... ... hotnews.ge - პოლიტიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აშშ-ის ელჩს უმასპინძლა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - გიორგი ბუთხუზმა, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს - რობინ დანიგანს უმასპინძლა.
ღონისძიების ფარგლებში, ელჩმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით, ინფრაწითელი სპექტრომეტრი გადასცა.
მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობებზე ისაუბრეს და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების სურვილი გამოთქვეს.
გიორგი ბუთხუზმა, აშშ-ის ელჩს და ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისათვის და აღნიშნა, რომ გადმოცემული დანადგარი, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შესაძლებლობებს.
რობინ დანიგანმა, ღონისძიების ფარგლებში გადმოცემული დანადგარი, მუშაობის პროცესში იხილა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ლაბორატორიების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. გადმოცემული ინფრაწითელი სპექტრომეტრი უზრუნველყოფს სხვადასხვა ასაფეთქებელი, ნარკოტიკული თუ ბოჭკოვანი ნივთიერებების შრეების კვლევას, რაც ხელს შეუწყობს დანაშაულის სწრაფ და ეფექტიან გამოძიებას.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო (INL) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის, ტაქტიკური მომზადების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით.

{youtube}https://https://www.youtube.com/watch?v=PVeyHIaccOE{/youtube}

კომიტეტმა 15 აპრილამდე გადადო ე.წ. აგენტების კანონის განხილვის დაწყება

8 აპრილს პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვის პროცედურაზე იმსჯელა. სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტისა და ალტერნატიული კანონპროექტების განხილვას 12 აპრილს დაიწყებდა.

სხდომის დასრულების შემდეგ, რადიო თავისუფლებას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, რომ კანონპროექტების განხილვის დაწყება გადაიდო. ახალი გადაწყვეტილებით, კომიტეტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონს პირველი მოსმენით ორშაბათს, 15 აპრილს, განიხილავს.

„ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ კანონპროექტი საბოლოოდ მიღებული იქნება საგაზაფხულო სესიის [28 ივნისი] დასრულებამდე.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, კანონპროექტის სამივე მოსმენით მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოიყენებს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს.

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.

3 აპრილს ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონის გაწვევის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების „ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე და მათ რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე დღემდე არცერთ მათ დამფინანსებელს არ აუღია პასუხისმგებლობა“.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, ახალი კანონპროექტის ტექსტი ძველის ანალოგიური იქნება, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ კი შეიცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

ღარიბაშვილი აშშ-ის ელჩს შეხვდა

"ქართულ ოცნების" ახალი თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით,  შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადია.

"ირაკლი ღარიბაშვილმა რობინ დანიგანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მხარდაჭერისთვის და აგრეთვე, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის არაერთი მიმართულებით. პარტიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი კონსტიტუციით არის განსაზღვრული და ეს კურსი შეუქცევადია. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

"უმძიმეს ტრაგედიასთან ერთად, 9 აპრილი არის ქართველი ერის თვითგამორკვევისა და ერთობის დღე" - პაპუაშვილი

1989 წლის 9 აპრილიდან 35 წელი გავიდა. და მაინც, ამ დღის მოახლოებასთან ერთად, კვლავაც მძაფრად განვიცდით ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში დატრიალებულ ქარტეხილებს, რომელთა შორის ეს თარიღი ერთ-ერთი გარდამტეხია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, უმძიმეს ტრაგედიასთან ერთად, 9 აპრილი არის ქართველი ერის თვითგამორკვევისა და ერთობის დღე. ის აღგვაფრთოვანებს თავისი ერთსულოვნებითა და სულისკვეთებით, შემართებითა და სიყვარულით.

„1989 წლის 9 აპრილიდან 35 წელი გავიდა. და მაინც, ამ დღის მოახლოებასთან ერთად კვლავაც მძაფრად განვიცდით ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში დატრიალებულ ქარტეხილებს, რომელთა შორის ეს თარიღი ერთ-ერთი გარდამტეხია.

უმძიმეს ტრაგედიასთან ერთად, 9 აპრილი არის ქართველი ერის თვითგამორკვევისა და ერთობის დღე. ის აღგვაფრთოვანებს თავისი ერთსულოვნებითა და სულისკვეთებით, შემართებითა და სიყვარულით, და ამასთან, დაგვაფიქრებს კიდეც, გვასწავლის და გვაფრთხილებს.

9 აპრილი, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა, დარჩება ჩვენი ერის ისტორიაში გამარჯვებისა და ერთიანობის სიმბოლოდ, დღედ „უდიდებულესი წამისა“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

პრემიერ-მინისტრმა დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს ახალი უფროსი, ირაკლი ბერაია წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს ახალი უფროსი, ირაკლი ბერაია წარუდგინა.

 

მთავრობის მეთაურმა ირაკლი ბერაიას კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე ისაუბრა და მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა. პრემიერმა, მთავრობის სახელით, დაზვერვის სამსახურს სრული თანადგომა აღუთქვა.

 

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია 5 აპრილს, პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე დაინიშნა.

 

ირაკლი ბერაია იყო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. სხვადასხვა დროს ის იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას, ასევე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი.

 

საჯარო რეესტრმა „ალტ ინფოს" პარტია გააუქმა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „კონსერვატიული მოძრაობა-ალტ ინფოს“ რეგისტრაცია გააუქმა. რეგისტრაციის გაუქმების მიზეზად პარტიის დოკუმენტაციის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა სახელდება.

„კონსერვატიული მოძრაობა-ალტ ინფოს“ რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს მომართვის საფუძველზე დაიწყო. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, „კონსერვატიული მოძრაობის“ რეგისტრაციის მოთხოვნით, განცხადება 2021 წლის 22 ნოემბერს წარედგინა, თუმცა წარდგენილი დოკუმენტაცია, მათ შორის პარტიის წესდება, იყო არასრულყოფილი, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ხარვეზების გამოსწორება მოითხოვა.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დამატებით წარედგინა კორექტირებული დოკუმენტაცია, მათ შორის, წესდების ახალი რედაქცია, თუმცა, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების მიხედვით, ამ დოკუმენტაციით არ დგინდება, რომ წესდების ახალი რედაქცია პარტიის ყრილობის მიერ იყო მიღებული.

საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების თანახმად, მოქმედი კანონმდებლობით, წესდება ყრილობას უნდა დაემტკიცებინა. განმცხადებელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის პარტიის ყრილობის მიერ მიღებული წესდება უნდა წარედგინა, რაც არ მომხდარა. შესაბამისად, 2024 წლის 8 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გააუქმა 2021 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დარეგისტრირდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კონსერვატიული მოძრაობა“.

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს ელჩს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.
 შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობას. 
 ირაკლი ღარიბაშვილმა რობინ დანიგანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მხარდაჭერისთვის და აგრეთვე, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის არაერთი მიმართულებით. 
 პარტიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი კონსტიტუციით არის განსაზღვრული და ეს კურსი შეუქცევადია.
 შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

პრეზიდენტი რუსულ კანონს ვეტოს დაადებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსულ კანონს, მიღების შემთხვევაში, ვეტოს დაადებს. ამის შესახებ, მისმა საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

“პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, გამოიყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და აღნიშნულ კანონზე ვეტოს დაადებს” – თქვა სხილაძემ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დღეს, 8 აპრილს, ბიუროს სხდომას ესწრებოდა, სადაც რუსული კანონი დააინიციირეს. განხილვისას, გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი საერთოდ არ უნდა დარეგისტრირებულიყო. თუმცა, ბიურომ მისი აზრი არ გაითვალისწინა.

ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მიღების შემთხვევაში პრეზიდენტი რუსულ კანონს ვეტოს დაადებს.

9 აპრილს, თბილისში "რუსული კანონის" წინააღმდეგ მარში გაიმართება

ხვალ, 9 აპრილს, 18:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით რუსული კანონის წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართება.

ე.წ. რუსული კანონი პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე ამ წუთებში გადის. პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია იმართება. ონლაინმედიების ჟურნალისტები, რომლებსაც აკრედიტაცია აქვთ, პარლამენტში არ შეუშვეს. გარდა ამისა, "პუბლიკას" ჟურნალისტს პარლამენტში შესვლის დროს დაცვამ სუფთა ფურცელი ჩამოართვა.

"შემოგვიერთდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის!

ჩვენ ვირჩევთ ევროპას, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი!

ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი!

კი ევროპას! არა რუსულ კანონს! - წერენ აქციის ორგანიზატორები.

მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროგრამის განახლებული პროექტი დაამტკიცდა

საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიამ მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო  აღწერის პროგრამის  განახლებული პროექტი დაამტკიცა.

კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სხდომაზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ კომისიის წევრებს წარუდგინა ინფორმაცია აღწერის მეთოდოლოგიისა  და კითხვარების შესახებ.

საქართველოს მოსახლეობის მომდევნო საყოველთაო აღწერის თარიღად განსაზღვრულია 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.  ფინანსური და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, მოსახლეობის აღწერასთან ერთად, ჩატარდება სასოფლო-სამეურნეო აღწერაც.  სოციალური და დემოგრაფიული სახის მონაცემებთან ერთად, სპეციალური კითხვარის მეშვეობით შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ. აღწერის წინასწარი შედეგები 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო შედეგები 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდება.

 

მთავრობა ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარის პრეზენტაციას გაეცნო

საქართველოს მთავრობა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეებისა და პროცედურების შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის პრეზენტაციას გაეცნო.

 

ცესკოს თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს დეტალურად ესაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით, ცესკოს მზადების პროცესსა და  ტექნოლოგიურ სიახლეებზე.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარება და ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელება  არჩევნების კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას შეუწყობს ხელს.

 

ელექტრონული არჩევნები საქართველოში წელს პირველად ჩატარდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ინფორმირების კამპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც საჯარო, ისე კერძო სტრუქტურებში ახორციელებს.

 

„არა რუსულ კანონს“ - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

"არა რუსულ კანონს! " - პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. "რუსებო!" სკანდირებენ აქციის მონაწილეები და ამბობენ, რომ რუსული კანონის მიღებას არ დაუშვებენ. 

"ქართული ოცნება" რუსული კანონის განხილვას  ოფიცილაურად იწყებს. "ოცნების" დეპუტატები და ოპოზიცონერი პოლიტიკოსები უკვე ბიუროს დარბაზში არიან შეკრებილი. საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელს პოლიცია აკონტროლებს.