... ... hotnews.ge - მსოფლიო

მექსიკამ ეკვადორთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა

მექსიკამ ეკვადორთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. მედიის ინფორმაციით, მიზეზი ეკვადორის პოლიციის მიერ მექსიკის საელჩოში ჩატარებული რეიდი გახდა, რომლის დროსაც ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ხორხე გლასი დააკავეს. კორუფციისთვის გასამართლებული გლასი მექსიკის საელჩოს აფარებდა თავს. მან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა და მექსიკამ მისი მოთხოვნა პარასკევს დააკმაყოფილა.

მექსიკის პრეზიდენტის, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის განცხადებით, პოლიცია საელჩოში ძალის გამოყენებით შევიდა.

ეკვადორში მიიჩნევენ, რომ მექსიკის მთავრობის მიერ თავშესაფრის უზრუნველყოფა არაკანონიერი გადაწყვეტილება იყო. ეკვადორი მექსიკას დიპლომატიური პრივილეგიებისა და იმუნიტეტის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

ახმატის სპეცრაზმში ვაგნერის 3 ათასი მებრძოლი გადავა - კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ამბობს, რომ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის 3000 მებრძოლი ამხატის სპეცრაზმში გადავა. დანაყოფში შესაბამისი ვაკანსიების რაოდენობა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე შექმნა.

როგორც ახმატის სპეცრაზმის მეთაურმა აპტი ალაუდინოვმა თქვა, ყოფილი დაქირავებული მებრძოლების ხელმძღვანელი ვაგნერის პირველი მოიერიშე რაზმის მეთაური ალექსანდრ კუზნეცოვი იქნება, იგივე "რატიბორი". მისი თქმით, კუზნეცოვი დაჭრის შემდეგ დიდხანს გადიოდა მკურნალობას - და ჩეჩნურ დანაყოფში ჩარიცხვის შესახებ ამ ხნის განმავლობაში მასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

ნოემბერში ჩეჩნეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ახმატის სპეცრაზმში ვაგნერის ასობით მებრძოლი და სამედიცინო ჯგუფი გადავიდა. ახალი დანაყოფს "კამერტონი" დაარქვეს.

ახმატი - რუსეთის ეროვნული გვარდიის ჯარში შემავალი სპეციალური დანაყოფია, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკაშია განლაგებული. სპეცდანიშნულების რაზმი ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ახმატ კადიროვის სახელს ატარებს.

 

 

 

 

სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ქვეყანაში 07:00 საათზე გაიხსნა და ხალხს არჩევანის შესაძლებლობა 22:00 საათამდე ექნება.

პრეზიდენტის პოსტისთვის, მმართველი კოალიციის კანდიდატი, პარლამენტის თავმჯდომარე პიტერ პელეგრინი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ივან კორჩოკი იბრძვიან.

მედიის ცნობით, პირველი ტურის შემდეგ დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა ივან კორჩოკის წარმატება, რადგან გამოკითხვებით ის მანამდე არ ლიდერობდა. ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით კი, პიტერ პელეგრინი ლიდერობს.

ნიუ-იორკში 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, პარასკევს დილით ნიუ-იორკში 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

როგორც აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იუწყება, მიწისძვრის ეპიცენტრი ნიუ-ჯერსიში იყო.ნიუ-იორკის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ბიძგები იგრძნობოდა მთელ შტატში.

ქალაქ ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ზიანის შესახებ ინფორმაცია არ მიუღია.

ევროსაბჭოს ანტიაზერბაიჯანული განცხადებები, სამომავლოდ სომხეთის შეიარაღებულ ფორპოსტად გადაქცევის მცდელობა, საფრთხის კიდევ ერთ წყაროს ქმნის - ილჰამ ალიევი

სამხრეთ კავკასიისთვის კიდევ ერთი საფრთხის წყარო იქმნება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ბრიუსელში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენი, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელ ჯოზეფ ბორელის შეხვედრაზე საუბრისას.

„ბოლო დღეებში აშშ-ის და ევროკავშირის მაღალჩინოსნები მათი ინიციატივით გამართულ სატელეფონო საუბრების დროს ცდილობდნენ დავერწმუნებინეთ, რომ ეს შეხვედრა აზერბაიჯანის წინააღმდეგ არ არის მიმართული. თუმცა ვიცით, რომ ეს მიმართულია აზერბაიჯანისა და სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის წინააღმდეგ. ეს მიზნად ისახავს გამყოფი ხაზების შექმნას და ჩვენი ქვეყნის იზოლირებას. ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს ანტიაზერბაიჯანული განცხადებები, რომლებსაც ისინი გასული წლის სექტემბრიდან დღემდე აკეთებენ, მცდელობა სომხეთი სამომავლოდ სამხრეთ კავკასიაში შეიარაღებულ ფორპოსტად აქციონ, მომავალში ძალიან დიდ უარყოფით შედეგებამდე მიგვიყვანს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გავავრცელეთ განცხადებები, რათა გავაფრთხილოთ ამის შესახებ ჩვენი პარტნიორები აშშ-სა და ევროპაში“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთის კომპლექსში პოლიციამ ტეროროზმის მხარდაჭერის ბრალდებით რვა პირი დააკავა

იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთის კომპლექსში დილის ლოცვის შემდეგ პოლიციამ რვა პირი დააკავა, რომლებიც ტერორიზმის წაქეზებასა და მხარდაჭერაში არიან ეჭვმიტანილი. ისინი დაკითხვაზე გადაიყვანეს.

„ტერორიზმის ეს საზიზღარი წამქეზებლები და მხარდამჭერები არიან ისრაელის სახელმწიფოს მცხოვრებლები, რომლებიც სარგებლობენ რელიგიური საკითხით და წმინდა ადგილს ტერორიზმისა და ტერორისტების წასაქეზებლად, მხარდასაჭერად იყენებენ“, – აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.

ამასთან, ალ-აქსას მეჩეთის მიმდებარედ პოლიციასთან დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა ათასობით მლოცველის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

აშშ-სა და ევროპას ერთმანეთი საკუთარი უსაფრთხოებისთვის სჭირდებათ - იენს სტოლტენბერგი

აშშ-სა და ევროპას ერთმანეთი საკუთარი უსაფრთხოებისთვის სჭირდებათ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ევროპას სჭირდება ჩრდილოეთ ამერიკა თავისი უსაფრთხოებისთვის. ამავდროულად, ჩრდილოეთ ამერიკას ასევე სჭირდება ევროპა. ევროპელი მოკავშირეები უზრუნველყოფენ მსოფლიო დონის სამხედროებს, ვრცელ სადაზვერვო ქსელებს და უნიკალურ დიპლომატიურ ბერკეტებს. მე არ მჯერა მარტო ამერიკის, ისევე როგორც არ მჯერა მარტო ევროპის. მე მჯერა ამერიკის და ევროპის ერთად ნატო-ში, რადგან ჩვენ ერთად უფრო ძლიერები და უსაფრთხო ვართ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ალიანსის დაარსებიდან 75 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები უკვე მეორე დღეა, ბრიუსელში იმყოფებიან. ორდღიან მინისტერიალზე განიხილება უკრაინის დახმარებისთვის 100 მილიარდი ევროს ოდენობის ხუთწლიანი ფონდის შექმნის წინადადება. ამასთან, მინისტრები აღნიშნავენ ნატო-ს დაარსების 75 წლისთავს და განიხილავენ ივლისში, ვაშინგტონში დაგეგმილი სამიტისთვის მზადების საკითხებს.

იაპონიაში 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ფუკუშიმას რეგიონში, 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ძლიერი ბიძგები ივატეს, მიაგისა და ფუკუშიმას პრეფექტურებში დაფიქსირდა, ბიძგები ასევე იგრძნობოდა დედაქალაქ ტოკიოში.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

TEPCO-მ, ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის ოპერატორმა განაცხადა, რომ არავითარი დარღვევები არ გამოვლენილა დაზიანებულ ქარხანაში ან რეგიონში სხვა ადგილებში. 

ეს ხდება ერთი დღის შემდეგ, რაც ტაივანში ძლიერი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა.

სტუდია Warner Bros. ახალ „მატრიცაზე“ მუშაობს

სტუდიამ Warner Bros. „მატრიცას“ მეხუთე ნაწილის გადაღება დააანონსა. ამის შესახებ Deadline-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს ფრანშიზის პირველი ნაწილი იქნება, რომელზეც ლანა და ლილი ვაჩოვსკი რეჟისორების სახით მონაწილეობას არ მიიღებენ. ამჯერად ფილმს დრიუ გოდარდი გადაიღებს, რომელიც ასევე სურათის სცენარისტი იქნება. ლანა ვაჩოვსკი პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი იქნება.

ამ ეტაპზე უცნობია, დაუბრუნდებიან თუ არა საკუთარ როლებს ფრანშიზის ვარსკვლავები - კიანუ რივზი, კერი ენ-მოსი და ლოურენს ფიშბერნი. ასევე უცნობია სიუჟეტის დეტალები და ფილმის პრემიერის თარიღი.

ტაივანში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა

ტაივანში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა.

ბოლო მონაცემებით, დაღუპულია, სულ მცირე, ცხრა ადამიანი.

ტაივანის სახანძრო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ დაშავებულთა რაოდენობამ 1038-ს მიაღწია, დაკარგულთა საერთო რაოდენობა კი, სულ მცირე, 52-ია.

ერთ-ერთი სასტუმროს ათობით თანამშრომელი ტაროკოს ეროვნულ პარკში იპოვეს, თუმცა 38 თანამშრომელი კვლავ დაკარგულად ითვლება.

ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში კუნძულზე ყველაზე ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იყო. კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში მიწისძვრას ასობით მეწყრული პროცესის განვითარება მოჰყვა.

კუნძულ ტაივანზე ბოლო 25 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა - არის მსხვერპლი

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ტაივანის ოფიციალური უწყების ცნობით, ეს არის ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რაც კუნძულზე ბოლო 25 წლის განმავლობაში მოხდა. 

მიწისძვრის ეპიცენტრი ტურისტული ქალაქ ჰუალიენიდან სამხრეთით დაახლოებით 18 კილომეტრში იყო.მას მოჰყვა ძლიერი ბიძგები, მათ შორის ერთი 6,5 მაგნიტუდის.

ტაივანის ეროვნული სახანძრო სააგენტოს (NFA) ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია ოთხი ადამიანი. NFA-ს ცნობით, ყველა შემთხვევა მოხდა ჰუალიენის ოლქში, მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს. დაშავებულია სულ მცირე 57 ადამიანი. 

სულ მცირე 26 შენობა ჩამოინგრა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი.

სტამბოლის ცენტრში, ღამის კლუბში ხანძრის შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა

სტამბოლის ცენტრში, ღამის კლუბში ხანძრის შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ამის შესახებ ქალაქის მერმა, ეკრემ იმამოღლუმ განაცხადა.

ხანძარი დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოების დროს გაჩნდა. ღამის კლუბი 16-სართულიანი შენობის ქვემოთ, ბეშიქთაშის რაიონში მდებარეობდა.

სამი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. ისინი ახლომდებარე საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.

მერის ცნობით, ღამის კლუბში ცეცხლი ჩააქრეს. ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.