... ... hotnews.ge - ეკონომიკა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობა გაფართოვდა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობა გაფართოვდა


პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი ეკონომიკური საბჭო მუშაობას განახლებული ფორმატით განაგრძობს.
საბჭოს შემადგენლობა გაფართოვდა და მის მუშაობაში მთავრობის წევრებთან ერთად მონაწილეობენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ბიზნესომბუდსმენი.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საბჭოს შემადგენლობის გაფართოება გააუმჯობესებს კოორდინაციას და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში ყველა აუცილებელი მხარის მონაწილეობას შეუწყობს ხელს.


საბჭომ, რომელიც განახლებული ფორმატით პირველად შეიკრიბა, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მიმდინარე წელს არსებული პროგრესი და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების პროცესი განიხილა. საბჭოს წევრებმა სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებსა და საინვესტიციო ინიციატივებზეც იმსჯელეს.
ეკონომიკური საბჭოს ფორმატში ასევე შეთანხმდა გარკვეული სტრუქტურული  რეფორმები, რომლებიც შემდგომში საკანონმდებლო ინიციატივებში აისახება.

 

დავით ნარმანიამ „ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა

 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში, მწვანე ენერგეტიკის შესახებ გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მწვანე ენერგეტიკის განვითარების მნიშვნელობაზე. მან ვრცლად ისაუბრა მარეგულირებელი ჰესების მშენებლობის აუცილებლობასა და ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებზე. 

 „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ მე-11 დისკუსიაში, სახელწოდებით „მწვანე ენერგეტიკის პერსპექტივები და რეგულირება“, სემეკის თავმჯდომარესთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე. დისკუსიას მოდერატორობდა Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

  „გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია. დისკუსიის ფარგლებში  განვიხილეთ მწვანე ენერგეტიკის აქტუალური საკითხები და  რეფორმები, რომელიც  ქვეყნის ენერგეტიკული განვითარებისათვის ტარდება. უმთავრესი საკითხები, რომელიც გამოიკვეთა, ეს არის ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნა და მასთან დაკავშირებული როგორც დადებითი მხარეები, ასევე არსებული გამოწვევები. მნიშვნელოვანია ის, რომ ბიზნესის მხრიდან ისმის ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, განსაკუთრებით ახალი, მწვანე ენერგეტიკული პროექტების განვითარების ნაწილში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 სემეკის თავმჯდომარის თქმით, განახლებადი ენერგიების ნაწილში მნიშვნელოვანია დამატებითი ენერგიების წყაროების განვითარების ხელშეწყობა.

 შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე საუბრისას სემეკის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პროექტი ითვალისწინებს წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც  უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. აღნიშნული  პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას, სატრანზიტო შესაძლებლობების ზრდას: „მნიშვნელოვანია, რომ დავიწყეთ მეოთხე ენერგეტიკული პაკეტის იმპლემენტაციაზე მუშაობა, რომელიც ევროპის ქვეყნებში ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს.  დიდი პერსპექტივის მატარებელია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ამჟამად მიმდინარეობს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნესის სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies.

 

2024 წლის 1 აგვისტოდან საქართველოში სიგარეტი სადა შეფუთვით შემოვა

2024 წლის 1 აგვისტოდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმზე, კერძოდ სიგარეტზე სადა შეფუთვით იმპორტის შესახებ ბწესი ამოქმედდება. ეს ნიშნავს, რომ პროდუქციაზე ბრენდების ლოგოები, განმასხვავებელი ფერები და აღწერები აღარ იქნება განთავსებული. ბრენდის სახელი შეფუთვაზე უნიფიცირებული შრიფტით იქნება დაწერილი, ხოლო შეფუთვის ფერი და იერსახე სტანდარტიზებულად ერთნაირი იქნება.

სადა შეფუთვის მოთხოვნა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ მარეგულირებელ ნორმას, რომელიც თამბაქოს მოხმარების შემცირებისკენ არის მიმართული. არსებული მდგომარეობით ის ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოში (საფრანგეთში, სლოვენიაში, ირლანდიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, უნგრეთსა და ფინეთში) მოქმედებს. მსოფლიოს მასშტაბით კი სადა შეფუთვა სულ 21 ქვეყანაში არის მოქმედი, მათგან ყველაზე დიდი გამოცდილება ავსტრალიას აქვს, სადაც ეს ნორმა 2012 წელს ამოქმედდა, დანარჩენ ქვეყნებში კი რეგულაცია საშუალოდ 4-5 წლის წინ შევიდა ძალაში.

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მიხედვით საქონელი, რომელიც 2024 წლის 31 ივლისამდე შემოვა ბაზარზე, შესაძლებელია რომ 2025 წლის პირველ აპრილამდე ძველი შეფუთვით იყოს განთავსებული, ხოლო 2024 წლის 31 ივლისიდან ქვეყნის ბაზარზე ახალი ნაწარმის იმპორტი მხოლოდ სადა შეფუთვით იქნება შესაძლებელი.

ყველაზე დიდი ბაზარი, სადაც თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის რეგულაცია მოქმედებს არის საფრანგეთი, სადაც ევროსტატის თანახმად, 15 წელზე უფროსი მოსახლეობის 22% არის მწეველი, ეს კი რაოდენობრივად 12 მილიონია. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ თუკი ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში თამბაქოს არალეგალური ვაჭრობა მცირდება, საფრანგეთში ის პირიქით მზარდ ტენდენციას ატარებს. KPMG-ის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე დიდი ზარალი საფრანგეთმა განიცადა. მასზე ევროკავშირში მოხმარებული კონტრაბანდული თამბაქოს 47% მოდიოდა, ანუ მხოლოდ საფრანგეთის სახელმწიფო ბიუჯეტმა, არალეგალური ვაჭრობის შედეგად 7.25 მილიარდით იზარალა.

საქართველოში თამბაქოს კონტრაბანდის მცდელობების აღკვეთის სტატისტიკას შემოსავლების სამსახური რეგულარულად აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, მათ მხოლოდ 1-16 მარტის მონაკვეთში სარფის და ნინოწმინდის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მნიშვნელოვანი ფაქტები აღკვეთეს.

სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების შემოწმების შედეგად უწყებამ საერთო ჯამშi 13,140 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინა.

“საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, ფულადი ჯარიმა, 1000 ლარის ოდენობით შეეფარდათ, ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად, 5 კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, სრულად ჩამოერთვა საქონელი და ვინაიდან ქმედება განმეორებით იყო ჩადენილი, თითოეულს, ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით შეეფარდა,”- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

უცნობია რა გავლენა ექნება სადა შეფუთვის ნორმის ამოქმედებას თამბაქოს არადეკლარირებული ვაჭრობის მოცულობაზე.

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ)  არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისათვის ახალი პროექტის  -  „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ განხორციელებას იწყებს. პროექტში ჩართულნი იქნებიან ქ.მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - მუხრანის, ახალდაბის, წეროვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები. 

პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით სემეკში პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ მცხეთის  საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საჯარო სკოლების ხელმძღვანელი პირები, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები. შეხვედრა გახსნა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ. 

„ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია პერმანენტულად გაიზარდოს სკოლის მოსწავლეების ცოდნის დონე ენერგეტიკის საკითხებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს მიეწოდოთ სწორი ინფორმაცია ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების შესახებ, ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის შესახებ, გაეცნონ საქართველოს ენერგეტიკულ პოლიტიკას.  ამ მიმართულებით, ცენტრმა დაფუძნებიდან დღემდე არაერთი პროექტი განახორციელა. ამჟამად, ვიწყებთ სრულად ახალ პროექტს ქ. მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსწავლეებისათვის. პროექტში ამ ეტაპზე ჩართული იქნება 5 საჯარო სკოლა. მომდევნო ეტაპზე აღნიშნული პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ სხვა ქალაქებისა და რეგიონის სკოლების ჩართვას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

პროექტის, „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან დღემდე“  მიზანია ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე სრული ციკლის შესახებ სკოლის მოსწავლეების ინფორმირება, განახლებადი ენერგიების, საქართველოს მწვანე ენერგეტიკული პოტენციალის შესახებ მათი ცნობიერების დონის ამაღლება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ელექტროენერგეტიკის თემატიკის შესახებ ტრენინგების ჩატარება, მონაწილეთა ვიზიტი ენერგოობიექტებზე, თემატური ნამუშევრების გამოფენის ორგანიზება. პროექტში გამარჯვებული მოსწავლეებისათვის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ მოეწყობა ერთკვირიანი საზაფხულო სკოლა.   

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 მარტისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7128 ლარი ეღირება, ევრო – 2.9420 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4409 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7098 ლარი ღირდა, ევრო – 2.9529 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.4498 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 20 მარტს ამოქმედდება.

იანვარ-თებერვალში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს 125.6 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი 99.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – რუსეთი 96.8 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი 408.2 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი 313.8 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი 173.5 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 262.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 47.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 42.1 მლნ. აშშ დოლარით.

საქსტატის ცნობით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-თებერვალში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 258.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 12.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 187.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 127.1 მლნ. აშშ დოლარით.

სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება - ირაკლი კობახიძე

საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება საქართველოს მთავრობის მიერ.


„ინოვაციური ეკოსისტემის შემდგომი გაძლიერებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ახალი ინიციატივები. მათ შორის, მინდა გამოვყო გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სისტემის განვითარებაში -  საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება. შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება საქართველოს მთავრობის მიერ.

საქართველოს ეკონომიკის გლობალური კონკურენტურიანობისა და სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების მიზნით, განისაზღვრება ქვეყნის 3 ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება: პირველი - დღევანდელ მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების გარეშე გლობალურ კონკურენციაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება შეუძლებელია. ამ ახალ რეალობაზე საპასუხოდ,  განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე სამუშაოდ, სპეციალური სამეცნიერო ჯგუფი შეიქმნება; შემდეგი საკვანძო მიმართულებაა ფაგები. მოგეხსენებათ, საქართველო ამ ტექნოლოგიებში პიონერია და აქვს ქვეყანას ფაგების კვლევის თითქმის საუკუნოვანი გამოცდილება აქვს. დღეს, როდესაც მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებით იზრდება ფაგებზე მოთხოვნა, საქართველოს შეუძლია მსოფლიოს შესთავაზოს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროდუქტები ამ მიმართულებით; ბოლოს, აგროტექნოლოგიები -  აგრარულ სექტორში საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილია დასაქმებული. სააგენტო მიზნად ისახავს ახალი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნას, რომლებიც ქართველ ფერმერებს პროდუქტიულობის და კონკურენტუნარიანობის გაზრდაში დაეხმარება.

დასასრულს, კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო სააგენტოს ათწლიანი შრომის ძალიან შთამბეჭდავი შედეგები. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო  იუბილე. მის მიღწევებს შეაქვს უდიდესი წვლილი  ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლაში, განვითარებასა და ჩვენი ეკონომიკური სისტემის განვითარებაში. 

 მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სააგენტოს ხელმძღვანელობას და სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს. თითოეული მათგანის წვლილი, ბუნებრივია, არის განსაკუთრებული. პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა სამომავლოდაც დაგპირდეთ თანადგომას, მხარდაჭერას ყველა თქვენს ინიციატივაში“, -  განაცხადა პრემიერმა.

"ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს" - ირაკლი კობახიძე

მინდა, მივულოცო ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა სააგენტოს საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიღწეული შედეგები შთამბეჭდავია.

 

„ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის განსაკუთრებული, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ის საქმიანობა, რომელსაც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებისთვის ახორციელებს.

 

სააგენტოს ათწლიანი საქმიანობის შედეგები შთამბეჭდავია. საგრანტო პროგრამების ფარგლებში, დაახლოებით 38 მილიონი ლარით დაფინანსდა გლობალური მასშტაბის პოტენციალის მქონე 200-ზე მეტი ინოვაციური სტარტაპი. შედეგად, ბენეფიციარებმა დააგენერირეს ნახევარი მილიარდი ლარის ოდენობის კერძო ფინანსური სარგებელი და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შექმნეს 3 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. დამეთანხმებით, ეს არის ძალიან შთამბეჭდავი შედეგები.

 

სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში  შემოვიდა მსოფლიოს ტოპ 3-ში შემავალი აქსელერატორი „500“. საერთაშორისო დონის აქსელერაციის პროგრამაში, რომელსაც იგი ახორციელებს, ქართულთან ერთად, საერთაშორისო სტარტაპებიც მონაწილეობენ. ეს ფაქტი საქართველოს, როგორც რეგიონული ინოვაციური ჰაბის როლს უსვამს ხაზს. აქსელერაციის პროგრამის შედეგად, 2022 წელს საქართველოში შეიქმნა პირველი კერძო ვენჩერული ფონდი 20 მილიონი დოლარის კაპიტალით.

 

საქართველოს მასშტაბით, შეიქმნა 9 ტექნოპარკი, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით უზრუნველყოფს ინოვაციური იდეების მქონე მოქალაქეების დახმარებას სხვადასხვა პროექტის  განხორციელებაში. წელს მეათე ტექნოპარკი ქუთაისში გაიხსნება,“- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობამ აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის მოსამზადებელი საკითხები განიხილა

საქართველოს მთავრობამ აზიის განვითარების ბანკის (ADB)  57-ე ყოველწლიური შეხვედრის მოსამზადებელი საკითხები განიხილა, რომელსაც თბილისი 2-5 მაისს უმასპინძლებს.
ღონისძიების ორგანიზების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის  სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ხაზი გაესვა ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის წარმატებით ჩატარების მნიშვნელობას.
აღინიშნა, რომ მასშტაბური ფორუმის მასპინძლობა ხელს შეუწყობს საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენას. 
მთავრობის წევრებმა იმსჯელეს მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობაზე, რაც გეგმის შესაბამისად ხორციელდება.
ADB-ის ყოველწლიურ შეხვედრაში 68 ქვეყნის 4 000-ამდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

 

„დღეს ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია სწორი ვექტორისკენ არის მიმართული“ - ნოდარ სირბილაძე

ენერგეტიკა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს. ეს ის პროდუქტია, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად, უწყვეტად ვიყენებთ და  შესაბამისად მისი ფასის ცვლილებაც ჩვენს ყოფაზე მკვეთრად აისახება.

უნდა აღინიშნოს, რომ  ელექტროენერგიის პოტენციალის ათვისებასა და ენერგეტიკის განვითარებას, მოსახლეობაზე როგორც პირდაპირ, ისე ირიბად დადებითი ეფექტი მოაქვს. ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოების ზრდას, ენერგოუსაფრთხოების ზრდა მოჰყვება და, პარალელურად, ელექტროენერგიაზე სტაბილურ ფასს ვინარჩუნებთ. ელექტროენერგიაზე სტაბილური ფასის შენარჩუნება ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამის მიზეზი კი ბუნებრივია ისაა, რომ  ნებისმიერი პროდუქტისა თუ საქონლის წარმოებისთვის ელ. ენერგიაა საჭირო. მისი სტაბილური ფასი სხვადასხვა პროდუქტის სტაბილური ფასის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში მოსახლეობის ჯიბეში არსებული ფულის მსყიდველობითი უნარის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. განსხვავებული სურათია მაშინ, როცა ქვეყანა იმპორტირებულ ენერგიაზეა დამოკიდებული. ამ დროს გარე შოკებმა შესაძლოა ენერგიის ფასი გაზარდოს, რაც პროდუქციისა თუ მომსახურების გაძვირებაში აისახება. რაც შეეხება ელექტროენერგიის წარმოების ირიბ სარგებელს, როცა ქვეყანაში ენერგიის გენერაცია იზრდება და შიდა მოთხოვნაც ელ.ენერგიაზე დაკმაყოფილებულია, ქვეყანას ეძლევა საშუალება ჭარბი ელ.ენერგია ექსპორტის სახით მეზობელ ქვეყნებში გაიტანოს და ქვეყნისთვის „ზედმეტი“ პროდუქციის გაყიდვით ძალიან დიდი ფინანსური სარგებელი მიიღოს. ელ.ენერგიის ექსპორტს აქვს პოტენციალი საქართველოს ეკონომიკის ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე დადებითად იმოქმედოს.

არსებულ რეალობაში ის პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას ენერგო სექტორის განვითარების კუთხით აქვს სავსებით შეესაბამება იმ გამოწვევებს, რაც სახელმწიფოს წლების განმავლობაში დაუგროვდა. უფრო კონკრეტულად, საუბარია განახლებადი ენერგიის პოტენციალის სრულად ათვისებაზე, რომელიც მოიცავს როგორც მზისა და ქარის გენერაციის გაზრდას, ისე ჰესების მშენებლობის აუცილებლობის საკითხის. აქ უნდა აღინიშნოს სემეკის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომელიც როგორც დრომ აჩვენა წარმატებული აღმოჩნდა. მაგალითად, მარეგულირებელმა დანერგა ნეტო აღრიცხვის სისტემა, რომლის განვითარებისთვის სემეკმა 2023 წელს ახალი რეგულაციები აამოქმედა, რაც ელექტროენერგიის სისტემის ოპერატორის ქსელში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მიერთების უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა. კერძოდ, 4%-იდან 8%-მდე გაიზარდა სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელში პიკური დატვირთვის შეზღუდვის ზედა ზღვარი. აღნიშნული ცხადია ხელს უწყობს ამ სისტემაში კიდევ უფრო მეტი დადგმული სიმძლავრის შემოტანასა და ენერგიის გენერაციის ზრდას.

ცალკე საკითხია კონკრეტულად ჰესებთან დაკავშირებით არსებული ხედვები. მისასალმებელია, რომ სახელმწიფოს ხედვა ჰესების კიდევ უფრო განვითარებისკენაა მიმართული. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დღესდღეობით ჩვენი ენერგიის გენერაციის დიდი წილი სწორედ ჰესებიდან წარმოქმნილ ენერგიაზე მოდის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას მზისა თუ ქარის ენერგია ვერ ჩაანაცვლებს. სიმართლე ისაა, რომ ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის ჰესების მშენებლობა აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი მთლიანად სახელმწიფო ინტერესში შედის.

კიდევ ერთი პრიორიტეტი, რასაც ხაზი უნდა გავუსვათ, ეს ბაზრის ლიბერალიზაციის საკითხია. ამ მხრივ სემეკის პოზიცია ზუსტად ისეთია, რასაც ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს. უფრო კონკრეტულად, წელს სემეკის ერთ-ერთი მთავარი სამოქმედო არეალი ბაზრის ლიბერალიზაცია და კონკურენციის ხელშეწყობა იქნება.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღესდღეობით ენერგეტიკის განვითარებასთან დაკავშირებული ხედვები სწორი ვექტორითაა მიმართული. ასეთი პოლიტიკის სრული იმპლემეტაცია კი შესაძლებლობას მოგვცემს ენერგო პოტენციალის სრულად ათვისებას, გამომუშავებული გენერაციის მაღალ დონესა და ენერგო უსაფრთხოებას. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ მომავალში შავი ზღვის კაბელის პროექტი საშუალებას მოგვცემს ჩვენი წარმოებული ნამატი ენერგია ევროპაშიც გავიტანოთ და დამატებითი ეკონომიკური სარგებელი ვნახოთ. ამისთვის კი უფრო და უფრო მეტი გენერაციის წყაროს შექმნაა საჭირო, რაც ემთხვევა თუნდაც სემეკის ხედვებს.

წყარო: energynews.ge

ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სატენდერო დოკუმენტაცია ე.წ. დიდი ოთხეულის კომპანიებს (Boskalis, DEME, Jan De Nul, Van Oord) დაეგზავნათ.

უწყების ცნობით, აღნიშნულ კომპანიებს საზღვაო სამუშაოების პროექტირებისა და წარმოების მდიდარი გამოცდილება აქვთ.

„მნიშვნელოვანია, რომ პორტის საზღვაო სამუშაოების დიდი წილი მოდის ფსკერის დაღრმავებაზე, ხოლო აღნიშნული კომპანიები გლობალური დაღრმავების/დამღრმავებელი ფლოტის 80 პროცენტს ფლობენ.

სამუშაოების შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაციის ევროპულ კომპანიებთან („დიდი ოთხეული“) დაგზავნის მიზანშეწონილობა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია HAEDES B.V-სთან კონსულტაციის შედეგად გამოიკვეთა. აღნიშნული კომპანია შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“ სამუშაოების დროულად, საიმედოდ და მაღალი ხარისხით შესრულების, ტექნიკური დავალების მომზადებისა და შემდგომში წარმოდგენილი წინადადებების შერჩევა-შეფასების მიზნით დაიქირავა.

აღნიშნული შესყიდვისთვის გამოყენებული იქნება ერთეტაპიანი შესყიდვის პროცედურა, ლიმიტირებული საერთაშორისო საბაზრო მიდგომების გამოყენებით. მოწვეულმა პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ტექნიკური და ფინანსური მიმართულებით.

გამარჯვებულად გამოვლინდება წინადადება, რომელიც დააკმაყოფილებს მოთხოვნებს/შერჩევის კრიტერიუმებს და ექნება ჯამური (ტექნიკური წინადადების ქულას პლიუს ფინანსური წინადადების ქულა) უმაღლესი ქულა.

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით დამაზუსტებელი კითხვების დასასმელად და კონკურენტუნარიანი სატენდერო წინადადებების მოსამზადებლად (წარმოსადგენად) მონაწილეებს 45-დღიანი ვადა მიეცათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სამინისტროს განმარტებით, პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი წინადადებების ტექნიკურ და ფინანსურ ნაწილში შეფასებას უზრუნველყოფს შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ სპეციალურად შექმნილი სატენდერო კომისია, საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად.

„აქვე ნიშანდობლივია, რომ პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე და შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით, ასეთი შესყიდვები პრაქტიკაში გამოირჩევა უცხოური კომპანიების აქტიური ჩართულობით და კონკურენციის მაღალი ხარისხით, რასაც მსგავსი მასშტაბის ტენდერებში განაპირობებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დონორი ორგანიზაციების პროცედურების, მათი სტანდარტული პირობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების, ასევე გასაფორმებელი ხელშეკრულებებისათვის FIDIC-ის ტიპის სამშენებლო კონტრაქტის პირობების გამოყენება.

შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“, რომელიც 2023 წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნდა, უკვე განახორციელა მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავება, ტალღმტეხელი) მშენებლობის მიზნით – განახლდა/შეიქმნა ძირითადი საპროექტო დოკუმენტაცია, დაქირავებულ იქნა საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მონაწილეობდა სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში და ამჟამად მონაწილეობს გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის წარმართვაში, რომლის შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული, დაიწყება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ნაწილის სამშენებლო პროცესი. დოკუმენტაციის განახლება და პორტისთვის აუცილებელი გარკვეული სამუშაოები კერძო პარტნიორის შერჩევის პარალელურად განხორციელდება.

შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურს“ კაპიტალშენატანის სახით, გადაეცა პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი.

ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას, საქართველოს ტერიტორიის გავლით ახალი ტვირთნაკადების მოზიდვას, ასევე ნავსადგურის მიმდებარედ, წარმოებისა და ლოგისტიკური სერვისების განვითარებას“, – აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ დადებითად შეაფასეს. ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო მასერტიფიცირებელი ორგანიზაციის “TÜV NORD CERT GMBH“-ის მიერ ჩატარებული საერთაშორისო გარე აუდიტის საფუძველზე, სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო. სერტიფიკატი ძალაშია მომდევნო 3 წლის მანძილზე, 2027 წლამდე.

ISO 9001:2015 - ხარისხის მართვის სისტემის უნივერსალური სტანდარტია, რომლის ძირითადი პრინციპებია მომხმარებელზე ორიენტაცია, მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება, პროცესუალური მიდგომების დახვეწა, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატის მისაღებად შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას ინიციატივითა და კომისიის წევრთა აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა. 

„სასიხარულოა, რომ სემეკს უკვე მეორედ მიენიჭა ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი, რაც წარმოადგენს კიდევ ერთ დასტურს იმისას, რომ კომისიის საქმიანობის ხარისხი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სემეკი დღეისთვის მსოფლიო მარეგულირებელ უწყებებს შორის ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა, რასაც მოწმობს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სემეკისთვის მინიჭებული უფლებამოსილება,  2026 წელს საქართველოში უმასპინძლოს ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმს. ჩემი და ჩემი გუნდის ამოცანაა, განვაგრძოთ განვითარება და ყოველწლიურად დავხვეწოთ სემეკის საქმიანობის ხარისხი“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სერტიფიკატი სემეკს პირველად 2020 წელს მიენიჭა. საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, სემეკი ხარისხის მართვის საკონტროლო აუდიტს ყოველწლიურად ატარებს.