესაუბრებიან. ცნობილია, რომ კომისიის 9 წევრიდან ორმა, რომლებიც არასამთავრობო სექტორს წარმომადგენდნენ, პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

მიზეზად გამჭვირვალობის კანონი დაასახელეს, მათ სოლიდარობა გამოუცხადა სალომე ზურაბიშვილმაც, რის გამოც კომისია მისივე წარმომადგენელმაც დატოვა.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტი ცესკოს წინააღმდეგ საბოტაჟს განაგრძობს.

„ეს არის უპასუხისმგებლობა და საბოტაჟი ცესკოს წინააღმდეგ“ - მდინარაძე პრეზიდენტის წარმომადგენლის გადაწყვეტილებაზე

ეს არის უპასუხისმგებლობა და საბოტაჟი ცესკოს წინააღმდეგ, - განაცხადა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენლის მიერ მონაწილეობის შეჩერების შესახებ.

„ეს არის უპასუხისმგებლობა და საბოტაჟი ცესკოს წინააღმდეგ. კომისიაში პროფესიული ნიშნით არიან შერჩეულნი, იქ არიან პროფესორები, დოქტორები სამართლის და სხვა სფეროების. ამ ადამიანებმა რატომ არ დატოვეს კომისია? კანონის კითხვა არ იციან? სალომე ზურაბიშვილმა და მისმა წარმომადგენელმა იციან კანონის კითხვა და სხვამ არ იცის? ეს მხოლოდ მიზეზია, რეალურად კი ეს არის საბოტაჟი, მეტი არაფერი. ეს არის იმის ლუსტრაცია, ცესკოს ლეგიტიმაციის თემაზე რა კითხვაც უნდა დასვან და რაც უნდა იყოს ეს სიცრუის ნარატივის გაგრძელება, რასაც ცესკოსთან დაკავშირებით იკადრებენ და რაც უნდა ეკადრებინათ “შავი ფულით” მათ შორის, რის გარკვეულ პრევენციასაც ვახდენთ ამით. მათ შორის, პრეზიდენტის წარმომადგენელიც თუ ტოვებს კომისიას, ეს არის ლუსტრაცია იმისა, რომ ცესკოს საბოტაჟით არიან დაკავებულები”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ლევან შენგელიამ საკუთარი მონაწილეობა შეაჩერა. შენგელიას განმარტებით, ეს გადაწყვეტილება სოლიდარობის ნიშანია იმ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი წევრების მიმართ, რომლებმაც გუშინდელ სხდომაზე განაცხადეს, რომ სამუშაო პროცესში, როგორც კომისიის წევრები, მუშაობას შეაჩერებდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა. 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობას, ასევე, პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების საკითხებს. 
ხაზი გაესვა გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვან წვლილს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. 
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე, რეგიონში და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების საკითხებსა და გამოწვევებზე.

"საქართველო ვერ იცხოვრებს პუტინის კანონებით!" - 15 აპრილს სტუდენტები პარლამენტთან აქციას გამართავენ

15 აპრილს, პარლამენტთან ჩანიშნულ აქციას რუსული კანონის წინააღმდეგ მსვლელობით სტუტენდები შეუერთდებიან. აქციის ორგანიზატორია სტუდენტური მოძრაობა თავისუფლებისთვის.  ორშაბათს, 15 აპრილს, პარლამენტში ქართული ოცნების რუსული კანონის განხილვის პარალელურად, 10 საათზე აქცია დაანონსდა.

როგორც ორგანიზტორები აცხადებენ, მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან, 12:00 საათზე დაიწყება.

"ხელისუფლების ავტოკრატიული ვნებებით გაცხადებული პოლიტიკა - საქართველოს ევროპული მომავლის განეიტრალება და ქვეყნის სრული რუსეთიზაცია, ფინალურ ფაზაში შედის. მოქალაქეების შეურაცხყოფის, მოტყუების, დამცირებისა და გადაგდების შედეგად 1 წლის თავზე ისევ უკან აბრუნებენ რუსულ კანონს, რომლის რეალური მიზანიც თავისუფალი საზოგადოების ტოტალური კონტროლი, მათი სტიგმატიზაცია და გაჩუმებაა, თავისუფალი ხმის ჩახშობა, დასავლეთის მტრულ ძალად შერაცხვა, რომელიც თითქოს საქართველოში ქვეყნისთვის საფრთხისშემცველ საქმიანობას აფინანსებს.

ცივილიზებული სამყაროსგან წამოსული არაერთი მკაცრი მოწოდების მიუხედავად, რეჟიმი შარშანდლისგან განსხვავებით, ზრახვების იმპლემენტაციით იმუქრება. ერთადერთი, ვინც ეს ქმედება ჯერ-ჯერობით შეაქო, პუტინის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვია.

ყველა საღად მოაზროვნე, თავმოყვარე და პასუხისმგებლიანი მოქალაქე იაზრებს, რომ ეს არის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთის უფლებაც ხელისუფალს არ უნდა მისცეს. საქართველოს ევროპული მომავალი ის მონაპოვარია, რომლის ხელიდან გაშვებაც უპატიებელი დანაშაული იქნება ყველასთვის. საქართველო ვერ იცხოვრებს პუტინის კანონებით!

არ დავუშვებთ იმის სისრულეში მოყვანას, რაც პუტინის რუსეთში სწორედ ამგვარი კანონით დაიწყო 2012 წელს. რეალური აგენტების ვინაობა ყველამ იცის და საზოგადოება მათ საკუთარ ადგილს მიუჩენს! ერთი კაცის ბატონობა ამ ქვეყანაში ვერ გაფორმდება!

სწორედ ამიტომ, ისე, როგორც შარშან მარტში, ამჯერადაც (15 აპრილს) სტუდენტები ქვეყნის მთავარი უნივერსიტეტის ეზოში შევიკრიბებით და ერთობლივი მსვლელობით შევუერთდებით პარლამენტში საქართველოს დეევროპიზაციისა და რუსეთიზაციის კომიტეტის სხდომის პარალელურად დაანონსებულ აქციას.

გელოდებით ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს, რადგან ყოველთვის, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მომენტებში, სწორედ სტუდენტობა იყო ის ძალა, რომელიც გარდამტეხ როლს ასრულება ქვეყნის მომავლის დაცვის პროცესში! არ დავთმობთ თავისუფლებას! არ დავთმობთ ევროპულ მომავალს! საქართველო არ გახდება რუსეთი!", - წერია ორგანიზატორების განცხადებაში.