... ... hotnews.ge - ეკონომიკა

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სემეკს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა,  პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სატარიფო რეგულირების ხარისხის განვითარების ხელშეწყობისათვის საფინანსო სექტორში არსებული სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის გაცვლა, კონსულტაციების გაწევა, ერთობლივი პროექტების განხორციელება.

 

რა ქონებას ფლობს ანა ნაცვლიშვილი

„მარცხდება „ქართული ოცნება“ და როგორც ყველა ბოროტ ძალას სჩვევია, გადაწყვიტა, თავის მარცხში გაიყოლოს მთელი ქვეყანა. ეს არ გამოუვათ! რუსული კანონი შემოიტანეს თავიდან იმიტომ, რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ მიაჯაჭვონ რუსეთს მაშინ, როდესაც თქვენ, ჩვენ და ამ ქვეყნის ყველა, საღად მოაზროვნე მოქალაქეს ძალიან მკაფიოდ აქვს გაკეთებული და გაცხადებული არჩევანი“, - ასე აფასებს „ლელოს“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალ განხილვას საკანონმდებლო ორგანოში.

ამ სტატიაში კანონპროექტის ავკარგიანობაზე არ ვისაუბრებთ, მაგრამ ჩემი, როგორც ჟურნალისტის და ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქის აზრი თუ გაინტერესებთ, დაუფარავად გეტყვით - „უცხოელი აგენტების“ გამოვლენა და ქვეყნის არეულობის მიზნით, უკანონოდ გადმორიცხული ნებისმიერი ტრანზაქციის სახელმწიფო კონტროლი ამ ყბადაღებული კანონპროექტის გარეშეც შესანიშნავად შეიძლება. ამიტომ, დღეს ანა ნაცვლიშვილის ქონებრივი დეკლარაცია განვიხილოთ და ვნახოთ, როგორ ცხოვრობს საკმაოდ მდიდარი მშობლების იურისტი და ახლა უკვე პოლიტიკოსი შვილი.  

 

ბიოგრაფია

ვიდრე დეკლარაციას განვიხილავთ, ჯერ ბიოგრაფია გავიხსენოთ. ანა ნაცვლიშვილი დაიბადა 1984 წლის 31 დეკემბერის. იურისტი და პოლიტიკოსი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე (2014-2017 წლებში), საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი (2018 წლის 9 იანვარიდან 2018 წლის 18 დეკემბრამდე), - ასე ახასიათებს „ვიკიპედია“ ანა ნაცვლიშვილს. სტატია სრულად იხილეთ აქ

რამდენად უსაფრთხოა სამომხმარებლო, ინდუსტრიული და სამშენებლო პროდუქტები

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამჯერად სამომხმარებლო, ინდუსტრიული და სამშენებლო პროდუქტების უვნებლობით დაინტერესდა. აუდიტის ანგარიში, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, 2020-2021-2022 წლებს მოიცავს. სამომხმარებლო, ინდუსტრიული და სამშენებლო პროდუქტები მრავალფეროვანია და მერყეობს ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთებიდან - მსხვილ მანქანა-დანადგარებამდე. ბაზრის ეფექტიანი ზედამხედველობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოს ბაზარზე არსებული პროდუქტები იყოს უსაფრთხო, ხარისხიანი და აკმაყოფილებდეს შესაბამის მარეგულირებელ მოთხოვნებს.

სტრატეგიული და წლიური დაგეგმვის არარსებობა

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ გრძელვადიანი სტრატეგიული და წლიური გეგმების არარსებობის გამო, არ არის განსაზღვრული ბაზარზე ზედამხედველობის გრძელვადიანი და საშუალოვადიანი მიზნები და მკაფიო საოპერაციო ჩარჩო, რასთან მიმართებითაც სააგენტო შეძლებდა ეფექტიანი დეტალური სამოქმედო გეგმების შედგენას და განხორციელებას. გარდა ამისა, გრძელვადიანი და საშუალოვადიანი დაგეგმვის არარსებობის გამო, რთულდება იმ გამოწვევების მართვა, რომლებიც სწრაფად ცვალებად გარემო პირობებში ყალიბდება.

„სააგენტოს 2020, 2021 და 2022 წლების პროგრამულ ბიუჯეტებში მითითებული აქვს საქმიანობის საბოლოო შეფასების ინდიკატორები, თუმცა ზოგადი ხასიათის გამო, ეს არ წარმოადგენს საზედამხედველო საქმიანობის შედეგების შეფასების გაზომვად ინდიკატორებს. საქმიანობის შეფასების კონკრეტული ინდიკატორების გარეშე, სააგენტო ვერ უზრუნველჰყოფს განხორციელებული საქმიანობის ობიექტურ შეფასებას და საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობის გაზომვას, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს დაგეგმილი აქტივობების განხორციელების მიმართ ანგარიშვალდებულების შემცირება, ასევე სამომავლო აქტივობებზე რესურსების არაეფექტიანი განაწილება და პრიორიტეტების არასწორი განსაზღვრა“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სახელმწიფო აუდიტორების რეკომენდაცია ასეთია - სააგენტომ, ბაზარზე ზედამხედველობის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, უნდა შეიმუშაოს გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა, რომელშიც განისაზღვრება ბაზარზე ზედამხედველობის პოლიტიკა და პრიორიტეტები, ორგანიზაციული განვითარების ხედვა და მიდგომები, გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები, დაინტერესებული მხარეების ჩართულობისა და რესურსების განაწილების კომპონენტები, ცვალებადი გარემო, მათ შორის, ონლაინ-ბაზრის ზედამხედველობის საკითხები, მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაგირება.

„სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის ობიექტური შეფასების, მისი ეფექტიანობის გაზომვის, ანგარიშვალდებულების გაზრდისა და სამომავლო აქტივობებზე რესურსების ეფექტიანი განაწილების მიზნით, სააგენტომ, საუკეთესო პრაქტიკის მხედველობაში მიღებით, უნდა შეიმუშაოს საქმიანობის ობიექტური შეფასების ინდიკატორები, რითაც შესაძლებელი იქნება სააგენტოს მიზნებისა და ამოცანების მიღწევის პროგრესის მონიტორინგი და შეფასება“.

ვრცლად სტატია იხილეთ აქ.

რუსეთმა ლუდის იმპორტზე გადასახადი გაზარდა - რომელი ქართული კომპანიები ყიდიან ყველაზე მეტ ლუდს რუსეთში?

რუსეთის მთავრობამ არამეგობრული ქვეყნებიდან ლუდის იმპორტზე გადასახადი 2.5-ჯერ გაზარდა. გასული წლის მონაცემებით, ქართული ლუდისთვის რუსეთი, ყაზახეთის შემდეგ მეორე საექსპორტო ბაზარია. 2022 წელს, საქართველომ რუსეთში 488 ათასი აშშ დოლარის 525.8 ტონა ლუდი გაყიდა, გასულ - 2023 წელს კი, 792.7 ათასი აშშ დოლარის 673.8 ტონა, რაც ლუდის მთლიანი ექსპორტის, $7.02 მლნ-ის 11.2%-ია.

რაც შეეხება 2024 წელს, იანვარ-მარტში ქართული ლუდის მთლიანმა ექსპორტმა 912.4 ათასი აშშ დოლარი შეადგინა (758.9 ტონა). აქედან, რუსეთში ექსპორტირებული ლუდი 61.7 ათასი დოლარის ღირებულების (50.6 ტონა), რაც წლევანდელი ექსპორტის მხოლოდ 6.7%-ია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, რუსეთში, ლუდის ექსპორტიორი კომპანიების TOP-5 ასე გამოიყურება:

"არგო"
"ლომისი"
"ქართული ლუდის კომპანია" (ზედაზენი)
"გლობალ ბიერ ჯორჯია" (აისი)
"ემ ელ თი ლოჯისტიკსი" (ეფესი)
შენიშვნა: კომპანიები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.

ცნობისთვის, რუსეთში იმპორტირებული ალკოჰოლური სასმლის ზოგიერთ სახეობაზე, მათ შორის, ღვინოზე, აქციზის ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. მაისიდან აქციზის გადასახადი ლიტრზე 108 რუბლს მიაღწევს. 2025 წლიდან ის 112 რუბლი, 2026 წლიდან კი - 116 რუბლი გახდება.

ასევე, მარტის დასაწყისში, ცნობილი გახდა, რომ "რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაცია", NATO-ს ქვეყნებიდან რუსეთში იმპორტირებულ ღვინოზე 200%-იანი გადასახადი დაწესებას ითხოვს. რუსი მეღვინეები თავიანთ ხელისუფლებას რუსეთში გასულ ქართულ ღვინოზე ნულოვანი გადასახადის საკითხის გადახედვასაც ითხოვენ.

წყარო: bm.ge

2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13.0 პროცენტი შეადგინა. ხოლო, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 41.3 პროცენტით არის გაზრდილი.

საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

საქსტატის ცნობით, 2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების 1.2 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში, ისე კერძო სახლების სეგმენტში – 0.7 პროცენტიანი მატება. შედარებისთვის, 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 12.9 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 13.3 პროცენტით.

რაც შეეხება დეტალურ სტატისტიკას უბნების მიხედვით, 1 მ² ფასი ბინების სეგმენტში ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონში ღირს და 5 578 ლარს შეადგენს, შემდეგ მოდის ვაკე, სადაც კვადრატული მეტრის ფასი 4 866 ლარს შეადგენს, მესამე ადგილზეა საბურთალო, სადაც ფასი 3 837 ლარს აღწევს.

რაც შეეხება კერძო სახლებს, აქაც კვადრატული მეტრის ფასი ყველაზე მაღალი მთაწმინდაზე და 4 250 ლარს შეადგენს. მეორე ადგილზე აქაც ვაკეა და ღირებულება 3 080 ლარია. მესამე ადგილს 3 044 ლარით კერძო სახლების სეგმენტშიც საბურთალოს რაიონი იკავებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა - ხარვეზები სამხედრო განათლებაში

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სამხედრო განათლებით დაინტერესდა. აუდიტის დასკვნა, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, მოიცავს 2020-2021 წლებს და როგორც მოსალოდნელი იყო, აუდიტორებმა სამხედრო განათლებაშიც კი უამრავი ხარვეზი გამოავლინეს. მიზეზი, რის გამოც სახელმწიფო მაკონტროლებლები სამხედრო სწავლებით დაინტერესდნენ არის ის, რომ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოსთვის ეფექტიან თავდაცვისუნარიანობას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. თავდაცვისუნარიანობის განვითარების ერთ-ერთი საწყისი და მნიშვნელოვანი წინაპირობა კი სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შესაბამისი განათლებითა და საბრძოლო მომზადებით უზრუნველყოფაა.

ხარვეზები დაწყებით სამხედრო განათლებასა და სამოქმედო გეგმაში

აუდიტის შედეგად ირკვევა, რომ 2020-2021 წლებში, სამხედრო განათლების სისტემის განმახორციელებელ სტრუქტურულ ერთეულებს შემუშავებული ჰქონდათ სტრატეგიული მიმოხილვისა და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმები, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, არ მიმდინარეობდა შესრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშების შედგენა...

სტატია სრულად იხილეთ აქ:

ავიაკომპანია Transavia-მ ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებაზე ოპერირება დაიწყო

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაბალბიუჯეტურმა ნიდერლანდურმა ავიაკომპანია Transavia-მ დაიწყო ოპერირება. ნიდერლანდების სამეფოს ავიახაზებმა ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით პირველი ფრენა შეასრულა, თბილისში 187 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო ამსტერდამში 185 გაემგზავრა.

„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით რეისებს კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, Boeing 737-8 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში მელინე არაკელიანი, Transavia-ს აღმასრულებელი დირექტორი მარსელ დე ნოიერი და საქართველოს საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Transavia ნიდერლანდების სამეფოს ნომერ პირველი ბიუჯეტური და სიდიდით მეორე ავიაგადამზიდავია. Air France – KLM ჯგუფის წევრი ავიაკომპანია, 50 წელია, ნიდერლანდებიდან 20-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს და ყოველწლიურად ცხრა მილიონი მგზავრი გადაჰყავს. Transavia-ს შვიდი ბაზა აქვს. ავიაკომპანიის ხომალდები ბაზირებულია ნიდერლანდების სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის აეროპორტებში.

ეკონომიკურმა საბჭომ 500 მეგავატამდე სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე დადებითი გადაწყვეტილებები მიიღო

სადაზღვევო სექტორსა და საპენსიო დაზღვევის სფეროში განსახორციელებელი რეფორმები, ენერგეტიკულ პროექტებში დაგეგმილი ინვესტიციები და საპრივატიზაციო გეგმები განიხილეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
სხდომაზე ყურადღება დაეთმო ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციების განხორციელებას. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ქვეყანაში ამ კუთხით არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მნიშვნელობას. საბჭომ ჯამურად 500 მეგავატამდე სიმძლავრის ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილებები მიიღო.
 
ეკონომიკური საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების რეფორმის კონკრეტულ დეტალებზე და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტების დამტკიცებაზე, რომელიც მთავრობას უახლოეს პერიოდში წარედგინება.

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა კიდევ ერთ აფხაზურ ბანკს აკრედიტაცია მიანიჭა

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა აფხაზურ Кибит-банк-ს აკრედიტაცია მიანიჭა. ცენტრალურმა ბანკმა აფხაზური ბანკი რეესტრში უკვე დაამატა.

აღსანიშნავია, რომ ეს მეორე აფხაზური ბანკია, რომელმაც რუსეთის ცენტრალური ბანკისგან აკრედიტაცია მოიპოვა. პირველი Амра-банк-ი იყო, რომელიც რეესტრში 2020 წელს დაამატეს.

Кибит-банк-ის გვერდზე წერია, რომ 2006 წელს დაარსდა და ის უნივერსალური კომერციული ბანკია, რომელიც საბანკო სერვისებისა და პროდუქტების ფართო სპექტრს უზრუნველყოფს.

პრემიერ-მინისტრი სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, მაჩიე ჩურას შეხვდა.

 

ხაზი გაესვა EIB-თან, როგორც  წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან, წარმატებულ თანამშრომლობას. განიხილეს საქართველოს ეკონომიკის ზრდისა და მაკროეკონომიკური ტენდენციების პოზიტიური დინამიკა.

 

მთავრობის მეთაურმა EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა EIB-ის დაფინანსებით განხორციელებული და მიმდინარე საინვესტიციო პროექტების როლს, რომლებიც მიმართულია საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ. ამ კონტექსტში ხაზგასმით აღინიშნა  მიმდინარე აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის პროექტის მნიშვნელობა, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის  მხარდაჭერით ხორციელდება.

 

აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს EIB-თან არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. გამოითქვა იმედი, რომ EIB მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სფეროებში საინვესტიციო პროექტების დაფინანსების მიმართულებით.

საქართველოში ოპერირების დაწყებიდან EIB-მა საინვესტიციო პროექტებში 1.6 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა.

მიმდინარე წლის კვარტალში, სურსათის ეროვნული სააგენტომ 600-ზე მეტი საზკვების ობიექტი შეამოწმა

"სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლს ააქტიურებს. შემოწმებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სურსათის ეტიკეტირებას, მიკვლევადობას, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის გამართულ ფუნქციონირებას", - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააგენტოს ინსპექტორებმა, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს მასშტაბით შეამოწმეს საზკვების 600-ზე მეტი ობიექტი, მათ შორის, თბილისში სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა 200-მდე ბიზნესოპერატორთან; 24 ობიექტში, მათ შორის თბილისში - 14-ში, გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები - სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.

"გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.

გარდა ამისა, დოკუმენტური შემოწმების შედეგად დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევის შემთხვევები, ვადაგასული სურსათი; ბიზნესოპერატორებს დაევალათ შესაბამისი ღონისძიებების გატარება. მითითებების შესრულებასა და სურსათის განადგურებაზე ზედამხედველობა სააგენტოს ინსპექტორებმა განახორციელეს.

სურსათის ეროვნული სააგენტო უწყვეტად ახორციელებს საკვების ობიექტების კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, ტურისტებით დატვირთულ რეგიონებში. შედეგების შესახებ საზოგადოება რეგულარულად არის ინფორმირებული", - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 აპრილისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6710 ლარი ეღირება, ევრო – 3.8387 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3243 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6699 ლარი ღირდა, ევრო – 2.8450 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3347 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 17 აპრილს ამოქმედდება.